რატომ არის ხოლმე, რომ თუნდაც ნამდვილი შედევრი შეიძლება ისე ვერ აღგიძრავდეს უგულწრფელეს ემოციებსა და შთაბეჭდილებებს, როგორც რაიმე ჩვეულებრივი მუსიკა ან წიგნი. რადგან რაღაც დამთხვევათა წყალობით, ესა თუ ის ნაწარმოები ჩვენი ცხოვრების უშინაგანესს ჭეშმარიტებებთანაა თანათხზული. და რადგანაც ცხოვრება ხელოვნებაზე მაღლა დგას, იმ აზრით, რომ ხელოვნება, ცხოვრების მიღწევის, გააზრებისა და ცხადყოფის საშუალებაა, ხოლო თვითონ ხელოვნების ნიმუში - ამ მიღწევის, ცხადყოფისა და გააზრების გამოხატულება, ყოველი კონკრეტული არსებისთვის შეიძლება არსებობდეს ასეთი ხელოვნების ნიმუში, ოღონდ, აქაც არსებობს სიწრფელე. მართლაც, ხომ შეიძლება რომ ხელოვნების ნაწარმოები, არ გამოხატავდეს წრფელ გრძნობებს ერთისთვის, თუნდაც ეს თვითონ ხელოვანი იყოს? მაგრამ აი, აღმოჩნდეს ადამიანი, რომელიც ზუსტად ამ სიტყვებს იტყოდა, ზუსტად ასე განიცდიდა, და ეს იქნებოდა ნამდვილ გრძნობათა ძეგლი, სიკეთით გამთბარი, მეგობრობით განათებული. ნებისმიერ შემთხვევაში, მე მგონი ადამიანი თვითონ მიხვდება, რა არის ჭეშმარიტი ხელოვნება და ჭეშმარიტი ცხოვრება, როდესაც ის აღმოჩნდება მის ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, საკუთარი თავის წინაშე. და როგორც ერთი, ისე მეორე, ვგულისხმობ, ხელოვნებასა და ცხოვრებას, შეიძლება დაიბადოს იქ, სადაც აზრად არ მოგვივიდოდა, რომ იქნებოდა, რადგან მისი შემოქმედება, სულის საკითხია. სწორედ სული ბადებს ხელოვნებას, და მთავარი კრიტერიუმები, ამ სულისგან მოდის და იქიდან, თუ რა მიმართებითაა ის ხელოვნების თუ ცხოვრების ნივთობრიობისადმი.
შენთვის ის ნაწარმოებია უზენაესი, რომელიც შენს უშინაგანეს მეს ელაპარაკება.
ზოგისთვის პრუსტი შეიძლება იყოს, ის, რაც იაპონურ ენაზე დაწერილი პრუსტი იქნებოდა, თუ იაპონური არ იცი. ზოგისთვის პრუსტი შეიძლება იყოს აი, ეს სიმღერა:
ო, რამხელა ემოციები ჩაღვარა ჩემში, ამ სიმღერამ, მთელი ჩემი ყმაწვილობა გაცოცხლდა თითქოს, და არა მხოლოდ, აწყმოც და მომავალიც.
ერთი სიტყვით მთავარია სულიერი აღტაცება, და არა ის, რა იწვევს მას, და საერთოდაც არაფერი რომ არ იწვევდეს, არამედ თვითონ სული რომ იყოს შემოქმედი ამ თავისი აღტაცებისა, ეს იქნებოდა და ეს არის უზენაესი, უპირველესი და უძლიერესი ხელოვნება.