ანუ
En manos está el pandero que le sabrá bien tañer
დიახ მეგობრებო, დღითი დღე ვრწმუნდები, რომ მგონი პრუსტი საიმედო ხელშია.
დღეს, როდესაც მარკუს ავრელიუსის „ფიქრებს“ ვკითხულობდი, ქართულად, რომელიც შესანიშნავი ენით არის დაწერილი, აღმოვაჩინე ეს უაღრესად მნიშვნელოვანი რამ: დადასტურება ჩემი თარგმანისა და ამას იხილავთ წერილის დასასრულს.
მადლენის ეპიზოდში ვკითხულობთ:
ou plutôt cette essence n’était pas en moi, elle était moi.„უფრო სწორად, ეს არსი არ იყო ჩემში, ის მე ვიყავი“ ან "უფრო სწორად, ეს არსი ჩემში კი არ იყო, არამედ ის მე ვიყავი"
რუსულად, მაგალითად, ასე უთარგმნიათ:
ლიუბიმოვს: вещество (ეს უფრო ნივთობრიობას მიუთითებს და არა "არსებობას"), ახალ მთარგმნელს „სუბსტანცია“ უწერია მაგრამ რუსულისთვის ეს "უცხო" სიტყვაა, ინგ. essence (ყველგან)
or rather this essence was not in me, it was myself
მნიშვნელოვანია, რომ ვიცოდეთ რომ ფრანგულშიც და სხვა ენებშიც ეს სიტყვა მოდის ძველ ბერძნულიდან, οὐσία მაშასადამე, εἰμί- დან ანუ სიტყვა "ყოფნიდან", "არსებობიდან", ის რაც "არს", ის რაც "ჰგიეს".
როდესაც ასეთ გულიან, უშინაგანეს ფრაზას კითხულობ, იქ უცხო სიტყვა არ უნდა ჩასვა. არც ჩავსვი. თუნდაც ჩვენეულ სიტყვას ასეთი მნიშვნელობა არ ჰქონდეს (თუმცა არსს აქვს ეს მნიშვნელობა ისედაც, ის არსია, ე.ი. რაც არს, არსებობს, არის, ყოფიერებს, აქვს რაობა), როგორითაც პრუსტმა იხმარა, როდესაც სიტყვა იმის მეტი სხვა ვერ იქნება, ის სიტყვა უნდა ვთქვათ და იმ სიტყვამ თავად უნდა მოირგოს ახალი მნიშვნელობა, თვითონ წინადადება მიანიჭებს და დაემატება იმ მნიშვნელობას, რაც უკვე თავისთავად აქვს ქართულში. ასეთი სიტყვა არის არსი!
და დღეს, მარკუს ავრელიუსის კითხვისას აღმოვაჩინე, რომ ბაჩანა ბრეგვაძეს სიტყვები:Τοῦ ἀνθρωπίνου βίου ὁ μὲν χρόνος στιγμή, ἡ δὲ οὐσία ῥέουσα უთარგმნია როგორც "კაცის სიცოცხლე - წამია მხოლოდ; მისი არსი - მარად მედინი" და შენიშვნაში უწერს: οὐσία (substantia). მაშასადამე, ამ შესანიშნავმა კაცმა, როდესაც ადამიანის რაობაზე ლაპარაკობს და მის სუბსტანციურ შემადგენლობაზე, არჩია არა სიტყვა სუბსტანცია (რაც ლათინურია), ან ესენცია ან რამე ასეთი, არამედ არსი. არსი, რომელიც არის მარად მედინი.
იგივე სიტყვაზე, რაზეც ვილაპრაკეთ, ვგულისხმობ οὐσία (substantia). მარკუს ავრელიუსი ამბობს, ბევრგან, მხოლოდ რამდენიმე ვთქვათ, „საერთო ბუნება ისე იყენებს ყოვლად არსს, როგორც ცვილს: აი, მან გამოძერწა ცხენი, დაშალა ის და მისი მასალისაგან გამოძერწა ხე, მერე კაცი და ასე შემდეგ. ხოლო ყოველი ამ არსთაგანი ორიოდე წამს არსებობს მხოლოდ. მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ზარდახშისთვის სულერთია, დაშლიან მას თუ ააწყობენ.“ (7.23) ან „ყოლისმპყრობელი ბუნება მალე სახეს უცვლის ყველაფერს, რასაც შენ ჭვრეტ, მისი არსისგან შექმნის სხვა საგნებს...რათა მარადი სიჭაბუკე ახლდეს სამყაროს“ (7.25), და განა პრუსტი რას გვიჩვენებს? თუ არა არსის (მათ, შორის, ჩვენი სულიერი ცხოვრების) ამ მარად მედინობას? ამ განუწყვეტელ ცვალებადობას პიროვნებებისა და მათი სახეების? სახეცვლილებებს? ნაპოვნ დროში არ საუბრობს ის გულმოკლული სიხარულით, ახალ ამობიბინებულ მარადიულ სიჭაკუბეზე?
No comments:
Post a Comment