დაკარგული დროის ძიებაში

 

სვანის მხარეს

 

პირველი ნაწილი

 

კომბრე

 

1

 

დიდი ხნის მანძილზე ადრე ვწვებოდი დასაძინებლად. ზოგჯერ, სანთელს ჩავაქრობდი თუ არა, თვალები ისე სწრაფად მეხუჭებოდა, დროც არ მქონდა, რომ მეთქვა: „აი, ვიძინებ“. და ნახევარი საათის შემდეგ აზრი - რომ დრო იყო, როგორმე  დამეძინა - გამომაღვიძებდა. მინდოდა, დამედო წიგნი, რომელიც მეგონა, ისევ ხელში მეჭირა და სული შემებერა სინათლისათვის. ძილშიც არ ვწყვეტდი იმაზე ფიქრს, რაც წავიკითხე, მაგრამ ამ ფიქრებს ცოტა უცნაური გეზი აეღოთ - მეჩვენებოდა, რომ მე თვითონ ვიყავი ის, რაზედაც წიგნი ლაპარაკობდა: ეკლესია, კვარტეტი, ფრანსუა I-სა და კარლოს V-ის მეტოქეობა. ეს შეგრძნება ჩემში ცოცხლობდა გაღვიძებიდან რამდენიმე წამი; გონებასთან მას ხელი არ ჰქონდა, მაგრამ თვალებს კი ქერცლივით ეფინებოდა და იმის აღქმას უძნელებდა, რომ სანთელი უკვე აღარ ენთო. თანდათანობით ის გაუგებარი ხდებოდა, როგორც მეტემფსიქოზის შემდეგ წინა ცხოვრების აზრები. წიგნის სიუჟეტი განმეშორებოდა, თავისუფალი ვიყავი, ამერჩია, დავრჩენილიყავ მასში თუ არა. მაშინვე აღმიდგებოდა თვალის ჩინიც და ჩემ გარშემო გაოცებული აღმოვაჩენდი სიბნელეს, საამოსა და დამამშვიდებელს თვალებისათვის, მაგრამ, ალბათ, კიდევ უფრო მეტად  - გონებისათვის, რომელსაც ის უმიზეზო, გაუგებარ, ნამდვილად ბნელ რამედ წარმოუდგებოდა. თავს ვეკითხებოდი, ნეტავ რომელი საათი იქნება-მეთქი, გავიგონებდი მატარებლების სტვენას, ხან ახლოდან რომ გაისმოდა, ხან შორიდან, როგორც ტყეში ჩიტის სიმღერა, მანძილის მომნიშვნელი, და სოფლის იმ უკაცრიელ სივრცეს აღმიწერდა, სადაც მოგზაური უახლოესი სადგურისაკენ მიიჩქარის. ბილიკი, რომელსაც ის მიუყვება, სამუდამოდ აღიბეჭდება მეხსიერებაში - მღელვარების გამო, უცნობი ადგილები რომ აღუძრავს, და ასევე შეუჩვეველი მოქმედებები, სულ ახლანდელი საუბარი და გამომშვიდობება უცხო ლამპის ქვეშ, ჯერ კიდევ რომ მიჰყვება ღამის სიჩუმეში, და მოახლოებული სიტკბო შინდაბრუნებისა.

რბილად ვდებდი ლოყებს ბალიშის ფუმფულა, ჩვენი ბავშვობის ლოყებივით სავსე და ნაზ ლოყებზე. ასანთს გავკრავდი, საათისათვის რომ დამეხედა. თითქმის შუაღამე. ეს ის დროა, როცა სნეული, რომელსაც ჯერ გამგზავრება, შემდეგ კი უცხო სასტუმროში დაძინება მოუწია, ახალი შეტევით გაღვიძებული, კარქვეშ სინათლის დანახვით ხარობს. მადლობა ღმერთს, უკვე გათენდა! მსახურები წუთი წუთზე ადგებიან, შეეძლება დარეკოს - ვინმე დაეხმარება. შვების იმედი მხნეობას აძლევს, აიტანოს ტკივილი. აი, თითქოს ნაბიჯების ხმაც მოესმა - ახლოვდება, შემდეგ შორდება. და სინათლის სხივიც ქრება. შუაღამეა. გაზი ჩააქრეს. უკანასკნელი მსახურიც წავიდა და მთელი ღამე დაუამებელ ტკივილში უნდა გაატაროს.

ისევ ვიძინებდი, და ამის შემდეგ ხანდახან მხოლოდ წამით თუ გამომეღვიძებოდა, რაც საკმარისი იყო იმისათვის, რომ გამეგონა ხის ფიცრების ბუნებრივი  ჭრიალი, გამეხილა თვალები  და სიბნელის კალეიდოსკოპს მივჩერებოდი, ცნობიერის წამიერი გამონათების წყალობით შემეგრძნო ძილი, რომელშიც ჩაძირულიყო ავეჯი, ოთახი, ის მთელი, რისი მხოლოდ პაწაწინა ნაწილიც ვიყავი და რის უგრძნობლობასაც მალე ისევ შევუერთდებოდი. ანაც ძილში ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ვუბრუნდებოდი ადრეული ცხოვრების სამუდამოდ გარდასულ ხანას, ისევ ვპოულობდი ბავშვობის თავზარდამცემ შიშებს, როგორიც იყო, მაგალითად, ის, რომ პაპაჩემის ძმა კულულებს მომქაჩავდა - აღნიშნული შიში იმ დღეს გამიქრა - ჩემთვის ახალი ერის დაწყების თარიღი -  როცა ისინი შემაჭრეს. ეს მოვლენა ძილში მავიწყდებოდა, თუმცა მისი ხსოვნა მაშინვე აღმიდგებოდა, როგორც კი, პაპის ხელებს გამოქცეული, გაღვიძებას ვახერხებდი, მაგრამ სიფრთხილის ზომებს მაინც არ ვივიწყებდი და თავს ბალიშით ვიფარავდი, სანამ ისევ სიზმრების სამყაროს დავუბრუნდებოდი.

ზოგჯერ, როგორც ევა დაიბადა ადამის ნეკნიდან, ძილის დროს ქალი იბადებოდა უშნოდ დადებული ჩემივე ბარძაყიდან. მას ის სიამოვნება ქმნიდა, რომელიც სადაც იყო, უნდა განმეცადა და რომელსაც, ჩემი წარმოდგენით, სწორედ ეს ქალი მანიჭებდა. სხეული, მის სხეულში რომ გრძნობდა ჩემსავე სითბოს, შეერთებას ესწრაფვოდა და მეღვიძებოდა. დანარჩენი სამყარო ამ ქალთან შედარებით, რომელიც სულ რამდენიმე წამის წინ დავტოვე, ძალიან შორეული მეჩვენებოდა; ლოყა ჯერ კიდევ ცხელი მქონდა მისი კოცნისაგან, მისი დაწოლისაგან სხეული მტკიოდა. თუ - როგორც ზოგჯერ ხდებოდა - მას რომელიმე ჩემი ნაცნობის ნაკვთები ჰქონდა, მზად ვიყავი, თავი მთლიანად ამ მიზნისათვის მიმეძღვნა: მეპოვა ეს ქალი, იმათ მსგავსად, სამოგზაუროდ რომ მიდიან, რათა საკუთარი თვალით იხილონ საოცნებო ქალაქი და ჰგონიათ, შესაძლებელია, სინამდვილეშიც შევიგრძნოთ ოცნების მომხიბვლელობა. ნელ-ნელა მისი მოგონება ფერმკრთალდებოდა. მეც ვივიწყებდი ქალიშვილს ჩემი სიზმრიდან.

მძინარე ადამიანი სარტყელად იკრებს საათების მსვლელობას, წლებისა და სამყაროების წესრიგს. გაღვიძებისას მათ ინსტინქტურად მიმართავს და ერთ წამში ამოიკითხავს, დედამიწის რომელ წერტილში იმყოფება, რა დრო გასულა გაღვიძებამდე; მაგრამ მათი თანმიმდევრობა შეიძლება აირიოს, დაირღვეს. თუ დილისაკენ, უძინარს, მეტად უჩვეულო პოზაში ჩამოეძინება წიგნზე,  მკლავის აწევაც საკმარისი აღმოჩნდება, რომ მზე შეაჩეროს, უკან დაახევინოს და გაღვიძების პირველ წუთს მას აღარ ეცოდინება, რომელი საათია; იფიქრებს, ახლახანს დავწექი დასაძინებლადო. თუ კიდევ უფრო შეუფერებელ და განსხვავებულ მდგომარეობაში ჩათვლემს, მაგალითად, სადილობის შემდეგ სავარძელში მჯდომარეს, მაშინ ორბიტას აცდენილ სამყაროებში სრული უწესრიგობა დაისადგურებს, ჯადოსნური სავარძელი მთელი სიჩქარით ამოგზაურებს დროსა და სივრცეში, და თვალების გახელისას ეგონება, რომ თვეების წინ დაიძინა სულ სხვა მხარეში. მაგრამ საკმარისი იყო, თუნდაც ჩემს საწოლში, ღრმად მძინებოდა და გონება სრულად მოდუნებულიყო, მაშინ ამ უკანასკნელს უსხლტებოდა იმ ადგილის რუკა, სადაც დავიძინე და როცა შუაღამით გამოვიღვიძებდი, ვინაიდან ვერ ვხვდებოდი, სად ვიყავი, პირველ წამს ისიც კი არ ვიცოდი, ვინ ვიყავი; მხოლოდ არსებობის შეგრძნება მქონდა, რომელიც  პირველსაწყისი სიმარტივით შეიძლება იძვროდეს ცხოველის სიღრმეში. გამოქვაბულის ადამიანზე უფრო მიუსაფარი ვიყავი; მაგრამ შემდეგ ხსოვნა - ჯერ კიდევ არა იმ ადგილისა, სადაც იმ წუთას ვიყავი, არამედ სხვა ადგილებისა, სადაც მეცხოვრა, ან სადაც შეიძლებოდა, რომ ვყოფილიყავი - მოდიოდა როგორც ზემოდან მოვლენილი ხსნა, რათა ამოვეყვანე იმ არარადან, საიდან თავის დაღწევასაც მარტო ვერ მოვახერხებდი. ერთ წამში გადავუვლიდი თავზე ცივილიზაციის საუკუნეებს და ნავთის ლამპების, შემდეგ კი საყელოგადაკეცილი პერანგების ბუნდოვნად  დალანდული სურათი თანდათანობით აღმიდგენდა ჩემივე მეს განუმეორებელ ნაკვთებს.

შესაძლოა, გარემომცველ საგნებს უძრაობა თავს მოვახვიეთ ჩვენივე დარწმუნებულობით, რომ ეს ისინი არიან და არა სხვები - მათ პირისპირ აღმოჩენილი ჩვენი აზროვნების უძრაობით. ყოველ შემთხვევაში, როცა ასე ვიღვიძებდი, გონება გამალებით, თუმცაღა ამაოდ ცდილობდა მიმხვდარიყო, სად ვიყავი; ყველაფერი  სიბნელეში ტრიალებდა: საგნები, ადგილები, წლები. სხეული, მეტისმეტად მოდუნებული იმისათვის, რომ გატოკება შესძლებოდა, ლამობდა, თავისივე დაღლილობის ფორმით განესაზღვრა კიდურების პოზიცია და ამგვარად დაედგინა კედლის მიმართულება, ავეჯის მდებარეობა, აღედგინა და დაესახელებინა საცხოვრებელი, სადაც იმჟამად იმყოფებოდა. მისი მეხსიერება, ფერდების, მუხლების, მხრების მეხსიერება ერთიმეორის მიყოლებით წარმოუდგენდა ოთახებს, სადაც აქამდე სძინებოდა, ამ დროს კი მის გარშემო უჩინარი კედლები ადგილს იცვლიდნენ წარმოსახული ოთახის შესაბამისად, გრიგალივით ქროდნენ სიბნელეში. და სანამ  დროთა და ფორმათა ზღურბლზე მერყევი გონება შეკრებილი გარემოებებიდან დაადგენდა, სად დამედო ბინა, ჩემი სხეული გაიხსენებდა საწოლის მოყვანილობას თითოეულ მათგანში, კარების ადგილს, იმას, თუ საიდან შემოდიოდა დღის სინათლე ფანჯრებში, დერეფნის არსებობას, იმ ფიქრთან ერთად, რომლითაც იქ ვიძინებდი და რომელსაც ისევ ვუბრუნდებოდი გაღვიძებისას. გაბუჟებული გვერდი საკუთარი ადგილსამყოფლის განსაზღვრას ცდილობდა და წარმოიდგენდა, მაგალითად, რომ კედლის გასწვრივ იწვა ბალდახინის დიდ საწოლში და მაშინვე ვეტყოდი საკუთარ თავს: „როგორ, დედის მოსვლამდე დავიძინე ისე, რომ ტკბილი ძილი არ უსურვებია?“ ქალაქგარეთ ვიყავი წლების წინ გარდაცვლილი პაპის სახლში  და ჩემი სხეული, გვერდი, რომელზეც ვიწექი - ერთგული მცველები წარსულისა, რომელიც არასდროს უნდა დაევიწყებინა გონებას - მახსენებდა ალს ბოჰემიური მინის ურნისებურ ლამპაში, ჭერზე ჯაჭვებით რომ დაეკიდათ, სიენის მარმარილოს ბუხარს ჩემს საძინებელში, კომბრეში, ბებია-პაპასთან, იმ შორეული დღეებიდან, ახლანდელობად რომ მეჩვენებოდა, თუმცაღა მხოლოდ ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა მათზე; მაგრამ სულ ცოტა ხანში, როცა საბოლოოდ გავიღვიძებდი, ნათელ სურათებსაც დავინახავდი.

შემდეგ აღდგებოდა მოგონება ახალი მდგომარეობისა. კედელი სხვა მიმართულებით გასხლტებოდა: ჩემს ოთახში ვიყავი, მადამ დე სენ-ლუსთან, სოფელში. ღმერთო ჩემო! სულ მცირე, ათი საათია, სადილობა უკვე მომთავრებული იქნება! როგორც ჩანს, დიდხანს გამიგრძელდა შუადღის ძილი, მადამ დე სენ-ლუსთან ერთად ყოველდღიური სეირნობის შემდეგ რომ წავთვლემ ხოლმე, საღამოს სამოსის ჩაცმამდე. ბევრი წელი გავიდა კომბრეს მერე, სადაც, როგორი გვიანიც უნდა ყოფილიყო, შინ დაბრუნებული, ჩამავალი მზის წითელ ანარეკლს ვხედავდი ჩემი ფანჯრის მინებზე. ტანსონვილში კი, მადამ დე სენ-ლუსთან, სხვანაირი ყაიდის ცხოვრებით ვცხოვრობ, სხვა სახის სიამოვნებას ვპოულობ, როდესაც მხოლოდ ღამით გავდივარ, რათა მთვარის შუქზე გავუყვე იმ გზებს, სადაც ერთ დროს მზეზე ვთამაშობდი; და ოთახი, რომელშიც დავიძინებ, იმის მაგივრად, რომ ტანთ ჩავიცვა სადილობისთვის... მე მას შორიდანვე ვხედავ, როცა ვბრუნდებით: იქიდან სინათლეს აფრქვევს ლამპა, ეული შუქურა ღამისა.

ქარბორბალასავით დატრიალებული ეს აბურდული მოგონებები რამდენიმე წამზე მეტხანს არასოდეს გრძელდებოდა. ხშირად ჩემი ხანმოკლე გაურკვევლობა - თუ სად ვიყავი, ერთმანეთისაგან იმდენადვე ასხვავებდა ვარაუდებს, რომლებისგანაც შედგებოდა, რამდენადაც მოჯირითე ცხენის თანამიმდევრულ პოზიციებს ვაცალკევებთ, როცა კინეტოსკოპში ვუყურებთ. მაგრამ მე ხან ერთ ოთახს ვხედავდი, ხან მეორეს, რომელშიც მეცხოვრა და საბოლოოდ ყველას ვიხსენებდი გრძელ ოცნებებში, ჩემს გაღვიძებას  რომ მოჰყვებოდა ხოლმე: ზამთრის ოთახები, სადაც, როცა საწოლში წვები, თავს იმ ბუდეში რგავ, ყველაზე განსხვავებული საგნებისაგან რომ მოგიწყვია: ბალიშის კუთხე, საბნის წვერი, ცოტაოდენი შალი, საწოლის კიდე და „Débats roses“-ის ნომერი, რომელთაც ბოლოს ერთად აქვავებ, ჩიტების ტექნიკის მსგავსად - გაუთავებელი ტკეპნით; სადაც ყინვიან ამინდში ერთი სიამოვნებაა იმის შეგრძნება, რომ გარესამყაროს მოწყვეტილი ხარ (როგორც ზღვის მერცხალი, რომელიც ბუდეს მიწისქვეშა ხვრელში იშენებს, დედამიწის სითბოში) და სადაც, რადგან ბუხარში მთელი ღამე ანთია ცეცხლი, თბილი და კვამლიანი ჰაერის უზარმაზარ საბურველში გახვეულს გძინავს, რომელსაც ხანდახან ხელახლა აალებული კუნძის ციმციმი გამოკვეთს, ოთახის შუაგულში არამატერიალურ ნიშად გამოჭრილ თბილ გამოქვაბულში, მხურვალე და მოძრავ ზონაში თერმული კონტურებით, რომელიც ჰაერის იმ ნაკადებით ნიავდება, სახეს გრილად რომ ელამუნებიან და კუთხეებიდან, ფანჯრის მიდამოებიდან ან კერას მოშორებული ადგილებიდან მოდიან გაცივებულნი; ზაფხულის ოთახები, სადაც სიამოვნებით ერწყმი თბილ ღამეს, ნახევრად ღია დარაბებზე დაცემული მთვარი შუქი კი საწოლის ფეხამდე აწვდენს თავის ჯადოსნურ კიბეს,  სადაც თითქმის ღია ცის ქვეშ გძინავს, როგორც სინათლის სხივის წვერზე სიოსგან დარწეულ წიწკანას; ზოგჯერ ლუი XVI-ის ოთახი, ისეთი ნათელი, რომ პირველ საღამოსაც კი თავს ძალიან უბედურად არ ვგრძნობდი და სადაც კოხტა სვეტები, ჭერს მსუბუქად რომ იჭერდნენ, გრაციოზულად დგებონენ განზე, რათა ეჩვენებინათ და შეენახათ ადგილი საწოლისათვის; ზოგჯერ კი, პირიქით, პატარა ოთახი მაღალი ჭერით, პირამიდისებურად ამოჭრილი ორი სართულის სიმაღლეში და ნაწილობრივ დაფარული წითელი ხით, სადაც პირველივე წამიდან მოწამლული ვიყავი ვეტივერიის უცხო სუნით, იისფერი ფარდების მტრობასა და კედლის საათის თავხედურ გულგრილობაში დარწმუნებული, რომელიც გაუჩერებლად ლაქლაქებდა ბოლო ხმაზე, თითქოს მე იქ არც ვყოფილიყავი; სადაც უცნაური და შეუბრალებელი ოთხკუთხა სარკე, ირიბად რომ ტიხრავდა ოთახის ერთ-ერთ კუთხეს, ჩემი მხედველობის ველის ტკბილ სისავსეში იჭრებოდა იმ ადგილას, რომელიც იქ არც კი მეგულებოდა; სადაც ჩემი გონება, საათობით რომ ცდილობდა, გამოთავისუფლებულიყო, გაწელილიყო და ამაღლებულიყო, რათა სწორედ ოთახის ფორმა მიეღო და მისი გიგანტური ძაბრი უმაღლეს წერტილამდე შეევსო, ბევრ მძიმე ღამეს გამოივლიდა - როცა საწოლზე ვიყავი გაშხლართული, ზეაპყრობილი თვალებით,  დაცქვეტილი ყურებით, მოუსვენარი ნესტოებით,  აჩქარებული გულისცემით - მანამდე, სანამ ჩვეულება ფარდას ფერს არ შეუცვლიდა, კედლის საათს არ გააჩუმებდა, დამრეც და სასტიკ სარკეს სიბრალულს არ ასწავლიდა, ვეტივერიის სუნს არ გადაფარავდა ან სრულად არ გააქრობდა  და ჭერის თვალშისაცემ სიმაღლეს საგრძნობლად არ შეამცირებდა. ჩვეულება! დახელოვნებული, მაგრამ აუჩქარებელი მნე და გამწყობი სახლისა, რომელიც თავდაპირველად, კვირების მანძილზე, მშვიდად უყურებს ჩვენი გონების ტანჯვას დროებით ბინაში; მაგრამ მისი პოვნა ამ უკანასკნელს ძალიან ახარებს, რადგან ჩვეულების გარეშე და მხოლოდ საკუთარი გზებით, გონება უძლური იქნებოდა, რომელიმე სადგომი საცხოვრებლად ვარგისად ექცია.

რა თქმა უნდა, ახლა უკვე საბოლოოდ გამოვფხიზლებულიყავი, ჩემი სხეული ბოლოჯერ იცვლიდა გვერდს და გარკვეულობის კეთილი ანგელოზი ყველაფერს შეაჩერებდა გარშემო, ჩამაწვენდა ჩემს თეთრეულში, ჩემს ოთახში და თითქმის სწორად მიუჩენდა ადგილს სიბნელეში ჩემს კომოდს, საწერ მაგიდას, ბუხარს, ფანჯარას, ქუჩას რომ გადაჰყურებდა, და ორ კარს. მაგრამ, თუმცაღა ვიცოდი, რომ არცერთ იმ სახლში არ ვიყავი, რომელთა ცხად სურათსაც გამოღვიძების გაურკვევლობა იმწამსვე თუ არ წარმომიდგენდა, იქ ყოფნის შესაძლებლობას მაინც მაჯერებდა, ჩემს მეხსიერებას უკვე ამოძრავებული ეთქმოდა. ზოგადად, მაშინვე ძილის გაგრძელებას არ ვცდილობდი, ღამის უდიდესი ნაწილი ისე გადიოდა, რომ ვიხსენებდი ჩვენი ცხოვრების გარდასულ დღეებს კომბრეში, პაპიდასთან, ბალბეკში, პარიზში, დონსიერში, ვენეციაში და სხვაგან, ვიხსენებდი ადგილებს, ადამიანებს, რომელთაც იქ ვიცნობდი, რაც ვნახე მათი, რასაც სხვები მომიყვნენ.

 

კომბრეში ყოველდღე, შუადღე რომ მიიწურებოდა, დიდი ხნით ადრე იმ წუთამდე, როცა დასაძინებლად უნდა წავსულიყავი და დაძინების გარეშე ვწოლილიყავი,  დედისგან და ბებიისგან შორს, საწოლი ოთახი ჩემი ყურადღების უცვლელ და მტანჯველ ცენტრად გადაიქცეოდა ხოლმე. მართალია, კარგად მოიფიქრეს, საღამოობით, როცა განსაკუთრებით საცოდავი სახე მქონდა, გასართობად ჯადოსნური ფარანი მოეცათ, რომელსაც სანამ სადილს ველოდებოდით, ჩემს ლამპას დაასვამდნენ ხოლმე; და, გოთური პერიოდის პირველი ხუროთმოძღვრებისა და მინაზე მომუშავე ოსტატების მსგავსად კედლების გაუმჭვირვალობას ის ჰაეროვანი ფერადოვნებით ანაცვლებდა, ნაირფეროვანი ზებუნებრივი ჩვენებებით, რომლებზეც ლეგენდები იყო ასახული, როგორც მკრთოლავ და წამიერ ვიტრაჟებზე. მაგრამ ჩემი მწუხარება ამით მხოლოდ და მხოლოდ გაიზარდა, რადგან განათების ოდენ ცვლილება ბოლოს უღებდა საწოლ ოთახთან ჩემს შეჩვევას, რისი წყალობითაც, დაძინების თანმდევი ტანჯვის მიუხედავად, იქ ყოფნა ატანადი გახდა. ახლა კი ვეღარ ვცნობდი და ისევე მოუსვენრად ვიყავი, როგორც სასტუმროს ოთახში ან „შალე“-ში, სადაც პირველად ჩერდები, პირდაპირ მატარებლიდან გადმოსული.

ჩორთით მავალი ცხენით, გოლო გულში დაბუდებული ვერაგი ზრახვით ტოვებდა პატარა სამკუთხედის ფორმის ტყეს, მუქი მწვანე ხავერდით რომ მოსავდა გორაკის ფერდობს, და კუნტრუშით მიიწევდა საწყალი ჟენევიევ დე ბრაბანტის ციხე-დარბაზისკენ. ეს ციხე-დარბაზი ჩამოჭრილი იყო მორკალული ხაზის გასწვრივ, რაც სინამდვილეში ერთ-ერთი ჩარჩოიანი ოვალური მინის ბოლოს წარმოადგენდა, ფარნის ჭრილებს შორის რომ ცურდება. ეს მხოლოდ ციხე-დარბაზის რაღაც ნაწილი გახლდათ, რომელსაც წინ მდელო ჰქონდა, სადაც ჟენევიევი ოცნებობდა, წელზე შემორტყმული ლურჯი ქამრით. ციხე-დარბაზი და მდელო ყვითელი იყო და მათი ფერის გასაგებად მოცდა არ მჭირდებოდა, რადგან ჩარჩოიან მინებამდე მას სახელ ბრაბანტის ბრინჯაოსებრი ჟღერადობა მიჩვენებდა თვალნათლივ. გოლო წამით შეჩერდებოდა, რათა მოწყენილს ესმინა პაპიდას ხმამაღალი გამოსვლა, რომელიც ჩანდა, სრულიად გასაგები იყო მისთვის, და მორჩილებით, რაც არ გამორიცხავდა გარკვეულ სიდიადეს, შეუსაბამებდა საკუთარ პოზას წარმოთქმული ტექსტის მითითებებს; შემდეგ კი იმავე ჩორთით შორდებოდა იქაურობას. და არაფერს შეეძლო შეეჩერებინა მისი ნელი წინსვლა. თუ ფარანს გადაადგილებდნენ, ვამჩნევდი როგორ აგრძელებდა სვლას გოლოს  ცხენი ფანჯრის ფარდებზე, ამოიზნიქებოდა მათი ნაკეცებიდან, ეშვებოდა ჩაღრმავებებში. თვითონ გოლოს სხეული, მისი ტაიჭივით ზებუნებრივი სუბსტანციისა, ყველა მატერიალურ წინაღობას ძლევდა, გზად შემხვედრ ყველა დამაბრკოლებელ ობიექტს, რადგან იღებდა როგორც ჩონჩხს და შინაგანად ითავისებდა, მრგვალთავიან კარის სახელურსაც კი, რასაც მყის ერგებოდა და რაზედაც ამაყ ცურვას იწყებდა მისი დაუმარცხებელი წითელი მოსასხამი თუ ფერმკრთალი სახე, ყოველთვის კეთილშობილი და მელანქოლიური, რომელიც არასდროს ამჟღავნებდა შეწუხებას ამ გარდასახვის გამო.

რა თქმა უნდა, გარკვეულ ხიბლს ვპოულობდი ამ კაშკაშა პროექციებში, თითქოს მეროვინგული წარსულიდან რომ გამოშუქდებოდნენ და ჩემს გარშემო ასეთი ძველი ისტორიის ანარეკლებს დაასეირნებდნენ. მაგრამ ვერ აღვწერ, როგორ შფოთვას იწვევდა იდუმალებისა და სილამაზის ეს შემოჭრა ჩემს ოთახში, რომელიც, ბოლოსდაბოლოს იმდენად შევავსე ჩემივე არსებით, რომ მას იმაზე მეტად არ ვაქცევდი ყურადღებას, ვიდრე საკუთარ თავს. ჩვეულების ანესთეზიური ეფექტი შემწყდარიყო: ვფიქრობდი და შევიგრძნობდი ძალიან სევდიან რამეებს. ჩემი ოთახის კარის ის სახელური, რომელიც მსოფლიოს ყველა სხვა სახელურისგან იმით განსხვავდებოდა, რომ თითქოს თავისით იღებოდა, ისე რომ გადატრიალებაც არ იყო საჭირო, იმდენად გაუცნობიერებელი გამხდარიყო ჩემი ხელის მოძრაობა, ახლა გოლოს ასტრალურ სხეულს წარმოადგენდა. და როგორც კი სადილობისთვის ზარს დარეკდნენ, ფაცხაფუცხით გავრბოდი სასადილო ოთახში, სადაც დიდი დაკიდული ლამპა, რომელსაც არც გოლოს სახელი გაეგონა და არც ლურჯწვერასი, და ჩემს ოჯახის წევრებსაც იცნობდა და მოშუშულ ხორცსაც, ყოველ საღამო აფრქვევდა თავის შუქს, და გულში ვეხუტებოდი დედას, ვისაც ჟენევიევ ბრაბანტის უბედურება კიდევ უფრო ძვირფასს ხდიდა ჩემთვის, მაშინ როცა გოლოს დანაშაულები მიბიძგებდა, სკრუპულოზურად მეკვლია საკუთარი სინდისი.

ვაი რომ, სადილის შემდეგ მალევე იძულებული ვიყავი, დამეტოვებინა დედა; ის სხვებთან ერთად რჩებოდა სასაუბროდ, თუ კარგი ამინდი იყო ბაღში, თუ ცუდი პატარა სასტუმრო ოთახში, სადაც ყველა ერთად იყრიდა თავს. ყველა, ბებიაჩემის გარდა, ვისაც მიაჩნდა, რომ „საცოდაობაა, ოთხ კედელ შუა იყო გამოკეტილი, როცა სოფელში ხარ“, და ძლიერი წვიმის დღეებში მუდმივი დავა ჰქონდა მამაჩემთან, რადგან ნაცვლად იმისა, რომ გარეთ დავეტოვებინე, ჩემს ოთახში გამაგზავნიდა ხოლმე, წადი, წიგნი წაიკითხეო. „ამტან და ენერგიულ ბავშვს ასე ვერ გაზრდი, - იტყოდა ბებია სევდით, - განსაკუთრებით ამ პატარა კაცს, რომელსაც ასე სჭირდება გამძლეობისა და ნებისყოფის ჩამოყალიბება.“ მამაჩემი მხრებს აიჩეჩავდა და ბარომეტრს მიუბრუნდებოდა, რადგან მეტეოროლოგია უყვარდა, დედაჩემი კი ცდილობდა არ ეხმაურა, რომ არ შეეწუხებინა, და მოსიყვარულე მოწიწებით შესცქეროდა, თუმცა არც ისეთი დაჟინებით, რომ მისი აღმატებული აზრების საიდუმლოს ჩასწვდომოდა. მაგრამ რაც შეეხება ბებიას, ყველანაირ ამინდში, მაშინაც კი, როცა თავსხმა წვიმა მოდიოდა და ფრანსუაზა გამალებული აბრუნებდა შიგნით ძვირფას მოწნულ სავარძლებს იმის შიშით, რომ არ დასველებულიყო, დაცარიელებულ, კოკისპირული წვიმისგან აცახცახებულ ბაღში ვხედავდით, როგორ გადაიწევდა აწეწილსა და ჭაღარა კულულებს, შუბლი რომ უკეთესად დათრობილიყო მაცოცხლებელი წვიმისა და ქარის ნაკადებით. იტყოდა: „ბოლოსდაბოლოს სუნთქვა შეიძლება!“ და დაივლიდა  აჭაპჭაპებულ ბილიკებს - მისი გემოვნებისთვის მეტისმეტად სიმეტრიულად გაყვანილს ახალი მებაღის მიერ, ვისაც ბუნების არანაირი განცდა არ გააჩნდა, მამაჩემი კი დილიდან მოყოლებული ეკითხებოდა, გამოიდარებს თუ არაო - თავისი პატარა, ენერგიული, იმპულსური ნაბიჯებით, განსხვავებული ემოციებით რომ რეგულირდებოდა, რომელთაც მის სულში აღძრავდა უფრო ავდრით გამოწვეული თრობა, ჰიგიენის ძალა, ჩემი აღზრდის უგუნურება და ბაღების სიმეტრია, ვიდრე მისთვის უცნობი სურვილი, ქლიავისფერი ქვედატანი ტალახის წინწკლებისგან დაეცვა, რომლებისგანაც ის ლამის მთელ სიგრძეზე იფარებოდა ხოლმე, რაც სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილ მოახლეს ყოველთვის დიდ თავსატეხს უჩენდა.

როდესაც ბებია ნასადილევს გადიოდა ბაღში, თავის შემოვლებზე, მხოლოდ ერთ რამეს შეეძლო მისი შინ დაბრუნება: კერძოდ - იმ მომენტში, როცა სეირნობის ბრუნი მწერის მსგავსად პატარა სასტუმრო ოთახის სინათლესთან მიიყვანდა ისევ, სადაც ლიქიორი მიეტანათ სათამაშო მაგიდაზე - თუ პაპიდაჩემი დაუძახებდა: „არიქა ბატილდა! შეაჩერე შენი ქმარი! კონიაკს სვამს!“ - სინამდვილეში კი იმისთვის, რომ ბებია გაებრაზებინა  (მისი სახით მამაჩემის ოჯახში ისეთი განსხვავებული ტიპაჟი შემოვიდა, რომ ყველა ეხუმრებოდა და აჯავრებდა),  რაკიღა პაპას ყველანაირი ლიქიორი აკრძალული ჰქონდა, პაპიდაჩემი სპეციალურად ასმევდა რამდენიმე წვეთს. საწყალი ბებიაჩემი შემოვიდოდა, ემუდარებოდა ქმარს, არ შეესვა კონიაკი; პაპა გაგულისდებოდა, გადაუშვებდა ამ ყლუპს, მიუხედავად მუდარისა, და ბებიაც გაეცლებოდა, დაღონებული და ხელჩაქნეული, თუმცაღა მომღიმარი, რადგან ისეთი მოკრძალებული გულისა იყო, ისეთი თბილი, რომ მისი გულკეთილობა სხვებისადმი და ის მცირე ყურადღება, რასაც საკუთარ თავსა და სატკივარს უთმობდა, მის გამოხედვაში ერთიანდებოდა ღიმილად, რომელიც, საპირისპიროდ იმისა, რასაც ადამიანთა უმეტესობის სახეზე ვხედავთ, მხოლოდ თვითირონიაზე თუ მეტყველებდა; თვალებით კი ყველას შორიდან გვკოცნიდა - მათ ისე არ შეეძლოთ მისთვის ძვირფასი ადამიანების დანახვა, თუ მგზნებარედ არ მიეალერსებოდნენ მზერით. ტანჯვა-წამება, რომელშიაც ის პაპიდაჩემს ჰყავდა, ბებიას ამაო მუდარისა და თავიდანვე მარცხისთვის განწირული სისუსტის სანახაობა, პაპაჩემისთვის ჭიქის წართმევის მთელი ეს ფუჭი მცდელობა, განეკუთვნებოდა ამბებს, რომელთაც მოგვიანებით ისე ეჩვევი, რომ გეცინება კიდეც და მტანჯველის მხარეს იჭერ საკმაოდ გულდანდობილად და ხალისით, რათა თავი დააჯერო, რომ არანაირ ტანჯვა-წამებას ადგილი არ აქვს; არადა იმ დროისთვის ისინი ისეთი სიძულვილით მავსებდა, რომ მზად ვიყავი პაპიდასთვის დამერტყა. მაგრამ როგორც კი მომესმებოდა: „არიქა ბატილდა! შეაჩერე შენი ქმარი! კონიაკს სვამს!“ უკვე კაცი ჩემს სიმხდალეში, ვიქცეოდი ისე, როგორც ვიქცევით ყველა, ზრდასრულობის მიღწევის შემდეგ, როცა პირისპირ ვაწყდებით ტკივილსა და უსამართლობას: არ მინდოდა მათი დანახვა; სახლის უმაღლეს წერტილში ავდიოდი, რათა მექვითინა სასწავლო ოთახის გვერდით, სახურავის ქვეშ მოწყობილ პატარა ოთახში, ზამბახის სუნი რომ უდიოდა და ველური, შავი მოცხარის სურნელითაც იყო გაჯერებული, რომელიც კედლის ქვებს შორის გაზრდილიყო და აყვავებულ ტოტს ნახევრად ღია ფანჯარაში იწვდენდა. განსაკუთრებული და უფრო მდაბალი მიზნებისთვის განკუთვნილი ეს ოთახი, საიდანაც დღისით რუსენვილ-დე-პენის კოშკამდე შეგეძლო მიგეწვდინა მზერა, დიდი ხნის განმავლობაში ჩემი თავშესაფრის მოვალეობას წევდა, რა თქმა უნდა, იმის გამო, რომ ეს იყო ერთადერთი ოთახი, რომლის ჩაკეტვის უფლებაც მქონდა, ყველა იმ საქმიანობისათვის, დაურღვეველ მყუდროებასა და მარტოობას რომ მოითხოვდა: კითხვა, ოცნება, ცრემლები და სიამოვნება. აბა მაშინ საიდან მივხვდებოდი, თუ რომ რეჟიმიდან ქმრის პატარ-პატარა გადახვევებზე ათასგზის უფრო მეტად ჩემი უნებისყოფობა, სუსტი ჯანმრთელობა, ჩემს მომავალთან დაკავშირებული გაურკვევლობა ეფიქრებოდა საწყალ ბებიაჩემს იმ თავისი განუწყვეტელი, შუადღისა და საღამოს სეირნობებისას, როცა ვხედავდით, როგორ აივლიდა, ჩაივლიდა - მისი ლამაზი სახე ცისკენ მიპყრობილი და გადახრილი, ყავისფერი, დანაოჭებული ლოყებით, ასაკთან ერთად თითქმის ღია იასამნისფერი რომ გამხდარიყო შემოდგომის ხნულებივით, გარეთ გასვლისას კი ნახევრად აწეული პირბადე უფარავდა, და რომლებზედაც სიცივისა თუ რაიმე სევდიანი ფიქრის გამო, ყოველთვის ემჩნეოდა უნებური ცრემლის შრობადაწყებული კვალი.

ჩემი ერთადერთი ნუგეში, როდესაც ზემოთ, დასაძინებლად, ავდიოდი, იყო ის, რომ დედა მოვიდოდა საკოცნელად, როცა უკვე საწოლში ვიქნებოდი. მაგრამ ეს ძილინებისა ისე ცოტა ხანს გძელდებოდა, დედა ისე სწრაფად ჩადიოდა ქვემოთ, რომ მომენტი, როცა გავიგონებდი, რომ ამოდიოდა, - შემდეგ კი, ორკარიანი დერეფნის გამოვლისას, მსუბუქ შრიალს ცისფერი მუსლინის საშინაო კაბისა, რომელზეც  დაწნული ჩალის პატარა ფოჩები ეკიდა, - ჩემთვის მტანჯველი მომენტი იყო. ის მომდევნო წამებზე მაუწყებდა, როდესაც დედა დამტოვებდა და ქვემოთ დაბრუნდებოდა. ისე რომ, საბოლოოდ, ესოდენ საყვარელი ძილინებისა მერჩივნა, რაც შეიძლება გვიან ყოფილიყო, რათა გახანგრძლივებულიყო სიმშვიდის ის პერიოდი, როცა დედა ჯერ კიდევ არ იყო მოსული. ზოგჯერ, როდესაც, კოცნის შემდეგ, კარს გამოაღებდა წასასვლელად, მინდოდა, დამეძახა მისთვის და მეთქვა: „მაკოცე კიდევ ერთხელ“, მაგრამ ვიცოდი, სახეზე მაშინვე გაჯავრება დაეხატებოდა, რადგან დათმობა, რაზეც ის ჩემს მწუხარებასა და მღელვარებასთან მიდიოდა, ზემოთ ამოსვლითა და დამამშვიდებელი კოცნის მოტანით, აღიზიანებდა მამაჩემს, ვისაც ეს რიტუალები უაზრობად მიაჩნდა, და დედას უნდოდა როგორმე დაევიწყებინა ჩემთვის ეს მოთხოვნილება, ეს ჩვევა, არათუ ნება მოეცა, ახალი შემეძინა და მისთვის  კიდევ ერთი კოცნა მეთხოვა, როცა უკვე კართან იყო მისული. არადა, მისი გაჯავრებული ხილვა ბოლოს უღებდა მთელ იმ სიმშვიდეს, წამის წინ რომ მომიტანა, როცა ჩემი საწოლისკენ დახარა თავისი მოსიყვარულე სახე და მშვიდობის ზიარებისათვის განკუთვნილი სეფისკვერით მომიშვირა, საიდანაც ჩემს ტუჩებს მისი რეალური არსებობა უნდა შეესრუტათ დაძინების ძალასთან ერთად. მაგრამ საღამოები, როცა დედა მთლიანობაში ასე ცოტა ხანს რჩებოდა ჩემს ოთახში, მაინც ტკბილი იყო იმათთან შედარებით, როცა სადილად სტუმრები გვყავდა და ამის გამო საერთოდ არ ამოდიოდა ძილინებისას სათქმელად. ეს სტუმრები ჩვეულებრივ მ. სვანით შემოიფარგლებოდა, რომელიც, რამდენიმე დროებით ნაცნობს თუ არ ჩავთვლით, თითქმის ერთადერთი იყო, ვინც ჩვენთან მოდიოდა კომბრეში, ზოგჯერ მეზობლური სადილობისთვის (შეუფერებელი ქორწინების მერე უფრო იშვიათად, რადგანაც ჩემებს არ უნდოდათ მისი ცოლის მიღება), ზოგჯერაც სადილის შემდეგ, მოულოდნელად. საღამოობით, როდესაც სახლის წინ, დიდი წაბლის ხის ქვეშ, რკინის მაგიდის გარშემო მსხდომნი, ბაღის ბოლოდან გავიგონებდით არა ბარაქიან და ხმამაღალ ზარს, თავისი რკინისებრი, დაუშრეტელი, ყინულოვანი ხმაურით ზედ რომ გადაესხმოდა და აყრუებდა სახლში ყველას, ვინც მას „დარეკვის გარეშე“ შემოსვლით აამოქმედებდა, არამედ სტუმრებისათვის განკუთვნილი ზარის გაუბედავ, ოვალურ და ოქროსებურ ორმაგ წკარუნს, ყველა უმალვე იკითხავდა: „სტუმარი - ვინ შეიძლება იყოს?“ მაგრამ კარგად ვიცოდით, ეს მხოლოდ მ. სვანი თუ იქნებოდა; პაპიდაჩემი, რომელიც მაგალითის მოსაცემად ხმამაღლა საუბრობდა ნაძალადევად ბუნებრივი ტონით, ამბობდა, რომ ასე ჩურჩული არ შეიძლებოდა; რომ მოსულისთვის იმაზე მეტი უპატივცემულობა არაფერია, როცა აფიქრებინებ, რომ ისეთ თემაზე საუბრობ, რაც მისმა ყურმა არ უნდა გაიგოს;  და დასაზვერად გზავნიდნენ ბებიაჩემს, ვინც ყოველთვის მოხარული იყო, თუ ბაღში კიდევ ერთხელ გასეირნების საბაბი მიეცემოდა, ამასობაში კი სარგებლობდა, რომ მალულად მოეცილებინა საბჯენები ვარდის ბუჩქებისათვის, რათა ბუნებრივი შესახედაობა მიეცა, - ასე დედა შვილს თმებში შეუყოფს ხოლმე ხელს და  უჩეჩავს ქოჩორს, პარიკმახერს მეტისმეტად რომ დაუტკეპნია.

ყველანი სულგანაბულნი ველოდით მტრის შესახებ ბებიას მოტანილ ცნობებს, თითქოს დიდი არჩევანი ყოფილიყო შესაძლო მომხვდურებს შორის, და მალევე პაპაჩემი იტყოდა: „სვანია, მისი ხმა მესმის.“ საქმე ისაა, რომ მხოლოდ ხმით შეიძლებოდა რომ გეცნო: მის სახეს კეხიანი ცხვირით, მწვანე თვალებით მაღალი შუბლის ქვეშ, რომელსაც გარს ქერა, თითქმის წითური, ბრესანის სტილით შეჭრილი თმა შემორტყმოდა, ძნელად თუ გაარჩევდი, რადგან რაც შეიძლება მცირედ გვქონდა ბაღი განათებული, კოღოები რომ არ მიგვეზიდა, მე კი მივდიოდი, ისე რომ არ შემტყობოდა რისთვის, იმის სათქმელად, რომ სიროფი მოეტანათ; ბებია დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, რომ სასმელი იქ ისე დაედგათ, რაც უფრო თავაზიანად მიაჩნდა, თითქოს ეს ყოველდღე ხდებოდა და არა მხოლოდ სტუმრების მოსვლის შემთხვევაში. მ. სვანი, თუმცა კი ბევრად ახალგაზრდა, ძალიან ახლო იყო პაპასთან, ვინაც მამამისის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი გახლდათ, შესანიშნავი, მაგრამ უცნაური კაცისა, ვისთვისაც, როგორც ჩანს, სულ პატარა რამეს შეეძლო გულის გაცივება, აზრის მიმართულების შეცვლა. წელიწადში რამდენჯერმე ვისმენდი  პაპაჩემის მონაყოლს მაგიდასთან, ყოველთვის  ერთსა და იმავე ისტორიებს, მამა სვანის ქცევაზე ცოლის გარდაცვალებისას, რომელსაც ის დღე და ღამე ედგა თავზე. პაპაჩემი, ვისაც დიდი ხანი არ ენახა მეგობარი, სვანების კარმიდამოში გავარდა, რომელიც კომბრეს მიდამოებში ჰქონდათ საკუთრებაში, და მოახერხა, დროებით გამოეყვანა მიცვალებულის ოთახიდან, გულამოსკვნილი, რომ არ შესწრებოდა კუბოში ჩასვენებას. რამდენიმე ნაბიჯი გადადგეს პარკში, სადაც ცოტაოდენი მზე იყო. მოულოდნელად, მ. სვანმა, მკლავში მოჰკიდა ხელი პაპაჩემს და შესძახა: „აჰ! ჩემო გულითადო მეგობარო, რა ბედნიერებაა, ვსეირნობდეთ ერთად ამ მშვენიერ ამინდში! განა შესანიშნავი არაა მთელი ეს ხეები, ეს კუნელები და ეს ტბორი, რომელიც ჩემთვის ჯერ არ მოგილოციათ?! რა სახე ჩამოგტირით?! გრძნობთ ამ ნიავს? აჰ! რაც გინდა თქვით, მაგრამ ცხოვრებაში მაინც ბევრი რამაა კარგი, ჩემო ძვირფასო ამედე!“ უეცრად ისევ ამოუტივტივდა გარდაცვლილი მეუღლის მოგონება, და რადგანაც, ეჭვგარეშეა, გრძნობდა, რომ ძალიან ძნელი იქნებოდა მოეძებნა ახსნა, თუ როგორ შეძლო ასეთ წუთებში სიხარულისთვის მიეცა თავი, შემოიფარგლა ჟესტით, რომელიც ჩვეული იყო მისთვის, როცა კი გონება რაიმე რთული კითხვის წინაშე იდგა: ხელი შუბლზე გადაისვა, თვალები შეიმშრალა და პენსნეს მინები გაწმინდა. და მაინც, ცოლის სიკვდილის მერე ნუგეში ვერაფერში ჰპოვა, მაგრამ იმ ორი წლის განმავლობაში, რა დროითაც მეუღლის გარდაცვალების შემდეგ იცოცხლა, პაპაჩემს ეტყოდა ხოლმე: „უცნაურია, ჩემს საწყალ ცოლზე ძალიან ხშირად ვფიქრობ, თუმცა არ შემიძლია, ბევრი ვიფიქრო ერთ ჯერზე.“ „ხშირად, თუმცა ერთ ჯერზე ცოტა, საწყალი მამა სვანის მსგავსად,“  პაპაჩემის ერთ-ერთი საყვარელი ფრაზა გახდა და სრულიად განსხვავებულ შემთხვევებში იყენებდა. ვიფიქრებდი, რომ ეს მამა სვანი ურჩხული იყო, პაპას, ვისაც უკეთეს მსაჯულად მივიჩნევდი და ვისი განაჩენიც, ჩემთვის ნამდვილი კანონი, შემდგომში ხშირად გამომგდომია იმ ქმედებების გასამართლებლად, რომელთა დაგმობისკენაც ვიყავი მიდრეკილი, რომ არ  შეეძახა: „რას ამბობ! ოქროს გული ჰქონდა!“

თუმცაღა წლების განმავლობაში, განსაკუთრებით კი ქორწინებამდე, უმცროსი სვანი ხშირად მოდიოდა მათ სანახავად კომბრეში, პაპიდასა და პაპა-ბებიას ფიქრადაც  კი არ გაუვლიათ, რომ მან სრულიად მიატოვა იმ საზოგადოებაში ცხოვრება, რომელშიც მისი მშობლები ტრიალებდნენ, და სახელ სვანით მინიჭებული ერთგვარი ინკოგნიტოს ქვეშ ისინი მასპინძლობდნენ - პატიოსანი მეპატრონეების სრული უცოდველობით, რომელთაც საკუთარ სასტუმროში, ისე რომ არც იციან, ცნობილი ავაზაკი შეუფარებიათ - ჟოკეის კლუბის ერთ-ერთ ყველაზე ელეგანტურ წევრს, პარიზის გრაფისა და უელსის პრინცის საყვარელ მეგობარს, სენ-ჟერმენის გარეუბნის მაღალ საზოგადოებაში ყველაზე სასურველ სტუმარს.

ჩვენი უვიცობა სვანის ბრწყინვალე საზოგადო ცხოვრებასთან დაკავშირებით ნაწილობრივ მისი თავშეკავებულობითა და თავმდაბლობით იყო გამოწვეული, მაგრამ ასევე იმითაც, რომ მაშინდელ ბურჟუაზიას საზოგადოებაზე ერთგვარად ინდუსური შეხედულება ჰქონდა და მიაჩნდა, რომ ის შედგებოდა ჩაკეტილი კასტებისაგან, სადაც თითოეულს თავისი ადგილი აქვს დაბადებიდანვე ცხოვრების იმ საფეხურზე, რომელსაც მისი მშობლები იკავებდნენ, და საიდანაც, თუ არ ჩავთვლიდით ისეთ შემთხვევითობებს, როგორიცაა ბრწყინვალე კარიერა ან მოულოდნელი ქორწინება, არაფერს შეეძლო მისი ამოყვანა და მაღალ კასტაში გადასმა. მ. სვანი, მამა, ბირჟის აგენტი გახლდათ; შესაბამისად, „შვილი სვანი“ მთელი თავისი ცხოვრება იმ კასტის წევრი უნდა ყოფილიყო, სადაც სიმდიდრე, როგორც გადასახადის გადამხდელთა კატეგორიებში, ამა თუ იმ შემოსავალს შორის მერყეობდა. ცნობილი იყო მამამისის სანაცნობო წრე, მაშასადამე, ცნობილი იყო თავად მისიც, თუ ვისთან „შეიძლებოდა“, ჰქონოდა ურთიერთობა. თუ სხვებსაც იცნობდა, ეს ხალხი ახალგაზრდა კაცის ჩვეულებრივ ნაცნობობას მიეთვლებოდა და ამაზე მისი ოჯახის ძველი მეგობრები, ასეთები იყვნენ, მაგალითად, ჩემები, მით უფრო მოწყალედ ხუჭავდნენ თვალს, რომ დაობლების შემდეგ ერთგულად აგრძელებდა ჩვენთან სტუმრობას; მაგრამ შეგვეძლო, ნაძლევს ჩამოვსულიყავით, რომ ეს ადამიანები, ვისაც არ ვიცნობდით და ვისთანაც ის მიდი-მოდიოდა, განეკუთვნებოდნენ იმ კატეგორიას, ვის მისალმებასაც ის ვერ გაბედავდა ჩვენთან ერთად ყოფნისას. სვანისთვის პირადი სოციალური კოეფიციენტის მინიჭება რომ მოგვენდომებინა, იმ ბირჟის აგენტის შვილებს შორის, ვის მშობლებსაც მისი მშობლების თანაბარი მდგომარეობა ეკავათ, ეს კოეფიციენტი შედარებით დაბალი იქნებოდა, რადგან ქცევებით ძალიან უბრალო, ამასთან, მუდამ სიძველეებითა და მხატვრობით გატაცებული, ერთ ძველ, კოლექციებით გატენილ სახლში ცხოვრობდა, რომლის ნახვაზეც ბებიაჩემი ოცნებობდა; მაგრამ ეს სახლი ორლეანის სანაპიროზე მდებარეობდა, სადაც ცხოვრება პაპიდაჩემს სამარცხვინოდ მიაჩნდა. „აბა, ხართ კი ნამდვილად ამ საქმის მცოდნე? მე თქვენი გულისთვის გეკითხებით, რადგან, არ გამიკვირდება, ვაჭრებმა რაღაც ნათხაპნები შემოგტყუონ“ - ეტყოდა პაპიდაჩემი; სინამდვილეში საერთოდ არაკომპეტენტურად თვლიდა და არც  ინტელექტუალური თვალსაზრისით იყო მაღალი აზრისა კაცზე, ვინც გაურბოდა სერიოზულ თემებზე საუბარს და გადაჭარბებულ, პროზაულ სიზუსტეს იჩენდა, არა მხოლოდ მაშინ, როდესაც კულინარიულ რეცეპტებს გვაძლევდა, უმცირეს დეტალებში, არამედ მაშინაც, როცა ბებიაჩემის დები არტისტულ თემებზე საუბრობდნენ. როდესაც დები გამოიწვევდნენ, თუ სურდათ, მისი აზრი მოესმინათ, იქნება და აღფრთოვანება გამოეხატა ნახატზე, იგი თითქმის უხერხულ სიჩუმეში ჩაიძირებოდა და მდგომარეობას, თუ შეეძლო, იმით ასწორებდა, რომ საპირწონედ გვაცნობდა მატერიალური სახის ინფორმაციას მუზეუმზე, სადაც აღნიშნული ტილო იყო მოთავსებული, მისი შესრულების თარიღზე. მაგრამ ჩვეულებრივ, სჯერდებოდა იმას, რომ ყოველ ჯერზე ახალი ისტორიით გავემხიარულებინეთ, ის-ის იყო რომ გადახდენოდა ჩვენთვის კარგად ნაცნობ ადამიანთან დაკავშირებით: კომბრეს მეაფთიაქესთან, ჩვენს მზარეულთან თუ მეეტლესთან. რა თქმა უნდა, ეს ისტორიები პაპიდაჩემს აცინებდა, მაგრამ ვერ კი იტყოდა, მათში სვანის მიერ მორგებული სულელური როლის (რასაც ის ყოველთვის აკეთებდა), თუ იმ მახვილგონივრულობის გამო, რომლითაც მათ ყვებოდა: „რა ტიპი ხართ მესიე სვან!“ რადგანაც ერთადერთი შედარებით ვულგარული პიროვნება იყო ოჯახში, თავის თავზე იღებდა, რომ მიეთითებინა უცხოებისთვის, როცა ისინი სვანზე ლაპარაკობდნენ, რომ თუ მოინდომებდა, შეეძლო ოსმანის ბულვარზეც ეცხოვრა და ოპერა ავენიუზეც, რომ ის გახლდათ შვილი მ. სვანისა, ვისაც წესით ოთხი-ხუთი მილიონი უნდა დაეტოვებინა, და რომ ეს უბრალოდ მისი ახირება იყო. ახირება, რომელიც, მისი წარმოდგენით ისეთი სახალისო უნდა ყოფილიყო სხვებისთვის, რომ პარიზში, როცა სვანი პირველ იანვარს თავისი დაშაქრული წაბლით ეწვეოდა, შემთხვევას არ უშვებდა ხელიდან, თუკი სტუმრებთან ერთად იყო, რომ ეთქვა: „აბა, მესიე სვან, ისევ ღვინის საწყობის მეზობლად ცხოვრობთ, რომ დარწმუნებული იყოთ, ლიონისკენ მიმავალი მატარებელი არ გაგასწრებთ?“ და ლორნეტის ზემოდან მალვით გახედავდა სხვა სტუმრებს.

მაგრამ პაპიდაჩემისთვის რომ ეთქვათ, რომ ამ სვანს, ვინც, როგორც სვანის შვილი, სრულად „აკმაყოფილებდა მოთხოვნებს“, „მაღალი ბურჟუაზიის“ ნებისმიერ ოჯახში მიეღოთ, პარიზში ყველაზე დაფასებულ ნოტარიუსებსა თუ ადვოკატებს (ეს პრივილეგია, ცოტა არ იყოს, უქმობას უჩიოდა მის ხელში), ერთგვარად მალულად, სულ სხვა ცხოვრება ჰქონდა; რომ ჩვენიდან გასულს, პარიზში, მას მერე, რაც გვეტყოდა, შინ უნდა დავბრუნდე დასაძინებლადო, კუთხეში შეხვეული არ ჰქონდა, რომ უკან გამოუყვებოდა გზას და ისეთი სალონისკენ გაეშურებოდა, სადაც არცერთ ბირჟის აგენტს ან  კომპანიონს ცხოვრებაში არ შეეჭყიტა, ეს ისე დაუჯერებელი მოეჩვენებოდა პაპიდას, როგორც ნაკითხ ქალბატონს აზრი იმაზე, რომ პირადად სცნობოდა არისტე, ვინც თურმე მასთან მუსაიფის შემდეგ პირდაპირ თეტიდას სამფლობელოს გულში ეშვება, მოკვდავთა თვალთათაგან გარიდებულ სამეფოში, სადაც ვერგილიუსი გვიჩვენებს, როგორ ხელგაშლით იღებენ; ანაც, - ისეთი სურათი რომ წარმოვიდგინოთ, რომელიც წესით უფრო უნდა მოსვლოდა თავში, რადგან უკვე ენახა  ტკბილეულის პატარა თეფშებზე დახატული, - სადილად ალი-ბაბა რომ ჰყოლოდა, ვინც, როგორც კი მარტო დაიგულებდა თავს, შევიდოდა გამოქვაბულში, სადაც თვალს ჭრის მოულოდნელი განძეულობა.

ერთ დღესაც, როცა ნასადილევს შემოგვიარა პარიზში და საღამოს სამოსის გამო მოგვიბოდიშა და მისი წასვლის შემდეგ ფრანსუაზამ გვითხრა, რომ მეეტლის თქმით, იგი „პრინცესასთან სადილობდა“, - „ჰო, ჰო, პრინცესების პრინცესასთან, ოღონდ ცოტა იმნაირთან!“ - მხრების აჩეჩვით უპასუხა პაპიდამ, მშვიდი ირონიით, ისე რომ თვალი არ მოუცილებია საქსოვისთვის.

ერთი სიტყვით, პაპიდაჩემი მას ქედმაღლურად ეპყრობოდა. და რადგანაც ფიქრობდა, რომ ჩვენი მოწვევებით დიდ პატივს ვდებდით, სავსებით ბუნებრივად მიაჩნდა, რომ ზაფხულობით ისე არ მოდიოდა ჩვენთან, თან კალათა რომ არ ჭეროდა ხელში, თავისი ბაღის ატმებითა და  ჟოლოთი, და რომ იტალიური მოგზაურობებიდან ჩემთვის ჩამოჰქონდა შედევრების ფოტოსურათები.

დიდად არ დაგიდევდნენ, კაცი გაეგზავნათ მის მოსაყვანად, რათა შეჰკითხებოდნენ, როგორ მოემზადებინათ სოუსი „გრიბიში“ ან ანასასის სალათა დიდი სადილისთვის, სადაც მას არც კი პატიჟებდნენ, რადგან თვლიდნენ, რომ პირველად მოსულ ადამიანებთან წარსადგენად პრესტიჟი აკლდა. თუ საუბარი ჩამოვარდებოდა საფრანგეთის სამეფო სახლის პრინცებზე: „ხალხი, ვისაც ვერასოდეს გავიცნობთ, ვერც თქვენ და ვერც მე, მაგრამ უმაგათოდაც გავალთ როგორმე იოლას, არა, ბ-ნო სვან?!“ ეტყოდა პაპიდაჩემი სვანს, ვისაც შეიძლება ჯიბეში ტვიკენჰემიდან გამოგზავნილი წერილი დებოდა; გადაადგილებინებდა პიანინოს და ფურცლებს აშლევინებდა საღამოობით, როცა ბებიაჩემის და მღეროდა, ისე რომ, ადამიანს, რომელიც ასე დაფასებული იყო ყველგან, იმ ბავშვის მიამიტური უხეშობით ეპყრობოდა, დაუდევრად რომ თამაშობს საკოლექციო ექსპონატით, გეგონება რაღაც იაფასიანი ნივთი ეჭიროს ხელში. ეჭვგარეშეა, სვანი, რომელსაც იმ დროისთვის ბევრი კლუბელი იცნობდა, ძალიან განსხვავდებოდა სვანისაგან, პაპიდაჩემი რომ ქმნიდა, როცა საღამოობით, კომბრეს პატარა ბაღში ზარის ორი ფრთხილი ხმა რომ გაისმოდა, ხორცს ასხამდა და სიცოცხლეს სძენდა ყველაფერ იმით, რაც კი სვანის ოჯახის შესახებ იცოდა, ბუნდოვანსა და გაურკვეველ ფიგურას, ბებიაჩემის წინ მავალი ჩრდილების ფონს რომ გამოეყოფოდა ხოლმე, და ხმაზე ვცნობდით. მაგრამ ცხოვრების წვრილმანების თვალსაზრისითაც კი, ჩვენ არ ვართ მატერიალურად განსაზღვრული მთელი, ყველასთვის ერთი და იგივე,  რომელსაც ნებისმიერი შეიძლება გაეცნოს, როგორც საქონლის აღწერილობას ან ანდერძს; ჩვენი საზოგადოებრივი პიროვნება სხვების აზროვნების ნაყოფია. თუნდაც ისეთი უბრალო ქმედება, „ნაცნობის ნახვას“ რომ ვუწოდებთ, ნაწილობრივ ინტელექტუალური აქტია. როდესაც ადამიანს ვხედავთ, მის გარეგნობას ვავსებთ ყველა იმ ცნებით, რაც მასზე გვაქვს, და ჩვენს წარმოდგენაში შექმნილ საერთო სურათში ამ ცნებებს უდავოდ ყველაზე დიდი ადგილი უჭირავთ. საბოლოოდ, ისინი ისე სრულყოფილად ბერავენ ლოყებს, ისე ზუსტად მიჰყვებიან ცხვირის ხაზს,  ისეთ ნიუანსებად ერევიან ხმის ჟღერადობას, თითქოსდა იგი მხოლოდ გამჭვირვალე გარსი იყოს, რომ ყოველ ჯერზე, როცა კი ამ სახეს ვხედავთ და ეს ხმა გვესმის, სწორედ ეს ცნებებია, რასაც ვცნობთ, რასაც ვისმენთ. ეჭვგარეშეა, მათ მიერ აგებულ სვანში ჩემი ოჯახის წევრებმა უცოდინრობის გამო არ გაითვალისწინეს მაღალ საზოგადოებაში ცხოვრების მთელი რიგი თავისებურებანი, რაც სხვებისთვის იყო მიზეზი, როცა კი მის გვერდით იყვნენ, სახეზე გამეფებული ელეგანტურობა დაენახათ და კეხიან ცხვირთან შეჩერებულიყვნენ, როგორც მის ბუნებრივ საზღვართან; სამაგიეროდ, შეძლეს, დაეგროვებინათ პრესტიჟისგან განძარცვულ, თავისუფალსა და ტევად სახეზე, არაფრისმთქმელი, დაკნინებული თვალების სიღრმეში, მღვრიე, ტკბილი ნალექი - ნახევრად-მოგონება, ნახევრად-დავიწყება - ერთად გატარებული უსაქმო საათებისა, როცა ყოველკვირეული სადილობის შემდეგ, სათამაშო მაგიდის ირგვლივ ან ბაღში იკრიბებოდნენ ჩვენი კეთილმეზობლური სოფლის ცხოვრებისას. ჩვენი მეგობრის სხეულებრივი გარსი ისე იყო გატენილი ამ ყველაფრით, ასევე მის მშობლებთან დაკავშირებული ზოგიერთი მოგონებით, რომ ეს სვანი სრულყოფილი და ცოცხალი არსება გამხდარიყო, და მრჩება შთაბეჭდილება, რომ ვტოვებ ერთ პიროვნებას, და მივდივარ მეორესთან, მისგან განსხვავებულთან, როცა, ჩემს მეხსიერებაში, სვანისგან, მოგვიანებით რომ კარგად გავიცანი, ადრინდელ სვანზე გადავდივარ - იმ ადრინდელ სვანზე, ვისშიც ჩემი ახალგაზრდობის მომხიბვლელ შეცდომებს ვპოულობ და ვინც, სხვათა შორის,  უფრო ნაკლებად ჰგავს მეორე სვანს ვიდრე  პიროვნებებს, იმ დროს რომ ვიცნობდი, თითქოს ჩვენს ცხოვრებაში ისევე იყოს, როგორც მუზეუმში, სადაც ერთსა და იმავე ეპოქის ყველა პორტრეტს ოჯახური მსგავსება აქვს, იგივე ტონალობა - იმ  ადრინდელ სვანზე, რომელიც სავსეა მოცალეობით, სდის დიდი წაბლის ხის, მარწყვის კალათებისა და ტარხუნის ღეროს სურნელი.

თუმცა ერთ დღეს, როდესაც ბებიაჩემი რაღაცის სათხოვნელად იყო წასული, სამონასტრო სკოლა საკრე-კერში გაცნობილ ერთ ქალბატონთან (ვისთანაც, კასტებზე ჩვენი შეხედულების გამო, ურთიერთობების შენარჩუნება არ ისურვა, მიუხედავად ორმხრივი სიმპათიისა), მარკიზა დე ვილპარიზთან, ბუიონების ცნობილი ოჯახიდან, ამ უკანასკნელმა უთხრა: „ვფიქრობ, კარგად უნდა იცნობდეთ ბ-ნ სვანს, ვინც ჩემი დისშვილების, დე ლომების, დიდი მეგობარია.“ ბებიაჩემი თავისი სტუმრობიდან აღფრთოვანებული დაბრუნდა. უზომოდ მოეწონა სახლი, რომელიც ბაღებს გადაჰყურებდა (მ-ამ დე ვილპარიზმა ბინის დაქირავება ურჩია იქ), და ასევე ჟილეტის მკერავი და მისი ქალიშვილი, რომელთაც სახელოსნო ეზოში ჰქონდათ და ვისთანაც იგი კიბეზე გახეული კაბის დასაკერებლად შევიდა. ბებია სრულიად აღტაცებული დარჩა ამ ადამიანებით, განაცხადა, რომ პატარა ნამდვილი მარგალიტი გახლდათ, ხოლო მკერავი უაღრესად კეთილშობილი და ზრდილი ადამიანი, რომლისთანაც ცხოვრებაში არავინ ენახა. რადგან მისთვის კეთილშობილება სავსებით დამოუკიდებელად არსებობდა სოციალური მდგომარეობისაგან. აღტაცებული იყო მკერავის პასუხით და დედას ეუბნებოდა: „სევინიეც ვერ იტყოდა ასე კარგად!“-ო და საპირისპიროდ, მ-ამ დე ვილპარიზის დისშვილზე, მასთან რომ შეხვედრია: „აჰ, ჩემო გოგო - არაფრით გამორჩეული ვინმე,  ერთი ჩვეულებრივი ხეპრე!“

ხოლო სვანის შესახებ მოტანილ ამ ცინცხალ ამბავს ის ეფექტი ჰქონდა, რომ პაპიდაჩემის თვალში სვანი კი არ ამაღლდა, არამედ მ-ამ დე ვილპარიზი დამდაბლდა.  პატივისცემა, რომელსაც ბებიაჩემზე დაყრდნობით მ-ამ დე ვილპარიზისადმი ვგრძნობდით, გვეჩვენებოდა, რომ უქმნიდა ვალდებულებას, არ ემოქმედა ისე, რაც დააკნინებდა მას, მან კი ის დაარღვია, რამეთუ სვანის არსებობის შესახებ იცოდა, რამეთუ უშვებდა, მისი ნათესავები ახლო ყოფილიყვნენ მასთან. „როგორ! სვანს იცნობს? და ეს ის ქალბატონი, ვისზეც იძახდი მარშალ მაკ-მაჰონის ახლობელიაო?!“ ჩემმა ოჯახის წევრებმა ჩათვალეს, რომ ეს შეხედულება სვანის ნაცნობების შესახებ მოგვიანებით სავსებით დაუდასტურდათ, როცა იგი უაღრესად მდაბალი საზოგადოების, პრაქტიკულად მსუბუქი ყოფაქცევის ქალზე დაქორწინდა, რომელიც, სხვათა შორის, არც უცდია, ჩვენთვის წარედგინა, თუმც ისევ აგრძელებდა მარტო სტუმრობას, ოღონდ უფრო და უფრო იშვიათად, მაგრამ ამ ქალზე დაყრდნობით ჩემები ფიქრობდნენ, რომ შეეძლოთ, შეუმცდარად დაედგინათ - რაკიღა ვარაუდობნენ, რომ სწორედ აქ იპოვა ის - მათთვის უცნობი წრე, ჩვეულებრივ რომ სტუმრობდა სვანი.

მაგრამ ერთხელაც პაპაჩემმა ჟურნალში წაიკითხა, რომ მ. სვანი ჰერცოგი X-ის მიერ გამართული საკვირაო საუზმეების მუდმივი სტუმარი იყო. ჰერცოგის მამა და ბიძა ლუი-ფილიპის მეფობისას ყველაზე წარჩინებული სახელმწიფო პირები იყვნენ. პაპას კი ყოველგვარი წვრილმანი აინტერესებდა, რათა მათი მეშვეობით გონებრივად შეეღწია ისეთი ადამიანების პირად ცხოვრებაში, როგორებიც იყვნენ მოლე, ჰერცოგი პაკიე, ჰერცოგი ბროლი. აღფრთოვანდა, როდესაც გაიგო, რომ თურმე სვანი სტუმრად დაიარებოდა იმ ადამიანებთან, რომლებიც მათ იცნობდნენ. პაპიდაჩემმა კი პირიქით, ეს სიახლე სვანის საწინააღმდეგოდ განმარტა: ყველა, ვინც სანაცნობო წრეს იმ კასტის გარეთ ამოირჩევდა, სადაც დაიბადა, თავისი სოციალური „კლასის“ გარეთ, მის თვალში სამარცხვინო ჩამოქვეითებას განიცდიდა. მიაჩნდა, რომ ეს იყო ერთბაშად უარის თქმა სიკეთეზე, მდგომარეობის მქონე ადამიანებთან კარგ ურთიერთობებს რომ მოაქვს, რაც წინდახედულმა ოჯახებმა ასე პატივისცემით შეინარჩუნეს და შემოინახეს თავიანთი შვილებისთვის (პაპიდაჩემმა ჩვენი მეგობრების ნოტარიუსის შვილთან ურთიერთობაც კი გაწყვიტა იმის გამო, რომ ეს ვაჟბატონი “ბრწყინვალებასთან“ დაქორწინდა და, შესაბამისად, მისთვის ნოტარიუსის შვილობის საპატიო რანგიდან ავანტიურისტის, ყოფილი ლაქიისა თუ თავლის ბიჭის რანგამდე დაეშვა, ვისზეც იტყვიან ხოლმე, რომ დედოფლები ზოგჯერ მოწყალე თვალით უყურებდნენ). პაპიდამ დაგმო პაპას იდეა, რომ როცა მომდევნო სადილზე მოვიდოდა, სვანისთვის მისი მეგობრების შესახებ ეკითხათ, ახლა რომ აღმოვაჩინეთ. მეორეს მხრივ ბებიაჩემის ორმა შინაბერა დამ, რომელთაც მისი კეთილშობილი ბუნება ჰქონდათ, მაგრამ არა გონება, განაცხადა, რომ არ ესმოდათ, როგორ შეეძლო მათ სიძეს მსგავს სისულელეებში ეპოვა სიამოვნება. ესენი იყვნენ ამაღლებული მისწრაფებების ადამიანები, და სწორედ ამავე მიზეზით, არ შეეძლოთ დაინტერესებულიყვნენ იმით, რასაც ჭორაობას ეძახიან, თუნდაც სასაუბრო საგანი ისტორიული მნიშვნელობისა ყოფილიყო; ზოგადად კი ყველაფერ იმით, რაც უშუალოდ არ უკავშირდებოდა ესთეტიკურ ან ზნეობრივ საკითხებს. მათი გონების დაუინტერესებლობა ისეთი გახლდათ, ყველაფერ იმასთან მიმართებით, რაც ახლოდან თუ შორიდან, ჩანდა, საზოგადო ცხოვრებას უკავშირდებოდა, რომ მათი სმენითი შეგრძნება - რაკი თავის დროებით უსარგებლობას დაასკვნიდა, როგორც კი სადილობისას საუბარი არასერიოზულ ტონს მიიღებდა, ან უბრალოდ ყოფით, „მიწიერ“ ელფერს, და ამ ორს მათთვის ძვირფასი თემებისკენ საუბრის შემობრუნება უკვე აღარ ხელეწიფებოდა - რეცეპტორულ ორგანოებს შეასვენებდა ხოლმე, ისე რომ ეს უკანასკნელნი ლამის ნამდვილ ატროფიას განიცდიდნენ. თუ შემდგომ პაპაჩემს ორი დის ყურადღების მიქცევა დასჭირდებოდა, აუცილებელი ხდებოდა, იმ ფიზიკური სიგნალებისთვის მიემართა, ფსიქიატრები რომ იყენებენ გარკვეულ პაციენტებთან, რომელთაც მანიაკალური გაფანტულობა სჭირთ: ჭიქაზე რამდენიმეჯერ მიწკარუნება დანის პირით, რასაც თან ერთვის მკაცრი მიმართვა და მზერა, უხეში მეთოდები, რაც ამ ფსიქიატრებს ხშირად ჩვეულებრივ ურთიერთობებში გადმოაქვთ ჯანმრთელ ადამიანებთან, ან პროფესიული ჩვევის გამო, ან რადგან ფიქრობენ, რომ ცოტათი ყველა შეშლილია.

ისინი კიდევ უფრო მეტად დაინტერესდნენ, როცა სვანის მოსვლამდე ერთი დღით ადრე, - რომელმაც   ერთი ყუთი ასტის ღვინო საკუთრივ გამოუგზავნა მათ, - პაპიდაჩემმა, ხელში „ფიგაროს“ ნომერით, სადაც კოროს გამოფენაზე წარმოდგენილი ნახატის სათაურთან შემდეგი სიტყვები ეწერა: „მ. შარლ სვანის კოლექციიდან“, გვითხრა: „ხედავთ? სვანს წილად პატივი ხვდა „ფიგაროში“ იხსენიებდნენ. - აკი ყოველთვის გეუბნებოდით, ამ ადამიანს გემოვნება აქვს-მეთქი, - თქვა ბებიამ. - რა გასაკვირია, იტყოდი, შენ ოღონდ ჩვენგან განსხვავებული აზრი გქონდეს! - უპასუხა პაპიდაჩემმა, რომელმაც იცოდა, რომ ბებია არასდროს ეთანხმებოდა მის აზრს, და რაკი დარწმუნებული არ იყო, ვის მხარეს დავიჭერდით, უნდოდა ჩვენთვის გამოეტყუა ერთსულოვანი დაგმობა ბებიაჩემის შეხედულებებისა, რომელთა წინააღმდეგაც ცდილობდა ძალები ჩვენთან გაეერთიანებინა. მაგრამ ჩვენ ხმას არ ვიღებდით. ბებიაჩემის დებმა გამოთქვეს სურვილი, სვანთან „ფიგაროზე“ სიტყვა გადაეკრათ, თუმცა პაპიდამ გადაათქმევინა. ყოველთვის, როცა სხვებში რაიმე უპირატესობას ხედავდა, რაც თვითონ არ გააჩნდა, რაც არ უნდა პატარა ყოფილიყო ის, თავის თავს დააჯერებდა, რომ ეს უპირატესობა კი არ იყო, არამედ ნაკლი, და რომ არ შეშურებოდა მათი, იცოდებდა. „საერთოდაც არ ვფიქრობ, რომ ამით ასიამოვნებთ. პირადად მე, ნამდვილად არ მესიამოვნებოდა, ჩემი სახელი ამგვარად რომ გამოეჭენებინათ ჟურნალში, და საერთოდ არ ჩავთვლიდი ქებად, თუ ვინმე ამაზე დამელაპარაკებოდა.“ თუმცა ძალიანაც არ დაუჟინებია დების დარწმუნება; ამ უკანასკნელთ ხომ ვულგალურობის შიშით ისე მაღლა აეყვანათ ძნელად მისახვედრი პარაფრაზების ქვეშ პიროვნული ალუზიის დამალვის ხელოვნება, რომ ხშირად თავად ადრესატიც კი ვერაფერს ხვდებდა. რაც შეეხება დედაჩემს; ის მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, თუ როგორ დაეთანხმებინა მამაჩემი, რომ სვანთან თუ მთლად ცოლის არა, მისი ქალიშვილის შესახებ მაინც ელაპარაკა, რომელსაც იგი აღმერთებდა და რომლის გამოც, ამბობენ, საბოლოდ დაქორწინდა კიდეც. „შეგეძლო მხოლოდ ერთი სიტყვა გეთქვა, უბრალოდ მოგეკითხა. ალბათ, როგორი რთულია მისთვის.“ მაგრამ მამაჩემი გაცხარდებოდა: „არა და მორჩა! ნუ გაქვს აბსურდული იდეები. უცნაურად ნუ გამომიყვან!“

მაგრამ ჩვენს შორის ერთადერთი, ვისთვისაც სვანის მოსვლა მტანჯველი შიშების საგანი გამხდარიყო, ვიყავი მე. ეს იმის გამო, რომ საღამოობით, როცა უცხოები ან მ. სვანი იყვნენ ჩვენთან, დედა ჩემს ოთახში არ ამოდიოდა. ვსადილობდი ყველაზე ადრე, შემდეგ კი მოვდიოდი და ვჯდებოდი მაგიდასთან რვა საათამდე, რა დროსაც, წინასწარ იყო გადაწყვეტილი, რომ  დასაძინებლად უნდა წავსულიყავი; ძვირფასი და სათუთი კოცნა, დედა ჩვეულებისამებრ დაძინებისას საწოლში რომ მომანდობდა ხოლმე, სასადილო ოთახიდან ჩემს ოთახამდე უნდა მიმეტანა და მთელი იმ დროის განმავლობაში დამეცვა, როცა ტანთ გავიხდიდი, ისე, რომ მისი სიტკბო არ მომცილებოდა, ისე, რომ მისი აქროლადი ძალა ჰაერში არ გაფანტულიყო და არ გამქრალიყო, და,  სწორედ ამ საღამოებისას, როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა მისი სიფრთხილით მიღება, იძულებული ვიყავი, ყველას წინაშე დამეგულვა და აჩქარებით გამომეტაცა, ისე, რომ არც საჭირო დრო მქონდა და არც გონების თავისუფლება, რომ იმაზე, რასაც ვაკეთებდი, ყურადღება გამემახვილებინა, როგორც აკვიატებით შეპყრობილნი აიძულებენ თავს, კარის დახურვისას სხვა არაფერზე იფიქრონ, რათა ავადმყოფური დაურწმუნებლობის დაბრუნებისას ძლევამოსილად დაუპირისპირონ მოგონება წუთისა, როცა კარები დაკეტეს.

ყველანი ბაღში ვიყავით, როცა ზარის ორი გაუბედავი წკარუნი გაისმა. ვიცოდით, სვანი იყო, თუმცა ყველამ ერთმანეთს კითხვანარევი მზერით გადავხედეთ და გამოსარკვევად ბებიაჩემი გავგზავნეთ. „არ დაგავიწყდეთ, გასაგებად გადაუხადოთ მადლობა ღვინისათვის, ხომ ნახეთ, როგორი ჩინებული ღვინოა და თანაც უზარმაზარი ყუთით,“ - ურჩია პაპამ ცოლისდებს. „ახლა, ჩურჩულს ნუ მოჰყვებით, - თქვა პაპიდაჩემმა, - როგორია, მიხვიდე სტუმრად და მთელი სახლი ჩუმად ლაპარაკობდეს!“ - „აა, აი, მ. სვანიც! აბა ვკითხოთ, ხვალ დარი თუ იქნება,“ - თქვა მამაჩემმა. დედა ფიქრობდა, რომ მისი ერთი სიტყვა ყველა იმ წყენას დაავიწყებინებდა სვანს, რაც ჩვენმა ოჯახმა მიაყენა ქორწინების შემდეგ. მოახერხა, მოშორებით გაეყვანა იგი. მაგრამ მეც გავყევი; არ შემეძლო, თუნდაც ერთი ნაბიჯით მოვცილებოდი, რაკი ვფიქრობდი, სულ მალე მისი სასადილო ოთახში დატოვება და დასაძინებლად ასვლა მომიწევდა, თან ისე, რომ სხვა დღეებისგან განსხვავებით, სანუგეშოდ ძილის წინ საკოცნელად არ მოვიდოდა. „აბა, მესიე სვან, - წამოიწყო მან, - მომიყევით ცოტა თქვენი ქალიშვილის შესახებ. დარწმუნებული ვარ უკვე მამასავით გემოვნებიანია, როცა საქმე რაიმე მშვენიერს ეხება.“ - „მოდით, ჩამოჯექით ჩვენთან ერთად ვერანდაზე,“ - უთხრა პაპაჩემმა, რომელიც ასევე მოგვიახლოვდა. დედა იძულებული იყო, სიტყვა გაეწყვიტა,  მაგრამ ამ იძულებამ კიდევ უფრო დახვეწილ სიტყვებამდე მიიყვანა, როგორც რითმების ტირანიით შეზღუდული კარგი პოეტები პოულობენ ულამაზეს სტრიქონებს: „მასზე მაშინ ვილაპარაკოთ, როცა მარტონი ვიქნებით, - ჩუმად უთხრა სვანს. - მხოლოდ დედას შეუძლია, გაგიგოთ. დარწმუნებული ვარ, დედამისიც ჩემს აზრზეა.“ ყველანი რკინის მაგიდის გარშემო დავსხედით. მერჩივნა, არ მეფიქრა იმ მტანჯველ საათებზე, საღამოს  მარტოს რომ უნდა გამეტარებინა ჩემს ოთახში, და თანაც ისე, რომ დაძინებასაც ვერ შევძლებდი; ვცდილობდი, დამერწმუნებინა საკუთარი თავი, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომ ხვალ დილას უკვე ყველაფერი დამავიწყდებოდა, მხოლოდ მომავლისკენ მიმემართა ფიქრები, რომლებსაც ისე უნდა გადავეყვანე მოახლოებული, შიშისმომგვრელი უფსკრულის თავზე, როგორც ზედ გადებულ ხიდზე. მაგრამ საფიქრალით დაძაბული გონება, დედაჩემისაკენ მიპყრობილი ჩემი მზერის მსგავსად, ისე იყო ამოზნექილი, რომ არანაირ უცხო შთაბეჭდილებას არ აძლევდა შემოჭრის საშუალებას. მართალია, ფიქრები მაინც აღწევდნენ მასში, მაგრამ მხოლოდ იმ პირობით, რომ გარეთ ტოვებდნენ ყოველგვარ მშვენიერსა თუ უბრალოდ მხიარულს, რასაც შეეძლო გულში ჩამწვდომოდა ან ყურადღება გადაეტანინებინა. როგორც ავადმყოფს ანესთეზიის წყალობით ძალუძს სრული სიცხადით ადევნოს თვალყური, როგორ უკეთებენ ოპერაციას, მაგრამ ისე, რომ არაფერი იგრძნოს, შემეძლო, საყვარელი ლექსები მეთქვა  ჩემთვის ან მეცქირა, როგორც ცდილობდა პაპაჩემი სვანს ჰერცოგ დ’ოდიფრე-პაკიეზე დალაპარაკებოდა, ისე, რომ ამათგან პირველს არანაირი ემოცია არ აღეძრა ჩემში, ხოლო უკანასკნელს - არანაირი მხიარულება. ეს მცდელობები უნაყოფო იყო. პაპაჩემს ძლივს ჰქონდა დასმული თავისი შეკითხვა სვანისთვის ამ ორატორთან დაკავშირებით, რომ ბებიას დებიდან ერთ-ერთმა, ვის ყურებშიც აღნიშნული შეკითხვა მნიშვნელოვან, თუმცა უდროო სიჩუმედ გაისმა, რის დარღვევასაც ზრდილობა მოითხოვდა, მეორე დას მიმართა: „წარმოიდგინე სელინა, ახალგაზრდა შვედი მასწავლებელი გავიცანი, რომელმაც სკანდინავიის ქვეყნების კოოპერატივების შესახებ გასაოცრად საინტერესო დეტალები გამაცნო. ერთ საღამოს აუცილებლად უნდა დავპატიჟოთ ეს მანდილოსანი ჩვენთან სადილად. - რასაკვირველია! - უპასუხა მისმა და ფლორამ, - მაგრამ არც მე დამიკარგავს დრო უქმად. მ. ვენტეისთან ერთ განსწავლულ ხნიერ კაცს შევხვდი, მობანს კარგად იცნობს და მობანმა უწვრილეს დეტალებამდე აუხსნა, როგორ თამაშობს თავის როლებს. საოცრად საინტერესოა! არც კი ვიცოდი, რომ მ. ვენტოის მეზობელი ყოფილა; უაღრესად სასიამოვნო პიროვნება. - მხოლოდ მ. ვენტოის როდი ჰყავს სასიამოვნო მეზობლები!“ - შეჰყვირა სელინამ ხმაზე, რომელიც პატრონის სიმორცხვის გამო ხმამაღალი ჩანდა, წინასწარ მოფიქრებულობის გამოისობით კი ხელოვნური, და სვანისკენ მისი აზრით მრავალმნიშვნელოვანი  მზერა ტყორცნა. ამ დროს, ბებია ფლორა, ვინც მიხვდა, რომ სელინას ეს სიტყვები ასტის ღვინისათვის გადახდილი მადლობა იყო, ასევე უყურებდა სვანს სახით, სადაც ერთმანეთის შერეოდა მილოცვა და ირონია, ან უბრალოდ იმიტომ, რომ დის გონებამახვილობისათვის გაესვა ხაზი, ან შურდა სვანის, რომ ასეთი შთაგონების მიზეზი შეიქნა, ანაც იმის გამო, რომ არ შეეძლო არ დაეცინა უხერხული ყურადღების ცენტრში აღმოჩენილი სტუმრისთვის. „ვფიქრობ, შევძლებთ და დავითანხმებთ ამ ბატონს, სადილად გვეწვიოს, - გააგრძელა ფლორამ; - საკმარისია, მობანზე ან მადამ მატერნაზე ჩამოუგდო სიტყვა, რომ შემდგომ საათობით ილაპარაკებს შეუჩერებლად. - შესანიშნავი აზრია!“ - ამოიოხრა პაპაჩემმა, ვის გონებრივ შესაძლებლობებშიც, სამწუხაროდ, ბუნებას ისევე არ შეეტანა შვედური კოოპერატივებითა და მობანის მიერ როლების შექმნით მგზნებარე დაინტერესების ნიჭი, როგორც დავიწყებოდა, ბებიაჩემის დებისთვის ცოტაოდენი მარილი მოემადლებინა, რომელიც საჭიროა თვითონვე მოაყარო,  რათა გემო ჩაატანო მოლესა თუ პარიზის გრაფის პირად ცხოვრებაზე მოყოლილ ისტორიებს. „აი, - ეუბნება სვანი პაპაჩემს, - რაც ახლა უნდა გითხრათ, იმაზე უფრო მეტად უკავშირდება იმას, რაზეც მეკითხებოდით, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რადგან გარკვეული კუთხით ბევრი არაფერი შეცვლილა. ამ დილას კიდევ ერთხელ გადავიკითხე სენ-სიმონში რაღაც მონაკვეთი, რომელიც, ვფიქრობ, თქვენც გაგამხიარულებდათ. ეს იმ ტომშია, ესპანეთში თავის ელჩობას რომ აღწერს; შედევრი ნამდვილად არაა, ეგ კი არადა ჟურნალზე მეტი არც ეთქმის, მაგრამ ასეთადაც რომ მიგვეღო, სულ მცირე დიდებულად დაწერილი ჟურნალი იქნებოდა, უკვე რითაც იგი სრულიად განსხვავდება იმ მოსაწყენი ჟურნალ-გაზეთებისგან, თავს რომ ვალდებულად ვთვლით, დილა საღამოს ვკითხულობდეთ. - ვერ დაგეთანხმებით, არის დღეები როცა მათი კითხვა ძალიანაც მსიამოვნებს...“ - შეაწყვეტინა ბებია ფლორამ, რათა ეჩვენებინა, რომ „ფიგაროში“ სვანის კოროზე გამოქვეყნებული წინადადება  წაკითხული ჰქონდა. „როცა მასში ჩვენთვის საინტერესო რამეებზე და ადამიანებზე წერენ!“ - კიდევ უფრო შორს წავიდა ბებია სელინა. „არა, არც უარვყოფ, - უპასუხა გაოცებულმა სვანმა. - რაც გაზეთებში არ მომწონს, ისაა, რომ ყოველდღიურად ჩვენს ყურადღებას მიმართავენ უმნიშვნელო რამეებისკენ, მაშინ როცა  ცხოვრებაში სამ-ოთხჯერ თუ წავიკითხავთ ისეთ წიგნს, სადაც რაიმე ნამდვილად არსებითი წერია. როცა ყოველ დილით მოუთმენლად ვაცლით შეფუთვას გაზეთს, წარმოვიდგინოთ, რომ სულ სხვა რამ გვხვდება იქ, არ ვიცი, აი, მაგალითად ... პასკალის „აზრები“!“ (მან ეს სიტყვა ირონიული ხაზგასმით გამოყო, რათა პედანტური არ გამოჩენილიყო). და მოოქროვილ ვარაყიან ტომში კი, ათ წელიწადში ერთხელ რომ გადავშლით, - დაამატა მაღალი საზოგადოების ამბებისადმი აშკარა აგდებით, რასაც ამავე საზოგადოების წევრების ნაწილი სხვების დასანახად მოირგებს ხოლმე, -  წაგვეკითხა, რომ საბერძნეთის დედოფალი კანს ესტუმრა ან პრინცესა დე ლეონმა კოსტუმირებული ბალი გამართა. ამგვარად აღდგებოდა მართებული პროპორცია.“ მაგრამ რაკიღა ნანობდა, რომ სერიოზულ თემებზე თუნდაც არასერიოზულად დაიწყო საუბარი, ირონიულად თქვა: „მშვენიერ თემებზე კი ვსაუბრობთ. არც კი ვიცი, რატომ შევუდეგით ასეთი „მწვერვალების“ დაპყრობას, - და შემდეგ პაპაჩემს მიუბრუნდა: - ხოდა, სენ-სიმონი გვიყვება, თუ როგორ ეყო სითავხედე მოლევრიეს, მისი ვაჟებისთვის ხელი გაეწოდა. ხომ იცით, ეს ის მოლევრიეა, ვისზეც ამბობს: „არასოდეს არაფერი მინახავს ამ გაბერილ ბოთლში უხასიათობის, უკმეხობისა და სიბრყვის გარდა“-ო – „გაბერილი თუ გაუბერავი,  მე ვიცი ბოთლები, რომლებშიც ბევრად განსხვავებული რამ არის,“- ცოცხლად წარმოთქვა ფლორამ, ვისაც ასევე სურდა მადლობა გადაეხადა სვანისთვის, რადგან ასტის ღვინო ორივესადმი იყო გამოგზავნილი. სელინას სიცილი აუტყდა. დაბნეულმა სვანმა გააგრძელა: „არ ვიცი უმეცრებისა თუ რაიმე ხრიკის გამო, - წერს სენ-სიმონი, - მაგრამ მას უნდოდა, ხელი ჩამოერთმია ჩემი შვილებისათვის. ზუსტად რომ დროზე შევნიშნე და არ დავუშვი ეს ყოველივე.“ პაპაჩემი უკვე აღფრთოვანებული იყო სიტყვებით: „უმეცრებისა თუ რაიმე ხრიკის გამო“, რომ მადმუაზელ სელინა, ვის ყურებშიაც სახელმა სენ-სიმონმა - ლიტერატორისა! - სმენითი უნარის სრულ ანესთეზიას ხელი შეუშალა, ფრიად აღშფოთდა: „როგორ? ესაა აღფრთოვანების ღირსი? ჰმ, მშვენიერია! და ამით რა? განა ერთი ადამიანი მეორეზე ნაკლებია?  რა მნიშვნელობა აქვს, ჰერცოგია თუ მეეტლე, თუკი აზრიანია და კეთილი გული აქვს? ამ თქვენს სენ-სიმონს ნამეტანი დიდებულად გაუზრდია თავისი შვილები, თუკი არ უსწავლებია, რომ წესიერ ადამიანებს ხელი უნდა ჩამოართვა. უბრალოდ წარმოუდგენელია! თქვენ კი მისი ციტირებაც არ გერიდებათ?“ და პაპაჩემმა, ძალიან დამწუხრებულმა, რაკიღა გრძნობდა, რომ ამ ობსტრუქციის პირობებში შეუძლებელი იქნებოდა, სვანისთვის სახალისო ისტორიები მოეყოლებინა, დედაჩემს უთხრა: „გამახსენე ერთი ის ტაეპი, შენ რომ მასწავლე, ასეთ წუთებში რომ მანუგეშებს ხოლმე. აჰ, ჰო: „რა სათნოებათ შეგვაძულებ უფალო ჩვენ!“ აჰ, შესანიშნავი სიტყვებია!“

დედაჩემს თვალს არ ვაცილებდი. როდესაც მაგიდასთან ისხდებოდნენ, ვიცოდი, მთელი სადილობა არავინ დამტოვებდა და მამაჩემი რომ არ გაეჯავრებინა, დედა ნებას არ მომცემდა, საზოგადოების წინაშე რამდენიმეჯერ მეკოცნა, როგორც ჩემს ოთახში. ასე რომ, საკუთარ თავს ვპირდებოდი, სასადილო ოთახში, როცა სადილობას დაიწყებნენ და ვიგრძნობდი, რომ ჩემი წასვლის დრო მოახლოვდა, კოცნის წინ, რომელიც ასე მოკლე და მალული იქნებოდა, ყველაფერი გამეკეთებინა, რისი გაკეთებაც მარტოს შემეძლო, მზერით ამომერჩია ადგილი ლოყაზე, სადაც უნდა მეკოცნა, გამემზადებინა ფიქრები, რათა შემძლებოდა კოცნის ამ მენტალური დასაწყისის წყალობით, წუთი, რომელსაც დედა დამითმობდა,  მთლიანად მიმეძღვნა შეგრძნებისთვის, მისი ლოყის ჩემს ტუჩებთან შეეხებებისას რომ დამეუფლებოდა, როგორც მხატვარი, ვისაც მხოლოდ პოზირების მოკლე სეანსები შეუძლია მიიღოს, ამზადებს თავის პალიტრას და წინდაწინ აკეთებს - მეხსიერებიდან, ჩანახატების მიხედვით - ყველაფერ იმას, რასაც მოდელის იქ ყოფნა არ სჭირდება. მაგრამ აი, ჯერ სადილობის ზარსაც არ ჰქონდა დარეკილი, პაპაჩემს ეყო გაუცნობიერებელი სისასტიკე, რომ ეთქვა: „ბავშვს დაღლილი სახე აქვს, აჯობებს დაიძინოს. თანაც ამ საღამოს გვიან ვსადილობთ.“ მამაჩემმა კი, ვინაც დედაჩემისა და ბებიაჩემისგან განსხვავებით ისე გულმოდგინედ არ იცავდა შეთანხმებებს, შემომძახა: „ჰო, მიდი, გაიქეცი დასაძინებლად.“ მინდოდა, დედასთვის მეკოცნა, მაგრამ ამ დროს სადილობის ზარი გავიგონეთ. „აბა, აბა, დაანებე დედაშენს თავი, ხომ უკვე თქვი ღამე მშვიდობისა, ეს სამასხრო ცერემონიები ზედმეტია. აბა, ადი შენს ოთახში!“ ასე რომ, უზიარებლად უნდა წავსულიყავი და კიბის თვითეული საფეხური, როგორც გამოთქმა ამბობს, „ჩემი გულის საწინააღდეგოდ“ ამეარა, იმ გულის, რომელსაც უკან, დედასთან დაბრუნება უნდოდა, რომ თავისი კოცნით ნებართვა მიეცა მისთვის, თან გამომყოლოდა. ამ საძულველ კიბეს, ასე მოწყენილი რომ ავუყვებოდი ხოლმე ყოველთვის, ლაქის სუნი უდიოდა, რომელმაც რაღაცნაირად შეიწოვა და შეითავსა ეს განსაკუთრებული სახის სევდა, ყოველ საღამოს რომ მეუფლებოდა, და, შესაძლოა, ჩემი მგრძნობელობისთვის კიდევ უფრო მტანჯველადაც გადააქცია, რადგანაც ამ ყნოსვითი ფორმის ქვეშ  ცნობიერს არავითარი მონაწილეობა აღარ ჰქონდა. როდესაც გვძინავს და ძლიერი კბილის ტკივილი ჯერ მხოლოდ ქალიშვილად აღიქმება, რომლის წყლიდან ამოყვანასაც ზედიზედ ორასჯერ ვცდილობთ ან შეუჩერებლივ გამეორებულ მოლიერის ლექსად, გაღვიძება უდიდესი შვებაა, რაკი ჩვენს გონებას შეუძლია კბილის ტკივილის იდეას გმირობისა და რიტმულობის ნიღაბი მოაცილოს. ამ შვების საპირისპირო შეგრძნებას განვიცდიდი მაშინ, როცა ჩემს საწოლ ოთახში ასვლის სევდა წარმოუდგენლად უფრო სწრაფად, თითქმის მეყსეულად შემოდიოდა ჩემში, ერთდროულად ჩუმი და მოულოდნელი, თავისებური სუნის შესუნთქვით, ამ კიბის ლაქი რომ გამოსცემდა, რაც ბევრად უფრო მომწამლავი იყო, ვიდრე გონებრივი შეღწევა. როგორც კი ჩემს ოთახში აღმოვჩნდებოდი, ყველა ღრიჭო უნდა დამეგმანა, დამეხურა დარაბები, გადასაფარებლებში საკუთარი სამარე  გამეთხარა და ღამის პერანგის სუდარა ჩამეცვა. მაგრამ სანამ თავს რკინის საწოლში დავიმარხავდი, რომელიც ჩემს ოთახში დაამატეს, რაკი ზაფხულობით დიდი საწოლის რეფსის ფარდებში ძალიან მცხელოდა, ჯანყის სურვილმა წამომიარა, მინდოდა მსჯავრდებული კაცის ხრიკებისთვის მიმემართა. დედაჩემს წერილი მივწერე, სადაც ვეხვეწებოდი, ამოსულიყო, რადგან რაღაც უმნიშვნელოვანესი საქმე მქონდა, რისი თქმაც წერილში არ შემეძლო. მაგრამ ვშიშობდი, რომ ფრანსუაზა, დეიდაჩემის მზარეული, ვისაც, როცა კომბრეში ვიყავით, ჩემი მოვლა ჰქონდა ხოლმე დავალებული, წერილის წაღებაზე უარს იტყოდა. ვეჭვობდი, რომ მის თვალში სტუმრების თანდასწრებით დედაჩემისათვის წერილის გადაცემა ისეთივე წარმოუდგენელი ამბავი იქნებოდა, როგორც თეატრის პორტიემ მსახიობს წერილი შუა სცენაზე რომ მიუტანოს. იმასთან დაკავშირებით, თუ რა იყო დასაშვები და რა არა, მას ყოვლად ხისტი, ბარაქიანი, დახვეწილი და უგამონაკლისო კოდექსი გააჩნდა შეუმჩნეველ თუ უმნიშვნელო განსხვავებებზე დაფუძნებული (რის გამოც ის იმ ანტიკურ კანონებს წააგავდა, რომლებიც ისეთი ულმობელი მითითებების გვერდით, როგორიცაა ძუძუთა ბავშვების მოკვდინება, გადაჭარბებული ზედმიწევნობით კრძალავს თიკნის მოხარშვას დედამისის რძეში ან ბარძაყის მყესის შეჭმას). ეს კოდექსი, თუკი ვიმსჯელებთ იმ მოულოდნელი სიჯიუტით, რასაც იგი იჩენდა, როცა არ სურდა, ჩვენს მიერ მიცემული გარკვეული დავალებები შეესრულებინა, ჩანდა, ითვალისწინებდა საზოგადოებრივ სირთულეებსა და დარბაისლური ქცევისთვის აუცილებელ დახვეწილობას, რაზედაც არაფერს შეეძლო მიეთითებინა, არც ფრანსუაზას გარშემომყოფებიდან, არც მისი სოფლის მოსამსახურის ცხოვრებიდან; და უნდა გვეღიარებინა, რომ მასში ძველთაძველი ფრანგული წარსული შემონახულიყო, დიდებული და ვერგაგებული, როგორც იმ სამრეწველო ქალაქებში, სადაც ძველი სახლები მოწმობენ, რომ ერთ დროს აქ სამეფო კარის ცხოვრება იყო, და სადაც ქიმიური პროდუქტების ქარხნის მუშები წმინდა თეოფილეს სასწაულისა თუ  ეიმონის ოთხი ვაჟის ნატიფი ქანდაკებებს გვერდით მუშაობენ. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, კოდექსის მუხლი, რომლის გამოც ნაკლებად სავარაუდო იყო, თუ მთლად ხანძრი არ გაჩნდებოდა, ფრანსუაზა წასულიყო და მ. სვანის თანდასწრებით დედაჩემი ისეთი უმნიშვნელო პერსონაჟის გულიზე შეეწუხებინა, როგორიც მე ვიყავი, უბრალოდ იმ მოწიწებას გამოხატავდა, რომელსაც ის არა მხოლოდ ოჯახის მიმართ ავლენდა - როგორც გარდაცვლილთა, მღვდელთა და მეფეთა მიმართ - არამედ სტუმართმოყვარეობით მიღებულ უცხოთა მიმართაც; ეს მოწიწება, ალბათ, ამაღელვებდა კიდეც წიგნში, მაგრამ  ყოველთვის ნერვებს მიშლიდა მის ბაგეებზე,  სერიოზული და განაზებული ტონის გამო, რომლითაც მასზე საუბრისას ამეტყველდებოდა ხოლმე, მითუმეტეს ამ საღამოს, როცა სადილობისთვის მინიჭებულ წმინდა ხასიათს შედეგად შეიძლებოდა მოჰყოლოდა ის, რომ ცერემონიის ხელშეშლაზე უარი ეთქვა. მაგრამ წარმატების ალბათობა ჩემს სასარგებლოდ რომ გამეზარდა, არც ტყუილის თქმაზე მიყოყმანია და ვუთხარი, რომ ეს მე კი არ მსურდა დედასთვის წერილის მიწერა, არამედ თვითონ დედამ მთხოვა დასაძინებლად წამოსვლისას, რომ არ დამვიწყებოდა, მისთვის პასუხი გამეგზავნა ერთ რაღაცასთან დაკავშირებით, რომელიც მისთვის უნდა მომეძებნა; და რომ იგი ნამდვილად ძალიან გაბრაზდებოდა, თუკი ამ წერილს არ გადასცემდნენ. ვფიქრობ, ფრანსუაზამ არ დამიჯერა, რადგან, პირველყოფილი ადამიანების მსგავსად, რომელთაც უფრო ძლიერი ალღო გააჩნდათ, უმალვე გრძნობდა, ჩვენთვის შეუმჩნეველი ნიშნებიდან, ნებისმიერ სიმართლეს, რომელიც გვინდოდა, მისთვის დაგვემალა; იგი ხუთი წუთის განმავლობაში დაჰყურებდა კონვერტს, თითქოს ქაღალდისა და ნაწერის რაგვარობის შემოწმებას მისთვის შეეძლო შინაარსის ბუნებაზე ეთქვა ან მისი კოდექსის რომელ მუხლს მიემართებოდა აღნიშნული შემთხვევა. შემდგომ კი ფარხმალდაყრილის სახით გავიდა, რომელიც ამბობდა: „განა უბედურება არაა მშობლებისთვის, როცა ასეთი შვილი გყავს!“ ოღონდ მალევე დაბრუნდა ამბით, რომ ჯერ მხოლოდ ნაყინს მიირთმევდნენ და ამ ეტაპზე მსახურთუფროსისთვის შეუძლებელი იყო, ყველას თვალწინ გადაეცა წერილი, მაგრამ როცა პირში გამოსავლებელზე იქნებოდნენ, რამენაირად მონახავდნენ გზას, რომ იგი დედასთვის გადაეცათ. მაშინვე, ჩემი მღელვარება დაცხრა; ახლა უკვე ხვალამდე როდი დამეტოვებინა დედა, როგორც ეს სულ ცოტა ხნის წინ იყო, რადგანაც ჩემი პატარა წერილი, რომელიც მას, უეჭველია, გააჯავრებდა (და ორმაგად, იმიტომ, რომ ჩემი ეს „ჭკუამახვილობა“ უცნაურად წარმომაჩენდა სვანის თვალში), შესაძლებლობას მომცემდა, სულ მცირე, მასთან ერთად აღმოვჩენილიყავი ოთახში, უჩინარი და აღტაცებული, ჩემს შესახებ ჩასჩურჩულებდა ყურში;  რადგანაც ეს აკრძალული, მტრული სასადილო ოთახი, სადაც, სულ ერთი წამის წინ, თვით მარცვლოვანი ნაყინი და გამოსავლების ფინჯნებიც კი, მავნე და მომაკვდინებლად სევდიან სიამოვნებებს შეიცავდნენ, რადგანაც დედა მათ ჩემგან შორს ეწაფებოდა, ჩემთვის იხსნებოდა და, როგორც ჩამტკბარ და კანდამსკდარ მწიფე ხილს, ჩემს მოწამლულ გულამდე უნდა გადმოეშხეფა, მოეწვდინა დედაჩემის ყურადღება, როცა ის ჩემს სიტყვებს წაიკითხავდა. ახლა უკვე აღარ ვიყავი მისგან შორს; ბარიერები გამქრალიყო, ტკბილი ძაფი გვაერთიანებდა. და ეს კიდევ არ იყო ყველაფერი: დედა აუცილებლად მოვიდოდა!

მეგონა, ჩემი ცოტა ხნის წინანდელი კაეშნის გამო სვანი უსათუოდ დამცინებდა, წერილი რომ წაეკითხა და მის ნამდვილ მიზანს მიმხვდარიყო; თუმცაღა, პირიქით, როგორც ეს შემდგომ შევიტყვე, მსგავსი კაეშანი წლების განმავლობაში სტანჯავდა და, ალბათ, ისე არავის შეეძლო ჩემი გაგება, როგორც მას; ეს კაეშანი, რომ საყვარელი ადამიანი სადმე სასიამოვნო ადგილასაა, სადაც შენ არ ხარ, ან სადაც არ შეგიძლია, რომ შეუერთდე, მას სიყვარულის მეშვეობით ეწვია, სიყვარულის, რომელისთვისაც ის გარკვეული აზრით წინასწარვეა გამზადებული, რომ შეეთვისოს,  მოერგოს; მაგრამ როდესაც, როგორც ჩემს შემთხვევაში, კაეშანი მანამ გვეწვევა, სანამ სიყვარული გამოჩნდებოდეს ჩვენს ცხოვრებაში, მისი მომლოდინე ის უმიზნოდ დახეტიალობს, უსაგნო და თავისუფალი, განსაზღვრული დანიშნულების გარეშე, დღეს ერთი გრძნობის მსახური, ხვალ - მეორისა, ხან შვილის სინაზის, ხანაც ამხანაგისადმი მეგობრობის. და სიხარულს, რომლის თანხლებითაც ჩემს პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, როცა ფრანსუაზა იმის სათქმელად დაბრუნდა, რომ წერილს გადასცემდნენ, სვანიც უკვე კარგად იცნობდა ამ ფუჭ სიხარულს, საყვარელი ქალის რომელიმე მეგობარი, რომელიმე ახლობელი რომ გვანიჭებს, როცა იმ სახლთან ან თეატრთან მისულს, სადაც ეს ქალია, ბალისთვის, დღესასწაულისა თუ პრემიერისთვის, სადაც ის მას უნდა შეხვდეს, ეს მეგობარი შეგვნიშნავს, გარეთ რომ ვყიალობთ და სასოწარკვეთით ველით საყვარელ ქალთან გამოლაპარაკების შესაძლებლობას. ის გვცნობს, შინაურულად გვესალმება და გვეკითხება, იქ რას ვაკეთებთ. და როცა მოვიგონებთ, რომ ვითომ რაღაც საჩქარო გვაქვს სათქმელი მის ნათესავთან თუ მეგობართან, გვარწმუნებს, რომ არაფერია ამაზე უფრო მარტივი, ვესტიბულში შეგვიძღვება და გვპირდება, რომ ქალი ხუთ წუთში აქ იქნება. ო, როგორ გვიყვარს ის! - როგორც იმ წუთას ფრანსუაზა მიყვარდა - კეთილგანწყობილი შუამავალი, რომელმაც ერთადერთი სიტყვით ასატანად, ადამიანურად და ლამის ხელსაყრელად გადააქცია წარმოუდგენელი, ჯოჯოხეთური დღესასწაული, რომლის შუაგულშიც ჩვენი წარმოდგენით მტრულ, გარყვნილ და წარმტაც მორევთ ჩვენგან შორს მიჰყავდა ქალი, ჩვენზე აცინებდა მას, ვინც გვიყვარს! თუ მისით ვიმსჯელებთ, ამ ახლობლით, ჩვენს დასახმარებლად რომ მოსულა და თავადვეა საშინელი მისტერიების მონაწილე, ამ ზეიმობის სხვა წვეულებსაც არაფერი უნდა ეცხოთ დიდად დემონური! ეს შეუღწევადი და მტანჯველი საათები, როცა ჩვენს გულის სწორს უცნობი სიამენი უნდა ეგემა, აი, ჩვენთვისაც იხსნება მოულოდნელად გაჩენილი ნაპრალის დახმარებით, ჩვენც ვაღწევთ მათში; და აი, ერთ-ერთ იმ წუთთაგანს, რომელთა თანმიმდევრობაც ამ საათებს შეადგენდა, წუთს ისევე რეალურს, როგორც სხვებია, ალბათ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანიც კი ჩვენთვის, რადგანაც ჩვენი საყვარელი ქალი უფრო მეტად არის მისი ნაწილი, ჩვენ წარმოვისახავთ ამ წუთს, ჩვენ ვფლობთ მას, ვმონაწილეობთ მასში, შეიძლება ითქვას, ჩვენ ის შევქმენით კიდეც: წუთი, როცა ახლობელი ეტყვის, რომ აქ ვართ, ქვემოთ. უეჭველია, წვეულების სხვა მომენტები არსობრივად დიდად განსხვავებული არ უნდა ყოფილიყო ამ მომენტისგან, არაფერი ისეთი გამორჩეული არ უნდა ჰქონოდათ, რომ ჩვენთვის ამხელა ტანჯვა  მოეყენებინათ; რადგანაც კეთილმა მეგობარმა გვითხრა: „რას ამბობთ, გაუხარდება კიდეც ქვემოთ ჩამოსვლა! მისთვის თქვენთან საუბარი ბევრად უფრო სასიამოვნო იქნება, ვიდრე ზემოთ იმ მოწყენილობაში ყოფნა.“ სამწუხაროდ, სვანს გამოცდილებამ ანახა, რომ მესამე პირის კეთილი განზრახვები არაფრისმქმნელია ქალთან, რომელსაც თავს აბეზრებს შეგრძნება იმისა, რომ წვეულებაზეც კი უკან დაჰყვება ადამიანი, ვინც არ უყვარს. და, როგორც წესი,  მეგობარი მარტო ბრუნდება.

დედაჩემი არ მოვიდა და ისე, რომ არც კი უფიქრია ჩემს თავმოყვარეობაზე (რომელიც დამოკიდებული იყო იმაზე, რომ შეთხზული ამბავი,  რის მიხედვითაც მან მთხოვა, ძებნის შედეგი მომეხსენებინა, არ უარეყო) ფრანსუაზას  შემდეგი სიტყვები დააბარა: „პასუხის გარეშე“, შემდგომში ასე ხშირად რომ გამიგონია ფეშენებელური სასტუმროების კონსიერჟებისა თუ გასართობ სახლთა ლაქიებისგან, რომელიმე საწყალი ქალიშვილისადმი მოტანილი, ვინც გაიკვირვებს: „როგორ, არაფერი უთქვამს? კი მაგრამ, ეს ხომ შეუძლებელია! ხომ ნამდვილად გადაეცით ჩემი წერილი? ძალიან კარგი, დაველოდები!“ და - როგორ დაჟინებითაც იგი ირწმუნება, რომ დამატებითი სანათურა არ სჭირდება, რის ანთებასაც კონსიერჟი სთავაზობს, და რჩება იქ, სადაც მხოლოდ ერთი-ორი  სიტყვა ესმის ამინდზე, კონსიერჟი და ლაქია რომ გაცვლიან,   რომელსაც ის საჩქაროდ გაგზავნის, როდესაც დროს შენიშნავს, რომ კლიენტის ღვინო ყინულში ჩააციოს - როცა უარი ვთქვი ფრანსუაზას შემოთავაზებაზე, რომ ჩაი მოემზადებინა ან ჩემთან დარჩენილყო, ნება დავრთე, სამოახლოში დაბრუნებულიყო, დავწექი, თვალები დავხუჭე და ვცდილობდი, ჩემი ოჯახის წევრების ხმები არ გამეგო, რომლებიც ბაღში ყავას სვამდნენ. მაგრამ რამდენიმე წამის შემდეგ მივხვდი, რომ დედაჩემისთვის ამ წერილის მიწერით,  მასთან ისე ახლო მისვლით, რითაც დიდის ალბათობით ძლიერ გავაბრაზებდი, რომ მეგონა შევეხებოდი მომენტს, როდესაც ისევ ვნახავდი, მისი ნახვის გარეშე დაძინების ყველა გზა მოვიჭერი, და გულისცემაც ყოველ წუთს უფრო მტანჯველი ხდებოდა, რადგანაც ჩემი მოუსვენრობა იზრდებოდა, რაკიღა საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ უნდა დავმშვიდებულიყავი, რაც იგივე იყო, რომ ბედს შევგუებოდი.  მოულოდნელად ჩემი მღელვარება დაცხრა, ბედნიერების განცდამ შემიპყრო, როგორც მაშინ, როცა მძლავრი მედიკამენტი მოქმედებას იწყებს და ტკივილიც ქრება: გადაწყვეტილება მივიღე, მეტად აღარც მეცადა დედას უნახავად დაძინება, ნემისმიერ ფასად მეკოცნა მისთვის, - მიუხედავად იმისა, რომ ამის შემდეგ უეჭველად დიდი ხანი იქნებოდა ჩემზე გაბრაზებული, - როცა დასაძინებლად ამოვიდოდა. სიმშვიდემ, ჩემი ტანჯვის დასრულებას რომ მოჰყვა, წარმოუდგენელი სიხარულით ამავსო, და არანაკლებ მოლოდინმა, საფრთხის წყურვილმა და შიშმა. ფანჯარა უხმაუროდ გამოვაღე და ჩემი საწოლის ფეხთით ჩამოვჯექი; თითქმის არც კი ვინძრეოდი, რომ ქვემოთ ჩემი ხმა არ გაეგონათ. გარეთ საგნებიც თითქოს უმოძრაო ყურადღებაში გარინდულიყვნენ, რათა არ შეეწუხებინათ მთვარის შუქი, რომელმაც თვითეული საგნის გაორებითა და უკან გადაწევით, რაკიღა წინ მათივე გაწელილ ჩრდილს აფენდა, უფრო სქელსა და ნივთიერს, ერთდროულად შეკუმშა და გაადიდა მთელი პეიზაჟი, როგორც დახვეული რუკა, რომელიც გაშალეს. რასაც უნდა ემოძრავა, წაბლის ხის ზოგიერთი ფოთოლი, მოძრაობდა კიდეც. მაგრამ მათი წვრილმანი, ერთიანი თრთოლა, უმცირეს ნიუანსებში და უმაღლესი დახვეწილობით შესრულებული, არ გადაედებოდა დანარჩენებს, არ ერწყმოდა მათ, შემოსაზღვრული რჩებოდა. დადებული ამ სიჩუმეზე, რომელიც არაფერს მათსას არ შთანთქავდა, ყველაზე შორეული ხმები, ისინი, რომლებიც ქალაქის მეორე ბოლოს მდებარე ბაღებიდან უნდა მოსულიყო, გამოკვეთილად აღიქმებოდა ისეთი „დასასრულით“, თითქოს ეს სიშორის ეფექტი მხოლოდ პიანისიმოს გამო ყოფილიყო, როგორც მოტივები სურდინის ქვეშ, ისე კარგად შესრულებული კონსერვატორიის ორკესტრის მიერ რომ, თუმცაღა არც ერთი ნოტი არ გამოგრჩება, მაინც გგონია, ისინი შორიდან მოისმის და არა საკონცერტო დარბაზიდან  და ყველა ძველი აბონემენტის მფლობელიც - მათ შორის ბებიაჩემის დები, როცა სვანი თავის ადგილებს უთმობდა - სმენას ძაბავდა, თითქოს შორეული  არმიის მარშს უგდებდნენ ყურს, რომელსაც ჯერ არ შემოეხვია ტრევიზის ქუჩის კუთხეში.

ვიცოდი, თავს იმგვარ მდგომარეობაში ვიგდებდი, რომელსაც მშობლების მხრიდან ყველაზე მეტად შეიძლებოდა მოჰყოლოდა ჩემთვის უმძიმესი შედეგები, იმაზე უფრო მძიმე, სინამდვილეში, ვიდრე უცხო წარმოიდგენდა, ისეთი, რომელიც, მისთვის რომ გვეკითხა, მხოლოდ ნამდვილად სასირცხვილო დანაშაულს თუ შეეძლო გამოეწვია. მაგრამ ჩემი აღზრდით გათვალისწინებული შეცოდებათა იერარქია, სხვა ბავშვებისას არ ჰგავდა და შემაჩვიეს, სხვებზე უფრო წინ (რადგანაც, უეჭველად, მათში არც ერთი არ იყო ისეთი, რისგანაც დაცვა უფრო მეტი სიფრთხილით მჭირდებოდა) დამეყენებინა ისინი, რომელთაც, როგორც ახლა ვხვდები, საერთო მახასიათებლად ის ჰქონდათ, რომ მათ მაშინ ჩადიხარ, როდესაც ნერვულ იმპულსს ნებდები. მაგრამ იმხანად ამაზე არავინ ძრავდა სიტყვას, არ აცხადებნენ ამ მიზეზს, რასაც შეეძლო ჩემთვის ეფიქრებინა, რომ დანებება საპატიებელი იყო ან, კიდევ უფრო მეტი, რომ უძლური ვიყავი, გასაკიცხ ქმედებათა წყაროს შევწინააღმდეგებოდი. მაგრამ მე მათ კარგად ვცნობდი, როგორც წინმსწრები სევდით, ისე მოყოლილი სასჯელის სიმკაცრით; და ვიცოდი, რომ ის, რაც ახლახანს ჩავიდინე, შეცოდებათა იმავე ოჯახიდან იყო, საიდანაც ისინი, რომელთა გამოც უმკაცრესად ვისჯებოდი, მაგრამ მათზე უსაზღვროდ სერიოზული. „როცა გზად დავხვდები დედას, დასაძინებლად რომ ამოვა თავადაც, და ნახავს, რომ ისევ ფეხზე ვარ, რათა დერეფანში კიდევ ერთხელ ვუსურვო ძილინებისა, სახლში აღარ გამაჩერებენ, ხვალვე გამგზავნიან კოლეჯში, თქმა არ უნდა!“ არ მადარდებდა! თუნდაც მცოდნოდა, რომ ხუთი წუთის მერე ფანჯრიდან გადახტომა მომიწევდა, მაინც ასე მერჩივნა. ახლა დედა მინდოდა, მინდოდა მისთვის ძილინებისა მეთქვა, ჩემი სურვილის აღსასრულებლად უკვე ძალიან შორ გზაზე  წამოვსულიყავი იმისთვის, რომ უკან გაბრუნება შემძლებოდა.

გავიგონე ჩემი მშობლების ნაბიჯების ხმა, რომლებიც სვანს აცილებდნენ, და როცა კარების ზანზალაკმა მამცნო, რომ იგი წავიდა, ფანჯარასთან მივედი. დედა მამას ეკითხებოდა, ლანგუსტი თუ მოგეწონა ან მ. სვანმა თუ დაიმატა ნაყინი ყავითა და ფსტითო.  „ვფიქრობ, არც ისე კარგი გამოვიდა, - თქვა დედაჩემმა, - მომდევნოზე სხვა არომატი უნდა ვცადოთ. – სვანი ისე შეცვლილა, არც კი ვიცი, რა ვთქვა - უკვე ბებერი!“ - თქვა პაპიდაჩემმა, რომელიც ისე შესჩვეოდა ჭაბუკური სვანის ხილვას, რომ როცა მოულოდნელად აღმოაჩინა, რომ სვანი იმ ასაკზე უფრო ნაკლებ ახალგაზრდაა, ვიდრე თავად მისცემდა ხოლმე, გაოცებული დარჩა. თანაც ჩემებმა „შეამჩნიეს“, რომ მასში ეს სიბერე, ანომალიური, ზომაგადასული და სასირცხვილო იყო, დამსახურებული დაუქორწინებლთა მიერ, ყველა მათ მიერ, ვისთვისაც თითქოს დღის სინათლე, რომელსაც მომავალი არ აქვს, სხვებისაზე უფრო გრძელია, რადგანაც მათთვის,  დღე ცარიელია, და საათები დილიდან მოყოლებული ისე ემატება ერთმანეთს, რომ შვილებზე არ ნაწილდება. „დარწმუნებული ვარ, საფიქრალი არ აკლია თავისი საძაგელი ცოლის ხელში, რომელიც სრულიად კომბრეს დასანახად ვიღაც მესიე დე შარლუსთან ერთად ცხოვრობს. მთელი ქალაქი ამაზე ლაპარაკობს.“ დედაჩემმა შენიშნა, რომ სვანი ამ ბოლო დროს მაინც ნაკლებ სევდიანი ჩანდა. „იმ ჟესტსაც აღარ ხმარობს, ზუსტად მამამისივით რომ იწმენდდა ხოლმე თვალებს და შუბლზე ხელს ისვამდა. მე თუ მკითხავთ, გულის სიღრმეში აღარ უყვარს ის ქალი. - რა თქმა უნდა, აღარ უყვარს, - უპასუხა პაპამ. - უკვე რახანია, რაც მისგან წერილი მივიღე, სადაც ამის შესახებ მწერდა. პასუხის გაცემაზე კი თავი არ მომიკლავს, მაგრამ თვითონ წერილი არანაირ ეჭვს არ ტოვებს ცოლისადმი მის გრძნობებთან, ყოველ შემთხვევაში, მის სიყვარულთან დაკავშირებით. კარგით! აბა, ასტისთვის მაინც არ გადაუხადეთ მადლობა, ხომ? - დაამატა პაპაჩემმა და ცოლისდებისკენ მიბრუნდა. - რას ჰქვია მადლობა არ გადავუხადეთ? მე ვფიქრობ, ჩვენში რომ ვთქვათ, საკმაოდ დელიკატურადაც გამოვხატე სათქმელი, - უპასუხა მას დეიდა ფლორამ. - ხო, ძალიან კარგად მოახერხე: აღფრთოვანებული ვარ შენით, - უთხრა დეიდა სელინმა. - მაგრამ შენც ძალიან კარგად გამოგივიდა. - ხო, მართლაც ამაყი ვიყავი „სასიამოვნო მეზობლებზე“ ჩემი ფრაზის გამო. - რაო! მადლობის გადახდას ამას ეძახდით! - შეჰყვირა პაპაჩემმა. - მე კი გავიგონე ეს სიტყვები, მაგრამ ეშმაკმა წამიღოს, თუ მეფიქრა, რომ სვანისთვის იყო განკუთვნილი. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ვერაფერსაც ვერ მიხვდა. - მოიცა, სვანი უტვინო კი არაა, უთუოდ დააფასა. ბოლოსდაბოლოს ბოთლების რაოდენობასა და ღვინის ფასზე ხომ არ დავიწყებდი საუბარს!“ დედა და მამა მარტონი დარჩენენ და ცოტა ხნით ჩამოსხდნენ; შემდეგ მამაჩემმა თქვა: „რას იტყვი, დასაძინებლად ხომ არ ავსულიყავით? – როგორც გინდა, ჩემო მეგობარო, მიუხადავად იმისა, რომ საერთოდაც არ მეძინება; ნუთუ ეს უწყინარი ყავის ნაყინია, ასე ფხიზლად რომ მამყოფებს; სამოახლოში სინათლეს ვხედავ და რადგანაც საწყალი ფრანსუაზა დამელოდა, მივალ, ვეტყვი, კორსაჟი შემიხსნას, სანამ შენ ტანთ გაიხდი.“ და დედაჩემმა ტრელაჟიანი კარი გააღო, რომელსაც ვესტიბულიდან კიბეებისკენ მიყავდი. მალევე გავიგონე, რომ თავისი ფანჯრის დასახურად ამოდიოდა. დერეფანში უხმაუროდ გავედი; გული ისე მძლავრად მიცემდა, რომ ნაბიჯებს ძლივს ვდგამდი, მაგრამ მიცემდა არა უკვე მშფოთვარების, არამედ შიშისა და სიხარულის გამო. დავინახე საკიბურზე დაცემული დედის სანთლის შუქი. შემდგომ თავად ის დავინახე და მისკენ გავექანე. პირველ წამს გაოცებით შემომხედა, ვერ მიმხვდარიყო, რა მოხდა. შემდეგ სახეზე გაბრაზება დაეხატა, ერთი სიტყვაც არ უთქვამს, და მართლაც, ამაზე უფრო პატარა რამისთვის რამდენიმე დღის განმავლობაში არ მცემდნენ ხმას. დედას რომ ერთი სიტყვა ეთქვა, იმის აღიარება იქნებოდა, რომ შეეძლოთ, დამლაპარაკებოდნენ, რაც, ამასთანავე, ალბათ, კიდევ უფრო  საშინელი მომეჩვენებოდა, როგორც მანიშნებელი იმისა, რომ მძიმე სასჯელის წინ, რომელიც ჩემთვის მზადდებოდა, სიჩუმე, გაბუტვა, ბავშვური იქნებოდა. სიტყვა იქნებოდა ის სიმშვიდე, რომლითაც მოსამსახურეს პასუხობენ, როცა სულ ახლახანს მისი გაშვება გადაწყვიტეს; კოცნა, რითაც ვაჟს აცილებენ, რათა მოხალისედ ჩაეწეროს, მაშინ როცა ამ კოცნაზე უარს ეტყოდნენ, მისდამი გაჯავრებას მხოლოდ რამდენიმე დღე თუ დააპირებდნენ. მაგრამ მან საპირფარეშოდან ამომავალი მამაჩემის ხმა გაიგონა, სადაც ტანთ გასახდელად იყო შესული და, იმისთვის რომ რისხვა, რომელსაც ის დამატეხდა, აერიდებინა, სიბრაზით დახშული ხმით მითხრა: „გაიქეცი, გაიქეცი, რომ მამაშენმა მაინც არ დაგინახოს, ასე ჭკუიდან გადასულივით რომ ილოდები!“ მაგრამ მე გავუმეორე: „მოდი და ძილინებისა მითხარი“, თავზარდაცემულმა, რადგანაც ვხედავდი მამაჩემის სანთლის ანარეკლი უკვე კედელს მოუყვებოდა ზემოთკენ, მაგრამ ამავე დროს, მის მოახლოებას, შანტაჟის საშუალებად ვიყენებდი და ვიმედოვნებდი, რომ დედა, რათა არ დაეშვა, რომ მამაჩემს ისევ იქ ვენახე, თუკი უარზე დარჩებოდა, მეტყოდა: „დაბრუნდი შენს ოთახში და მოვალ.“ უკვე ძალიან გვიანი იყო, მამაჩემი ჩვენს წინ იდგა. უნებურად, ჩავილუღლუღე სიტყვები, რომლებიც არავის გაუგია: „ვერ გადავურჩები!“

ასე არ იყო. მამაჩემი გამუდმებით უარს მეუბნებოდა იმაზე, რაც დედაჩემისა და ბებიაჩემის უფრო ზოგადი პაქტებით ნებადართული იყო, რადგანაც იგი დიდად არ დაგიდევდათ „პრინციპებს“ და „ხალხთა სამართალი“ მისთვის არ არსებობდა. სრულიად შემთხვევითი მიზეზის გამო, ან საერთოდაც უმიზეზოდ, ბოლო მომენტში ამიკრძალავდა სეირნობას, ისე ჩვეულსა და წესად შემოღებულს, რომ მასზე უარი ფიცის გატეხვას ნიშნავდა, ანაც, როგორც ეს უკვე იყო ამ საღამოს, ტრადიციულ საათამდე დიდი ხნით ადრე, მეტყოდა: „აბა, გასწიე დასაძინებლად, უსიტყვოდ!“ მაგრამ ამასთანავე, რადგანაც პრინციპები არ გააჩნდა (ბებიაჩემის გაგებით), ვერც შეურიგებლობას დავწამებდით. ერთი წამით გაოცებული და გაბრაზებული მიყურებდა, შემდეგ, როგორც კი დედამ რამდენიმე შიშნარევი სიტყვით აუხსნა, რაც მოხდა, უთხრა: „მიდი მასთან მაშინ, მითუმეტეს, ახლახანს ამბობდი, მაინცდამაინც არ მეძინებაო, დარჩი ცოტა ხნით მის ოთახში, მე არაფერი მჭირდება. – მაგრამ, ჩემო მეგობარო, - უპასუხა დედამ მოკრძალებით, - მეძინება თუ არ მეძინება, ეს არაფერს არ ცვლის, ბავშვს ნებას ვერ მივცემთ, რომ შეეჩვიოს ...   მაგრამ ჩვენ შეჩვევაზე ხომ არ ვლაპარაკობთ, - აიჩეჩა მხრები მამაჩემმა, - ხომ ხედავ ბავშვი აღელვებულია, ტანჯული სახე აქვს; ჯალათები ხომ არ ვართ! გახდება ავად და მერე? მის ოთახში ორი საწოლია, ფრანსუაზას უთხარი, დიდი საწოლი გაგიმზადოს და ამ ღამეს მის გვერდით დაიძინე. აბა, ღამემშვიდობისა, წავალ, დავიძინებ, მეც თქვენსავით ნერვიული კი არ ვარ.“

მაგრამ მამაჩემისთვის მადლობის თქმა შეუძლებლებელი იყო; იგი გაღიზიანდებოდა იმით, რასაც სენტიმენტალობას ეძახდა. ვიდექი იქ და გატოკებაც ვერ გამებედა; ის კვლავაც ჩვენს წინ იდგა, მაღალი, ღამის პერანგში, იისფერ-ვარდისფერი ინდური ქაშმირით, თავზე რომ შემოიხვევდა ხოლმე მას მერე, რაც ნევრალგია დასჩემდა, აბრაამის ყაიდაზე, როგორც ეს ბენოცო გოცოლის მიხედვით შექმნილ გრავიურაზეა, ბ-მა სვანმა რომ მისახსოვრა, სადაც სარას ეუბნება, რომ მოშორდეს ისააკს. მას მერე ბევრი წელი გავიდა. კიბის კედელი, სადაც დავინახე, როგორ მოიწევდა სანთლის ანარეკლი ზემოთ, დიდი ხანია აღარ არსებობს. ჩემშიც, ბევრი რამ, რაზეც ვფიქრობდი, რომ სამუდამოდ გასტანდა, განადგურდა და ახალი აღმოცენდა, რომელთაც ახალ ტანჯვათ და სიხარულთ მისცეს დასაბამი, არადა მაშინ მათი წარმოდგენაც არ შემეძლო, ისევე როგორც ადრინდელი გამხდარა რთულად გასაგები. ასევე დიდი ხანია, რაც მამაჩემს აღარ შეუძლია უთხრას დედას: „მიდი ბავშვთან.“ ასეთი საათების შესაძლებლობა აღარასდროს დაიბადება ჩემთვის. მაგრამ აი, უკვე რაღაც პერიოდია, რაც ისევ შემიძლია, სრულიად გარკვევით გავიგონო, თუ ყურს მივუგდებ, ქვითინი, რომლის შეკავების ძალაც მამაჩემის წინაშე აღმომაჩნდა, და რომელიც ამოვუშვი, როცა დედასთან მარტო დავრჩი. სინამდვილეში, ის არც არასდროს შემწყდარა; და მხოლოდ იმიტომ, რომ ცხოვრება ჩემს გარშემო უფრო და უფრო წყნარი ხდება, მეც ისევ შემიძლია მისი გაგება, მონასტრის ზარების მსგავსად, რომელთაც დღის განმავლობაში ისე კარგად ფარავს ქალაქის ხმაური, რომ იფიქრებ, რეკვა შეწყვიტესო, მაგრამ საღამოს სიჩუმეში ისევ გახმიანდებიან ხოლმე.

დედამ ის ღამე ჩემს ოთახში გაატარა; სწორედ მაშინ, როდესაც ისეთი დანაშაული ჩავიდინე, რომ მეგონა, სახლს დამატოვებინებენ, მშობლებმა იმაზე უფრო მეტით დამასაჩუქრეს, ვიდრე კარგი საქციელით ოდესმე დავიმსახურებდი. მაშინაც კი, როცა იგი ამ წყალობის სახით გამოვლინდა, ჩემ მიმართ მამაჩემის საქციელში რაღაც თვითნებური და დაუმსახურებელი ერია, ასე დამახასიათებელი მისთვის, და მოდიოდა იქიდან, რომ ზოგადად უფრო იმით იყო გამოწვეული, თუ რა უჩანდა ამა თუ იმ შემთხვევაში მოსახერხებლად, ვიდრე წინასწარგანზრახული გეგმით. ალბათ, ისიც, რასაც მის სიმკაცრეს ვეძახდი, დასაძინებლად რომ მგზავნიდა-ხოლმე, უფრო ნაკლებად იმსახურებდა ამ სახელს, ვიდრე დედაჩემისა და ბებიაჩემის ქცევა, რადგანაც მის ბუნებას, გარკვეულ საკითხებში ჩემგან უფრო მეტად განსხვავებულს, არ შეეძლო მიმხვდარიყო, რამდენად უბედური ვიყავი ყოველ საღამოს, რაც დედაჩემმა და ბებიაჩემმა კარგად იცოდნენ; მაგრამ მათ საკმარისად ვუყვარდი იმისათვის, რომ ნდომოდათ, ტკივილიც განმეცადა, რადგან სურდათ, მისი დაძლევა მესწავლა, რომ ჩემი ნერვიული მგრძნობელობა შემცირებულიყო და ნებისყოფა გამეძლიერებინა. რაც შეეხება მამაჩემს, ვისი სიყვარულიც მათგან განსხვავდებოდა, არ ვიცი, თუ ეყოფოდა ასეთი სიმამაცე: იმ ერთხელაც, როცა მიხვდა, რომ აღელვებული ვიყავი, დედას უთხრა: „მიდი, დაამშვიდე ბავშვი!“-ო. დედა ჩემს ოთახში დარჩა იმ ღამით და, თითქოს იმისათვის, რომ არავითარ სინანულს არ გაეფუჭებინა ჩემთვის ეს საათები, ასე განსხვავებული მათგან, რომელთა მოლოდინის უფლებაც მქონდა, როცა ფრანსუაზამ, ვინაც მიხვდა, რომ რაღაც უჩვეულო ხდებოდა, რაკიღა ჩემს გვერდით მჯდარი დედა დაინახა, ჩემი ხელი რომ ეჭირა და ტირილის უფლებას მაძლევდა და არ მიჯავრდებოდა, ჰკითხა:  „კი მაგრამ, მადამ, რა მოუვიდა მესიეს, ასე რომ ტირის?“ დედამ უპასუხა: „აბა, რა გითხრათ, ფრანსუაზა, თვითონაც არ იცის, განერვიულებულია; ჩქარა მომიმზადეთ დიდი საწოლი და  თქვენც ადით დასაძინებლად.“ ამგვარად, პირველად იყო, რომ ჩემი მოწყენილობა დასჯად დანაშაულად აღარ ითვლებოდა, არამედ უნებურ ავადმყოფობად, რაც ახლახანს ოფიციალურად აღიარეს, როგორც ნერვიული მდგომარობა, რომლისთვისაც პასუხისმგებელი არ ვიყავი; შვება ვიგრძენი, რაკი სინდისის ქენჯნა ცრემლების სიმწარისთვის აღარ უნდა შემერია, შემეძლო უცოდველად მეტირა.  ცოტათი როდი მეამაყებოდა ფრანსუაზას წინაშე ადამიანური ამბების ეს შემობრუნება, რამაც, ერთი საათის შემდგომ მას მერე, რაც დედამ უარი თქვა ჩემს ოთახში ამოსვლაზე და დამამცირებლი პასუხიც გამომიგზავნა, რომ უნდა დამეძინა, სრულებით ღირსეულ ზრდასრულ ადამიანად წარმომაჩინა და თვალის დახამხამებაში მიმაღწევინა მოწიფულობას, როცა მწუხარების უფლება გაქვს, ერთგვარ ცრემლების ემანსიპაციას. ბედნიერი უნდა ვყოფილიყავი: მაგრამ არ ვიყავი. მეჩვენებოდა, რომ ახლახანს დედა პირველად წავიდა დათმობაზე, რაც მისთვის მტანჯველი უნდა ყოფილიყო, რომ მისი მხრიდან ეს იყო პირველი უარის თქმა იმ იდეალზე, რაც ჩემთვის ჰქონდა, და რომ იგი, ასე მამაცი, პირველად აღიარებდა დამარცხებას. მეჩვენებოდა, რომ თუ ახლახანს გამარჯვება მოვიპოვე, მასზე მოვიპოვე, წარმატებას მივაღწიე ისე, როგორც ამას ავადმყოფობა, ნაღველი, ასაკი იზამდა მისი ნებისყოფის დასუსტებით, მისი გონების დაძაბუნებით, და რომ ამ საღამოთი ახალი ერა იწყებოდა; ის აუცილებლად დარჩებოდა როგორც სევდიანი თარიღი. რომ გამებედა, ვეტყოდი დედას: „არა, არ მინდა, არ დაიძინო აქ“-მეთქი. მაგრამ მე ვიცნობდი პრაქტიკულ სიბრძნეს, რეალიზმს, როგორც ახლა უწოდებენ, რომელიც მასში ბებიაჩემის მგზნებარე იდეალიზმს  ანელებდა, და ვიცოდი, რომ რაკი მოსახდენი მოხდა, ერჩივნა, დამამშვიდებელი სიამოვნება მაინც მეგემა და მამაჩემი არ გაებრაზებინა. მართალია, დედაჩემის ლამაზი სახე ისევ ახალგაზრდულად ანათებდა იმ საღამოს, როცა ასე სათუთად ეჭირა ჩემი ხელები და ცდილობდა, ჩემი ცრემლები შეეჩერებინა; მაგრამ მეჩვენებოდა, რომ ზუსტად ეს იყო ის, რაც არ უნდა ყოფილიყო: მისი სიბრაზე არ მომგვრიდა ისეთ სევდას,  როგორიც ამ ახალმა სინაზემ მომგვარა, რომელსაც ჩემი ბავშვობა აქამდე არ იცნობდა; მეჩვენებოდა, რომ სულ ახლახანს ჩემმა ცოდვილმა და იდუმალმა ხელმა, პირველი ნაოჭი გაავლო მის სულში და პირველი თეთრი თმა გაუჩინა. ამ აზრმა ჩემი ქვითინი გააორმაგა და შემდეგ დავინახე დედას, ვინც ჩემი თანდასწრებით არასდროს დაუშვებდა, გული აჩვილებოდა, როგორ უეცრად მოერია ჩემი გულჩვილობა და ახლა იმის ცდაში იყო, როგორმე ტირილის სურვილი ჩაეხშო. და რადგანაც იგრძნო, რომ მე ეს შევნიშნე, ღიმილით მითხრა: „ვინ არის ჩემი პატარა წიწილა, ჩემი პატარა სულელი, მალე დედიკოც ისეთივე სულელი გახდება, როგორც თვითონ, თუ ასე გაგრძელდა. კარგი, რადგან არც შენ გეძინება და არც დედაშენს, ერთმანეთს ნუღარ ვანერვიულებთ, რამე მაინც გავაკეთოთ, ერთ-ერთი შენი წიგნი ავიღოთ.“ მაგრამ ისინი იქ არ მქონდა. „ახლა თუ წავალ და იმ წიგნებს მოგიტან, ბებიას შენი წმინდანის დღისთვის რომ უნდა ეჩუქებინა, უფრო ნაკლებ გაგიხარდება? კარგად დაფიქრდი, ზეგისთვის გული ხომ არ დაგწყდება?“ მე პირიქით, მოხიბლული ვიყავი ამ ამბით და დედაც წავიდა, რომ წიგნების შეკვრა ენახა, რომლის ქაღალდის შესახვევს მიღმა მხოლოდ იმის გარჩევა შემეძლო, რომ მოყვანილობით ისინი მოკლე და განიერი იყო, მაგრამ თვალის მოკვრაც, თუმცაღა მათი შესახედაობა დაფარული რჩებოდა, საკმარისი აღმოჩნდა, რომ ახალი წლის ფერად ყუთსა და შარშანდელ აბრეშუმის ჭიებს ელვარება დაჰკარგოდა. ესენი იყო „ეშმაკის ტბორი“, „ფრანსუა ლე შამპი“, „პატარა ფადეტა“ და „მესტვირეები“. ბებიაჩემმა, როგორც ეს შემდგომ გავიგე, თავდაპირველად მუსეს ლექსები, რუსოს ერთი ტომი და „ინდიანა“ შეარჩია; ვინაიდან თუ უაზრო საკითხავს ისეთივე მავნებლად თვლიდა, როგორც ტკბილეულსა და ფუნთუშეულს,  აზრადაც არ მოსდიოდა, რომ გენიოსის მძლავრ სუნთქვას თვით ბავშვის გონებისთვისაც კი იმაზე უფრო საშიში და ნაკლებ მაცოცხლებელი გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა, ვიდრე სუფთა ჰაერს და ზღვის ქარს მისი სხეულისთვის. მაგრამ რადგანაც მამაჩემს ბევრი აღარ დააკლდა მის გიჟად გამოცხადებამდე, როცა შეიტყო, რა წიგნების ჩუქებასაც აპირებდა ჩემთვის, ბებია თავად დაბრუნდა ჟუი-ლე-ვიკონტის წიგნების გამყიდველთან, მთლად საჩუქრის გარეშე რომ არ დავრჩენილიყავი (მცხუნვარე დღე იყო და შინ რომ დაბრუნდა თავს ისე შეუძლოდ გრძნობდა, ექიმმა დედაჩემი გააფრთხილა, აღარ დაგვეშვა მისი ასე გადაღლა) და ჟორჟ სანდის ოთხ რომანს დასჯერდა სოფლის ცხოვრებაზე. „ჩემო გოგო, - უთხრა მან დედას, - არ შემეძლო, ბავშვისთვის ცუდად დაწერილი წიგნი მეჩუქებინა.“

სინამდვილეში, არასდროს დათანხმდებოდა, ისეთი რამ ეყიდა, რასაც ინტელექტუალური სარგებელი არ ექნებოდა, განსაკუთრებით კი მშვენიერი საგნების მოტანილი, რომელნიც გვასწავლიან, რომ სიამოვნება კეთილდღეობის კმაყოფილებისა და ამაოებისგან შორს ვეძებოთ. მაშინაც კი, როცა ვინმესთვის „გამოსაყენებელ“ საჩუქარს არჩევდა, როცა სავარძლის, ჭიქურის, ხელჯოხის ჩუქებას აპირებდა, „ძველს“ ეძებდა, თითქოს, ვინაიდან ხანგრძლივ გამოუყენებლობას მათი პრაქტიკული ხასიათი წაეშალა, უფრო იმისთვის იყვნენ განკუთვნილნი, რომ გარდასული დროის ადამიანების ცხოვრება მოეთხროთ, ვიდრე ჩვენი დღეების ყოველდღიური საჭიროებებისთვის ემსახურათ. უნდოდა, ჩემს ოთახში ყველაზე ლამაზი ხუროთმოძღვრების ნიმუშების ან პეიზაჟების სურათები მქონოდა. მაგრამ მათი შეძენისას, და მიუხედავად იმისა, რომ ასახულ საგანს ესთეტიკური ღირებულება გააჩნდა, აღმოაჩენდა ხოლმე, რომ ვულგარულობა, სარგებლიანობა ძალიან სწრაფად იკავებდა ადგილს გამოსახვის ამ მექანიკურ საშუალებაში, რასაც ფოტოგრაფია ერქვა. ცდილობდა, ეშმაკობისთვის მიემართა და, თუ სრულად ვერ აღმოფხვრიდა კომერციულ ბანალურობას, სულ ცოტა შეემცირებინა მაინც, დიდწილად ჩაენაცვლებინა უფრო მეტი ხელოვნებით, რომ ხელოვნების რამდენიმე „ფენა“ ყოფილიყო წარმოდგენილი: შარტრის კათედრალის, სენ-კლოს ფანტანის, ვეზუვის ფოტოსურათების ნაცვლად, იგი  დაეკითხებოდა სვანს, რომელიმე დიდ მხატვარს ხომ არ ჰქონდა ისინი ასახული, და არჩევანს გააკეთებდა ფოტოსურათებზე, სადაც გამოსახული იყო კოროს შარტრის კათედრალი, უბერ რობერის სენ-კლოს ფანტანი, თერნერის ვეზუვი, რომლებიც ერთი საფეხურით მეტ ხელოვნებას შეიცავდა. მაგრამ თუ ფოტოგრაფს შედევრის ან ბუნების ასახვისას გვერდზე სწევდა დიდი მხატვარი, ის მაინც ინარჩუნებდა თავის უფლებებს თვითონ ამ ინტერპრეტაციის რეპრუდუქციისათვის. ამ გზით ვულგარულობა ყავლგასული ხდებოდა, თუმცა ბებია ცდილობდა, ის კიდევ უფრო უკან გადაეწია. სვანს ჰკითხავდა, ნამუშევარი გრავიურაზე ხომ არ შეესრულებინათ და ერჩივნა, როდესაც ეს შესაძლებელი იყო, უფრო ძველი გრავიურები, რომლებიც სხვა რამითაც იქნებოდა საინტერესო, მაგალითად ისინი, რომლებიც შედევრს ასახავენ იმ მდგომარეობაში, რომლის ნახვაც დღეს აღარ შეგვიძლია (როგორც ლონარდოს „საიდუმლო სერობის“ გრავიურა, შესრულებული მორგენის მიერ). უნდა ითქვას, რომ საჩუქრის გაკეთების ხელოვნების ამგვარ გაგებას ყოველთვის ბრწყინვალე შედეგები არ მოჰყვებოდა. ვენეციაზე ჩემი წარმოდგენა, ტიციანის ნახატზე დაყრდნობით რომ შემექმნა, რომლის ფონზეც იგულისხმება, რომ ლაგუნაა, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო ნაკლებად ზუსტი იყო, ვიდრე ის, რასაც ჩვეულებრივი ფოტოგრაფიები შემიქმნიდა. სახლში უკვე სათვალავი გვერეოდა (როცა პაპიდა ბებიას წინააღმდეგ ბრალდების შედგენას მოიწადინებდა), ახალგაზრდა დანიშნულებისა თუ მოხუცი მეუღლეებისთვის ნაჩუქარი სავარძლებისა, რომლებიც დანიშნულებისამებრ გამოყენების პირველივე მცდელობაზე მყისიერად ჩაინგრა მიმღების წონის ქვეშ. მაგრამ ბებიაჩემი მეწვრილმანეობად ჩათვლიდა ავეჯის სიმყარეზე ზედმეტ ფიქრს, თუკი მასზე კვლავაც შეიძლებოდა გაგერჩია პატარა ყვავილი, ღიმილი, ზოგჯერ ლამაზი წარმოსახვა წარსულისა. თვით ისიც, რაც ამ ავეჯში საჭიროებას პასუხობდა, რაკიღა ეს უკვე გადაჩვეული წესით ხდებოდა, მას ისევე იზიდავდა, როგორც ლაპარაკის ძველებური მანერა, სადაც ისევ შეგვიძლია შევნიშნოთ მეტაფორა, რომელიც თანამედროვე ენაში ჩვეულების ცვეთით მთლად გახუნებულა. და აი, ჟორჟ სანდის პასტორალური რომანები, რომელთა ჩუქებასაც ბებია ჩემი წმინდანის დღისთვის აპირებდა, სავსე იყო, როგორც ძველი ავეჯი, ხმარებიდან გამოსული გამოთქმებით, ხატოვანი რომ გამხდარა ისევ და სოფლადღა თუ შეხვდები. როდესაც ბებიაჩემი მათ ყიდულობდა, სხვებთან შედარებით ისევე მიანიჭა უპირატესობა, როგორც უფრო მეტი ხალისით იქირავებდა გოთური სამტრედით ან გარდასული ეპოქების სხვა რაიმე გადმონაშთით დამშვენებულ საკუთრებას, რომლებსაც გონებაზე ის ბედნიერი გავლენა აქვთ, რომ მასში აღვიძებენ ნოსტალგიას შეუძლებელი დროში მოგზაურობებისა.

დედა ჩემს საწოლთან ჩამოჯდა; ხელში „ფრანსუა ლე შამპი“ ეკავა, რომელსაც მოწითალო გარეკანი და გაუგებარი სათაური ჩემს თვალში გამორჩეულ ინდივიდუალობასა და იდუმალ მიმზიდველობას ანიჭებდა. ნამდვილი რომანი არასოდეს წამეკითხა. ჟორჟ სანდზე მსმენოდა, რომ სანიმუშო რომანისტი იყო. ეს უკვე საიმისოდ განმაწყობდა, რომ „ფრანსუა ლე შამპში“ რაღაც გამოუთმელი და აღსაფრთოვანებელი წარმომესახა. თხრობის ხერხები, შერჩეული იმისთვის, რომ ცნობისმოყვარეობა და ემოციები აღეძრა, გამოხატვის გარკვეული მანერები, სული რომ უნდა შეძრას და მელანქოლია გააღვიძოს, რომლებშიც, ცოტა გამოცდილი მკითხველი შეიცნობს იმას, რაც სხვა ბევრ რომანშიც გვხვდება, ჩემთვის - ვისაც ახალი წიგნი ისეთ რამედ კი არ მიაჩნდა, რის მსგავსი სხვაც მრავალი არსებობს, არამედ უნიკალურ პიროვნებად,  რომელსაც არ გააჩნდა არსებობის სხვა მიზანი, გარდა არსებობისა თავისთავად - უბრალოდ „ფრანსუა ლე შამპის“ განსაკუთრებული არსების ამაღელვებელ ემანაციას წარმოადგენდა. ამ ყოველდღიური ამბების, ასე ჩვეულებრივი მოვლენების, ხშირად გაგონილ სიტყვებს ქვეშ, რაღაც დამახასიათებელ ინტონაციას, უცხო აქცენტს ვგრძნობდი. მოქმედება დაიწყო; ის მით უფრო გაუგებარი მეჩვენებოდა, რომ იმხანად, როდესაც ვკითხულობდი ხოლმე, ხშირად მთელი რამდენიმე გვერდი სულ სხვა რამეზე ვფიქრობდი. და ამ ცარიელ სივრცეს, რასაც ჩემი გაფანტულობა ტოვებდა მონათხრობში, ემატებოდა ისიც, რომ როცა დედა მიკითხავდა, ყველა სასიყვარულო სცენას ტოვებდა. ასე რომ, მეწისქვილის ცოლისა და ბიჭის ურთიერთდამოკიდებულებაში მომხდარი ყველა უცნაური ცვლილება, რისი ახსნაც მხოლოდ ახალდაბადებული სიყვარულის განვითარებაში შეიძლებოდა გეპოვნა, ჩემთვის უღრმესი იდუმალებით იყო აღბეჭდილი; მე კი დიდის ხალისით წარმოვიდგენდი, რომ მისი წყარო უცნაურსა და ტკბილ სახელ „შამპი“-ში უნდა ყოფილიყო, რომელიც ამ ბავშვს, მას რომ ატარებდა, თუმცა არ ვიცოდი რატომ, თავის ცოცხალ, მეწამულ და მომხიბვლელ ფერს აძლევდა. თუ დედაჩემი არაპატიოსანი მკითხველი იყო, ამასთანავე, როცა ნაწარმოებში ნამდვილი გრძნობის კვალს პოულობდა, შესანიშნავიც მის ინტერპრეტაციაში ასახული პატივისცემითა და უბრალოებით, ხმის სიტკბოთი და მშვენიერებით. თვითონ ცხოვრებაშიც, როცა მის თანაგრძნობასა და აღტაცებას ხელოვნების ნაწარმოებები კი არა, ადამიანები იწვევდნენ, აგაღელვებდა იმის ხილვა, თუ როგორ ხათრიანი საზრიანობით იცილებდა თავისი ხმიდან, ჟესტიდან, სიტყვებიდან, მხიარულების ისეთ ბრწყინვალებას, რომელსაც შეეძლო გული ეტკინა დედისთვის, ოდესღაც შვილი რომ დაკარგა, როგორ ამბობდა უარს წმინდანისა თუ დაბადების დღის ისეთ გახსენებაზე, რასაც შეიძლება მოხუცი თავის ასაკზე დაეფიქრებინა, ოჯახურ მეურნეობასთან დაკავშირებულ რაიმე ისეთ თემაზე, ახალგაზრდა მეცნიერს მოსაწყენი რომ მოეჩვენებოდა. ზუსტად ასევე, როცა ჟორჟ სანდის პროზას კითხულობდა, რომელიც იმ სიკეთით, იმ ზნეობრივი კეთილშობილებით სუნთქავს, რაზედაც დედამ ბებიაჩემისგან ისწავლა, რომ ცხოვრებაში ყველაზე მაღლა დაეყენებინა, და რაზეც მხოლოდ ბევრად გვიან თუ გავაგებინე, რომ ასევე ყველაზე ღირებულად არ მიეჩნია წიგნებში, მოწადინე, რომ საკუთარი ხმიდან ყოველგვარი უსარგებლო და ხელოვნური გაეძევებინა, რასაც შეეძლო მასში ძლიერი ნაკადის მიღება დაებრკოლებინა, იგი ამ წინადადებებისთვის აუცილებელ მთელ ბუნებრივ სინაზეს, მთელს თავის გულუხვ სითბოს მოიხმობდა, თითქოსდა მისი ხმისთვის დაუწერიათო, და ისინი, ასე ვთქვათ, მისი მგრძნობელობის რეგისტრში რჩებოდა. იგი პოულობდა, რათა შესაფერისი ტონით შესჭიდებოდა მათ, იმ შინაგან, თბილ აქცენტს, რაც მათ წინ უძღოდა და განსაზღვრიდა, მაგრამ რომელსაც სიტყვები არ მიუთითებდნენ; მისი მეშვეობით დედა იმავდროულად არბილებდა ზმნური დროების სიუხეშეს, არასრულ და წარსულ სრულ დროებს აძლევდა სიტკბოებას, რაც სიკეთეშია, მელანქოლიას, რასაც სინაზეში ვხვდებით, დამამთავრებელი წინადადება მიჰყავდა იქითკენ, სადაც ახალი უნდა დაწყებულიყო, ხან ააჩქარებდა, ხან შეანელებდა მარცვლების მარშს, რათა ისინი, მიუხედავად იმისა, რომ მათი რაოდენობა განსხვავებული იყო, ერთიან რიტმში მოეყვანა, და ამ ჩვეულებრივ პროზაში ერთგვარ მგრძნობიარე და უწყვეტ სიცოცხლეს ჩაჰბერდა.

ჩემი სინდისი დამშვიდდა, დავნებდი საღამოს სიტკბოებას, რომელშიც დედა გვერდით მყავდა. ვიცოდი, რომ ასეთი ღამე ვეღარ განმეორდებოდა; რომ ყველაზე დიდი სურვილი, რაც კი ამქვეყნად გამაჩნდა, რომ დედა ჩემს ოთახში მყოლოდა სევდიანი ღამეული საათებისას, მეტისმეტად ეწინააღმდეგებოდა ცხოვრების საჭიროებებსა და სხვების მოთხოვნებს, რომ სურვილის ის შესრულება, რაც ამ საღამოს გაიმეტეს, ყოფილიყო სხვა რამ, ვიდრე ხელოვნური გამონაკლისი. ხვალ ჩემი ტანჯვა განახლდებოდა და დედა არ დარჩებოდა ჩემთან. მაგრამ ახლა, როცა დამცხრალიყო, მას ვეღარ ვიგებდი; თანაც ხვალინდელი საღამო ჯერ ისევ შორს იყო; საკუთარ თავს ვეუბნებოდი, რომ დრო საკმარისად მექნებოდა ფიქრისთვის, თუმცა ეს დრო ვერანაირ შეძლებას ვერ მომიტანდა, რადგანაც ეს ყველაფერი ჩემს სურვილზე არ იყო დამოკიდებული და მხოლოდ ინტერვალი, რაც მას მაშორებდა, მიქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ ამჯერად ავიცილებდი.

 

აი, ამგვარად, დიდი ხნის განმავლობაში, როცა ღამით გამომეღვიძებოდა, ვიხსენებდი კომბრეს, მაგრამ მხოლოდ პატარა, განათებულ ნაგლეჯს ვხედავდი, განურჩეველ ჩრდილთა შორის გამოკვეთილს, შენობის იმ ნაწილის მსგავსად, ბენგალური ცეცხლის გიზგიზი ან  ელექტრული პროექცია რომ ანათებს და გამოყოფს, მაშინ როცა სხვა ნაწილები ღამეში ჩაძირული რჩება: საკმაოდ ფართო საძირკველზე პატარა მისაღები, სასადილო ოთახი, დაბურული ბილიკის დასაწყისი, საიდანაც მ. სვანი მოდიოდა ხოლმე, ჩემი ტანჯვის უნებური შემოქმედი, ვესტიბიული, საიდანაც ასე ძნელად ასავლელი კიბის პირველი  საფეხურისკენ გავეშურებოდი, რომელიც მხოლოდ და თავისთავად წარმოადგენდა არაწესიერი პირამიდის ძალიან ვიწრო ტანსდა კენწეროში, ჩემი საძინებელი ოთახი პატარა დერეფანთან ერთად, თავისი შემინული კარით დედას შემოსასვლელად; ერთი სიტყვით, ყოველთვის ერთსა და იმავე საათს დანახული, განცალკევებული ყველაფრისგან, რაც კი შეიძლებოდა გარს რტყმოდა, ერთადერთი რამ, გამოკვეთილი სიბნელის ფონზე, - მკაცრად აუცილებელი დეკორაცია (იმის მსგავსი, ძველი პიესების თავში რომ შევხვდებით, პროვინციებში რომ იმართებოდა) ჩემი ტანთ გახდის დრამისათვის; თითქოს კომბრე მხოლოდ ვიწრო ტანწერწეტა კიბით დაკავშირებული ორი სართული ყოფილიყო, და თითქოს სულ მუდამ საღამოს შვიდი საათი იდგა. რაღა თქმა უნდა, თუკი ვინმე მკითხავდა, ვუპასუხებდი, რომ კომბრე ბევრი სხვა რამისგანაც შედგებოდა და არსებობდა სხვა საათებიც. მაგრამ რადგანაც რასაც გავიხსენებდი - მხოლოდ ნებაყოფლობით, გონების მეხსიერებით, და რადგანაც ცნობები, რომლებსაც ის წარსულზე გვაწვდის, წარსულისას არაფერს ინახავს, არასოდეს მექნებოდა სურვილი, დანარჩენ კომბრეზე მეფიქრა. ყველაფერი ეს სინამდვილეში მკვდარი იყო ჩემთვის.

სამუდამოდ მკვდარი? შესაძლოა.

ამ ყველაფერში ბევრია შემთხვევითობა, და მეორენაირი შემთხვევითობა, რასაც ჩვენი სიკვდილი ჰქვია, ხშირად არც უშვებს, დიდხანს ველოდოთ პირველის წყალობას.

მეტად გონივრულად მიმაჩნია კელტური რწმენა, რომ მათი სულები, ვინც დავკარგეთ, გამომწყვდეულნი არიან დაბალ საფეხურზე მდგომ რომელიღაც არსებაში, ცხოველში, მცენარეში, უსულო საგანში, არსებითად დაკარგულნი ჩვენთვის იმ დღემდე, რომელიც ბევრისათვის საერთოდაც არ დგება, როცა იმ ხის გვერდით აღმოვჩნდებით, იმ საგნის მფლობელნი გავხდებით, რომელიც მათი საპყრობილეა. შემდეგ ისინი ათრთოლდებიან, გვეძახიან, და როგორც კი მათ ვიცნობთ, ჯადო მოხსნილია - სიკვდილს სძლიეს და ბრუნდებიან, რათა ჩვენთან ერთად იცოცხლონ.

ამგვარადვეა ჩვენი წარსულის შემთხვევაშიც. ამაოა გარჯა მის გამოსახმობად, გონების ყველა ძალისხმევა უსარგებლოა. იგი დამალულია გონების სამბრძანებლოსა და მისაწვდომობის მიღმა, ისეთ მატერიალურ საგანში (შეგრძნებაში, რომელსაც ეს მატერიალური საგანი გამოიწვევდა), რომელზეც ვერც კი ვიეჭვებდით. შემთხვევითობაზეა დამოკიდებული, შევხვდებით სიკვდილამდე ამ საგანს თუ საერთოდაც ვერ შევხვდებით.

უკვე წლები იყო, ჩემი დაძინების თეატრისა და დრამის გარდა აღარაფერი არსებობდა ჩემთვის იმისგან, რასაც კომბრე ერქვა, როცა ზამთრის ერთ დღეს, შინ დაბრუნებულს დედაჩემმა - რაკი შემცივნებული დამინახა - შემომთავაზა, ჩემი ჩვეულების საწინააღმდეგოდ, ცოტაოდენი ჩაი დამელია. თავდაპირველად ვიუარე, მაგრამ თავადაც არ ვიცი, რატომ, აზრი შევიცვალე. დეიდამ მსახური გაგზავნა, რათა ჩემთვის ერთი ცალი მოეტანათ იმ მოკლე, მსუქანა ნამცხვრებიდან, პატარა მადლენებს რომ უძახიან და ზღვის სავარცხელას ნიჟარის დაღარულ საგდულში ამოფუებულებს ჰგვანან. და აი, მალევე, პირქუშ აწმყოსა და მოსაწყენ ხვალინდელ დღეზე ფიქრს აყოლილმა, მექანიკურად მივიტანე ტუჩებთან ჩაის კოვზი, რომელშიც დასალბობად მადლენის ნაჭერი ჩავტოვე. მაგრამ როგორც კი ნამცხვრის ნამცეცებს შერეული ყლუპი სასას შეეხო, შევკრთი და დაძაბული გავინაბე, ვინაიდან ვიგრძენი, რომ  რაღაც არაჩვეულებრივი ხდებოდა ჩემს თავს. ტკბილმა სიამოვნებამ დამიარა და ყველაფერს მომწყვიტა ისე, რომ არც ვიცოდი მიზეზი. უმალვე ცხოვრების უკუღმართობა სულერთი გახადა, მისი კატასტროფები - უვნებელი, მისი ხანმოკლეობა - მოჩვენებითი - ასე მოქმედებს სიყვარულიც. და ეს რაღაც ძვირფასით, რაღაც არსით  ჩემმა ავსებამ განაპირობა: არა, ეს არსი არ იყო ჩემში, ის მე ვიყავი. თავს უმნიშვნელოდ, შემთხვევითად, მოკვდავად აღარ ვგრძნობდი. საიდან უნდა მოსულიყო ჩემთან ეს ძალუმი სიხარული? ვგრძნობდი, ჩაისა და ნამცხვრის გემოს უკავშირდებოდა, მაგრამ ის, რაც უსასრულოდ სცილდებოდა მას, არ შეიძლებოდა იმავე ბუნებისა ყოფილიყო. საიდან მოდიოდა იგი? რას ნიშნავდა? როგორ მოვიხელთო? ვსვამ მეორე ყლუპს, რომელშიც იმაზე მეტს ვერაფერს ვპოულობ, რაც პირველში იყო, მესამეს, რომელსაც იმაზე ცოტა უფრო ნაკლები მოაქვს, ვიდრე მეორეს. დროა, შევჩერდე, სითხის უნარი, როგორც ჩანს, მცირდება. ცხადია, რომ ჭეშმარიტება, რომელსაც ვეძებ, მასში კი არა, ჩემშია. მან იგი ჩემში გააღვიძა, მაგრამ არ იცნობს მას, და მხოლოდ ის შეუძლია, დაუსრულებლად გაიმეოროს, უფრო და უფრო მცირე ძალით - ეს ერთი და იგივე დამოწმება, რომელიც არ ვიცი, როგორ განვმარტო. ნეტავ ის მაინც შემეძლოს, ხელახლა მოვთხოვო და მოვიხელთო - ხელუხლებელი - რაც შეიძლება მალე, საბოლოო ცხადყოფისათვის. ფინჯანი დავდგი და გონებას მივუბრუნდი. სწორედ მან უნდა იპოვოს ჭეშმარიტება. მაგრამ როგორ? სრული გაურკვევლობა - ყოველთვის, როცა გონება გრძნობს, რომ საკუთარი საზღვარი დაუტევა; როცა ის - მაძიებელი - თავად არის უცხო მხარე, სადაც უნდა ეძებოს და სადაც მთელი მისი ბარგი-ბარხანა არაფერში გამოადგება. ეძებოს? არა მხოლოდ: შექმნას. ის იმის წინაშეა, რაც ჯერ კიდევ არ არის და რისთვისაც სინამდვილის მინიჭება მხოლოდ მას შეუძლია, რათა შემდეგ თავის სინათლეში შემოიტანოს.

და ისევ ვეკითხები თავს: რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს უცნობი მდგომარეობა, რომელსაც თან არავითარი ლოგიკური მტკიცებულება არ ახლდა - მხოლოდ სიცხადე მისი ნეტარებისა, მისი რეალობისა, რომლის წინაშეც სხვა ყველაფერი ქრებოდა. მინდა ვცადო და ხელახლა გამოვაჩინო ის. ფიქრებით იმ წამს ვუბრუნდები, როცა ჩაის პირველი ყლუპი ვიგემე. ვპოულობ იმავე მდგომარეობას, ახალი სიცხადის გარეშე. გონებას ვთხოვ, კიდევ ერთხელ მოიკრიბოს ძალა და მოუხელთებელი შეგრძნება აღადგინოს. და რომ არაფერმა შეუშალოს ხელი სწრაფვას, რომლითაც შეეცდება, კვლავაც მოიხელთოს იგი,  ვიცილებ ყველა დაბრკოლებას, ყოველგვარ უცხო იდეას, ვიცავ ყურებს და ყურადღებას მეზობელი ოთახიდან გამოსული ხმაურისაგან. მაგრამ რადგანაც ვგრძნობ, რომ გონება გადაიღალა და წარმატებას მაინც ვერ მიაღწია, ახლა, პირიქით, ვაიძულებ, დაჰყვეს იმ გაფანტულობას, რომლის ნებასაც არ ვაძლევდი, იფიქროს სხვა რამეზე, აღიდგინოს ძალა უკანასკნელი მცდელობის წინ. შემდეგ მეორედ ვქმნი მის წინ სიცარიელეს, პირისპირ ვუყენებ პირველი ყლუპის ჯერ ისევ ცინცხალ გემოს და ვგრძნობ, როგორ კრთება რაღაც ჩემში, ადგილს იცვლის, ამოსვლას ლამობს - რაღაც, რასაც დიდი სიღრმიდან ღუზასავით იღებენ. არ ვიცი, რა არის ეს, მაგრამ ნელ-ნელა მოიწევს ზემოთ. წინააღმდეგობას ვგრძნობ და გადავლილ სიშორეთა გუგუნი მესმის.

ეჭვგარეშეა, რაც ამგვარად თრთის ჩემს სიღრმეში, სურათი უნდა იყოს, ამ გემოსთან დაკავშირებული ვიზუალური მოგონება, რომელიც ცდილობს, მას ჩემამდე გამოჰყვეს. მაგრამ იგი მეტისმეტად შორს ფრთხიალებს, ეს ყველაფერი კი მეტისმეტად არეული და განურჩეველია. ძლივსძლივობით აღვიქვამ ნეიტრალურ ანარეკლს, რომელშიც აშლილ ფერთა მოუხელთებელი ქარბორბალა ტრიალებს; მაგრამ ფორმას ვერ ვარჩევ, რომ ვთხოვო, როგორც ერთადერთ შესაძლო განმმარტებელს, მისი თანამედროვის, განუყრელი თანამგზავრის - გემოს მოწმობა მითარგმნოს, სთხოვოს მას, რომ გამიმხილოს, მაინც რომელ  გარემოებას, წარსულის რომელ მონაკვეთს შეეხება იგი.

მოაღწევს კი ჩემი ნათელი ცნობიერის ზედაპირამდე ეს მოგონება, წარსულის კუთვნილი წამი, რომლის იდენტური წამის მიზიდულობაც ასე შორიდან წამოსულა - რომ გამოიწვიოს, ააზვირთოს, ამოიყვანოს ჩემი არსების სიღრმიდან? არ ვიცი. ახლა ვეღარაფერს ვგრძნობ - შეწყდა, ალბათ, ისევ ქვემოთ დაეშვა. ვინ იცის, კვლავაც თუ ამოვა ბნელიდან. ათჯერ მაინც დავიწყე, მისკენ დავიხარე. და ყოველ ჯერზე, სიმხდალე, რაც ყველა რთული წამოწყებისაგან, ყველა მნიშვნელოვანი სამუშაოსაგან გვაბრუნებინებს პირს, მირჩევდა, დამეტოვებინა იგი, შემესვა ჩემი ჩაი მხოლოდ ყოველდღიურ საზრუნავსა და ხვალინდელ გეგმებზე იოლ ფიქრში.

მოულოდნელად მოგონება გამოჩნდა. ეს გემო მადლენის იმ პატარა ნატეხისა იყო, კვირა დილით კომბრეში (ამ დღეს მესამდე გარეთ არ გავდიოდი), მის ოთახში დილა მშვიდობისას სათქმელად შესულს დეიდაჩემი ლეონი რომ შემაჭმევდა ხოლმე, ჩაის ან ცაცხვის ნაყენში ალბობილს. პატარა მადლენის გარეგნულმა სახემ ვერაფერი მითხრა მანამ, სანამ გემო არ გავუსინჯე; ალბათ, იმიტომ, რომ მას მერე ბევრჯერ შემიმჩნევია მეფუნთუშეების დახლებზე, ისე რომ არ მიჭამია, ნამცხვრების სურათმა დატოვა კომბრეს დღეები, რათა უფრო გვიანდელთ დაკავშირებო; ალბათ, იმიტომ, რომ ჩემი მეხსიერების გარეთ ასე დიდხანდატოვებული ამ მოგონებებიდან არაფერი გადარჩა, ყველაფერი გაიფანტა; ფორმები - მათ შორის ფუნთუშეულის ამ პატარა ნიჟარისა, ასე მადისაღმძვრელად მსუქანა რომ იყო მკაცრი და ღვთისმოსაური ნაოჭების ქვეშ - განადგურდა, ან მიძინებულებმა გავრცელების ის ძალა დაკარაგეს, რაც მათ შესაძლებლობას აძლევდა, ცნობიერს დაბრუნებოდნენ. მაგრამ მაშინ, როცა შორეული წარსულის არაფერი ნარჩუნდება, ადამიანების სიკვდილის, საგანთა განადგურების შემდეგ, ერთადერთნი, უფრო სუსტნი, მაგრამ უფრო სიცოცხლისუნარიანნი, უფრო არამატერიალურნი, უფრო გამძლენი, უფრო ერთგულნი, სუნი და გემო რჩებიან კიდევ დიდხანს, როგორც სულები, რომ გაიხსენონ, დაელოდნონ, იმედი ჰქონდეთ, იქ, სადაც ნანგრევებიღაა; და ატარონ ისე, რომ არ მოიხარონ, თითქმის შეუმჩნეველი წვეთით, მოგონების ვეებერთელა შენობა.

როგორც კი ვიცანი ცაცხვის ნაყენში დალბობილი მადლენის ნატეხის გემო, რომელსაც დეიდაჩემი მაძლევდა ხოლმე (მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არ ვიცოდი და დიდი დროით უნდა გადამედო იმის აღმოჩენა, თუ რატომ მაბედნიერებდა ეს მოგონება), მაშინვე ძველი ნაცრისფერი ქუჩისპირა სახლი, სადაც მისი ოთახი იყო, თეატრის დეკორაციასავით გაჩნდა, რათა ბაღზე გამავალ პატარა პავილიონს მიერთებოდა, რომელიც უკან ჩემს მშობლებს აუშენეს (წაკვეთილი ნაწილი, ის ერთადერთი, რასაც მანამდე ვხედავდი); და სახლთან ერთად ქალაქი, დილიდან მოყოლებული საღამომდე და ყველა ამინდში, მოედანი, სადაც საუზმის წინ მგზავნიდნენ ხოლმე, ქუჩები, სადაც რაღაცების საყიდლად მივდიოდი, ბილიკები, რომლებსაც სასეირნოდ მივუყვებოდით, როცა კარგი ამინდი იყო. და როგორც იმ თამაშშია, იაპონელები წყლით სავსე ფაიფურის თასში პატარა, უფორმო ქაღალდის ნაჭრების ჩაშვებით რომ ირთობენ თავს, რომლებიც წყალთან შეხებისთანავე იშლებიან, იბრიცებიან, განსხვავებულ ფერსა და მოყვანილობას იძენენ და ხდებიან ყვავილები, სახლები, შევსებული, მტკიცედ შეკრული ფიგურები, რომლებშიც ადამიანებს შევიცნობთ, ახლაც ასე, ჩვენი ბაღისა და მესიე სვანის პარკის ყვავილები, ვივონის დუმფარები, და სოფლის კეთილი ხალხი და მათი პატარა საცხოვრებლები და ეკლესია და მთელი კომბრე და მისი მიდამოები, ყველაფერი ეს, რასაც უკვე ფორმაც ჰქონდა და სხეულიც, ამოვიდა, ქალაქი და ბაღები, ჩემი ჩაის ფინჯნიდან.

 


2

კომბრე, შორიდან, ათი ლიეს რადიუსში, როგორც რკინიგზიდან ვხედავდი, როდესაც აღდგომის წინა კვირას ჩავდიოდით იქ, ეს იყო ოდენ ეკლესია, რომელიც აჯამებდა და წარმოადგენდა ქალაქს, ლაპარაკობდა მასზე და მისთვის სიშორეში, და, როდესაც მიუახლოვდებოდი, მისი მაღალი მუქი მოსასხამის გარშემო მჭიდროდ შემოკრებილი, გაშლილ ველზე, ქარისგან დასაცავად, როგორც მწყემსს ცხვრის ფარა, ერთად შეჯგუფებული, ნაცრისფერი, მატყლის ზურგები სახლებისა, რომელთაც შუა საუკუნის გალავნების ნაშთები აქა-იქ ისეთ უნაკლოდ წრიულ ხაზად ერტყმოდნენ გარს, როგორც პატარა ქალაქს პრიმიტიულ ნახატში. სამოსახლოდ, კომბრე ცოტა პირქუში გახლდათ, მისი ქუჩების მსგავსად, რომელთა სახლებიც, ამ მხარის მოშავო ქვით ნაგები, გარე საფეხურებით, დახურული წვეტურა სახურავებით, წინ ჩრდილებს რომ ფენდნენ, იმდენად ბნელი იყო, როგორც კი მზე გადაიხრებოდა, საჭირო ხდებოდა „ზალაში“ ფარდები გადაგეწია; ქუჩები წმინდანთა კრძალვისმომგვრელი სახელებით (ბევრი მათგანი კომბრეს პირველი სენიორების ისტორიას უკავშირდებოდა): სენტ-ილერის ქუჩა, სენ-ჟაკის ქუჩა, სადაც დეიდაჩემის სახლი მდებარეობდა, სენტ-ილდეგარდის ქუჩა, რომელსაც მესერი მიუყვებოდა, და სენტ-ესპრის ქუჩა, რომელზეც მისი ბაღის გვერდითა, პატარა კარიბჭე გადიოდა; და ეს ქუჩები ჩემი მეხსიერების ისეთ შორეულ ნაწილშია გადახვეწილი, მათი ფერები იმდენად განსხვავებულია ფერებისგან, რომლითაც ახლანდელი სამყარო მეხატება, რომ  სიმართლე ვთქვა, უკლებლივ ყველა, და ეკლესია, მოედანზე აღმართული ზემოდან რომ გადმოჰყურებდა მათ, ჯადოსნური ლამპარის პროექციებზე უფრო არარეალური მეჩვენება; და ზოგჯერ მგონია, რომ თუ კიდევ ერთხელ გადავჭრი სენტ-ილერის ქუჩას, თუ უაზოს ქუჩაზე ავიღებ ოთახს - „უაზო ფლეშეს“ ძველ სასტუმროში, რომლის სარდაფის სარკმლებიდან სამზარეულოს სურნელი ამოდიოდა, ახლაც კი ხანდახან ისევ რომ ამოაღწევს ხოლმე ჩემში, ისეთივე წყვეტილი და თბილი - ეს მიღმიერთან კავშირის დამყარება იქნება, კიდევ უფრო ზებუნებრივი რამ, ვიდრე გოლოს გაცნობა და ჟენევიევ დე ბრაბანტთან საუბარი.

პაპაჩემის ბიძაშვილი - პაპიდაჩემი - ვის სახლშიაც ვცხოვრობდით, იმ დეიდა ლეონის დედა გახლდათ, ვინც, ქმრის, ბიძაჩემი ოქტავის, გარდაცვალების შემდეგ, ჯერ კომბრეს დატოვება აღარ ისურვა, შემდეგ კომბრეს სახლისა, შემდეგ თავის ოთახისა, შემდეგ საწოლისა და ქვემოთ აღარ „ჩამოდიოდა“, იწვა ასე რაღაც გაურკვეველ მდგომარეობაში, რასაც ერთობლიობაში განაპირობებდა მწუხარება, ფიზიკური უძლურება, ავადმყოფობა, აკვიატებული აზრი და ღვთისმოსაობა. მისი ოთახები სენ-ჟაკის ქუჩას გადაჰყურებდა, რომელიც კარგა დაშორებით გრან-პრეს უერთდებოდა (განსხვავებით პოტი-პრესაგან, ქალაქის შუაგულს რომ ამწვანებდა, სადაც სამი ქუჩა ხვდებოდა ერთმანეთს), და რომელიც, თანაბარი, ნაცრისფერი, თითქმის ყოველ კართან სამი მაღალი ქვიშაქვის საფეხურით, გოთური ქანდაკებების მჭრელის მიერ იმ ქვაში ნაკვეთ ხეობას მიაგავდა, რომლისგანაც შეიძლება ბაგაც გამოექანდაკებინა ან ჯვარცმა. არსებითად დეიდაჩემი ორ მეზობელ ოთახში ცხოვრობდა; რჩებოდა ერთში, როცა მეორე ნიავდებოდა. ისინი იმ პროვინციული ოთახების რიგს განეკუთვნებოდა - ისევე როგორც ზოგიერთ ქვეყანაში ჰაერისა თუ ზღვის მთელი მასებია განათებული ან სურნელებით გაჟღენთილი უთვალავი, თვალისთვის შეუმჩნეველი უმარტივესის გამოისობით - ათასი სუნით რომ გვხიბლავენ; მათ გამოყოფს სათნოებანი, კეთილგონიერება, ჩვეულებები - მთელი ეს იდუმალი, უჩინარი, უმდიდრესი, მორალური ცხოვრება, ატმოსფეროში რომ დაკიდებულა; ჯერ ისევ ბუნებრივი სუნები, ცხადია, და მეზობელი მინდვრის სუნებივით ამინდისფერნი, მაგრამ უკვე მოშინაურებულნი, გაადამიანურებულნი და შეკეტილნი, დიდებული, ოსტატურად მომზადებული და გამჭვირვალე ჟელე წლის ყველა ხილისა, რომელთაც ბაღი დაუტოვებიათ და საკუჭნაოსთვის მიუშურებიათ; ყველა სეზონური, მაგრამ მოძრავი და სახლისა, ჭირხლის სუსხის ცხელი პურის სიტკბოთი გამქრობნი, სოფლის საათივით აუჩქარებელნი და ზუსტნი, მოცლილნი და მოწესრიგებულნი, უდარდელნი და წინდახედულნი, თეთრეულის, დილის, ღვთისმოსაობის სუნები, კმაყოფილნი სიმშვიდით, რომელიც კიდევ უფრო მეტად გაღელვებს, და პროზაულობით, პოეზიის უზარმაზარ მარაგებს რომ ინახავს მისთვის, ვინც ისე გაივლის მათში, რომ თავად იქ არ უცხოვრია. ჰაერი გაჯერებული იყო სიჩუმის ისეთი ყუათიანი, ნოყიერი უმაღლესი ფქვილით, რომ ამ ოთახებში მხოლოდ ერთგვარი გაუმაძღრობით თუ გადავადგილდებოდი, განსაკუთრებით აღდგომის კვირის ჯერ ისევ ცივ პირველ დილებს, როცა კიდევ უფრო მეტად შევიგრძნობდი მის გემოს, რადგან სულ ახალი ჩასული ვიყავი კომბრეში: სანამ დეიდას გამარჯობას ვეტყოდი, ერთი წამით შემაყოვნებდნენ, პირველ ოთახში, სადაც მზე, ჯერაც ზამთრის, შემოსულიყო, რათა თბილად მოკალათებულიყო ცეცხლის წინ,  უკვე რომ ენთო ორ აგურს შორის და მთელს ოთახს ჭვარტლის სუნით აბათქაშებდა, რის გამოც ის თითქოს უზარმაზარ ღია, სოფლურ ღუმლად გადაქცეულიყო ან ხუფიან შატოს ბუხრად, რომლის ძირს ჩამომჯდარიც იმედოვნებ, რომ გარეთ წვიმა წამოუშენს, ითოვებს, საერთოდაც ყოვლისწამლეკავი წარღვნა მოვა, რათა შენს შინ შეყუჟვას ზამთრის ძილის პოეზიაც დაემატოს; ცოტაოდენ გავივლ-გამოვივლიდი სამლოცველო სკამსა და რელიეფურხავერდიან სავარძლებს შორის, რომლებიც ყოველთვის დაფარული იყო ყაისნაღით ნაქსოვი თავმისაყრდნობით; და როცა ცეცხლი ცომივით აცხობდა მადისამღვძრელ სურნელთ, რომლითაც ოთახის ჰაერი მთლად შესქელებულიყო და რომელიც დილის ნოტიო და მზიან  სიგრილეს უკვე მოეზილა და „ამოეყვანა“ კიდეც, ის მათ ფენებად ალაგებდა, ოქროსფრად ფერავდა, ანაოჭებდა, ბერავდა, მისგან უჩინარ, ხელშესახებ სოფლურ ნამცხვარს აკეთებდა, უზარმაზარ ტკბილ ღვეზელს; მე კი, ძლივს მქონდა გასინჯული უფრო ხრაშუნა, უფრო ნაზი, უფრო დაფასებული, მაგრამ უფრო მშრალი საკუჭნაოს, კომოდის, მოხატული შპალერის არომატები, რომ ყოველთვის ვბრუნდებოდი, რათა აუღიარებელი მსუნაგობით ჩავძირულიყავი შუა, წებოვან, უფერულ, ძნელად მოსანელებელსა და ხილისმაგვარ სუნში, ყვავილოვანი გადასაფარებელი რომ აფქვევდა.

გვერდითა ოთახში, მესმოდა როგორ ელაპარაკებოდა დეიდაჩემი საკუთარ თავს ხმადაბლა. ის ყოველთვის ასე ჩუმად ლაპარაკობდა, რადგან მიაჩნდა, რომ თავში რაღაცა გატეხილი და მოძრავი ჰქონდა და თუ ძალიან ხმამაღლა ილაპარაკებდა, შეიძლება გადაეადგილებინა, მაგრამ თუნდაც მარტო ყოფილიყო, ხანგრძლივად არასდროს ჩერდებოდა რაიმეს უთქმელად, რადგან ფიქრობდა, რომ ეს მისი ყელისთვის სასარგებლო იყო და ხელს უშლიდა სისხლის იქ გაჩერებას, რისი წყალობითაც ხუთვებისა და შფოთვების სიხშირეს ამცირებდა; გარდა ამისა, იმ სრულ უმოქმედობაში, რომელშიც ის ცხოვრობდა, უმცირეს შეგრძნებებს წარმოუდგენელ მნიშვნელობას ანიჭებდა; დეიდაჩემი მათ ერთგვარ დაუდგრომლობას მიაწერდა, რის გამოც მისთვის რთული იყო, თავისთვის შეენახა ისინი, და რადგანაც მესაიდუმლე არ ჰყავდა, ვისაც მათზე მოუყვებოდა, საკუთარ თავს აცნობებდა ხოლმე, უწყვეტი მონოლოგისას, რაც მის ერთადერთ საქმიანობას შეადგენდა. სამწუხაროდ, რაკიღა ხმამაღლა ფიქრს დაეჩვია, ყოველთვის როდი აქცევდა ყურადღებას, იყო თუ არა ვინმე მეზობელ ოთახში, და ხშირად გავიგონებდი, როგორ ეუბნებოდა საკუთარ თავს: „უნდა გავიხსენო, რომ არ მიძინია“ (რადგან ის, რომ არასდროს არ ეძინა, მისი დიდი განაცხადი გახლდათ, რომელსაც ჩვენი სამეტყველო ენა პატივს სცემდა და ითვალისწინებდა: დილით ფრანსუაზა კი არ „აღვიძებდა“, არამედ „შედიოდა“ მასთან; როცა დღისით უნდა წაეთვლიმა, ჩვენ ვიტყოდით, რომ „ფიქრი“ ან „მოსვენება“ სურდა; და როდესაც დაავიწყდებოდა და ლაპარაკში წამოსცდებოდა: „იმან გამაღვიძა“ ან „მესიზმრა რომ“, გაწითლდებოდა და  მაშინვე ასწორებდა ნათქვამს.).

ერთი წუთის შემდეგ შევდიოდი და ვკოცნიდი; ფრანსუაზა ჩაის აყენებდა; ან, თუკი დეიდა აგზნებულად გრნობდა თავს, ნაყენის ნაცვლად მოითხოვდა, და მე მომანდობდნენ  სააფთიაქო ჩანთიდან თეფშზე წამომეყარა, განსაზღვრულ ოდენობა ცაცხვს, რომელიც შემდეგ მდუღარეში უნდა ჩაეყარათ. გამოშრობის გამო ღეროები  უჩვეულო ცხაურად ჩაწნულიყო და ამ წნულებში ფერმკრთალი ყვავილები იშლებოდა, თითქოს მხატვარს სპეციალურად განელაგებინა ისინი, რათა ყველაზე უფრო ორნამენტულ ყაიდაზე ეპოზიორათ. ფოთლები, ვინაიდან თავიანთი სახე დაეკარგათ ან ეცვალათ, ყველაზე უფრო განსხვავებულ რამეებს მიაგავდნენ, ბუზის გამჭვირვალე ფრთას, იარლიყის თეთრ უკანა მხარეს, ვარდის ფურცელს, მაგრამ ეს ყველაფერი ერთად დაეგროვებინათ, გაელეწათ ან გადაეწნათ ერთმანეთში ისე, როგორც ბუდის აშენებისას. ათასი უსარგებლო დეტალი - აფთიაქარის მომხიბვლელი უყაირათობა -  ხელოვნური დამზადებისას რომ დაიკარგებოდა, ჩემში სიამოვნებას იწვევდა, როგორც წიგნი, რომელშიც გაოცებული ამოიკითხავ შენთვის ნაცნობი პიროვნების სახელს,  რადგან ვიაზრებდი, რომ ეს სწორედაც ნამდვილი ცაცხვის ღეროები იყო, ისეთები, სადგურის ხეივანში რომ ვხედავდი, სახეცვლილინი, რადგან, ზუსტადაც, ისინი ასლები კი არ გახლდათ, არამედ თავად ის ცაცხვების ღეროები, ოღონდ დაბერებული. და რადგანაც თვითეული ახალი მახასიათებელი მხოლოდ ძველის მეტამორფოზას წარმოადგენდა, პატარა ნაცრისფერ ბურთულებში მწვანე კვირტებს შევიცნობდი, შემოსვლა რომ არ დასცალდათ; მაგრამ განსაკუთრებით ვარდისფერი, მთვარისებრი, ნაზი ელვარება, ღეროების მყიფე ტყეში რომ გამოჰკვეთდა ყვავილებს, სადაც ისინი პატარა ოქროსფერი  ვარდებივით იყვნენ გამოკიდულნი - ნიშანი, როგორც ნათება, ჯერ კიდევ რომ მიგვითითებს წაშლილი ფრესკის ადგილს კედელზე, ხის ნაწილებს შორის სხვაობისა, რომელთაგან ერთნი „ფერში“ იყვნენ, მეორენი არა - მე მიჩვენებდა, რომ ეს ფურცლები სწორედ ისინი იყვნენ, რომლებიც სანამ სააფთიაქო ჩანთას ააყვავილებდნენ, სურნელებას აფრქვევდნენ გაზაფხულის საღამოებზე. ეს სანთლის ვარდისფერი ალი ჯერ კიდევ მათი ფერი იყო, მაგრამ სანახევროდ ჩამქრალი და მიძინებული ამ დაკნინებულ სიცოცხლეში, რასაც ახლა მათი სიცოცხლე ერქვა და რაც ერთგვარი ყვავილების მიმწუხრია. მალე დეიდას შეეძლებოდა თუხთუხა ნაყენში, რომელშიც ის მკვდარი ფოთლის ან გაცრეცილი ყვავილის გემოს შეიგრძნობდა, პატარა მადლენი ჩაეწო, შემდეგ კი ჩემთვის გამოეწოდებინა ერთი ნაწილი, როცა ის საკმარისად ჩალბებოდა.

საწოლის ერთ მხარეს ლიმნის ხის დიდი ყვითელი კომოდი იდგა, და მაგიდა, ერთდროულად აფთიაქის მაგივრობასაც რომ სწევდა და მთავარი საკურთხევლისასაც, რომელზედაც, ღვთისმშობლის სტატუეტისა და ვიში-სელესტენის წყლის ბოთლის დაბლა ლოცვებსა და რეცეპტებს აღმოაჩენდით, ყველაფერ იმას, რაც საჭირო იყო, რათა საწოლიდანვე აღესრულებინა როგორც ღვთისმსახურება და ისე სამედიცინო რეჟიმით განსაზღვრული წესები, არც პეფსინის დალევის დრო დავიწყნოდა და არც მწუხრის ლოცვისა. მეორე მხარეს საწოლს ფანჯარა ესაზღვრებოდა,  მთელი ქუჩა ხელისგულზე ჰქონდა და იქ ის, დილიდან საღამომდე, მოწყენილობის გასაფანტად, სპარსეთის პრინცების მსგავსად,  კომბრეს ყოველდღიურ, მაგრამ უხსოვარ მატიანეს კითხულობდა, რომელსაც შემდგომ ფრანსუაზასთან ერთად განიხილავდა.

ხუთი წუთი არ იქნებოდა გასული და დეიდაჩემი დამითხოვდა თავისი ოთხიდან, შიშით, რომ დავღლიდი. მომიშვერდა თავის მჭმუნვარე, ფერმკრთალ, უსიცოცხლო შუბლს, რომელზეც დილის ამ საათს პარიკი ჯერ არ ჩამოევარცხნა, ძვლები კი ეკლის გვირგვინის წვეტებივით გამოშვერილიყვნენ ან კრიალოსნის მარცვლებით, და მეტყოდა: „აბა, ჩემო საბრალო ბავშვო, წადი, გაემზადე მესისთვის; და თუ ფრანსუაზა შემოგხვდება ქვემოთ, უთხარი, ძალიანაც ნუ გაერთობა თქვენთან ყოფნით და ამოვიდეს მალევე, რომ ნახოს, რაიმე ხომ არ მჭირდება.“

ფრანსუაზას, ვინც წლები იყო მის სამსახურში და მაშინ გუმანადაც კი არ ჰქონდა, რომ ერთ დღეს მთლად ჩვენსაში ჩადგებოდა, ცოტა კიდეც მიტოვებული ჰყავდა დეიდაჩემი ჩვენი იქ ყოფნის თვეებში. იყო დრო, ჩემს ბავშვობაში, სანამ კომბრეში დავიწყებდით სიარულს, როდესაც დეიდა ლეონი ზამთარს პარიზში, დედამისთან ატარებდა, და ფრანსუაზას იმდენად არ ვიცნობდი, რომ პირველ იანვარს, პაპიდასთან შესვლის წინ დედაჩემი ხელში ხუთფრანკიან მონეტას ჩამიდებდა და მეტყოდა: „იცოდე, არ აგერიოს. დაელოდე, სანამ ვიტყოდე: „გამარჯობა, ფრანსუაზა“; და მაშინვე მკლავზე ოდნავ შეგეხები.“ დეიდაჩემის ჩაბნელებულ წინა ოთახში ძლივს ვიყავით შესულნი, რომ ჩრდილში მოელვარე, ბამბის ნაყინივით გაფშეკილი და სათუთი ჩაჩის ფურფუშებს ქვემოთ, წინასწარმადლიერი ღიმილის კონცენტრულ ტალღებს დავინახავდით. ეს ფრანსუაზა იყო, უძრავად მდგარი კორიდორის პატარა კარის ჩარჩოში, როგორც წმინდანის ქანდაკება თავის ნიშაში. როდესაც ცოტა თვალს შეაჩვევდი ამ სამლოცველო სიბნელეს, მის სახეზე უკვე კაცობრიობის უანგარო სიყვარულსა და მაღალი კლასებისადმი მიმართულ პატივისცემასაც გაარჩევდი, რასაც მისი გულის საუკეთესო კუნჭულებში საახალწლო საჩუქრის მიღების იმედი აღძრავდა. დედა უხეშად მიჩქმეტდა მკლავზე და ხმამაღლა იტყოდა: „გამარჯობა, ფრანსუაზა.“ ამ ნიშანზე ჩემი თითები იხსნებოდა და ვუშვებდი მონეტას, რომელსაც უკვე ელოდა დაბნეული, მაგრამ გამოწვდილი ხელი. მაგრამ მას შემდეგ, რაც კომბრეში დავიწყეთ სიარული, ფრანსუაზაზე უკეთ არავის ვიცნობდი; ჩვენ მისი რჩეულნი ვიყავით და ჩვენდამი იმხელავე პატივისცემით იყო გამსჭვალული, ყოველ შემთხვევაში, პირველ წლებში, რამხელითაც დეიდაჩემის მიმართ, და უფრო მოვწონდით კიდეც, რადგან, გარდა იმისა რომ ჩვენც ოჯახის ნაწილი ვიყავით, რაც თავისთავადი პრესტიჟით გვმოსავდა (იმ უჩინარი კავშირების  მიმართ, რომლებიც ოჯახის წევრებს შორის იბმება იმით, რომ მათში ერთი და იგივე სისხლი ჩქეფს, მას ისეთივე პატივისცემა გააჩნდა, როგორც ბერძენ ტრაგიკოსს), ემატებოდა ხიბლი, რომ ჩვენ მისი ჩვეული ბატონები არ ვიყავით. და ამგვარად, უნდა გენახათ, რამხელა სიხარულით გვეგებებოდა, გვიცოდებდა, რომ ჩვენი ჩასვლის დღეს კარგი ამინდი არ დაგვხვდა, აღდგომის წინა დღეს, როცა ხშირად სუსხიანი ქარი უბერავდა, დედა კი ქალიშვილისა და დისშვილების ამბებს ჰკითხავდა, და მისი შვილიშვილი, ხომ კარგი ბიჭი იყო, და რა გეგმები ჰქონდათ მისთვის, ბებიას თუ ჰგავდა.

და როდესაც სხვა არავინ იყო გვერდით, დედა, ვინაც იცოდა, რომ ფრანსუაზა ისევ გლოვობდა წლების წინ გარდაცვლილ მშობლებს, თანაგრძნობით ელაპარაკებოდა მათზე, ათას წვრილმას ეკითხებოდა მათ ცხოვრებაზე.

ის მიხვდა, რომ ფრანსუაზას სიძე არ უყვარდა და ქალიშვილთან ყოფნის სიხარულს უშხამებდა, რადგან როცა ისიც იქ იყო, ისე თავისუფლად ვეღარ ელაპარაკებოდა შვილს. ამიტომაც, როდესაც ფრანსუაზა მათ სანახავად მიდიოდა, კომბრედან რამდენიმე ლიეში, დედა ღიმილით ეუბნებოდა: „ფრანსუაზა, ჟულიენს რომ საქმეებზე წასვლა მოუწიოს და მთელი დღე მარგარეტი მხოლოდ თქვენს განკარგულებაში იყოს, მართალია, გული დაგწყდებათ, მაგრამ უდრტვინველად მიიღებთ ამ ამბავს, ხომ ასეა?“ და ფრანსუაზა სიცილით უპასუხებდა: „ქალბატონმა ყველაფერი იცის; ქალბატონი რენტგენის სხივებზე უარესია („რენტგენს“ ის მოჩვენებითი გაჭირვებითა და ღიმილით ამბობდა, რათა საკუთარი თავისთვის დაეცინა, ვითომ ასეთი უწიგნური ასეთ მეცნიერულ სიტყვას რომ ვამბობო), მ-ამ ოქტავისთვის რომ მოიტანეს და ამ რაღაცას შეუძლია გითხრას, გულში რა გაქვს,“ და მაშინვე გაუჩინარდებოდა, რადგან უხერხულობას გრძნობდა, რომ მისით ინტერესდებოდნენ, ან შესაძლოა იმიტომაც, რომ მისი ცრემლები არ გვენახა; დედა იყო პირველი, ვინც პირველად განაცდევინა ეს გულისამაჩუყებელი შეგრძნება, რომ მისი ცხოვრება, სოფლელი ქალის სიხარული და დარდი შეიძლებოდა საინტერესო ყოფილიყო, რომ ვინმე სხვას გახარებოდა ან სწყენოდა მათ გამო. დეიდაჩემი ეგუებოდა ცოტაოდენ უმისობას ჩვენი იქ ყოფნისას, რადგან იცოდა, რაოდენ აფასებდა დედაჩემი ამ ასე ჭკვიანი და ცოცხალი მოახლის სამსახურს, რომელიც ისეთივე ლამაზი იყო დილის ხუთ საათზე თავის სამზარეულოში, თავისი ჩაჩის ქვეშ, რომლის ელვარე და გაფშეკილი ფურფუშები გეგონება ფაიფურისგან იყო დამზადებული, როგორც საზეიმო მესაზე მიმავალი; რომელიც ყველაფერს კარგად აკეთებდა, მუშაობდა, როგორც ცხენი, გინდა კარგად ყოფილიყო, გინდა ცუდად, მაგრამ უხმაუროდ, ისე, ვითომ არაფერს ისეთს არ აკეთებდა, ერთადერთი დეიდაჩემის მოახლეებს შორის, ვისაც, როდესაც დედა ეტყოდა, ცხელი წყალი მომიტანეო, ან შავი ყავა, მართლა ქაფქაფა მოჰქონდა; ის ერთ-ერთი იმ მსახურთაგანი იყო, სახლში თავდაპირველად ყველაზე აუტანელნიც რომ არიან უცხოსთვის, შესაძლოა იმის გამო, რომ თავს არ იწუხებენ მისი გულის მოგებაზე და დიდ ყურადღებას არ იჩენენ, რადგან იციან, ის არაფერში სჭირდებათ, რომ მის მიღებას უფრო შეწყვეტენ, ვიდრე მათ დაითხოვენ; და მეორეს მხრივ, ყველაზე მეტადაც  დაფასებულნი ბატონებისგან, რადგან კარგად აქვთ გამოცდილი მათი რეალური შესაძლებლობები, და დიდად არ ანაღვლებთ ეს ზედაპირული მომხიბვლელობა, მაამებლური საუბარი, სასიამოვნო შთაბეჭდილებას რომ ახდენს სტუმარზე, მაგრამ ხშირად უსაშველო უმაქნისობას მალავს.

როცა ფრანსუაზა ნახავდა, რომ ჩემს მშობლებს ყველაფერი ჰქონდათ, რაც სჭირდებოდათ, და პირველად ავიდოდა დეიდაჩემთან, რათა პეფსინი მიეცა და ჰკითხავდა, საუზმედ რას ინებებდა, იშვიათად ხდებოდა, რომ უკვე ამ დროისთვის აუცილებელი არ გამხდარიყო მოსაზრების გამოთქმა ან ახსნა-განმარტებების მიწოდება რაიმე მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით:

- ფრანსუაზა, წარმოგიდგენია, მ-ამ გუპილი დის წამოსაყვანად ხუთმეტი წუთით გვიან წავიდა; თუ ცოტა კიდევ შეყოვნდება გზაზე, საერთოდ არ გამიკვირდება, ამაღლების შემდეგ რომ მოვიდეს.

- არაფერი გასაკვირი ამაში არ იქნება, - უპასუხებდა ფრანსუაზა.

- ფრანსუაზა, ხუთი წუთით ადრე რომ მოსულიყავით, ნახავდით, როგორ გაიარა მ-ამ ემბერმა, ხელში დედა კალოს სატაცურებზე ორჯერ დიდი სატაცურები ეჭირა; იქნებ შეიტყოთ მისი მოახლისგან, სად იშოვა. თქვენ ხომ წელს ყველა სოუსს უშვებით სატაცურს, შეგეძლოთ იგივენაირები გეშოვათ ჩვენი მოგზაურებისთვის.

- სულაც არ გამიკვირდება, რომ მ. კიურედან იყოს, - იტყოდა ფრანსუაზა.

- როგორ არა, ჩემო საბრალო ფრანსუაზა, - უპასუხებდა მხრების აჩეჩვით დეიდაჩემი, - როგორ არა! მ. კიურედანო! თქვენ ხომ კარგად იცით, რომ ის მხოლოდ უვარგის, წვნიკ, პატარა სატაცურებს ზრდის. გეუბნებით, რომ ესენი მკლავის სიმსხო იყო. არა თქვენი მკლავის სიმსხო, ცხადია, არამედ ჩემი საწყალი მკლავისა, რომელიც წელს კიდევ უფრო გამიხდა... ფრანსუაზა ზარების რეკვა თქვენც გესმოდათ? ლამის თავი ამხადა.

- არა, მადამ ოქტავ.

- აჰ, ჩემო საწყალო გოგო, ეტყობა გამძლე თავი გაქვთ, შეგიძლიათ ღმერთს მადლობა შესწიროთ. ეს მაგელონა იყო მოსული ექიმ პიპეროსთან. მაშინვე ორივენი გამოვიდნენ სახლიდან და უაზოს ქუჩაზე შეუხვიეს. ეტყობა, ვინმე ბავშვია ავად.

- ოი, ღმერთო ჩემო, - ამოიოხრებდა ფრანსუაზა, ვისაც ისე არ შეეძლო უცნობის უბედურების მოსმენა, თუნდაც ის ქვეყნის დასალიერში ცხოვრებულიყო, თუ თან მოთქმას არ დაურთავდა.

- ფრანსუაზა, მაგრამ სამგლოვიარო ზარს ვიღასთვის რეკდნენ? აჰ, ღმერთო ჩემო, მ-ამ რუსოსთვის იქნებოდა. სულ გადამავიწყდა, რომ გუშინ ღამით გარდაიცვალა. ალბათ, დროა, კეთილმა უფალმა მეც წამიყვანოს, არც კი ვიცი, რა ემართება ამ ჩემს თავს, რაც ჩემი საწყალი ოქტავი აღარა მყავს.  მაგრამ უკვე დროს გაკარგვინებთ, ჩემო გოგო.

- არა, მადამ ოქტავ, ჩემი დრო არც ისეთი ძვირფასია; იმან, ვინც დრო შექმნა, ფულში კი არ ჩაგვითვალა. უბრალოდ წავალ, ვნახავ, ცეცხლი არ ჩამიქრეს.

ამგვარად, უკვე დილის სეანსზე, ფრანსუაზა და დეიდაჩემი ერთად აფასებდნენ დღის პირველ მოვლენებს. მაგრამ ზოგჯერ ეს მოვლენები ისეთ იდუმალსა და სერიოზულ სახეს იღებდა, რომ დეიდაჩემი გრძნობდა, ფრანსუაზას ხელახალ ამოსვლამდე ვერ მოიცდიდა და სახლში ზარის ოთხი მრავალმნიშვნელოვანი  რეკვა გაისმოდა.

- მაგრამ მადამ ოქტავ, ჯერ თქვენი პეფსინის დრო რომ არ არის, - ეტყოდა ფრანსუაზა. - სუსტად გრძნობთ თავს?

- არა, რა თქმა უნდა, ფრანსუაზა, - იტყოდა დეიდაჩემი, - უფრო სწორად დიახ, ხომ იცით, რომ ახლა იშვიათია წუთები, როცა თავს სუსტად არ ვგრძნობ; ერთ დღესაც მეც ისევე ავიბარგები, როგორც მ-ამ რუსო, ისე, რომ აზრზე მოსვლასაც ვერ მოვასწრებ; მაგრამ ამისთვის როდი დავრეკე. დამიჯერებთ? ახლახან მ-ამ გუპილი დავინახე პატარა გოგონასთან ერთად, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ, როგორც ახლა თქვენ გხედავთ, ისე დავინახე. აბა ერთი წადით კამიუსას და ორი სუს მარილი მოიტანეთ. იშვიათია, თეოდორმა არ იცოდეს, ვინ ვინ არის.

- მაგრამ ეგ ხომ მ. პუპენის ქალიშვილი იქნება, - იტყოდა ფრანსუაზა, ვისაც ერჩივნა, ამჯერად დაუყოვნებლივი განმარტებით შემოფარგლულიყო, რადგან დილას აქეთია უკვე ორჯერ ყოფილიყო კამიუსთან.

- მ. პუპენის ქალიშვილი! ოჰ, დაგიჯერე, ჩემო საბრალო ფრანსუაზა! როგორ გგონია, მ. პუპენის ქალიშვილს ვერ ვიცნობდი ვითომ?!

- მაგრამ მე დიდზე ხომ არც გეუბნებით, მადამ ოქტავ, არამედ პატარაზე, ჟუიში რომ ჰყავთ გაგზავნილი, პანსიონში. მგონი, დღეს დილით უკვე ვნახე კიდეც.

- აჰ, მაშინ ეგ იქნება, - იტყოდა დეიდაჩემი. - როგორც ჩანს, დღესასწაულებზე ჩამოვიდა. ასეა! აღარაა საჭირო ამის გარკვევა, დღესასწაულებზე იქნება ჩამოსული. მაშინ, აბა სულ მალე მ-ამ საზრასაც ვიხილავთ დის კართან, როგორ დარეკს ზარს საუზმეზე მოსული. აი, ასე იქნება! გალოპენის პატარა ბიჭი დავინახე ნამცხვრით ხელში.  ნახავთ, რომ ეგ ნამცხვარი მ-ამ გუპილთან მიდიოდა.

- რახან მ-ამ გუპილს სტუმარი მისვლია, მადამ ოქტავ, დიდხანს ლოდინი არ მოგიწევთ და ნახავთ, რომ მთელი სახლეულობა საუზმესთვის შინ დაბრუნდება, რადგან კარგა ხანია, დილა აღარაა, - იტყოდა ფრანსუაზა, ვისაც თავისი საუზმისთვის ჰქონდა მისახედი, და მაინცდამაინც არ აწუხებდა, რომ დეიდაჩემი ამ გასართობით დაეტოვებინა.

- ოჰ, მაგრამ ეს შუადღემდე არ მოხდება! - უპასუხებდა დეიდაჩემი ბედს შეგუებულის ტონით, თან შეწუხებულ, მაგრამ მალულ მზერას ესროდა საათს, რათა არ შეემჩნიათ, რომ მან, ვინც ყველაფერზე უარი თქვა, ასეთ ცხოველ სიამოვნებას ჰპოვებდა იმის გაგებაში, თუ ვინ ჰყავდა საუზმეზე მ-ამ გუპილს, სიამოვნება, რომელსაც, სამწუხაროდ, ერთი საათი უნდა მოეცადა. „თანაც სწორედ ჩემი საუზმობის დროს!“ - დაამატებდა დაბალ ხმაზე თავისთვის. მისი საუზმე საკმარისი თავშესაქცევი გახლდათ იმისთვის, რომ მეორე აღარ ნდომოდა იმავდროულად. „ხომ არ დაგავიწყდებათ, რომ ნაღებიანი კვერცხები ბრტყელი თეფშით მომიტანოთ?“ ეს თეფშები ერთადერთი იყო, რომლებსაც ნახატები ჰქონდა და დეიდაჩემს დიდად ართობდა წარწერის კითხვა იმაზე, რომლითაც საჭმელი მიჰქონდათ. გაიკეთებდა სათვალეს და ამოიკითხავდა: ალი ბაბა და ორმოცი ყაჩაღი, ალადინი და ჯადოსნური ლამპარი, და ღიმილით იტყოდა: ძალიან კარგი, ძალიან კარგი.

- კი წავიდოდი კამიუსთან..., - იტყოდა ფრანსუაზა, რაკიღა ნახავდა, რომ დეიდაჩემი იქ აღარ გააგზავნიდა.

- არა, არა, რა საჭიროა, ეს უდავოდ მ-ელ პუპენია. ჩემო საბრალო ფრანსუაზა, ვწუხვარ, რომ ტყუილ-უბრალოდ ამოგიყვანეთ.

მაგრამ დეიდაჩემმა კარგად იცოდა, რომ ტყუილ-უბრალოდ ნამდვილად არ დაურეკია ფრანსუაზასთვის, რადგანაც, კომბრეში, ადამიანი, „რომელსაც საერთოდ არ იცნობდი“, ისეთივე დაუჯერებელი არსება გახლდათ, როგორც მითების ღმერთი, და სინამდვილეში, ვერ გაიხსენებდი ერთ შემთხვევასაც კი, როდესაც ასეთი საკვირველი მოვლენა მომხდარიყო, სენ-ესპრის ქუჩაზე ან მოედანზე, და სათანადოდ განხორციელებულ კვლევა-ძიებას ზღაპრული პერსონაჟი იმ ადამიანის პროპორციებამდე არ დაეყვანა, „რომელსაც იცნობდი“, ან პირადად, ან აბსტრაქტული თვალსაზრისით, მისი სამოქალაქო მდგომარეობით, როგორც კომბრეს მაცხოვრებლებთან ასეთი და ასეთი ნათესაობით დაკავშირებული პირი. ეს მ-ამ სოტონის ვაჟი იყო, რომელიც სამხედრო სამსახურიდან ბრუნდებოდა, ის აბატი პერდროს დედათა მონასტრიდან გამოსული ძმიშვილი, ეს კიურეს ძმა, გადასახადების ამკრეფი შატადენში, რომელიც ახლახანს პენსიაში გავიდა ან დღესასწაულებისთვის ჩამოვიდა. თვითმხილველებისთვის, გამაოგნებელი აზრი, რომ კომბრეში ისეთი ადამიანები გამოჩნდნენ, ვისაც „საერთოდ არ იცნობდნენ“, მხოლოდ იმიტომ იყო გამაოგნებელი, რომ მაშინვე ვერ იცნეს ან ვერ დაადგინეს მათი ვინაობა. თუმცაღა, უკვე დიდი ხანია, მ-ამ სოტონმა და კიურემ წინასწარვე გააფრთხილეს ყველა, რომ ისინი თავიანთ „მოგზაურებს“ ელოდნენ. როდესაც საღამოს შინდაბრუნებული დეიდასთან ავდიოდი, რათა ჩემი სეირნობის შესახებ მომეყოლა, თუკი წარმოუდგენელი უგუნურებით ვეტყოდი, რომ ძველ ხიდთან შევნიშნეთ კაცი, რომელსაც პაპა არ იცნობდა: „კაცი, რომელსაც პაპა არ იცნობს!“ - შეჰყვირებდა ის. - აჰ, როგორ არა!“ მიუხედავად ამისა, ცოტა მაინც შეფიქრიანდებოდა ამ სიახლით, და იმისთვის, რომ გული მშვიდად ჰქონოდა, გამოძახებულ იქნებოდა პაპაჩემი. „ბიძაჩემო, მითხარით აბა, ვის შეხვდით ძველ ხიდთან? უცნობი იყო ვინმე? - ვინ თქვა რომ უცნობი, - უპასუხებდა პაპაჩემი, - პროსპერი იყო, მ-ამ ბუიბეფის მებაღის ძმა. - აჰ, ძალიან კარგი,“ - იტყოდა დეიდაჩემი, დამშვიდებული და ცოტა წითელი; და მხრების აჩეჩვით და ირონიული ღიმილით, დაამატებდა: „აი, ამან კი მითხრა, რომ ვითომ ვიღაც უცნობი შემოგხვდათ გზაზე.“ და მირჩევდნენ შემდგომში ცოტა უფრო წინდახედული ვყოფილიყავი და დაუფიქრებელი სიტყვებით დეიდა აღარ ამეფორიაქებინა. კომბრეში იმდენად  ყველა ყველას იცნობდა, ცხოველი იქნებოდა ეს თუ ადამიანი, რომ თუ შემთხვევით დეიდაჩემი თვალს მოჰკრავდა ძაღლს, „რომელსაც საერთოდ არ იცნობდა“, მთელი დღე ამაზე იფიქრებდა და ამ ამოუხსნელ შემთხვევას მიუძღვნიდა თავის ინდუქციურ უნარებსა და თავისუფალ საათებს.

- ეგ მ-ამ საზრას ძაღლი იქნება, - იტყოდა ფრანსუაზა, არც მაინცადამაინც დარწმუნებული, მაგრამ იმ მიზნით, რომ დაემშვიდებინა დეიდაჩემი და რომ „ტვინი არ ეჭყლიტა“.

- თითქოს არ ვიცნობდე მ-ამ საზრას ძაღლს, - უპასუხებდა დეიდაჩემი, ვისი კრიტიკული გონებაც ფაქტს ასე იოლად არ იღებდა.

- აჰ, ეგ მ. გალოპენის ახალი ძაღლი იქნება, ლიზიედან რომ ჩამოიყვანა.

- აჰ! ნამდვილად ეგ იქნება.

- ძალიან გულითადი ცხოველი ჩანს, - დაამატებდა ფრანსუაზა, რომელსაც უკვე მიეღო ცნობები თეოდორისგან, - ადამიანივით გონიერი, მუდამ კარგ განწყობაზე, ყოველთვის მეგობრული, ერთი სიტყვით, ფრიად ზრდილი და სასიამოვნო არსება ყოფილა. იშვიათია, რომ ცხოველი ამ ასაკში ასეთი დახვეწილი მანერებისა იყოს. მადამ ოქტავ, ახლა კი უნდა დაგტოვოთ, გართობის დრო არა მაქვს, აგერ ლამის უკვე ათი საათია, ქურა კი ჯერაც არ ამინთია, და სატაცურიც გასასუფთავებელი მაქვს.

- როგორ, ფრანსუაზა, ისევ სატაცური! კი მაგრამ წელს რა სატაცურების ავადმყოფობა შეგეყარათ, ყელში ხომ არ უნდა ამოუყვანოთ ჩვენს პარიზელებს ეს სატაცური.

- არა, რას ამბობთ მადამ ოქტავ, ძალიან მოსწონთ. ეკლესიიდან მოშიებულნი დაბრუნდებიან და ნახავთ, ისე გემრიელად შეჭამენ, თეფშიდან თავს არ აიღებენ.

- ეკლესიიდან? მაგრამ ისინი ხომ ალბათ უკვე იქ არიან კიდეც; სჯობს, დრო აღარ დაკარგოთ. წადით, მიხედეთ თქვენს საუზმეს.

სანამ დეიდაჩემი და ფრანსუაზა ამგვარად ბაასობდნენ, მე მშობლებთან ერთად მივდიოდი მესაზე. როგორ მიყვარდა ჩვენი ეკლესია; დღესაც როგორ ნათლად ვხედავ ხოლმე მას! ძველი კარიბჭე, რომლითაც შევდიოდით, შავი, ქაფქირივით დახვრეტილი, გადახრილი იყო და კუთხეებში ამოღრუტნული (როგორც ემბაზი, რომელთანაც მას მივყავდით), თითქოს გლეხი ქალების მოსასხამების ნაზ შეხებას ეკლესიაში შესვლისას და მათი მორიდებული თითების შეხებას ნაკურთხი წყლის ამოღებისას, საუკუნეების განმავლობაში გამეორებულს, შეეძლო დამანგრეველი ძალა მიეღო, მოეხარა ქვა და ღარები ამოეჭრა მასზე, როგორებსაც ურმის ბორბალი ტოვებს სამიჯნო სვეტზე, ყოველ დღე რომ ედება. მისი საფლავის ქვები, რომელთა ქვეშაც კომბრეს აბატების კეთილშობილი მტვერი მგალობელთა გუნდს  სულიერ სავალად ეგებოდა, უკვე აღარ გახლდათ უძრავი და უხეში მატერია, რადგანაც დრომ დაარბილა ისინი და თაფლივით გადაადინა თავიანთ ოთხკუთხა საზღვრებს, რომლებზეც აქ ისინი ჩალისფერ ნაკადულად გადმოღვრილიყვნენ და თან ყვავილოვანი გოთური მთავრული წამოეღოთ, თეთრი მარმარილოს იები კი ჩაეძირათ; და სხვაგან უკუშეწოვილიყვნენ, კიდევ უფრო შეემჭიდროებინათ ელიფსური ლათინური წარწერა, დამატებითი კაპრიზი შემოეტანათ ამ შემოკლებული ნიშნების  განლაგებაში, ერთმანეთს მიეკრათ ორი ასო სიტყვაში, რომლის სხვა ასოები უზომოდ იყო დაშორებული. მისი ფანჯრები არასდროს ბრჭყვიალებდა ისე ძალიან, როგორც იმ დღეებში, როცა მზე ნაკლებად ჩნდებოდა, ისე რომ, თუ გარეთ ნაცრისფერი ამინდი იდგა, დარწმუნებული ვიყავით, ეკლესიაში სილამაზე იქნებოდა; ერთი მათგანი მთელს სიმაღლეზე იყო შევსებული ერთადერთი გამოსახულებით, კარტის მეფეს რომ მიაგავდა, ვინაც ზემოთ, არქიტექტორული ბალდახინის ქვეშ ცხოვრობდა, ცისა და მიწის შუა (და რომლის ირიბ და ლურჯ ანარეკლში, ზოგჯერ კვირის სხვა დღეებში, შუადღისას, როდესაც ღვთისმსახურება არ სრულდებოდა - ერთ-ერთ იმ იშვიათ წუთს, როცა ეკლესია, განიავებული, ცარიელი, უფრო ადამიანური, ბრწყინვალე, მდიდრულ ავეჯზე დაფენილი მზით, შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ მასში ცხოვრება შეიძლებოდა, შუა საუკუნეების სტილის სასტუმროს დარბაზივით, ქანდაკი ქვითა და მოხატული ფანჯრებით - დაინახავდი, როგორ იჩოქებდა მ-ამ საზრა, მახლობელ სამლოცველო სკამზე ბაწრით კარგად გამოკრულ პატარა ნამცხვრების შეკვრას დებდა, ქუჩის გადაღმა საკონდიტროდან რომ წამოეღო და საუზმისთვის შინ წაიღებდა); მეორეში ვარდისფერი თოვლით დაფარულ მთას, რომლის ძირასაც ბრძოლა გამართულიყო, თითქოს თვითონ ის მინა დაეთრთვილა, თავისი ნისლოვანი ხორხოშელა საფრით რომ ბერავდა ფანჯარასავით, რომელზედაც ფიფქები შერჩენილა, მაგრამ ფიფქები რომელიმე განთიადით განათებული (უდავოდ იმით, რომელიც საკურთხევლის სკულპტურას ისეთი ხასხასა ტონებით აწითლებდა, რომ იფიქრებდი ისინი უმალ დროებით იყო დაფენილი მათზე გარედან შემოსული შუქით, ვიდრე სამარადისოდ დაკავშირებულნი ქვასთან); და ყველა ისეთი ძველი იყო, რომ აქა-იქ შეგეძლო დაგენახა მათი ვერცხლისფერი სიძველე როგორ ბრჭყვიალებდა საუკუნეების მტვერით და გვიჩვენებდა, ელვარესა და ძაფამდე გაცვეთილს, მინის ფაქიზი გობელინის მისაქსელს. მათში იყო ერთი მაღალი ნაკვეთური ასობით პატარა ოთხკუთხა მინებად დაყოფილი, სადაც ლუჯი ფერი სჭარბობდა, როგორც ერთი დიდი დასტა კარტისა, იმის მსგავსი, მეფე შარლ VI რომ უნდა გაერთო; მაგრამ ან იმიტომ, რომ მზის სხივმა გაანათა, ან იმიტომ, რომ ჩემმა მზერამ, გადაადგილებისას, მინაზე გადაატარა, ერთმანეთსმიყოლებით ჩამქრალი და ისევ ანთებული, მოძრავი და ძვირფასი ხანძარი, ერთი წამის შემდეგ მან ფარშევანგის ბოლოს ცვალებადი ბრწყინვალება მოირგო, შემდეგ ცეცხლოვან და ფანტასტიურ წვიმად თრთოდა და ირხეოდა, ჩაბნელებული და კლდოვანი კამარის ზემოდან  რომ წვეთავდა, ნესტიანი კედლების გასწვრივ, თითქოს ეს რომელიმე ფერადოვანი და დაგრეხილ სტალაქტიტებიანი მღვიმის ნავში შევყოლოდი მშობლებს, ლოცვანით ხელში რომ მიაბიჯებდნენ ჩემს წინ; ერთი წამის შემდეგ პატარა, რომბისებური მინები ღრმა გამჭვირვალებას იღებდნენ, საფირონების უტეხ სიმაგრეს, გვერდიგვერდ რომ ჩაელაგებინათ უზარმაზარ აბჯრის დაფაზე, მაგრამ რომელთა უკანაც გრძნობდი, მთელ ამ სიმდიდრეზე უფრო ძვირფასს, მზის წამიერ ღიმილს; ის ისევე საცნაური გახლდათ ლურჯ მსუბუქ ტალღაში, რომლითაც პატიოსან თვლებს ევლებოდა, როგორც მოედნის ქვებზე ან ბაზრის ჩალაზე; და ჩვენს პირველ კვირა დღეებზეც კი, როცა აღდგომის წინ ჩამოვდიოდით, მიწა რომ ჯერ ისევ შიშველი და შავი იყო, ის მე მანუგეშებდა იმით, რომ აყვავილებდა, როგორც ისტორიულ, წმ. ლუის მემკვიდრეთა დროინდელ გაზაფხულზე, ამ თვალისმომჭრელ, მოოქროვილ ხალიჩას მინის კესანებისა.

ორი გრძივნაქსოვი გობელენი ესთერის გვირგვინდადგმას წარმოგვიდგენდა (ტრადიციის მიხედვით ქსერქსე საფრანგეთის მეფის გარეგნობით გამოისახებოდა, ხოლო ესთერი გერმანტის ქალბატონისა, ვინც მას უყვარდა), რომელთათვისაც მათ ერთმანეთში გადადნობილ ფერებს  გამომსახველობა, რელიეფი, სინათლე დაემატებინა: ესთერს ტუჩების მოხაზულობის გარეთ პატარა ვარდისფერი დასთამაშებდა; მისი კაბის ყვითელი ისე ზეთისებურად, ისე სქლად იშლებოდა, ერთგვარად მყარიც კი გამხდარიყო და უკანდახეული ატმოსფეროს ფონზე წინ წამოწეულიყო; და ხეების სიმწვანე, ხასხასა რომ დარჩენილიყო აბრეშუმისა და მატყლის პანელის დაბლითა ნაწილებზე, მაგრამ მაღლა გახუნებულიყო, ჩამუქებულ ტანების ზემოთ უფრო ფერმკრთალ, ცაში აწვდილ, სიყვითლეშეპარულ ტოტებს გამოჰკვეთდა, მოოქროვილთ და ნახევრად წაშლილთ უჩინარი მზის მახვილი და ალმაცერი ნათებით. ყველა ეს და კიდევ სხვა ძვირფასი ნივთები, რომლებიც ეკლესიას ისეთი პიროვნებებისგან დარჩა, ჩემთვის თითქმის ლეგენდის გმირები რომ იყვნენ (ოქროს ჯვარი, როგორც ამბობენ წმინდა ელიგიუსის დამუშავებული და დაგობერის მიერ ნაჩუქარი, ლუი გერმანელის ვაჟების საფლავი, პორფირსა და მომინანქრებული სპილენძში), რის გამოც ეკლესიაში ისე გადავადგილდებოდი, სანამ ჩვენს სკამებამდე მივიდოდით, როგორც ფერიებით სავსე ხეობაში, სადაც გლეხი გაოცებით შეჰყურებს ქვაში, ხეზე, ტბორში მათი ზებუნებრივი სტუმრობის თვალსაჩინო ნაკვალევს, ეს ყველაფერი მას ჩემთვის სრულიად განსხვავებულს ხდიდა დანარჩენი ქალაქისგან: შენობა, რომელიც, ასე ვთქვათ, ოთხი განზომილებით იკავებდა ადგილს სივრცეში -მეოთხე იყო დრო -, საუკუნეებზე გადაჭიმულიყო თავისი ნავით და ამგვარად ის თითქოს ნიშიდან ნიშამდე, სამლოცველოდან სამლოცველომდე ძლევდა და ლახავდა არა მხოლოდ რამდენიმე მეტრს, არამედ ერთი მეორეს მიყოლებულ ეპოქებსაც, და გამარჯვებული გამოდიოდა მათგან; მკაცრ, ველურ მეთერთმეტე საუკუნეს სქელ კედლებში რომ მალავდა, საიდანაც ის თავისი მძიმე თაღებით, თლილი, უხეში ქვით რომ იყო დაცობილი და ამოვსებული, მხოლოდ ღრმა ნაკვეთურში ჩნდებოდა, კარიბჭესთან სამრეკლოს კიბეს რომ გამოეღო, და იქაც კი მოხდენილი გოთური კამარებით იყო დაფარული, მის წინ კეკლუცად რომ მოგროვილიყვნენ, როგორც დიდი დები, რათა უცხოებს დაუმალონ, ღიმილით დგებიან უხეში, უხასიათო და ცუდად ჩაცმული ახალგზარდა ძმის წინ; ცად რომ აეწვდინა, მოედნის თავზე, კოშკი, წმინდა ლუის რომ უჭვრეტდა და თითქოს ახლაც ხედავდა; და თავისი საძვალით მეროვინგიულ ღამეში ეშვებოდა, სადაც ხელების ცეცებით მიგვიძღვებოდნენ ბნელ, უზარმაზარი ქვის ღამურას ფრთასავით მძლავრად დაძარღვული თაღის ქვეშ, თეოდორი და მისი და, სანთლით გვინათებდნენ სიგებერტის პატარა ქალიშვილის საფლავს, რომელზედაც ღრმა ნაპრალი - თითქოსდა რაიმე გაქვავებულის კვალი - ამოჭრილიყო, როგორც ამბობენ „ბროლის ლამპისგან, ფრანკების პრინცესას მკვლელობის ღამით თავისით რომ მოსწყდა ოქროს ჯაჭვებს, რომლებზეც ის ახლანდელი აფსიდის ადგილას ეკიდა, და, ისე რომ ბროლი არ გატეხილა, ისე, რომ ცეცხლი არ ჩამქრალა, ჩაეშვა ქვაში, რბილად რომ განიხვნა მის ქვეშ.“

და კომბრეს ეკლესიის აფსიდი,  რა შეიძლება ითქვას მასზე? ის ისეთი უხეში გახლდათ, იმდენად მოკლებული მხატვრულ სილამაზესა და რელიგიურ გრძნობას. გარედან, რადგან გზაჯვარედინი, რომელზეც ის გადიოდა, დაბალზე იყო, მისი უხეში კედელი მთლად დაუმუშავებელ, კენჭებით დაპოპკილი ყორის ქვების ქვესაძირკველზე მაღლდებოდა, და საეკლესიო არაფერი ეტყობოდა, სარკმელები ჩანდა ზედმეტად მაღლა გამოეჭრათ, და მთელი ეს ყველაფერი საპყრობილის კედლის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებდა, ვიდრე ეკლესიისა. და ცხადია, როდესაც მოგვიანებით იმ დიდებულ აფსიდებს ვიხსენებდი, ცხოვრებაში რომ მინახია, თავში არასდროს მომსვლია აზრად, ისინი კომბრეს აფსიდთან შემედარებინა. თუმცაღა, ერთ დღეს, ერთ პატარა სოფლური ქუჩის მოსახვევთან, სამი ქუჩაბანდის გადაკვეთის მოპირდაპირედ,  დაუხვეწელი და ამაღლებული კედელი შევნიშნე მაღლა გამოჭრილი სარკლმებითა და ისეთივე არასიმერტრიული სახით, როგორიც კომბრეს აფსიდს ჰქონდა. მაშინ მე არ მიკითხავს, რამდენად კარგად გამოხატავდა ის რელიგიურ გრძნობებს, როგორც ამას შარტრის ან რეიმსის ტაძრებთან მდგომი გავაკეთებდი, არამედ უნებურად შევყვირე: „ეკლესია!“

ეკლესია! ახლობელი; საიმედოდ დაცული სენტ-ილერის ქუჩაზე, სადაც მისი ჩრდილოეთ კარი მდებარეობდა, მისი ორი მეზობლით, მ. რაპენის აფთიაქითა და მ-ამ ლუაზოს სახლით, რომელთაც პირდაპირ ზედ ეკვროდა; კომბრეს ჩვეულებრივი მოქალაქე, თავისუფლად რომ შეეძლო ჰქონოდა ნომერი კომბრეს ქუჩები დანომრილი რომ ყოფილიყო, და სადაც შთაბეჭდილება გექმნებოდა, რომ დილით ფოსტალიონი უნდა გაჩერებულიყო წერილების დარიგებისას, სანამ მ-ამ ლუაზოსთან შეივლიდა მ. რაპენიდან გამოსული; და მაინც, მასსა და იმას შორის, რასაც ეკლესიის სახელი არ ერქვა, არსებობდა გამყოფი ხაზი, ჩემმა გონებამ ვერასდროს რომ ვერ გადალახა. მიუხედავად იმისა, რომ მ-ამ ლუაზოს ფანჯარასთან ფუქსიები ედგა, რომელთაც ერთი ცუდი ჩვევა შეეძინათ და თავდახრილი ტოტები გამუდმებით მიჰქონდათ ყოველმხრივ, მათ ყვავილებს კი სხვა საქმე არა ჰქონდათ, გარდა იმისა, რომ როცა საკმაოდ დიდები გახდებოდნენ, თავიანთი აწითლებული და იისფერი ლოყები ეკლესიის მუქ ფასადზე გაეგრილებინათ, ფუქსიები ამის გამო წმინდა არ ხდებოდნენ ჩემთვის; ყვავილებსა და გაშავებულ ქვას შორის, რომელსაც ისინი ეყრდობოდნენ, თუ ჩემი თვალები დაშორებას ვერ ხედავდა, გონებას იქ ადგილი შეენახა უფსკრულისათვის.

სენტ-ილერის სამრეკლოს საკმაოდ შორიდან იცნობდი, როცა მისი დაუვიწყარი მოხაზულობა იკვეთებოდა ჰორიზონტზე, სადაც ჯერ კიდევ არ ჩანდა კომბრე; როდესაც მატარებლიდან, აღდგომის კვირას პარიზიდან რომ მივყავდით, მამაჩემი შენიშნავდა, როგორ მიცურავდა ის ცის ხნულებში, ერთი-მეორის მიყოლებით იტოვებდა უკან და ყველა მიმართულებით ატრიალებდა მამლის ფლუგერს, გვეტყოდა: „აბა, აიღეთ პლედები, ჩამოვედით.“ და ჩვენი სასეირნო გზებიდან ერთ-ერთ ყველაზე გრძელზე, იყო ალაგი, სადაც ვიწრო გზა უეცრად უზარმაზარ პლატოზე გამოდიოდა, სადაც დაკბილული ტყეებით ჩახურულ ჰორიზონტს მხოლოდ სენტ-ილერის სამრეკლოს დახვეწილი წვერი სცდებოდა, მაგრამ ისე წვრილი, ისეთი ვარდისფერი, გეგონება უბრალოდ ფრჩხილით გაუფხაჭნიათო, რათა ამ პეიზაჟისთვის, ამ მთლად ბუნებისგან შექმნილი ტილოსთვის, ხელოვნების პაწაწინა ნიშანი დაესვათ, ერთადერთი კვალი ადამიანისა. როდესაც მიუახლოვდებოდი და ოთხკუთხა კოშკის ნახევრად დანგრეულ ნაშთებს ნახავდი, რომელიც, უფრო დაბალი, ჯერ კიდევ იდგა მის გვერდით, განსაკუთრებით გაოცებდა მისი ქვების მუქი მოწითალო შეფერილობა; და, შემოდგომის ნისლიან დილას, იტყოდი, ვენახების ავდრიან იისფერზე აღმართული მეწამულის ნანგრევი, თითქმის ველური ვაზის ფერი.

ხშირად მოედანზე, როდესაც შინ ვბრუნდებოდით, ბებია გამაჩერებდა და შემახედებდა. თავისი კოშკის სარკმლებიდან, ორ-ორად რომ ჩაერიგებინათ ერთმანეთის ზემოთ, ისეთივე ზუსტ და ბუნებრივად თანაფარდ დაშორებებში, რაც მშვენიერებასა და ღირსებას ანიჭებს არა მხოლოდ ადამიანის სახეებს, თანაბარ ინტერვალებში ის უშვებდა ყვავების გუნდებს, რაღაც ხანი ჩხავილით რომ ტრიალებდნენ მის გარშემო, თითქოს ძველისძველი ქვები, რომელთაც დაუშვეს, რომ ეხტუნათ და ენავარდათ, ისე, რომ ვითომ ვერ ხედავდნენ, უეცრად საცხოვრებლად გამოუსადეგარნი გახდნენ და რაღაც უსაზღვრო დაუდგრომლობის ელემენტის გამოყოფით, შეფერთხეს და გარეთ გამოყარეს ისინი. შემდეგ, როცა ყოველმხრით დახაზავდნენ საღამოს ჰაერის იისფერ ხავერდს, უეცრად დამშვიდებულნი ისევ ბრუნდებოდნენ, რათა შეწოვილიყვნენ კოშკში, რომელიც აღარ იყო არასტუმართმოყვარე და საზიანო, არამედ კეთილგანწყობილი ადგილი; ზოგიერთი აქა-იქ გაუნძრევლად იჯდა, მაგრამ, ალბათ, ნისკარტში მოიგდებდა ხოლმე რამდენიმე მწერს, პატარა სამრეკლოს კოშკურაზე, როგორც თოლია მეთევზესავით უძრავად გაჩერებული ტალღის ქოჩორზე. თავადაც არ იცოდა რატომ, ბებია მიიჩნევდა, რომ სენტ-ილერის სამრეკლოს არასდიდებით არ ეთქმოდა ვულგარული, პრეტენზიული ან მდარე, რის გამოც მას უყვარდა, და თვლიდა, რომ მდიდარი იყო თავისი კეთილისმყოფელი გავლენებით, თვითონ ბუნება, როცა მას ადამიანის ხელი, როგორც ამას პაპიდაჩემის მებაღე აკეთებდა, არ აკნინებდა, და გენიალური ნაწარმოებები. და, უდავოდ, ეკლესიის ნებისმიერი ხილული ნაწილი ყველა სხვა ნაგებობისგან იმით განსხვავდებოდა, რომ მასში ერთგვარი აზრი იყო გამჯდარი, მაგრამ სწორედ სამრეკლოთი ის თითქოსდა აცნობიერებდა საკუთარ თავს, ინდივიდუალურ და პასუხისმგებლიან არსებობას ამტკიცებდა. მის შესახებ სამრეკლო ლაპარაკობდა. მგონია, რომ ბუნდოვნად, ბებია კომბრეს სამრეკლოში პოულობდა იმას, რასაც ყველაზე მეტად აფასებდა ცხოვრებაში: ბუნებრიობასა და სინატიფეს. არქიტექტურის უცოდინარი, იტყოდა ხოლმე: „შვილებო, თუ გსურთ დამცინეთ, შეიძლება წესისამებრ მშვენიერი არ არის, მაგრამ მე მომწონს მისი ძველი, უცნაური სახე. დარწმუნებული ვარ, პიანინოს რომ უკრავდეს, მშრალად არ დაუკრავდა. და როდესაც მას უყურებდა, თვალით მიჰყვებოდა მისი ქვის ფერდობების ნაზ დაძაბულობას, მათ მგზნებარე  გადახრას, ზემოთ და ზემოთ წასულნი ერთმანეთს რომ უახლოვდებოდნენ, როგორც ლოცვისთვის შეტყუპებული ხელები, ის ისე გულით უერთდებოდა სამრეკლოს წვეტის ამოტყორცნას, რომ თითქოს მისი მზერაც ამ წვეტთან ერთად იჭრებოდა ცაში; და ამ დროს მეგობრულად უღიმოდა ძველ, გაცვეთილ ქვებს, რომელთაც დაისი მხოლოდ სულ მთლად მწვერვალს უნათებდა და რომლებიც, იმ მომენტიდან მოყოლებული, როცა მზით განათებულ არეში შედიოდნენ, შუქით დალბობილნი, უეცრად თითქოს ბევრად უფრო მაღლა ასულნი მოჩანდნენ, შორს, როგორც ფალცეტში აღებული მღერა, ერთი ოქტავით ზემოთ.

სწორედ სენტ-ილერის სამრეკლო აძლევდა ყველა საქმიანობას, ყველა საათს, ქალაქის ყველა ხედს, თავის ფორმას, გვირგვინს, კურთხევას. ჩემი ოთახიდან მხოლოდ მისი კრამიტებით დაფარული საყრდენის დანახვა შემეძლო; მაგრამ როდესაც კვირას, ზაფხულის თბილ დილას დავინახავდი მათ, როგორ ანათებდნენ შავი მზესავით, ჩემთვის ვამბობდი: „ღმერთო ჩემო! ცხრა საათია! მესაზე წასასვლელად უნდა მოვემზადო, თუ მინდა რომ ჯერ დეიდა ლეონისთან შესვლა და მისი კოცნა მოვასწრო“, და ზუსტად ვიცოდი ფერი, რომელიც მზეს მოედანზე ჰქონდა, ბაზრის სიცხე და მტვერი, მაღაზიის ფარდაგის მიერ დაფენილი ჩრდილი, სადაც, გაუთეთრებელი ტილოს სუნში, დედა შევიდოდა, ალბათ, მესის წინ, რათა რაიმე ცხვირსასახოცი შეეძინა, პატრონის დავალებით რომ უჩვენებდნენ, ვინაც გამოჯგიმული, სანამ დასაკეტად ემზადებოდა, მაღაზიის უკანა ნაწილში შემოსულიყო, რათა თავისი საკვირაო ქურთუკი ჩაეცვა და საპნით დაებანა ხელები, რომლებიც, ჩვეულებად ჰქცეოდა, რომ ყოველ ხუთ წუთში, თვით ყველაზე უფრო მელანქოლიურ გარემოებებშიც კი, საქმიანად და წვეულების წინ აცუნდრუკებული იმ კაცის იერით მოეფშვნიტა, ვისაც წარმატება ფეხდაფეხ სდევს.

როდესაც მესის შემდეგ შევდიოდით და თეოდორს ვეუბნებოდით, რომ ჩვეულებრივზე უფრო დიდი ბრიოში მოეტანა, რადგან ბიძაშვილებმა კარგი ამინდით ისარგებლეს და ჩვენთან ერთად სასაუზმოდ ტიბერზიდან ჩამოვიდნენ, ჩვენს წინ იდგა სამრეკლო, რომელსაც, ოქროსფერსა და თავად გამომცხვარს, როგორც უფრო დიდ, ნაკურთხ ბრიოშს, მზის დახეთქილი ქერქითა და წებოვანი წვეთებით, ლურჯ ცაში წაერჭო თავისი წვეტიანი ბოლო. და საღამოს, როდესაც სეირნობის შემდეგ შინ ვბრუნდებოდი და ვფიქრობდი იმ წუთზე, როცა, ძალიან მალე, მომიწევდა საღამომშვიდობისა მეთქვა დედისთვის და შემდეგ ვეღარ ვნახავდი, სამრეკლო პირიქით, ისეთი ნაზი იყო, დღის მიწურულს, რომ ფერმკრთალ ცაზე დადებულ ყავისფერი ხავერდის ბალიშს მოაგავდა, თავად ცა კი მისი დაწოლის ძალით ჩაწეულიყო, ოდნავ მეტი სიღრმე მისცემოდა, რათა ადგილი გამოეთავისუფლებინა და ახლა ისევ მის კიდეებზე მომდგარიყო; და ფრინველთა ხმები, გარშემო რომ დასტრიალებდნენ, თითქოს კიდევ უფრო ამძაფრებდნენ მის მდუმარებას, კიდევ უფრო ამაღლებდნენ მის წვეტს და რაღაც გამოუთქმელით მოსავდნენ.

მაშინაც კი, როცა საქმეზე ვიყავით გამოსულნი ეკლესიის უკან, საიდანაც მას ვერ ვხედავდით, ყველაფერი თითქოს სამრეკლოსთან მიმართებით იყო განლაგებული, ხან აქ, ხან იქ რომ აღმოცენდებოდა ხოლმე სახლებს შორის, შესაძლოა, კიდევ უფრო შთამბეჭდავი, როდესაც ამგვარად ჩნდებოდა, ეკლესიის გარეშე. რა თქმა უნდა, ბევრი სხვა სამრეკლოც არსებობს, ამაზე უფრო მშვენიერიც, თუკი მსგავს ხედებში შენიშნავ, და ჩემს მეხსიერებაში ჩაბეჭდილია სახურავებს აცდენილი სამრეკლოს ვინიეტები, თავიანთი მხატვრული ხასიათით სრულიად რომ განსხვავდება იმათგან, რომელთაც კომბრეს სევდიანი ქუჩები ქმნის. არასოდეს დამავიწყდება, ბალბეკის მეზობელ უცნაურ ნორმანდიულ ქალაქში, მეთვრამეტე საუკუნის ორი კოხტა სახლი, მრავალი თვალსაზრისით ჩემთვის ძვირფასი და სათაყვანებელი, რომელთა შორისაც, როდესაც მშვენიერი ბაღიდან უყურებ, საფეხურებად რომ ეშვება მდინარისაკენ, მათ უკან დამალული ეკლესიის გოთური წვეტი იჭრება ცად, და თითქოს ასრულებს მათ ფასადებს, ზემოდან ადგა, მაგრამ ისეთი განსხვავებულია, ძვირფასი, რგოლოვანი, ვარდისფერი, პრიალა, რომ ცხადად ხედავ, ის ისევე არაა მათი ნაწილი, როგორც რომელიმე, კოშკურისაკენ დაწვრილებული და ემალით მოჭიქული, ნიჟარის მეწამული და ქონგურებიანი წვეტი არ ეკუთვნის ორ ლამაზ, გლუვ კენჭს, რომელთა შორისას ის სანაპიროზე აღმოჩენილა. თვითონ პარიზშიც, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე უსახურ ნაწილში, ვიცი ფანჯარა, საიდანაც, პირველ, მეორე და ზოგჯერ მესამე პლანის უკანაც კი, რომელთაც რამდენიმე ქუჩის ერთმანეთზე დალაგებული სახურავები ქმნის, იისფერი ზარი მოჩანს, ზოგჯერ მოწითალო, ზოგჯერ ასევე, ატმოსფეროსგან შექმნილ ყველაზე უფრო კეთილშობილურ „ანაბეჭდებში“, ფერფლის დაწმენდილი შავი, რაიც სხვა არა არის რა, თუ არა სენტ-აუგუსტენის გუმბათი, პარიზის ამ ხედს პირანეზის რომის ზოგიერთ ხედთან რომ აახლოებს. მაგრამ ვინაიდან ვერცერთ ამ პატარა გრავიურაში, რა გემოვნებითაც არ უნდა შეესრულებინა ის ჩემს მეხსიერებას, ვერ ჩადებდა იმას, რაც დიდი ხნის წინ დავკარგე, შეგრძნებას, რომლის წყალობითაც საგანს წარმოდგენად კი არ აღვიქვამთ, არამედ გვჯერა, რომ ის უნიკალური არსებაა, რომელსაც სწორი არ მოეპოვება, არც ერთი მათგანი არ იქვემდებარებს ერთ მთლიან, უღრმეს ნაწილს ჩემი ცხოვრებისა, როგორც ამას აკეთებს კომბრეს სამრეკლოს ხედების მოგონება, ეკლესიისუკანა ქუჩებზე მყოფი ადამიანის პერსპექტივით. ვხედავდით მას ხუთ საათზე, როდესაც ფოსტაში მივდიოდით წერილების წამოსაღებად, ჩვენგან რამდენიმე სახლის დაშორებით, მარცხნივ, თავისი განცალკევებული მწვერვალით უცაბედად რომ სწევდა სახურავების ქედის ხაზს; თუ, პირიქით, მ-ამ საზრასთან რომ მივდიოდით ამბების გასაგებად, ჩვენი თვალები ქედის ისევ დადაბლებულ ხაზს მიჰყვებოდა, რაკიღა მისი სხვა კალთა ეშვებოდა, როცა ვიცოდით, რომ სამრეკლოდან მეორე ქუჩაზე უნდა შეგვეხვია; თუ, რადგან კიდევ უფრო შორს, სადგურისკენ, მივდიოდით, ირიბად ვხედავდით და ახალ წახნაგებს, ახალ ზედაპირებს გვიჩვენებდა, როგორც მყარი სხეული, როდესაც მას ბრუნვისას უჩვეულო კუთხით ვხედავთ; თუ, ვივონის ნაპირებზე მდგარნი, ვხედავდით აფსიდს, მუსკულარულად  მოკრებილსა და ამაღლებულს პერსპექტივის წყალობით, დედამიწიდან რომ ამოხეთქავდა იმ ძალისხმევის მეშვეობით, სამრეკლო რომ იღებდა, რათა თავისი წვეტი ცის გულში აეტყორცნა; ყოველთვის მას ვუბრუნდებოდით, ყოველთვის სამრეკლო გადმოჰყურებდა ყველაფერს, მოულოდნელი მწვერვალით ერთად ჰკრებდა სახლებს, ჩემს წინ აღმართული, როგორც ღმერთის თითი, რომლის სხეულიც შეიძლებოდა ადამიანების თავყრილობაში ყოფილიყო დამალული, მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ ის მათში ამერეოდა. და დღესაც კი, თუ დიდ პროვინციულ ქალაქში ან პარიზის რომელიმე უბანში, რომელსაც ცუდად ვიცნობ, გამვლელი „გზაზე დამაყენებს“ და შორს ორიენტირად საავადმყოფოს კოშკურას, მონასტრის სამრეკლოს მიმითითებს, საეკლესიო თავსაბურავის წვერი იმ ქუჩის კუთხეში რომ აღუმართავს, რომელსაც უნდა შევუყვე, საკმარისია ჩემმა მეხსიერებამ რაიმე, თუნდაც ბუნდოვანი მსგავსება იპოვოს ძვირფას, დაკარგულ ფორმასთან, რომ უცნობმა, თუკი შემობრუნდება, რათა დარწმუნდეს, რომ გზა არ ამრევია, შეიძლება, მისდა გასაოცრად, შენიშნოს, როგორ ვდგავარ იქ, ისე რომ საერთოდ დამვიწყნია დაგეგმილი სეირნობა ან საქმე, სამრეკლოს წინაშე, და ასე ვიდგები საათობით, უძრავად, და ვცდილობ გავიხსენო, ჩემს წიაღში კი დავიწყებისგან გამოხსნილ მიწებს ვგრძნობ, რომლებიც შრებიან და ხელახლა შენდებიან; მაშინ კი, და უფრო მეტი გამალებით, ვიდრე ცოტა ხნის წინ, როცა მას ვთხოვე,  გზა ესწავლებინა,  ვეძებ ჩემს გზას, ვუხვევ ქუჩის კუთხეში... მაგრამ... ეს მხოლოდ გულში...

მესიდან დაბრუნებულნი ხშირად მ. ლეგრანდენს ვხვდებოდით, ვინაც, როგორც ინჟინერი სულ პარიზს იყო მიჯაჭვული, და საზაფხულო შვებულებას თუ არ ჩავთვლით, თავის აქაურ სახლში მხოლოდ შაბათ საღამოდან მოყოლებული ორშაბათ დილამდე რჩებოდა. ის იმ ადამიანთა კატეგორიას მიეკუთვნებოდა, ვინც, მეცნიერული კარიერის გარდა, სადაც, სხვათა შორის, ბრწყინვალე წარმატებისთვის მიუღწევიათ, სრულიად განსხვავებული - ლიტერატურული, მხატვრული - კულტურითაც იწონებენ თავს, რაც, მართალია, მათ პროფესიულ სპეციალიზაციას არაფერში ადგება, მაგრამ საუბარში ერთობ გამოსადეგია. ბევრ ლიტერატორზე უფრო ნაკითხთ (მაშინ ჩვენ არ ვიცოდით, რომ მ. ლეგრანდენს მწერლის სახელიც კი ჰქონდა და ძალიან გავოცდით, როცა გავიგეთ, რომ ერთ ცნობილ კომპოზიტორს მის ლექსებზე მუსიკაც დაუწერია), ბევრ მხატვარზე უფრო მეტი „სიმსუბუქით“ დაჯილდოვებულთ წარმოუდგენიათ, რომ ცხოვრება, რომლითაც ისინი ცხოვრობენ, მათი შესაფერისი არაა და მათ ნამდვილ საქმიანობას ან რაღაც ექსცენტრიულობაშერეული გულგრილობით ეკიდებიან ან  განუხრელად და მედიდურად აღასრულებენ, ერთგვარი აგდებით, მწარე ზიზღით და სინდისიერად. მაღალი და წარმოსადეგი, ჩაფიქრებული და ლამაზი სახით, რომელსაც გრძელი, ქერა ულვაშები უმშვენებდა, და ლურჯი, ილუზიადაკარგული თვალები, უაღრესად თავაზიანი, ისეთი მოსაუბრე, რომლის მსგავსიც ჩვენს დღეში არ გვენახა, ის ჩვენი ოჯახის თვალში სამაგალითო პიროვნებად ითვლებოდა, წარჩინებულობის განსახიერებად, ვინც ცხოვრებას ყველაზე უფრო კეთილშობილური და დახვეწილი თვალსაზრისით უდგებოდა. ბებიაჩემი მხოლოდ იმას უწუნებდა, რომ მეტისმეტად კარგად ლაპარაკობდა, მეტისმეტად წიგნივით, რომ მის ენაში არ იყო ის ბუნებრიობა, რაც მის ყოველთვის თავისუფლად გამონასკვულ ბაფთა ჰალსტუხებსა და თითქმის სკოლის მოსწავლის ერთბორტიან პიჯაკს ეტყობოდა. ბებიას აოცებდა ის მგზნებარე ტირადებიც, რომლებითაც ის არისტოკრატიის, მაღალი საზოგადოების ცხოვრებისა და სნობიზმის წინააღმდეგ გამოდიოდა, „უდავოდ ის ცოდვა, რომელიც წმინდა პავლეს ჰქონდა მხედველობაში, როდესაც მიუტევებელ ცოდვაზე ლარაპაკობდა.“

ამქვეყნიური პატივმოყვარეობა იმდენად უცხო იყო ბებიაჩემისთვის, და შეიძლება ითქვას, იმდენად გაუგებარი, რომ ცოტა არ იყოს უაზროდ ეჩვენებოდა მისი ასეთი გაცხარებული გმობა. ამას გარდა, მაინცდამაინც კარგ ტონადაც არ მიაჩნდა, რომ მ. ლეგრანდენი, ვისი დაც ბალბეკთან ახლოს ქვემო ნორმანდიის დიდებულზე იყო გათხოვილი, ისეთი გაშმაგებით ესხმოდა თავს კეთილშობილებს, რომ ლამის არის საყვედურობდა რევოლუციას, რატომ ყველას ერთიანად არ დააყრევინა თავები გილიოტინაზეო.

- სალამი, მეგობრებო! - გვეტყოდა ის ჩვენსკენ მომავალი. - რა ბედნიერები ხართ, რომ დიდხანს გაჩერდებით აქ; აი, მე კი ხვალ მომიწევს პარიზისკენ, ჩემს ნიშას უნდა მივაშურო. ოჰ! - დაამატებდა, მისთვის დამახასიათებელი შეფარულად ირონიული, იმედგაცრუებული და ცოტა დაბნეული ღიმილით, - ცხადია, ჩემი სახლი ათასი უსარგებლო ნივთით არის სავსე. ყველაზე მთავარი კი აკლია, ცის ნაგლეჯი. აი ისეთი, როგორსაც აქ ვხედავთ. ეცადეთ, თქვენი ცხოვრების თავზე ყოველთვის იყოს ცის ნაგლეჯი, პატარა ბიჭო, - დასძენდა ჩემსკენ მოტრიალებული. - თქვენი ლამაზი სული გაქვთ, იშვიათი ღირსებებით შემკული, ხელოვანის ბუნება, არ მოაკლოთ ის, რაც სჭირდება.

როცა უკვე შინ დაბრუნებულებს დეიდაჩემი შეკითხვას გამოგვიგზავნიდა, მ-ამ გუპილი დაგვიანებით ხომ არ მოვიდა მესაზეო, ვერცერთი ჩვენგანი ვერ აკმაყოფილებდა მის ცნობისმოყვარეობას. ნაცვლად ამისა, კიდევ უფრო ვზრდიდით მის მღელვარებას იმის თქმით, რომ ეკლესიაში მხატვარი მუშაობდა და ჟილბერ ცუდის ასლს იღებდა ფანჯრიდან. უმალ საბაყლოში გაგზავნილი ფრანსუაზა ხელცარიელი დაბრუნდებოდა თეოდორის არყოფნის გამო, ვისი ორმაგი პროფესიაც, მგალობლისა, ეკლესიის მოვლაშიც რომ ედო წილი, და საბაყლოს დამხმარისა, ყველა წრის ხალხთან აკავშირებდა და შესაბამისად საყოველთაო ცოდნას აძლევდა.

- აჰ! - ამოიხრებდა დეიდაჩემი, - ნეტავ კი ელალის მოსვლის დრო იყოს. მხოლოდ მას შეუძლია მითხრას.

ელალი ფრიად ენერგიული, ყრუ და კოჭლი შინაბარა გახლდათ, ვინაც მ-ამ დე ლა ბრეტონრის გარდაცვალების შემდეგ „პენსიაში გავიდა“, იქ ის ბავშვობიდან იდგა მსახურად, და ეკლესიის გვერდით აიღო ოთახი, საიდანაც გამუდმებით ჩამოდიოდა, ხან ღვთისმსახურებაზე, ხან, როდესაც ღვთისმსახურება არ იყო, სალოცავად ან თეოდორის მისახმარებლად; დანარჩენი დრო ავადმყოფების მოსანახულებლად დადიოდა, ისეთებთან, როგორიც იყო დეიდაჩემი, ვისაც მესაზე ან მწუხრის ლოცვაზე მომხდარ ამბებს უყვებოდა. ელალი არ თაკილობდა, იმისთვის რომ ცოტაოდენი სხვა შემოსავალიც წაემატებინა თავის პატარა პენსიაზე, ყოფილი ბატონების ოჯახი რომ უხდიდა, დროდადრო კიურეს ან კომბრეს სასულიერი სამყაროს რომელიმე გამორჩეული პიროვნების თეთრეულისთვის მიეხედა. შავი ქსოვილის წამოსასხამის ზემოდან ის თითქმის მონაზვნურ პატარა თეთრ ჩაჩს ატარებდა,  კანის დაავადება კი მისი ლოყების ნაწილსა და კეხიან ცხვირს ბაღის ინას ცოცხალ ვარდისფერ შეფერილობას აძლევდა. მისი ვიზიტები დიდი თავშესაქცევი რამ გახდათ დეიდაჩემისთვის, ვინაც რეალურად სხვა არავის აღარ იღებდა, მ. კიურეს თუ არ ჩავთვლით. დეიდაჩემმა ყველა სხვა ვიზიტორი თანდათანობით მოკვეთა; მათი შეცოდება მდგომარეობდა იმაში, რომ ადამიანთა იმ ორი კატეგორიიდან ერთ-ერთს მიეკუთვნებოდნენ, რომლებსაც ის ვერ იტანდა. პირველნი, და უარესნი, პირველ რიგში რომ მოიშორა, იყვნენ ისინი, ვინაც ურჩევდნენ, ნუ „დასთათანებ“ საკუთარ თავსო და უქადაგებდნენ, თუნდაც მხოლოდ ნეგატიურად და ქცევის მდუმარედ დაწუნებით ან ეჭვისგამომხატველი ღიმილებით, დამღუპველ დოქტრინას, რის მიხედვითაც ცოტა მზეზე გასეირნება და ნახევრად შემწვარი ბიფშტექსი (მაშინ როცა ორი უბადრუკი ყლუპი ვიშის წყალი თოთხმეტი საათი აწვა კუჭზე!) უფრო უკეთესს გიზამს, ვიდრე საწოლში წოლა და წამლებიო. მეორე კატეგორია შედგებოდა იმ ადამიანებისაგან, ვისაც, ჩანს, სწამდა, რომ ის იმაზე სერიოზულად იყო ავად, ვიდრე თვითონ ფიქრობდა, რომ ის ისე სერიოზულად იყო ავად, როგორც თავად ამბობდა. ამგვარად, მათ, ვისაც ნება დართო, რომ ამოსულიყვნენ, გარკვეული ყოყმანის შემდეგ და ფრანსუაზას თავაზიანი თხოვნების შედეგად, და ვინც თავიანთი ვიზიტისას აჩვენებდნენ, რაოდენ უღირსნი იყვნენ ამ წყალობისა, რაკიღა კრძალვით შეჰბედავდნენ: „ხომ არ ფიქრობთ, ცოტა რომ გამოძრავდეთ, როდესაც კარგი ამინდი იქნება“, ან ვინც, პირიქით, თუ თვითონ ეტყოდა მათ: „ძალიან ცუდად ვარ, ძალიან ცუდად, ეს დასასრულია, ჩემო საბრალო მეგობრებო,“ უპასუხებდნენ, „ეჰ! როცა ჯანმრთელობა გღალატობს ადამიანს...! მაგრამ ნუ ღელავთ, კიდევ კარგა ხანი დაგრჩათ!“ როგორც პირველთ, ისე მეორეთ, შეეძლოთ დარწმუნებულნი ყოფილიყვნენ, რომ მათთვის კარი სამუდამოდ დაიკეტა. და თუ ფრანსუაზას ართობდა დეიდაჩემის თავზარდაცემული სახის ხილვა, როდესაც ის რომელიმე მათგანს თავისი საწოლიდან შენიშნავდა სენტ-ესპრის ქუჩაზე გამოსულს ან ზარის ხმას გაიგონებდა, უფრო მეტად იცინოდა, როგორც რაიმე კარგ ხრიკზე, დეიდაჩემის ყოველთვის ძლევამოსილ ეშმაკობებზე, რომელთა წყალობითაც ის მათ უკან აბრუნებდა, და გაბრუნებულების შეცბუნებულ სახეებზე, როცა მის უნახავად მიდიოდნენ, და გულის სიღრმეში აღტაცებული იყო თავისი ქალბატონით, ვისაც ყველა ამ ხალხზე მაღლა მდგომად თვლიდა, ვინაიდან მათი მიღება არ უნდოდა. ერთი სიტყვით, დეიდაჩემი მოითხოვდა, რომ მნახველს ერთდროულად ეღიარებინა მისი რეჟიმი, თანაეგრძნო ტანჯვის გამო, და მის მომავალზე გამამხნევებელი მოსაზრებები გამოეთქვა.

ამაში ელალის ბადალი არ მოეძებნებოდა. დეიდაჩემს შეიძლება ოცჯერ ეთქვა ერთ წუთში: „ეს დასასრულია, ჩემო საბრალო ელალი“, ელალი ოცჯერვე უპასუხებდა: „თქვენ ისე იცნობთ თქვენს ავადმყოფობას მადამ ოქტავ, რომ ას წლამდე მიაღწევთ, ას წლამდე, როგორც გუშინ მ-ამ საზრენი მეუბნებოდა.“ (ელალის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე რწმენათაგანი, და რის შერყევაც ვერაფერმა შეძლო, მათ შორის, ვერც გამოცდილებით ნაჩვენებმა უარყოფის შთამბეჭდავმა  რიცხვმა, გახლდათ ის, რომ მ-ამ საზრას მ-ამ საზრენი ერქვა.)

- სულაც არ ვთხოულობ ას წლამდე სიცოცხლეს, - უპასუხებდა დეიდაჩემი, ვისაც ერჩივნა მისი სიცოცხლის დღენი არ ყოფილიყო განსაზღვრული რაიმე ვადით.

და რადგანაც ელალიმ ამასთან ერთად ყველაზე უკეთ იცოდა ისიც, თუ როგორ გაერთო დეიდაჩემი ისე, რომ არ გადაეღალა, მისი ვიზიტები, რომლებიც რეგულარულად, ყოველ  კვირა დღეს ხორციელდებოდა, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ შეუშლიდა ხელს, დეიდაჩემისთვის დიდი სიამოვნება გახლდათ, მათი მოლოდინი კი ასეთ დღეებში ჯერ სასიამოვნო იყო, შემდეგ მალევე მტანჯველიც ხდებოდა, როგორც მეტისმეტი შიმშილობა, თუ ელალის ცოტა შეაგვიანდებოდა. თუ დიდხანს გაგრძელდებოდა, ელალის მგზნებარე მოლოდინი ნამდვილ წამებად გადაიქცეოდა ხოლმე, დეიდაჩემი გამუდმებით საათს შესცქეროდა, ამთქნარებდა, თავს ძალიან სუსტად გრძნობდა. ელალის ზარის ხმა, თუკი მთლად დღის ბოლოს გაისმოდა, როცა უკვე საერთოდ გადაწურული ჰქონდა იმედი, თითქმის ცუდად ხდიდა. სინამდვილეში, კვირას ის მხოლოდ ამ ვიზიტზე ფიქრობდა და როგორც კი საუზმობა მომთავრდებოდა, ფრანსუაზას ერთი სული ჰქონდა, მალე დაგვეტოვებინა სასადილო ოთახი, რომ თვითონ დეიდაჩემთან ასულიყო და რაიმეთი „დაეკავებინა“. მაგრამ (განსაკუთრებით კომბრეში მზიანი ამინდების გამოსვლიდან მოყოლებული) კარგა ხანი გავიდოდა მას შემდეგ, რაც შუადღის მედიდური საათი, სენტ-ილერის სამრეკლოდან დაშვებული, რომელიც მან ხმოვანი გვირგვინის თორმეტი წამიერი როზეტით შეამკო, ჩვენი მაგიდის გარშემო გაისმოდა, ნაკურთხი პურის გვერდით, ჩვეულებისამებრ ასევე რომ მოსულიყო ეკლესიიდან, ჩვენ კი ისევ ვისხდებოდით წინ ათას ერთი ღამის თეფშებით, ფრიად გაჭირვებაში ჩავარდნილნი სიცხისა და მსუყე-მსუყე საჭმელების გამო. რადგანაც, კვერცხების, კატლეტების, კარტოფილების, მურაბების, ბისკვიტების მუდმივ საფუძველს, რომელთა შესახებ ის აღარც გვაცნობებდა, ფრანსუაზა უმატებდა - იმის მიხედვით, თუ რა მოსავალს მოგვცემდა მინდვრები და ბაღები, ზღვის ახალი თევზის ხილს, იღბლიანი ვაჭრობის ნაყოფს, მეზობელთა ძღვენს და საკუთარ გენიას, და იმდენად კარგად, რომ ჩვენი მენიუ, როგორც ოთხფოთოლები, მეცამეტე საუკუნეში ტაძრების შესასვლელებზე რომ აქანდაკებდნენ ხოლმე, რაღაც მხრივ სეზონების რითმსაც ასახავდა და ყოველდღიური ცხოვრების ეპიზოდებსაც - : კამბალა, იმიტომ რომ გამყიდველი ქალი თავს სდებდა, ახალიაო, ინდაური, იმიტომ რომ რუსენვილ-ლე-პენის ბაზარში ნამდვილ მშვენებას გადააწყდა, ესპანური არტიშოკები ძვლის ტვინით, იმიტომ რომ ასე მომზადებული ჯერ არ გვეჭამა, შემწვარი ცხვრის ბარკალი, იმიტომ რომ სუფთა ჰაერი მადას აღვიძებს და შვიდი საათი საკმარისი დრო იყო, რომ „ჩასულიყო“, ისპანახი მრავალფეროვნებისთვის, გარგარი იმიტომ რომ ჯერ კიდევ იშვიათობა გახლდათ, ხურტკმელი იმიტომ, რომ ორ კვირაში საერთოდ მოილეოდა, ჟოლო მ. სვანმა მოიტანა, საგანგებოდ, ალუბალი, იმ ხიდან, რომელიც აგერ უკვე ორი წელია აღარ იძლეოდა ნაყოფს, და როგორც იქნა, ისევ მოისხა, ნაღების ყველი, რომელიც ერთ დროს ძალიან მიყვარდა, ნუშის ნამცხვარი, რადგან წინადღსით შეუკვეთა, ბრიოში, რადგან ახლა ჩვენი ჯერი იყო მისი ეკლესიაში წაღებისა. როცა ეს ყველაფერი მოთავდებოდა, სუფრაზე გამოჩნდებოდა, საგანგებოდ ჩვენთვის მომზადებული, მაგრამ სპეციალურად მამაჩემისთვის მიძღვნილი, რომელიც დიდი მოყვარული გახლდათ, შოკოლადის კრემი, ფრანსუაზას პირადი შთაგონებისა და მზრუნველობის ნაყოფი, ეფემერული და მსუბუქი, როგორც კონკრეტული შემთხვევისთვის შეთხზული ნაწარმოები, სადაც მთელი თავისი ნიჭი ჩადო. თუკი ვინმე მის გასინჯვაზე უარს განაცხადებდა სიტყვებით: „მე უკვე დავამთავრე, აღარ მშია“, უმალ იმ გაუნათლებელ რეგვენთა დონეზე დაქვეითდებოდა, ვინც თვით საჩუქარშიც კი, ხელოვანმა თავისი ქმნილებებიდან რომ უსახსოვრა, წონასა და მასალას უყურებს, მაშინ როცა მნიშვნელოვანი მხოლოდ განზრახვა და ხელმოწერაა. ერთი პატარა წვეთიც რომ დაგეტოვებინა თეფშზე, ისეთივე უზრდელობას გამოიჩენდი, როგორც მუსიკალური ნაწარმოების დამთავრებამდე პირდაპირ კომპოზიტორის ცხვირწინ რომ წამომდგარიყავი.

ბოლოსდაბოლოს დედა მეტყოდა: „გაიქეცი, სულ აქ ხომ არ დარჩები, ადი შენს ოთახში თუ გარეთ ძალიან გცხელა, მაგრამ მანამდე ჯერ ცოტა სუფთა ჰაერი ჩაყლაპე, რომ ჭამის შემდეგ მაშინვე კითხვა არ დაიწყო.“ მე საქაჩთან და მის წყალსატევთან ჩამოვჯდებოდი, ხშირად გოთური შრიფტივით რომ იყო ორნამენტირებული სალამანდრით, უხეშ ქვაზე თავისი ალეგორიული და ბოლოსკენ დაწვრილებული მოძრავი რელიეფით რომ იკვეთებოდა, იასამნით დაჩრდილულ უზურგო სკამზე, ბაღის ამ პატარა კუთხეში, მოსამსახურეებისთვის განკუთვნილი კარით სენტ-ესპრის ქუჩაზე რომ გადიოდა და რომლის მოუვლელი მიწიდან ორი საფეხურზე, სახლიდან დამოუკიდებელ ნაგებობად გამოშვერილი, სამზარეულოს უკანა ნაწილი იდგა. მისი წითელი ფილებით დაგებული იატაკი პორფირივით ბზინვარებდა. ფრანსუაზას ბუნაგზე უფრო ის ვენერას ტაძარს მიაგავდა და გადავსებული იყო მერძევის, მეხილის, ბოსტნეულით მოვაჭრის შესაწირავით, ხშირად საკმაოდ მოშორებული დასახლებებიდან რომ მოდიოდნენ, რათა თავიანთი მინდვრების პირველი მოსავალი ეძღვნათ ქალღმერთისთვის. მის სახურავის კეხს კი ყოველთვის  გვირგვინად ედგა მტრედის ღუღუნი.

ადრე, ამ წმინდა ტყეში, გარს რომ ერტყა, დიდხანს არასდროს ვჩერდებოდი, რადგან, სანამ ზემოთ საკითხავად ავიდოდი, პატარა ოთახში შევიდოდი ხოლმე, რომელსაც ბიძაჩემი ადოლფი, პაპაჩემის ძმა, ძველი სამხედრო, ვისაც თავისი მსახურობის დასრულებისას მაიორის ჩინი ჰქონდა, პირველ სართულზე იკავებდა; ეს ოთახი, სადაც, მაშინაც კი, როცა ღია ფანჯრებიდან დღის სიცხე შემოდიოდა, თუ მთლად მზის სხივები არა, რომლებიც იქამდე იშვიათად აღწევდა, ამოუწურავად გამოყოფდა იმ ბნელსა და გრილ სუნს, ერთდროულად ტყისა და ძველი რეჟიმისას, გრძელ ოცნებებში რომ წაიღებს ხოლმე ნესტოებს, როცა ზოგიერთ მიტოვებულ სანადირო სადგომებში შეაბიჯებ. მაგრამ ბიძაჩემ ადოლფის ოთახში უკვე წლებია აღარ შევდიოდი - ის აღარ ჩამოდიოდა კომბრეში იმ უთანხმოების გამო, მასსა და ჩემიანებს შორის რომ მოხდა ჩემი მიზეზით, შემდეგ გარემოებებში:

თვეში ერთხეულ თუ ორჯერ, პარიზში, მასთან სტუმრად გამგზავნიდნენ ხოლმე, როცა ის, უბრალო ქურთუკში გამოწყობილი, თავის საუზმეს ამთავრებდა, მაგიდასთან კი იისფერ-თეთრ ზოლიანი ტიკის სამუშაო ქურთუკში გამოწყობილი მსახური ტრიალებდა. ბუზღუნებდა, რომ დიდი ხანია არ მივსულვარ, რომ საერთოდ მივატოვეთ; მარციპანს ან მანდარინს შემომთავაზებდა, გადავკვეთდით სასტუმრო ოთახს, სადაც არასდროს ჩერდებოდა, სადაც არასდროს ენთო ცეცხლი, სადაც კედლები გაფორმებული იყო მოოქროვილი ჩუქურთმებით, ჭერი მოხატული ლურჯად და ვითომ ცას განასახიერებდა, ავეჯი კი სატინით გადაკრული, როგორც ბებია-პაპასთან, მაგრამ ყვითელი; შემდეგ „სამუშაო კაბინეტში“ შევიდოდით, როგორც თვითონ უძახდა: კედლებზე ეკიდა გრავიურები, რომლებიც შავ ფონზე წარმოგვიდგენდა, როგორ ატარებდა ხორციანი ვარდისფერი ქალღმერთი ეტლს, მეორეგან გლობუსზე იდგა, მესამეგან შუბლზე ვარსკვლავი ჰქონდა; მსგავსი სურათები ძალიან უყვარდათ მეორე იმპერიის პერიოდში, რადგან მიაჩნდათ რომ მათში რაღაც პომპეისებური იყო, შემდეგ შეიძულეს, ახლა ისევ პოპულარული ხდებოდა, ერთი და იმავე მიზეზის გამო, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ათას სხვას ასახელებდნენ, კერძოდ იმის გამო, რომ ისინი მეორე იმპერიას გახსენებენ. და მე ბიძაჩემთან ვრჩებოდი მანამდე, სანამ მისი მსახური არ მოვიდოდა და მეეტლის სახელით არ ჰკითხავდა, ეტლი როდისთვის გავამზადოო. ბიძაჩემი ღრმა მედიტაციაში ჩაიძირებოდა, მისი განცვიფრებული მსახური კი, გატოკებასაც რომ ვერ ბედავდა, ვაითუ ხელი შევუშალო ფიქრშიო, დიდის ცნობისმოყვარეობით ელოდა პასუხს, ყოველთვის ერთსა და იმავეს. ბოლოს, ფრიადი ყოყმანის შემდგომ, ბიძაჩემი უცილობლად ამ სიტყვებს წარმოთქვამდა: „ორ საათსა და თხუთმეტ წუთზე“, რასაც მისი მსახური გაოცებით, მაგრამ შეუკამათებლად გაიმეორებდა: „ორ საათსა და თხუთმეტ წუთზე? კარგით... წავალ და ვეტყვი...“

იმხანად თეატრზე ვიყავი შეყვარებული, პლატონურად შეყვარებული, რადგანაც მშობლებს აქამდე არ დაერთოთ ჩემთვის ნება, რომ იქ წავსულიყავი, და იმდენად არაზუსტი იყო ჩემი წარმოდგენა იმ სიამოვნებების შესახებ, რაც თეატრში შეიძლებოდა გეგემა, რომ არც ისე შორს ვიყავი აზრისგან, რომ თვითეული მაყურებელი, როგორც სტერეოსკოპში, მხოლოდ მისთვის გაწყობილ სცენას უყურებდა, თუმცაღა ათასი სხვა სცენის მსგავსს, რომელთაც, თვითეული თავისთვის, დანარჩენი მაყურებლები უყურებდნენ.

ყოველ დილით მორისის სვეტთან მივრბოდი, რათა მენახა, რა სპექტაკლებზე გვაუწყებდნენ. არაფერი იყო იმაზე უფრო უანგარო და ბედნიერი, ვიდრე ოცნებები, ჩემში თვითეული მასზე გამოცხადებული პიესა რომ აღძრავდა, რომლებსაც ერთდროულად განაპირობებდა სათაურის სიტყვებისგან განუყოფელი სურათები და ჯერ კიდევ სველი, წებოსგან დაბურცული აფიშების ფერი, რომლებზეც სათაური ჩნდებოდა. თუ მაინცადამაინც ერთ-ერთი ისეთი უცნაური ნაწარმოებები არ იყო, როგორიცაა „ცეზარ ჟიროდოს ანდერძი“ ან „ოედიპოს მეფე“, რომლებიც ოპერა-კომიკის მწვანე აფიშაზე კი არა, კომედი-ფრანსეზის ღვინისფერ აფიშაზე იქნებოდა წაწერებული,  მეგონა, არაფერი განსხვავდებოდა „გვირგვინის ბრილიანტების“ მბრწყინავ თეთრ ჯიღისგან ისე, როგორც „შავი დომინოს“ იდუმალი სატინი, და, რადგანაც მშობლებმა მითხრეს, რომ როცა პირველად წავიდოდი თეატრში, ამ ორი პიესიდან ერთ-ერთზე უნდა გამეკეთებინა არჩევანი, როცა ვცდილობდი, ხან ერთი მათგანის სათაური მეკვლია, ხან მეორისა, რადგანაც მათი მხოლოდ სათაური ვიცოდი, რათა განმეჭვრიტა თვითეულში ის სიამოვნება, რომელსაც ის მპირდებოდა და მეორეში დამალული სიამოვნებისათვის შემედარებინა, ისეთი ძალით წარმოვიდგენდი ერთის მხრივ თვალისმომჭრელსა და სიამაყით გამსჭვალულ, მეორეს მხრივ კი ნაზ, ხავერდოვან პიესას, რომ ისე უძლური ვიყავი გადამეწყვიტა, რომელზე წასვლა მერჩია, თითქოს დესერტისთვის ბრინჯის ტორტ „à l'impératrice“-სა და შოკოლადის კრემს შორის უნდა გამეკეთებინა არჩევანი.

ყოველი ჩემი საუბარი მეგობრებთან მსახიობებს შეეხებოდა, რომელთა ხელოვნებაც, თუმცაღა ჯერ კიდევ უცნობი ჩემთვის,  იყო პირველი ფორმა, ყველა იმათ შორის, ის რომ იღებს, რისი მეშვეობითაც ხელოვნება მომევლინა და წინსწრებით მაგრძნობინა, თუ რა არის ის. მანერა, რომლითაც მსახიობი თავის სიტყვას წარმოთქვამდა, ან ტირადას ნიუანსირებდა, ყველაზე უფრო უმნიშვნელო განსხვავებები, მეჩვენებოდა, რომ წარმოუდგენელი მნიშვნელობისა იყო. და იმისდა მიხედვით, თუ რა მითხრეს მათზე, მსახიობებს ნიჭის მიხედვით ვალაგებდი და მთელი დღე შეუჩერებლივ ვიმეორებდი ამ სიებს, რომლებიც ბოლოს მყარად მებეჭდებოდა ტვინში და მას თავიანთი უძრაობით აბრკოლებდა.

მოგვიანებით, სკოლაში ყოფნისას, ყოველ ჯერზე, როცა გაკვეთილების დროს ახალ მეგობართან ვიწყებდი მიწერ-მოწერას, როგორც კი მასწავლებელი თავს მიაბრუნებდა, პირველი ყოველთვის იმას ვეკითხებოდი, ნამყოფი იყო თუ არა თეატრში და ფიქრობდა თუ არა, რომ ყველაზე დიდი მსახიობი გოტი იყო, მეორე დელონე და ა.შ. და თუ მისი აზრით, ფევრი მხოლოდ ტირონის შემდეგ მოდიოდა, ან დელონე მხოლოდ კოკლენის შემდეგ, მოულოდნელი მობილურობა, რომელსაც კოკლენი იძენდა, მას შემდეგ, რაც ქვის უძრაობას დაკარგავდა, რათა მეორე ადგილზე გადაენაცვლა, და გასაოცარი სიმკვირცხლე, ნაყოფიერი ცხოველუნარიანობა, დელონეს რომ ენიჭებოდა მეოთხეზე ჩამოსასვლელად, ჩემს კვლავაც მოქნილსა და განაყოფიერებულ ტვინში სიცოცხლის გაფურჩქვნის შეგძნებას ბადებდა.

მაგრამ თუ მამაკაცი მსახიობები ასე იპყრობდნენ ჩემს გონებას, თუ შუადღისით ფრანგული თეატრიდან გამოსული მობანის ხილვამ ლამის ფეხები მომკვეთა და სისიყვარულო ტანჯვები დამატეხა, რაოდენ იოლად, რაოდენ ხანგრძლივად დამიკარგავდა მოსვენებას თეატრის კარზე აბრიალებული ვარსკვლავის სახელი, ქუჩაში მიმავალი კარეტის (ცხენების თავთასმებზე გაყვავებული ვარდებით) ფანჯარაში ქალის სახის დანახვა, თუ ვიფიქრებდი, რომ ეს ქალი მსახიობია, რაოდენ მტანჯველი იქნებოდა ჩემი უძლურება, რომ მისი ცხოვრება წარმომედგინა! ყველაზე უფრო სახელგანთქმულებს მათი ნიჭიერების მიხედვით ვალაგებდი: სარა ბერნარი, ბერმა, ბარტე, მადლენ ბროანი, ჟანა სამარი, მაგრამ მე ყველა მაინტერესებდა. და აი, ბიძაჩემი ბევრ მათგანს იცნობდა, მათ შორის კურტიზანებსაც, ვისაც მსახიობებისაგან მთლად ვერ ვანსხვავებდი. მათ სახლში იღებდა ხოლმე. და თუ მხოლოდ გარკვეულ დღეებში მივდიოდით მის სანახავად, ეს იმიტომ, რომ სხვა დღეებში მოდიოდნენ ქალები, ვისაც მისი ოჯახი ვერ შეხვდებოდა, ყოველ შემთხვევაში, ოჯახში ასე ფიქრობდნენ, რადგან, თვითონ ბიძაჩემი, პირიქით, დიდის ხალისით იჩენდა თავაზიანობას მშვენიერი ქვრივების მიმართ, ალბათ, არც არასდროს რომ არ ყოფილან დაქორწინებულნი, და გრაფის მეუღლეების მიმართაც, ხმამაღალი სახელებით, რომლებიც, ცხადია, მხოლოდ მოგონილი იყო, და ბებიაჩემს წარუდგენდა ხოლმე ან საერთოდაც ოჯახის სამკაულებს ჩუქნიდა, რის გამოც უკვე რამდენიმეჯერ მოუვიდა ჩხუბი პაპაჩემთან. ხშირად, როდესაც საუბარში რომელიმე მსახიობი ქალის სახელი გაიჟღერებდა, მესმოდა, როგორ ეუბნებოდა მამა დედას ღიმილით: „ბიძაშენის მეგობარი“, და მე ვფიქრობდი, რომ გამოსაცდელ ვადას, ბევრი მნიშვნელოვანი პიროვნებისათვის, ალბათ, წლების მანძილზე ფუჭად რომ გადიოდა ასეთი ქალის კართან, ვინც მათ წერილებს არ პასუხობს და კონსიერჟს ავალებს, გააგდეო, ბიძაჩემი სულ მარტივად აარიდებდა ჩემისთანა ბიჭს, თუკი თავის სახლში წარმადგენდა მსახიობთან, სხვებისთვის მიუწვდომელი რომ იყო, მისი კი ახლო მეგობარი.

 ამგვარად, - იმ საბაბით, რომ ერთი გადაადგილებული გაკვეთილი ისე ცუდ დროს მოდიოდა, რომ უკვე რამდენიმეჯერ ვეღარ მოვახერხე ბიძაჩემის ნახვა - ერთ მშვენიერ დღეს, რომელიც ჩვენი სტუმრობებისთვის განკუთვნილ დღეებში არ შედიოდა, ვისარგებლე იმით, რომ ჩემებმა ადრიანად ისაუზმეს, გამოვედი სახლიდან და ნაცვლად იმისა, რომ აფიშების სვეტის სანახავად წავსულიყავი, რისთვისაც მარტო მიშვებდნენ ხოლმე, პირდაპირ ბიძაჩემისკენ გავეშურე, სირბილით. მის კართან ორცხენიანი ეტლი შევნიშნე. ცხენებს თვალსაფარებზე მიხაკები ჰქონდათ გარჭმული, მეეტლეს - საღილეში. კიბიდან სიცილი და ქალის ხმა გავიგონე, და, როგორც კი ზარი დავრეკე, ჯერ სიჩუმე, შემდეგ კი კარების დაკეტვის ხმა. მსახურმა კარი გააღო და ჩემი დანახვისას, ჩანდა, შეცბუნდა, მითხრა, რომ ბიძაჩემი ძალიან დაკავებული იყო, ალბათ, ვერ შეძლებდა ჩემს მიღებას და როდესაც შებრუნდა, რათა ყოველი შემთხვევისთვის მისთვის ეცნობებინა, იმავე ხმამ, რომელიც მე გავიგონე, თქვა: „ო, კი! აუცილებლად შემოუშვი; მხოლოდ ერთი წუთით, ძალიან გამამხიარულებს. იმ ფოტოსურათში, სამუშაო მაგიდაზე რომ გიდევს, ისე ძალიან ჰგავს დედამისს, შენს ძმისშვილის; ეგ ხომ დედამისის ფოტოსურათია, გვერდით, არა? ძალიან გამიხარდება მისი ნახვა. მხოლოდ ერთი წამით.  ამ ბიჭუკელასი.“

გავიგონე, როგორ ბურტყუნებდა ბიძაჩემი, თან ბრაზობდა; ბოლოს მსახური შიგნით შემიძღვა.

მაგიდაზე, ჩვეულებისამებრ მარციპანიანი თეფში იდგა; ბიძაჩემს თავისი ყოველდღიური ქურთუკი ეცვა, მაგრამ მის მოპირდაპირედ, ვარდისფერი აბრეშუმის კაბაში, ყელზე მარგალიტების მძივით, იჯდა ახალგაზრდა ქალი, რომელიც მანდარინის ჭამას ამთავრებდა. აღმოვჩნდი გაურკვევლობაში, რადგან არ ვიცოდი, მისთვის მადამით უნდა მიმემართა თუ მადმუაზელით, რის გამოც გავწითლდი, და რადგანაც შიშით, რომ მასთან ლაპარაკი მომიწევდა, იქითკენ გახედვას ვერ ვბედავდი, ბიძაჩემის საკოცნელად წავედი. ქალი მომღიმარი მიყურებდა,  ბიძაჩემმა უთხრა: „ჩემი ძმიშვილი,“ ისე რომ ჩემი სახელი არ უთქვამს, არც მისი, ალბათ, იმიტომ, რომ პაპაჩემთან უსიამოვნებების შემდეგ ცდილობდა ყველანაირი დაკავშირებები მის ოჯახსა და მსგავს ნაცნობებს შორის მაქსიმალურად აერიდებინა თავიდან.

- როგორ ჰგავს დედამისს! - თქვა მან.

- მაგრამ თქვენ არასდროს გინახავთ ჩემი ძმიშვილი, ფოტოსურათებს თუ არ ჩავთვლით, - უპასუხა ბიძაჩემმა მკვახედ.

- უკაცრავად, ძვირფასო,  შარშან კიბეზე შემხვდა, როცა ასე ცუდად იყავით. მართალია მხოლოდ წამით მოვკარი თვალი და ისიც თქვენი კიბის სიბნელეში, მაგრამ ესეც საკმარისი იყო, რომ მისით აღვფრთოვანებულიყავი. ამ ახალგაზრდას ისეთივე ლამაზი თვალები აქვს, და ასევე ეს, - თქვა და თან თითი შუბლის ქვედა ნაწილზე გაისვა. ქალბატონი თქვენი ძმიშვილიც თქვენი გვარისაა, ძვირფასო მეგობარო? - ჰკითხა ბიძაჩემს.

- ყველაზე მეტად მამამისს ჰგავს, - ჩაიბურდღუნა ბიძაჩემმა, ვისაც ისევე აღარ ეხალისებოდა მათი შორიდან გაცნობა გვარის თქმით, როგორც ახლოდან. -პირწავარდნილი მამამისია და ასევე საწყალი დედაჩემი.

- მამამისს არ ვიცნობ, - თქვა ვარდისფერმა ქალბატონმა, თან თავი ოდნავ გადახარა, საწყალ დედათქვენს კი არასდროს ვიცნობდი, ძვირფასო. ხომ გახსოვთ, თქვენი მწუხარებიდან მალევე გაგიცანით.

ცოტა იმედგაცრუებული ვიყავი, რადგან ეს ახალგაზრდა ქალი არ განსხვავდებოდა სხვა ლამაზი ქალებისაგან, ზოგჯერ ჩვენთან სახლში რომ ვნახულობდი, კერძოდ, ერთ-ერთი ჩვენი ბიძაშვილის ქალიშვილისაგან, ვისთანაც ყოველ ახალ წელს მივდიოდი ხოლმე. ერთი ეგაა, უკეთესად ჩაცმულს, ბიძაჩემის მეგობარს ისეთივე ცოცხალი და კეთილი გამოხედვა ჰქონდა, მასავით გულღია და მოსიყვარულე იყო. მასში ვერაფერი აღმოვაჩინე იმ თეატრალური გარეგნობისა, ასე რომ აღმაფრთოვანებდა მსახიობების ფოტოსურათებში, ის ეშმაკური გამოხედვა, რომელიც შესატყვისობაში იქნებოდა მის ცხოვრებასთან. მიჭირდა იმის დაჯერება, რომ ეს ქალი კურტიზანი იყო და მითუმეტეს ვერაფრით დავიჯერებდი, რომ ელეგანტური კურტიზანი იქნებოდა, მისი ორცხენიანი ეტლი რომ არ მენახა, მისი ვარდისფერი კაბა, მარგალიტების მძივი, და რომ არ მცოდნოდა, რომ ბიძაჩემი მხოლოდ მათ შორის ყველაზე გამორჩეულებთან მეგობრობდა. მაგრამ ვერ გამეგო, რა სიამოვნებას პოულობდა მილიონერი, ვინც მას ეტლს, სახლს, სამკაულებს აძლევდა, რომ თავის სიმდიდრეს ასეთ უბრალო და წესიერ ქალზე ფლანგავდა. და მაინც, როცა ვფიქრობდი იმაზე, თუ როგორი უნდა ყოფილიყო მისი ცხოვრება, ამ ცხოვრების ამორალურობა იმაზე უფრო მეტად მაწუხებდა, ვიდრე მაშინ, კონკრეტიზებული სახით რომ წარმდგარიყო ჩემს წინაშე, - რადგან ის ასეთი უჩინარი იყო, როგორც საიდუმლოება რომელიმე რომანისა ან სკანდალისა, რის გამოც იგი თავისი ბურჟუა მშობლების სახლიდან გამოაგდეს და საზოგადოებას შესწირეს, რომელმაც მისი სილამაზე გაფურჩქნა და დემიმონდის სიმაღლეზე აიყვანა, საქვეყნოდ ცნობილი გახადა, ეს ქალი, ვისი სახის მიმიკები, ინტონაციები, ბევრი სხვა ჩემთვის უკვე ნაცნობი ქალისას რომ ჰგავდა, უნებურად მაფიქრებინებდა, რომ ეს იყო ქალიშვილი კარგი ოჯახიდან, თუმცაღა მას უკვე აღარ ჰყავდა ოჯახი.

„სამუშაო კაბინეტში“ გადავინაცვლეთ, და ბიძაჩემმა, რომელიც უხერხულად გრძნობდა თავს ჩემი იქ ყოფნის გამო, ქალს სიგარეტი შესთავაზა.

- არა, - თქვა მან, - ძვირფასო, ხომ იცით ამ ბოლო დროს დიდი ჰერცოგის გამოგზავნილებს მივეჩვიე. ვუთხარი, რომ ეჭვიანობთ. და პორტსიგარიდან უცხო ენით, ოქროსფერი წარწერებით დაფარული სიგარეტები ამოიღო. „მაგრამ, როგორ არა, - უეცრივ დაამატა, - მგონი ნამდვილად შევხვედრივარ ამ ახალგაზრდა კაცის მამას თქვენთან. თქვენი ძმიშვილი არაა? როგორ დამავიწყდა! ის ისეთი კარგი, ისეთი დახვეწილი იყო,“ - თქვა მან მოკრძალებით და თბილად. მაგრამ როცა ვფიქრობდი იმაზე, რასაც ეს ქალი დახვეწილს უწოდებდა და, დიდის ალბათობით, მამაჩემის უხეში მისალმება იყო, მე, ვინც კარგად ვუწყოდი, მისი თავდაჭერილობისა და სიცივის ამბავი, უხერხულად ვიგრძენი თავი, - თითქოს მამაჩემი მართლა არათავაზიანად მოქცეულიყო, - იმ შეუსაბამობის გამო, რაც გადაჭარბებულ მადლიერებასა და არასაკმარის გულითადობას შორის არსებობდა. მოგვიანებით შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ამ უსაქმო და დაუზარელი ქალების როლის ერთ-ერთი ყველაზე გულისამაჩუყებელი მხარე ისაა, რომ თავიანთ გულუხვობას, თავიანთ ტალანტს, გრძნობისმიერი სილამაზის თავისუფალ ოცნებას - რადგან, როგორც ხელოვანები, ისინი მას ხორცს არ ასხავენ, არ შემოაქვთ საერთო ცხოვრების ჩარჩოში - და ოქროს, ძვირი რომ არ უჯდებათ, ახმარენ იმას, რომ ძვირფასი და დახვეწილი ბუდით დაამშვენონ მამაკაცების უხეში და დაუხვეწავი ცხოვრება. და როგორც ეს ავსებდა მოსაწევ ოთახს, სადაც ბიძაჩემს ქურთუკჩაცმულს მიეღო იგი, თავისი ნაზი სხეულით, ვარდისფერი კაბით, მარგალიტებით, ელეგანტურობით, დიდი ჰერცოგის მეგობრობიდან რომ გამოსხივდებოდა, ასევე მან აიღო მამაჩემის ნათქვამი რამდენიმე უმნიშვნელო წინადადება, ნატიფად დაამუშავა, „მოჭრა“, ძვირფასი სახელი მისცა და მათში ერთ-ერთი თავისი, ასე მშვენიერი წყლის, გამოხედვის ჩასმით, თავმდაბლობითა და მადლიერებით რომ იყო დაფერილი, ხელოვნების ნიმუშად აქცია, გამორჩეულ სამკაულად, „სრულიად დახვეწილ“ რამედ.

- აბა, მოვიდა შენი წასვლის დრო, - მითხრა ბიძაჩემმა.

მე წამოვდექი, დაუძლეველ სურვილს ვგრძნობდი, ვარდისფერი ქალბატონისთვის ხელზე მეკოცნა, მაგრამ ეს მოტაცებასავით თავხედურ რამედ მეჩვენებოდა. ჩემი გული გაცხარებით ცემდა, როცა საკუთარ თავს ვეკითხებოდი: „უნდა გავაკეთო ეს თუ არ უნდა გავაკეთო“-მეთქი, შემდეგ შევწყვიტე იმის კითხვა, თუ რა უნდა გამეკეთებინა, რათა შემძლებოდა, რომ საერთოდ რამე გამეკეთებინა. და შემდეგ, ბრმა და უმეცარი ჟესტით, რომელიც ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული, ცოტა  ხნის წინ მის სასარგებლოდ რომ ვპოულობდი, ბაგეებთან მივიტანე ხელი, რომელსაც ის მიწვდიდა.

- როგორი საყვარელია! როგორი გალანტური! და ქალებსაც უკვე ყურადღებას აქცევს: ბიძას ჰგავს. ნამდვილი ჯენტლმენი იქნება, - დაამატა მან და კბილი კბილს დააჭირა, რათა ფრაზისთვის ოდნავ ბრიტანული აქცენტი მიეცა. ცუდი არ იქნებოდა, თუ ერთ დღეს ჩემთან შემომივლიდა a cup of tea დაგველია, როგორც ჩვენი მეზობელი ინგლისელები ამბობენ. საკმარისია დილით „ლურჯი“ გამომიგზავნოს.

მე არ ვიცოდი, რა იყო ეს „ლურჯი“. და ქალბატონის ნათქვამში ნახევარი ვერ გავიგე, მაგრამ იმის შიშით, რომ მათში რაღაც შეკითხვა იმალებოდა, რომელზე უპასუხობაც უზრდელობა იქნებოდა, მთელი გულისყურით ვუსმენდი და ამის გამო ძალიან დავიღალე.

- არა, შეუძლებელია, - თქვა ბიძაჩემმა მხრების აჩეჩვით, ძალიან დაკავებულია, ძალიან ბევრს მუშაობს. სკოლაში პრიზს პრიზზე იგებს, - დაამატა დაბალ ხმაზე, რათა ეს ტყუილი არ გამეგონა და არ შევწინააღმდეგებოდი. - ვინ იცის, იქნებ ერთ დღესაც მისგან პატარა ვიქტორ ჰიუგო გამოვიდეს, მეორე ვოლაბელი.

- ვაღმერთებ ხელოვანებს, - უპასუხა ვარდისფერმა ქალბატონმა, მხოლოდ მათ ესმით ქალების... მათ და თქვენსავით წარჩინებულ ადამიანებს. მაპატიეთ ჩემი უვიცობა, მეგობარო. მაგრამ, ვინ არის ვოლაბელი? ეს ისაა, მოვარაყებული ტომეულები რომ გიწყვიათ თქვენი ბუდუარის პატარა მინებიან წიგნების კარადაში? ხომ იცით, დამპირდით, რომ მათხოვებდით მათ, ძალიან მოვუფრთხილდები.

ბიძაჩემმა, ვისაც სძულდა წიგნების თხოვება, არაფერი უპასუხა და წინაოთახამდე გამიძღვა. ვარდისფერი ქალბატონის სიყვარულით შეშლილმა, ჩემი მოხუცი ბიძის თამბაქოდაფენილი ლოყები გაგიჟებით დავკოცნე, და, სანამ საკმაოდ შეცბუნებული ცდილობდა, ჩემთვის გაეგებინებინა, ოღონდ პირდაპირ თქმის გარეშე, რომ ისურვებდა, ამის შესახებ მშობლებთან არ მელაპარაკა, თვალში ცრემლმორეული ვარწმუნებდი, რომ მისი სიკეთის ხსოვნა ისე ღრმად ჩაიბეჭდა ჩემში, რომ დადგებოდა დღე და აუცილებლად გამოვნახავდი საშუალებას ჩემი უსაზღვრო მადლიერების გამოსახატად. სინამდვილეში შთაბეჭდილება ისეთი დიდი იყო, რომ გავიდა ორი საათი და რამდენიმე იდუმალი ფრაზის შემდეგ, რომლებიც მომეჩვენა, რომ მთლად ნათელ წარმოდგენას არ ქმნიდა, თუ რაოდენი მნიშვნელობით შეიმოსა ჩემი პიროვნება, მივიჩნიე, რომ თუ ახლახანს დამთავრებულ ვიზიტზე უწვრილეს დეტალებში მოვყვებოდი, სასურველ სიცხადეს მივაღწევდი. არ მეგონა, რომ ამგვარი საქციელით ბიძაჩემს პრობლემებს შევუქმნიდი. აბა, როგორ მეგონებოდა, როცა ეს არც მინდოდა? ვერ წარმომედგინა, რომ ჩემი მშობლები რაიმე ვნებას დაინახავდნენ ვიზიტში, როდესაც მე თვითონ იქ მსგავს ვერაფერს ვხედავდი. განა ერთხელ და ორჯერ ხდება ჩვენს ცხოვრებაში, რომ მეგობარი გვთხოვს, მის მაგივრად მოვუხადოთ ბოდიში ქალს, ვისთვის მიწერაც მან ვერ მოახერხა, ჩვენ კი აღარც გვახსენდება, ამის გაკეთება, რადგან არა გვგონია, ეს პიროვნება დიდ მნიშვნელობას ანიჭებდეს სიჩუმეს, რადგან ჩვენთვის არაფერს ნიშნავს? წარმოვიდგენდი, როგორც ყველა, რომ სხვა ადამიანის ტვინი ინერტული და მორჩილი მიმღებია, რომელსაც არ შეუძლია შემხვედრი რეაქცია შეაგებოს იმას, რაც მის შიგნით აღმოჩნდება; და ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ როდესაც ჩემი მშობლების თავებში ამ ახალი ნაცნობობის შესახებ ინფორმაცია შემქონდა, რისი პატივიც ბიძაჩემის წყალობით მერგო, ამ ნაცნობობაზე ჩემს კეთილგანწყობილ მოსაზრებასაც გადავცემდი იმავდროულად, რის დიდი იმედიც მქონდა. სამწუხაროდ, ჩემმა მშობლებმა სრულიად განსხვავებული პრინციპებით იხელმძღვანელეს, და არა იმით, რომლებსაც მეგონა, რომ გამოიყენებდნენ, როდესაც ბიძაჩემის ქცევა უნდა შეეფასებინათ. მამას და პაპას მასთან ცხარე და უსიამოვნო საუბრები ჰქონდათ; როგორც ეს შემდგომ არაპირდაპირ მაცნობეს. რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ბიძაჩემს ქუჩაში შევხვდი, რომელიც ღია ეტლით სადღაც მიდიოდა, ტკივილი, მადლიერება, სინანული ვიგრძენი და მინდოდა გამომეხატა. ისინი იმდენად უსაზღვრო იყო, რომ უბრალო ქუდის მოხდა არასაკმარისად და უბადრუკობად მივიჩნიე; ამგვარად ბიძაჩემს ვაფიქრებინებდი, თითქოს ჩემი მოსაზრებით, მასთან ბანალური თავაზიანობის გარდა არაფერი მემართა. გადავწყვიტე, თავი შემეკავებინა ამ შეუსაბამო ჟესტისაგან და თავი ვიბრუნე. ბიძაჩემმა იფიქრა, რომ მშობლების დარიგებას მივსდევდი, მან ეს არ აპატია მათ, და წლების შემდეგ ისე მოკვდა, არცერთ ჩვენგანს აღარასდროს უნახავს.

ამიტომაც, მე უკვე აღარ შევდიოდი ძია ადოლფის ახლა უკვე გამოკეტილ ოთახში, და სამზარეულოს უკან მივდი-მოვდიოდი, სანამ ფრანსუაზა თავისი ტაძრის კარიბჭიდან არ გამოვიდოდა და მეტყოდა: „სამზარეულოში დამხმარე გოგოს ვტოვებ, რომ ყავა მოგართვათ და ცხელი წყალი ამოიტანოს, მე კი მ-ამ ოქტავთან უნდა გავიქცე“; მეც გადავწყვეტდი, რომ დაბრუნების დრო იყო და პირდაპირ ჩემს ოთახში ავდიოდი წიგნის წასაკითხად. დამხმარე გოგო იურიდიული პირი გახლდათ, მუდმივი ინსტიტუტი, რომლის უცვლელი ატრიბუტიკაც ერთგვარ განგრძობადობასა და ინდივიდუალობას უზრუნველჰყოფდა და ერთმანეთს მიყოლებულ წარმავალ ფორმებში განსხეულებული გვევლინებოდა, რადგანაც ერთი და იგივე დამხმარე ორი წელი არასდროს გვყოლია. იმ წელიწადს, როცა ამდენ სატაცურს ვჭამდით, დამხმარე გოგო, ვისაც ჩვეულებრივ მისი გასუფთავება ევალებოდა, ერთი საწყალი, ავადმყოფური შესახედაობის არსება გახლდათ, უკვე გვარიანად წინწასულ ფეხმძიმობაში, როცა სააღდგომოდ ჩავედით იქ, და ჩვენ ცოტა არ იყოს გაოცებულნი ვიყავით, რომ ფრანსუაზა აქეთ-იქით დაარბენინებდა და ამდენ საქმეს უჩენდა, რადგან მას უკვე უჭირდა იმ იდუმალი კალათის ტარება, წინ რომ ჰქონდა და ყოველ დღე უფრო და უფრო მრგვალდებოდა, და თავისი დიდებული ფორმით ადვილად შეგეძლო განგეჭვრიტა განიერ ხალათებში. ეს ხალათები იმ მოსასხამებს მაგონებდა, ჯოტოს სიმბოლურ ფიგურებს რომ აცვიათ, რომელთა ფოტოსურათებიც მ. სვანმა მომცა. თავად მ. სვანი იყო ის, ვინც ჩვენთან ეს მსგავსება შენიშნა და როცა გვკითხავდა ხოლმე დამხმარე გოგოს ამბებს, ყოველთვის ასე ამბობდა: „როგორ მიდის ჯოტოს მოწყალების საქმეები?“ გარდა ამისა, თვითონ საწყალი გოგო, თავისი ორსულობის გამო სახემდე, ლოყებამდე გასუქებული, რომლებიც ქვემოთ დაწეულიყო, სწორები და კვადრატულები, სინამდვილეში, იმ ძლიერ, მამაკაცურ ქალწულებს მიაგავდნენ, უფრო დედაკაცებს, რომლებშიც სათნოებანი არენა კაპელაშია გაპიროვნებული. და ახლა ვხვდები, რომ პადუას ეს სათნოებანი და მანკიერებანი მას სხვაგვარადაც მიაგავდნენ. ისევე როგორც ამ ქალიშვილის სურათი იყო გაზრდილი იმ დამატებითი სიმბოლოთი, თავის წინ, მუცლით რომ ატარებდა, ისე, რომ, როგორც ჩანდა, მის მნიშვნელობას ვერ ხვდებოდა, ისე, რომ სახეზე არაფერი მეტყველებდა მის სილამაზესა და სულიერებაზე, როგორც უბრალოდ რაიმე მძიმე ტვირთს, ასევე, თუმცაღა თვითონ ამაზე საერთოდაც არ უნდა ეჭვობდეს, ჯანიანი დიასახლისი, არენაში სახელი „Caritas“ ქვეშ რომ არის წარმოდგენილი და რომლის რეპროდუქციაც ჩემი საკლასო ოთახის კედელზე ეკიდა კომბრეში, ამ სათნოებას კი განასახიერებს, მაგრამ შეუძლებელია ოდესმე მოწყალების რაიმე აზრი გამოიხატოს  მისი ენერგიული და ვულგარული სახით. მხატვრის მშვენიერი მიგნების წყალობით, ის ფეხით თელავს მიწის სიმდიდრეებს, მაგრამ ზუსტად ისე, როგორც ყურძნის მტევნებს გასრესდა, რათა მათგან წვენი გამოედინა ან, უფრო სწორად, აძვრებოდა ტომრებზე, რათა უფრო მაღლა მდგარიყო; და ის უფლისკენ იწვდის თავის ალმოდებულ გულს,  ან უფრო ზუსტნი რომ ვიყოთ, „ხელში აწვდის“, როგორც მზარეული მიაწვდის ხოლმე კორპსაძრობს თავისი სარდაფის სარკმლიდან ვინმეს, თუკი ეს უკანსაკნელი თავს შემოყოფს პირველი სართულის ფანჯარაში და იკითხავს, კორპსაძრობს ხომ ვერ მათხოვებდითო. შურსაც, შეიძლებოდა ჰქონოდა რაიმე შურიანი გამომეტყველება. მაგრამ ამ ფრესკაშიც, სიმბოლო იმდენად დიდ ადგილს იკავებს, და იმდენად რეალურად არის წარმოდგენილი, გველი, შურის ბაგეებთან რომ სისინებს, იმდენად დიდია, მის ფართოდ გაღებულ პირს ისე სრულად ავსებს, რომ სახის კუნთები დაჭიმულია, რათა ის დაიტიოს, როგორც ბავშვისა, რომელიც ბუშტს ბერავს, და შურის ყურადღება - ისევე როგორ ჩვენი - მთლიანად მისი ტუჩების მოქმედებაზეა მიმართული, და ამიტომაც, ერთი წამი დრო არ რჩება შურიანი ფიქრებისთვის.

მთელი ამ აღფრთოვანების მიუხედავად, მ. სვანი რომ გამოხატავდა ჯოტოს ფიგურების მიმართ, დიდი ხანი ვერავითარ სიამოვნებას ვერ ვღებულობდი, როდესაც ვუცქერდი, ჩვენს საკლასო ოთახში, სადაც ჩემთვის მოტანილი ეს ასლები ჩამოკიდეს, ამ უმოწყალო მოწყალებას, ამ შურს, რომელიც სამედიცინო წიგნის ილუსტრაციას უფრო ჰგავდა, უბრალოდ ყიის ან სასის ნაქის შეკუმშვას რომ გვიჩვენებს ენის სიმსივნის ან ქირურგის იარაღის შეყვანის გამო, სამართლიანობას, რომლის ნაცრისფერი და ღარიბულად სწორი სახე ზუსტად ის სახე იყო, კომბრეში, ზოგიერთი ლამაზი, ღვთისმოსავი და გულქვა ბურჟუა ქალბატონებისათვის რომ გახლდათ დამახასიათებელი, მესაზე რომ ვხედავდი, და რომელთა ნაწილიც დიდი ხანია წინასწარ ჩაწერილიყო უსამართლობის სარეზერვო მხედრობაში. მაგრამ შემდგომში გავიაზრე, რომ საკვირველი უცნაურობა, განსაკუთრებული მშვენიერება ამ ფრესკებისა მოდიოდა იქიდან, რომ მათში სიმბოლო დიდ ადგილს იკავებდა, და იმ ფაქტიდან, რომ ის წარმოდგენილი იყო, არა როგორც სიმბოლო, რამეთუ სიმბოლიზებული აზრი გამოხატული არც იყო, არამედ როგორც რეალური, როგორც ნამდვილად განცდილი და მატერიალურად ხელშესახები, ნაწარმოების აზრში რაღაც უფრო პირდაპირსა და ზუსტს დებდა, რაღაც უფრო კონრეტულსა და შთამბეჭდავს იძლეოდა თავისი გაკვეთილით. ჩვენი საწყალი დამხმარე გოგოს შემთხვევაშიც, განა ყურადღება გამუდმებით მის მუცელზე არ გადადიოდა, იმ სიმძიმის გამო, ქვემოთკენ რომ ექაჩებოდა; და იგივენაირად, ხშირად მომაკვდავთა აზრი მიმართულია სიკვდილის ფაქტობრივ, მტკივნეულ, ბნელ, ვისცერალურ, იმ უკანა მხარეზე, რაც სწორედაც ის მხარეა, რომელსაც სიკვდილი მათ უჩვენებს, მთელი სიმკაცრით განაცდევინებს და რომელიც ბევრად უფრო მოაგავს ტვირთს, თავისი სიმძიმით რომ სრესს ადამიანებს, გაძნელებულს სუნთქვას, სასტიკ წყურვილს, ვიდრე იმ იდეას, რასაც ჩვენ სიკვდილს ვეძახით.

პადუას ამ სათნოებებსა და მანკიერებებში საკმაოდ დიდი წილი რეალობა უნდა ყოფილიყო, რადგანაც ისინი ისეთივე ცოცხალნი მეჩვენობოდნენ, როგორც ფეხმძიმე მსახური, ხოლო თვითონ ის არანაკლებ ალეგორიული ჩანდა. და შესაძლოა ამ არა-მონაწილეობას (ყოველ შემთხვევაში, გარეგნულ არა-მონაწილეობას) ადამიანის სულისა იმ სათნოებაში, მისი მეშვეობით რომ მოქმედებს, ესთეტიკური ღირებულების გარდა მთლად ფსიქოლოგიური თუ არა, სულ მცირე, როგორც ამბობენ, ფიზიონომიური რეალობაც ჰქონდეს. როდესაც მოგვიანებით შესაძლებლობა მქონდა, შევხვედროდი, ცხოვრების მანძილზე, მაგალითად, მონასტრებში, ქმედითი მოწყალების ხორცშესხმულ მაგალითებს, ჭეშმარიტად წმინდათ, ისინი ზოგადად მხიარული, დადებითი, გულგრილი და უხეში ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებდნენ, ისეთი იერი ჰქონდათ, როგორც საქმეში გართულ ქირურგს, სახე, რომელზედაც ვერავითარ თანაგრძნობას ვერ ამოიკითხავ, ადამიანური ტანჯვით გამოწვეულ ვერავითარ სიბრალულს, შეურაცხყოფის ვერავითარ შიშს, და რომელიც სინაზესმოკლებული სახეა, ანტიპათიური და ამაღლებული სახე ჭეშმარიტი სიკეთისა.

სანამ დამხმარე გოგოს - ვინც თავისდაუნებურად აბრწყინებდა ფრანსუაზას უპირატესობას, როგორც ცდომილება, შეპირისპირების წყალობით, კიდევ უფრო ბრწყინვალეს ხდის ჭეშმარიტების ტრიუმფს - ყავა მოჰქონდა, დედაჩემის აზრით კი უბრალოდ ცხელი წყალი, და შემდეგ ჩვენს ოთახებში ცხელ წყალს ამოიტანდა, თბილი რომ ძლივს ეთქმოდა, მე უკვე ჩემს საწოლზე ვიყავი განრთხმული, წიგნით ხელში, ჩემს ოთახში, რომელიც თრთოლვით იცავდა თავის სათუთ, გამჭვირვალე სიგრილეს შუადღის მზისაგან თითქმის დახურულ დარაბებს მიღმა რომ დაკიდულიყო, რომელთა შორისაც დღის შუქის ანარეკლს მაინც ეპოვა გზა, რომ თავისი ყვითელი ფრთები გამოეტარებინა და უძრავი რჩებოდა ხესა და მინას შორის, კუთხეში, როგორც დამჯდარი პეპელა. სინათლე ძლივს კმაროდა იმისთვის, რომ წიგნი წამეკითხა, და დღის ბრწყინვალებას შეგრძნება ჩემთვის მხოლოდ კიურეს ქუჩიდან ამოსულ ხმებს მოჰქონდა - ეს კამიუ (ვისაც ფრანსუაზამ უთხრა, რომ დეიდა „არ ისვენებდა“ და შეეძლო ეხმაურა) ურტყამდა მტვრიან ყუთებს, რომლებიც, გახმიანებულნი ჟღერად ატმოსფეროში, ცხელი დღეებისთვის რომ არის დამახასიათებელი, თითქოს ალისფერ ვარსკვლავებს აბნევდნენ ჰაერში; და ბუზებისას, ჩემს წინ, თავიანთ პატარა კონცერტზე, თავისებურ ზაფხულის კამერულ მუსიკას რომ ასრულებდნენ: ეს მუსიკა ადამიანური ჰანგის მსგავსად როდი აღვიძებს ზაფხულის მოგონებას, რომელსაც, თუ ამ თბილ სეზონზე მოისმენ, შემდეგ გაგახსენებს მას; ის ზაფხულთან კიდევ უფრო აუცილებელი კავშირითაა დაკავშირებული: მზიანი დღეებიდან დაბადებული, ხელახლა შობილი ისევ მათთან ერთად, მათი არსის შემცველი, ის არა მხოლოდ მათ სურათს აღვიძებს მეხსიერებაში, ამოწმებს კიდეც მათ დაბრუნებას, რომ ისინი აქაა და ნამდვილია, გარემომცველი, ხელის გაწვდენაზე.

ჩემი ოთახის ბნელი სიგრილე ქუჩის თაკარა მზისთვის იგივე იყო, რაც ჩრდილია სხივისთვის, მაშასადამე, ისეთივე მანათობელი, და ჩემს წარმოსახვას ზაფხულის სრულ წარმოდგენას სთავაზობდა, რომლითაც ჩემი გრძნობები, გარეთ რომ მესეირნა, მხოლოდ ნაწილობრივ დატკბებოდნენ; და ამდენად, ის კარგად ესადაგებოდა ჩემს დასვენებას, რომელიც (წიგნებში მოთხრობილი ამაღელვებელი თავგადასავლების წყალობით) წყლის დინებაში უძრავად ჩაყოფილი ხელის დასვენების მსგავსად, მოქმედებების ნაკადის ცხოველმყოფელ დარტყმებს განიცდიდა.

მაგრამ ბებია, თუნდაც პაპანაქება ავდრით შეცვლილიყო, თუ ქარიშხალი ამოვარდებოდა ან უბრალოდ თავსხმა წამოვიდოდა, მოდიოდა და მეხვეწებოდა, გარეთ გავსულიყავი. და რადგანაც კითხვის შემწყვეტა არ მინდოდა, ჩემი წიგნიც თან მიმქონდა ბაღში და წაბლის ხის ქვეშ, წნულითა და ტილოთი გაკეთებულ პატარა, გადმოფარებული სკამის სიღრმეში ვჯდებოდი და მიმაჩნდა, მშობლებთან სტუმრად მოსულ ადამიანთა თვალთაგან დამალული ვიქნებოდი.

და ჩემი გონებაც განა კიდევ ერთი თავშესაფარი არ იყო, რომლის სიღრმეშიც თითქოს მყუდროდ ვრჩებოდი შეყუჟული, ზოგჯერ იმისთვის, რომ მეცქირა, რა ხდებოდა გარეთ? როდესაც გარე საგანს ვხედავდი, ცნობიერება იმისა, რომ ვხედავდი, არასდროს მტოვებდა, ჩემსა და მას შორის რჩებოდა, თხელ, სულიერ საზღვრად ერტყმოდა ამ საგანს და არ მაძლევდა საშუალებას, უშუალოდ შევხებოდი მის მატერიას; რაღაცნაირად ის ჰაერში ორთქლდებოდა შეხებამდე, როგორც გავარვარებული სხეული სველ ობიექტთან მიტანისას არასდროს ეხება მის სისველეს, რადგან მის წინ ყოველთვის ორთქლადქცევის ზონაა. ერთგვარ ეკრანზე, განსხვავებული გონებრივი მდგომარეობებით რომ აჭრელებულიყო, რომელთაც, როდესაც ვკითხულობდი, ცნობიერება შლიდა, და ჩემში ყველაზე უფრო ღრმად ჩამალული მისწრაფებების გარდა სრულიად გარეგან ჰორიზონტსაც წარმოადგენდა, ბაღის ბოლოს რომ მქონდა თვალწინ, ის, რაც სულ თავიდანვე უშინაგანესი იყო ჩემში, გამუდმებით მოძრავი ბერკეტი, სხვა ყველაფერს რომ მართავდა, გახლდათ რწმენა ჩემს მიერ წაკითხული წიგნის ფილოსოფიურ სიმდიდრესა და მშვენიერებაში, და სურვილი, რომ მიმეთვისებინა ისინი, რა წიგნიც არ უნდა ყოფილიყო ეს. რადგან, თუნდაც კომბრეში შემეძინა ის, ბორანჟის საბაყლოს წინ რომ მოვკარი თვალი, რომელიც მეტისმეტად შორს მდებარეობდა სახლიდან იმისთვის, რომ ფრანსუაზას იქ ევლო პროდუქტების შესაძენად, როგორც კამიუსას, მაგრამ საკანცელარიო ნივთებისა და წიგნების უფრო დიდი არჩევანი ჰქონდა, ბაწრით დამაგრებულს ბროშურებისა და პერიოდული გამოცემების მოზაიკაში, კარის ორივე საგდულს რომ ფარავდა, და ამის გამო ის ტაძრის კარზე უფრო იდუმალი, იდეებით მდიდარი მეჩვენებოდა, ასე იმიტომ მოვიქცეოდი, რომ გამახსენდებოდა, როგორ აქო ჩემმა მასწავლებელმა ან ამხანაგმა, ვინაც იმ პერიოდში მეგონა, ჭეშმარიტებისა და მშვენიერების საიდუმლო იცოდა, რომელთაც მე მხოლოდ გუმანით ვგრძნობდი, ნახევრად გაუგებართ, არადა მათი ცოდნა ბუნდოვანი მაგრამ უცვლელი მიზანი იყო ჩემი ფიქრებისა.

ამ ცენტრალური რწმენის შემდეგ, კითხვისას განუწყვეტლივ მოძრაობებს რომ ასრულებდა შიგნიდან გარეთ, ჭეშმარიტების აღმოჩენისკენ, იმ მოქმედებით აღძრული ემოციები მოდიოდა, რომლის მონაწილე მეც ვიყავი, რამეთუ ეს შუადღეები ისეთი დრამატული მოვლენებით იყო დახუნძლული, რომ მთელ შემდგომ ცხოვრებაში მსგავსი არაფერი ხდება. ეს ჩემს მიერ წაკითხულ წიგნში განვითარებული მოვლენები გახლდათ; თუმცა, ისიც მართალია, რომ ადამიანები, ვისაც ეს მოვლენები შეეხებოდა,  „რეალურები“ არ იყვნენ, როგორც ფრანსუაზა ამბობდა. მაგრამ ყველა ის შეგრძნება, რომელსაც რეალური ადამიანის სიხარული ან უბედურება განგვაცდევინებს, ამ სიხარულისა თუ ამ უბედურების სურათის მეშვეობით თუ წარმოიქმნება მხოლოდ; პირველი რომანისტის საზრიანობა მდგომარეობდა იმის მიხვედრაში, რომ ვინაიდან ჩვენს ემოციათა აპარატში სურათი  ერთადერთი არსებითი ელემენტია, გამარტივება, რეალური ადამიანების პირწმინდად და უბრალოდ მოშორებაში რომ გამოიხატებოდა, გადამწყვეტი გაუმჯობესება იქნებოდა. რეალური არსება, რაც არ უნდა ღრმა სიმპათიით ვიყოთ მისდამი გამსჭვალულნი, დიდწილად გრძნობებით აღიქმება, მაშასადამე, შეუღწევადი რჩება ჩვენთვის, გვთავაზობს მკვდარ წონას, რომელსაც ჩვენი გრძნობები ვერ დაძრავს. თუ რაიმე უბედურება დაატყდება თავს, საერთო წარმოდგენის - რომელიც მასზე გვაქვს - რაღაც პატარა ნაწილია მხოლოდ, რომლის გააზრებითაც შევძლებთ რაიმე განვიცადოთ; უფრო მეტიც, მხოლოდ რაღაც ერთი ნაწილია საერთო წარმოდგენისა, რაც მას საკუთარ თავზე აქვს, რომელშიც ის შეძლებს, რომ განიცადოს. რომანისტის მიგნება გახლდათ ის, რომ მოუვიდა იდეა, სულისთვის შეუღწეველი ეს ნაწილები თანაბარი რაოდენობა არამატერიალური ნაწილებით ჩაინაცვლებინა, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ისეთი ნაწილებით, რომელთა გათავისებაც სულს ხელეწიფება. რა მნიშვნელობა აქვს, ამის შემდეგ, თუ ამ ახალი გვარის არსებათა მოქმედებები და გრძნობები ნამდვილი გვეჩვენება, რამეთუ ჩვენ ისინი ჩვენად ვაქციეთ, რამეთუ ისინი ჩვენში ხდება, და მათზეა დამოკიდებული, სანამ ცხელებიანივით ვშლით წიგნის გვერდებს, ჩვენი სუნთქვის სიხშირე და ჩვენი მზერის დაძაბულობა? და როგორც კი რომანისტი ამ მდგომარეობაში ჩაგვაყენებს, რომელშიც, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა წმინდად სულიერ მდგომარეობაში, ყოველი ემოცია გაათმაგებულია, მისი წიგნი სიზმრის  მსგავსად გვაღელვებს, მაგრამ იმაზე უფრო ცხადი სიზმრის მსგავსად, ძილში რომ ვხედავთ ხოლმე, და მისი ხსოვნაც უფრო დიდხანს გვყვება, მაშინ, აი, ის ერთი საათის შუალედში ჩვენში ყველა იმ შესაძლებელ ბედნიერებასა და უბედურებას ათავისუფლებს, რომელთაგან ოდენ რამდენიმეს შესაცნობად რეალურ ცხოვრებაში წლები დაგვჭირდებოდა, მათ შორის ყველაზე უფრო ძლიერნი კი ჩვენთვის სამუდამოდ გაუმხელელი დარჩებოდა, რადგან ისინი იმდენად ნელა ხდება, რომ აღქმა შეუძლებელია (ამგვარად იცვლება ჩვენი გული, ცხოვრებაში, და ეს ყველაზე უარესი ტკივილია; მაგრამ ამას მხოლოდ კითხვისას ვიგებთ, წარმოსახვაში: რეალობაში ის იცვლება, როგორც ხდება გარკვეული ბუნებრივი მოვლენები, საკმაოდ ნელა იმისათვის, რომ თუ შევძლებთ და თანმიმდევრულად დავაფიქსირებთ მის განსხვავებულ მდგომარეობებს, თავად ცვლილების შეგრძნებისგან მაინც დაზოგილნი ვრჩებით).

უკვე ნაკლებად შინაგანი ჩემი სხეულისათვის, ვიდრე ამ პერსონაჟთა ცხოვრება, შემდეგ ჩნდებოდა, ჩემს წინ სანახევრად გაშუქებული, პეიზაჟი, სადაც მოქმედება მიმდინარეობდა და იმაზე ბევრად დიდი ზეგავლენა ჰქონდა ჩემს გონებაზე, ვიდრე სხვა, ცხვირწინ გადაშლილ პეიზაჟს, როდესაც წიგნიდან ავიღებდი თავს. ამგვარად, ორი ზაფხულის განმავლობაში, კომბრეს ბაღის სიცხეში, იმ წიგნის გამო, მაშინ რომ ვკითხულობდი, მთიანი და წვიმიანი ქვეყნის მონატრება მეუფლებოდა, სადაც ბევრ ხე-ტყის სახერხ ქარხანას ვხედავდი და სადაც, ანკარა წყლის სიღრმეში, მორები ლპებოდა წყლის წიწმატის ქვეშ: არც ისე შორს, დაბალ კედლებზე  იისფერი და მოწითალო ყვავილები ჯგუფ-ჯგუფად აცოცებულიყო. და რადგანაც ოცნება ქალისა, ვინაც შემიყვარებდა, განუყრელად თან სდევდა ჩემს ფიქრებს, ამ ზაფხულებში აღნიშნული ოცნება ჩუხჩუხა ნაკადულების სიგრილით იყო გაჯერებული; და როგორიც არ უნდა ყოფილიყო ჩემს მიერ წარმოდგენილი ქალი, იისფერი და მოწითალო თანაყვავილედები უმალ ორივე მხარეს ამოუდგებოდა ხოლმე შემავსებელ ფერებად.

ეს მხოლოდ იმიტომ არ ხდებოდა, რომ ნაოცნებარი სურათი ყოველთვის იმ უცხო ფერთა ანარეკლითაა აღბეჭდილი, შემკული და გაუმჯობესებული, რომელნიც მას ახლავს ჩვენს ოცნებებში; ვინაიდან წიგნისმიერი პეიზაჟები არ იყო უბრალოდ პეიზაჟები, რომელთაც ჩემი წარმოსახვა  კომბრეს პეიზაჟებზე უფრო ხასხასა ფერებში მიხატავდა და სხვა მხრივ მათი მსგავსი იყო. რადგან ავტორმა ისინი აირჩია, რადგან რწმენით მოსილი გონება მის თვითეულ სიტყვაში აღმოჩენას ხედავდა, მეჩვენებოდა რომ ისინი - შთაბეჭდილება, რომელსაც თითქმის არასდროს მიქმნიდა მხარე, სადაც ვიყავი, და მითუმეტეს ჩვენი ბაღი, ვერაფრით გამორჩეული ნაყოფი სწორხაზოვანი წარმოდგენების მქონე მებაღისა, ვისაც ბებიაჩემი ვერ იტანდა - თვითონ ბუნების ჭეშმარიტი ნაწილი იყო, კვლევისა და შესწავლის ღირსი.

მშობლებს ნება რომ მოეცათ, როდესაც წიგნს ვკითხულობდი, და ჩემი თავი მასში აღწერილ მხარეში გაეშვათ, მეგონებოდა, რომ ჭეშმარიტების მიღწევისთვის უდიდეს ნაბიჯს ვდგამდი. ვინაიდან, თუნდაც ვგრძნობდეთ, რომ ჩვენი საკუთარი სულით ვართ გარემოცულნი, ის სულაც არაა უძრავი ციხე: არამედ, ჩვენ თითქოს მასთან ერთად გამუდმებულ სწრაფვას წარუტაცივართ, რომ გადავცდეთ მის საზღვრებს, მივაღწიოთ გარესამყაროს, ერთგვარი იმედგაცრუებით, რადგან ჩვენს გარშემო ყოველთვის გვესმის იგივე ხმიერობა, რაც გარე ექო კი არაა, არამედ შინაგანი რხევის გამოძახილი. ვცდილობთ, საგნებში აღმოვაჩინოთ, რადგანაც ისინი ამის გამო ძვირფასი გამხდარა, ის ათინათი, ჩვენმა სულმა მათზე რომ ააციმციმა; მაგრამ გაწბილებულნი ვრჩებით, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ ბუნებაში მათ აკლიათ ის ხიბლი, ჩვენს გონებაში გარკვეულ იდეებთან მეზობლობით რომ შეიძინეს; ზოგჯერ ამ სულის ყველა ძალას მოხერხებულობაში, ბრწყინვალებაში გარდავქმნით ხოლმე, რათა ვიმოქმედოთ ადამიანებზე, რომლებიც კარგად ვაცნობიერებთ, რომ ჩვენს გარეთ არსებობენ და ვერასდროს მივწვდებით. ამიტომაც, თუ საყვარელ ქალს ყოველთვის იმ ადგილებში წარმოვიდგენდი, მაშინ ყველაზე სასურველი რომ იყო ჩემთვის, თუკი მინდოდა, რომ სწორედ მას წავეყვანე მათ მოსანახულებლად და უცნობი სამყარო მისი წყალობით გაღებულიყო ჩემთვის, ეს სულაც არ ყოფილა შემთხვევითობა და ფიქრების უბრალო ასოციაცია; არა, რამეთუ მოგზაურობისა და სიყვარულის ოცნებები მხოლოდ მომენტები იყო - რომელთაც ახლა ხელოვნურად ვაცალკევებ, თითქოს განსხვავებულ სიმაღლეზე განლაგებულ ნაწილებად ვჭრიდე ფერადოვან წყლის ჭავლს, გარეგნულად უძრავი რომ მოჩანს - ჩემი ცხოვრების ყველა ძალთა ერთი, უწყვეტი და არსაით გადახრილი  ამოხეთქვიდან.

და ბოლოს, სანამ შიგნიდან გარეთ მივყვები ჩემი ცნობიერის თანადროულ, ერთმანეთის გვერდით წარმოდგენილ მდგომარეობებს მათ გარემომცველ რეალურ ჰორიზონტამდე, მე სხვა სახის სიამოვნებებსაც ვპოულობ: რომ კარგად ვარ მოკალათებული, ჰაერის სასიამოვნო სუნს ვგრძნობ, სტუმარი არ მაწუხებს; და, როდესაც სენტ-ილერის სამრეკლოში საათი დაჰკრავდა, რომ ვხედავ, როგორ ცვივა ნაწილ-ნაწილ  ის, რაც უკვე გაილია შუადღისა, სანამ უკანასკნელ დარტყმას არ გავიგონებდი, რაც საშუალებას მაძლევდა, ჯამი დამეთვალა, რის შემდეგაც ხანგრძლივი სიჩუმე, მას რომ მოჰყვებოდა, თითქოს ლურჯ ცაზე იმ ერთ მთელ ნაწილს იწყებდა, რომელიც ჯერ კიდევ მქონდა კითხვისთვის, წესიერ სადილამდე, ფრანსუაზა რომ ამზადებდა და ჩემთვის ძალები უნდა აღედგინა, კითხვისას დახარჯული, წიგნის გმირის ქანცგამძვრელ დევნაში. და ყოველ საათზე მეჩვენებოდა, რომ სულ რამდენიმე წამის წინ ჩამოკრა წინამ; ახლახანს დამდგარი საათი მეორესთან სულ ახლოს მიეწერებოდა ცაზე, და ვერ ვიჯერებდი, რომ სამოცი წუთი იყო ჩატეული ამ პატარა ლურჯ თაღში, მათ ორ ოქროსფერ ნიშანს შორის რომ მოთავსებულიყო. ზოგჯერ, ადრე დამდგარი საათი წინაზე ორით მეტჯერ ჩამოჰკრავდა; მაშასადამე, ერთი საათი არც გამიგონია, რაღაც, რაც მოხდა, ჩემთვის არ მომხდარა; კითხვის ინტერესმა, ღრმა ძილივით ჯადოსნურმა, შეცდომაში შეიყვანა ჰალუცინაციებში ჩაძირული ჩემი ყურები და ოქროს ზარი სიჩუმის ლაჟვარდოვანი ზედაპირიდან გააქრო. კვირა დღის მშვენიერი შუადღეებო, წაბლის ხის ქვეშ, კომბრეს ბაღში, საგულდაგულოდ დაცლილნო ჩემს მიერ ჩემივე ყოფა-ცხოვრების უღიმღამო ინციდენტებისაგან, რომლებიც უცხო თავგადასავლებითა და მისწრაფებებით ჩავანაცვლე მჩქეფარე ნაკადულებით მორწყული მხარის წიაღში, თქვენ კვლავაც გააცოცხლებთ ხოლმე იმ ცხოვრებას, როდესაც თქვენზე ვფიქრობ, და ის თქვენშია, რადგან თანდათანობით გარს შემოერტყით და - სანამ მე კითხვას ვაგრძელებდი, შუადღის მცხუნვარება კი კლებულობდა - იმ თქვენი საათების ნელცვალებადსა და ფოთლოვანჩაქარგულ ბროლისებრ სვლაში მოაქციეთ,  რომლებიც მდუმარე, მჟღერი, სურნელოვანი და გამჭვირვალეა.

ზოგჯერ, შუადღეზე, კითხვას მებაღის ქალიშვილის ყვირილი მომწყვეტდა, რომელიც გიჟივით მორბოდა, გზად ფორთოხლის ხეს გადააყირავებდა, თითს გაიჭრიდა და კბილსაც მოიტეხდა: „უკვე აქ არიან, უკვე აქ არიან!“ - რომ ფრანსუაზაც და მეც უნდა გავქცეულიყავით და  არავითარ შემთხვევაში არ გამოგვეტოვებინა სანახაობა. ეს იმ დღეებში ხდებოდა, როცა საგარნიზონო მანევრებისთვის სამხედრო ნაწილი კომბრეს გადიოდა, როგორც წესი, სენტ-ილდეგარდის ქუჩით. სანამ ღობის გარეთ სკამებზე ერთ მწკრივად ჩამომსხდარი მსახურები კომბრეს კვირა დღის მოსეირნეებს უყურებდნენ და მათაც აძლევდნენ საშუალებას, რომ თვითონაც ეყურებინათ, მებაღის ქალიშვილმა სადგურის ხეივანზე მდებარე ორ შორ სახლს შორის დარჩენილ ჭრილში მუზარადების ლაპლაპი შენიშნა. მსახურები თავიანთი სკამებით შემორბოდნენ შიგნით, რადგანაც, როდესაც კირასირები სენტ-ილდეგარდზე მარშით დაეშვებოდნენ, მთელს სიგანეზე ავსებდნენ, მოკუნტრუშე ცხენები კი სახლებს ექაცუნებოდნენ და ტროტუარებს ფარავდნენ, როგორც მთების კალთებს, რომელნიც მეტისმეტად ვიწრო კალაპოტს სთავაზობენ აწყვეტილ ღვართქაფს.

- საწყალი ბავშვები, - იტყოდა ფრანსუაზა, ღობესთან არმისული და უკვე აცრემლებული; - საწყალი ყმაწვილები. ბალახივით მოცელავენ. გაფიქრებაც კი გულს მიფლეთს, და ხელს მიიდებდა თითქოსდა უკვე დაფლეთილ გულზე.

- მშვენიერი სანახაობაა, არა, მადამ ფრანსუაზა, ეს ახალგაზრდები, ჩირადაც რომ არ უღირთ სიცოცხლე? - იტყოდა მებაღე, რათა აექოთქოთებინა.

მისი სიტყვები ფუჭად არ ჩაივლიდა:

- ჩირადაც არ უღირთ სიცოცხლე? აბა, სხვა რა უნდა გიღირდეს, თუ არა სიცოცხლე, ერთადერთი საჩუქარი, რომელსაც მოწყალე ღმერთი ორჯერ არ გასცემს. ვაი რომ, ოჰ, ღმერთო ჩემო! მართლაც არ ანაღვლებთ თავიანთი სიცოცხლე! ვნახე ისინი 70-ში; ამ საზიზღარ ომებში საერთოდ არ აქვთ სიკვდილის შიში; ნამდვილი შეშლილები - არც მეტი, არც ნაკლები; შემდეგ კი ზედ რომ დაკიდო, იმ თოკის ფასიც აღარ ღირან; ესენი ხომ უკვე არც არიან ადამიანები, არამედ ლომები. (ფრანსუაზასთვის ადამიანის ლომთან შედარება სრულებით არ გადიოდა შექებათა კატეგორიაში.)

სენტ-ილდეგარდის ქუჩა მეტისმეტად მკვეთრად უხვევდა, იმისთვის რომ შორიდანვე დაგვენახა გზაზე მომავალი, და მხოლოდ სადგურის ხეივნის ორ სახლს შორის ღრიჭოში ვხედავდით, როგორ მოდიოდა და მოდიოდა მზეზე მბრწყინავი ახალი მუზარადები. მებაღეს აინტერესედა, კიდევ ბევრს თუ უნდა გამოევლო, და სწყუროდა, რადგან მზე ძალიან აცხუნებდა. შემდეგ უეცრად მისი ქალიშვილი თითქოსდა ალყაშემორტყმული ალაგიდან გამოხტებოდა, გაიჭრებოდა წინ, მიაღწევდა ქუჩის კუთხეს, ასჯერ გმირულად ჩახედავდა სიკვდილს თვალებში, დაბრუნდებოდა და მოგვახსენებდა, ძირტკბილას წყლის გრაფინით ხელში, რომ კიდევ ათასი მაინც შეუსვენებლად მოდიოდა ტიბერზისა და მეზეგლიზეს მხრიდან. ფრანსუაზა და მებაღე, შერიგებულნი, მსჯელობდნენ იმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადამდგარიყო ომის შემთხვევაში:

- იცით ფრანსუაზა, - იტყოდა მებაღე, - რევულუცია უკეთესია, რადგან როცა რევულუცია გამოცხადდება ხოლმე, მხოლოდ ის მიდის, ვისაც უნდა.

- აჰ, დიახ! ეს კი მესმის. ასე უფრო წრფელია.

მებაღე დარწმუნებული იყო, რომ ომს თუ გამოაცხადებდნენ, სარკინიგზო მიმოსვლას შეაჩერებდნენ.

- რა თქმა უნდა! იმისთის რომ ხალხი არ გაიქცეს, - იტყოდა ფრანსუაზა.

და მებაღე: „აჰ! ჭკუა კი უჭრით!“ რადგანაც ფიქრობდა, რომ ომი უბრალოდ საძაგელი ოინი იყო, რომელსაც სახელმწიფო ხალხს უწყობდა და, შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, კაცი არ იქნებოდა ისეთი, ვინც არ გაიქცეოდა.

მაგრამ ფრანსუაზა დეიდაჩემს მიაშურებდა აჩქარებით, მე ჩემს წიგნს მივუბრუნდებოდი, მსახურები კი ისევ ჭიშკართან ჩამოსხდებოდნენ, რათა ეცქირათ, როგორ დაეშვებოდა მტვერი და დაცხრებოდა მღელვარება. ყველაფერი ჩაწყნარდებოდა, თუმცა მოსეირნეთა უჩვეულო ნაკადი კიდევ კარგა ხანი ამუქებდა კომბრეს ქუჩებს. და ყოველი სახლის წინ, იქაც კი, სადაც ეს წესად არ ჰქონდათ, მსახურები და თვით ბატონებიც, ჩამომჯდარნი და მოცქირალნი, ისეთი უსწორმასწორო და ჩამუქებული არშიით რთავდნენ ზღურბლს, როგორც წყალმცენარეებისა და ნიჭარებისგან გაკეთებული მიჯნაა, რომელთა კრეპსა და ნაქარგს ძლიერი მოქცევა უკან დახევისას ტოვებს ნაპირზე.

ასეთ დღეებს თუ არ ჩავთვლით, პირიქით, ჩვეულებრივ მშვიდად ვკითხულობდი. მაგრამ ერთხელ, როდესაც სრულიად ახალი ავტორის, ბერგოტის, წიგნში ვიყავი ჩაფლული, სვანის სტუმრობის გამო ჯერ კითხვის შეწყვეტა მომიხდა, შემდეგ მისი კომენტარის მოსმენა; ამ ყველაფერს კი ის შედეგი მოჰყვა, რომ დიდი ხნის განმავლობაში, უკვე წაწვეტებული იისფერი ყვავილებით მორთული კედლის კი არა, არამედ სრულიად სხვაგვარ, გოთური ტაძრის კარიბჭის ფონზე ჩნდებოდა ნაოცნებარი ქალის ხატება.

პირველად ბერგოტის შესახებ ერთ-ერთი უფროსი ამხანაგისგან, ბლოკისგან გავიგე, ვინც ჩემს თვალში დიდი პატივისცემით სარგებლობდა. როდესაც მასთან ვაღიარე, ოქტომბრის ღამით აღფრთოვანებული ვარ-მეთქი, ისეთი ხმამაღალი  სიცილი ატეხა, საყვირი მონაგონი იყო, და მითხრა: „უფრთხილდი სირ დე მიუსეთი მაგ შენს საკმაოდ მდაბალ გატაცებას. გეუბნები, წარმოუდგენლად მავნე ტიპია, შავბნელი ცხოველი. უნდა ვაღიარო, მან და ჩვენმა სახელგანთქმულმა რასინმა, თავ-თავიანთ ცხოვრებაში თითო-თითო კარგად გარითმული სტროფიც შექმნეს, მაგრამ მათი უპირველეს ღირსებად ის მიმაჩნია, რომ ისინი საერთოდ არაფერს ნიშნავს. ესენია: „თეთრი ოლოოსონი და თეთრი კამირი“ და „მინოსისა და პასიფაეს ქალიშვილი“. ისინი ამ ორი არამზადის დასაცავად იყო მითითებული ჩემი უძვირფასესი მასწავლებლის, უკვდავ ღმერთთათვის სათნო მამა ლეკონტის სტატიაში. სიტყვამ მოიტანა და, აი, წიგნი, რომლის წაკითხვის დრო მე არ მაქვს, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს დიდებული კაცი მასზე მთლად ცუდი აზრისა არაა. როგორც მითხრეს, ავტორს, სირ ბერგოტს, ის ძალიან ნატიფ ყმაწვილად თვლის; და, მართალია, ზოგჯერ ცოტა არ იყოს აუხსნელ გულმოწყალებასაც გამოიჩენს ხოლმე, მისი სიტყვა დელფოს ორაკულია ჩემთვის. წაიკითხე აბა ეს ლირიკული პროზა და თუ ამ ბუმბერაზმა მერითმემ, ვინაც ბჰაგავატი და მაგნუსის მწევარი დაწერა, მართალი თქვა, აპოლონის მადლმა, მაშინ, ძვირფასო ოსტატო, ნექტარივით ტკბილ ოლიმპოს სიხარულთ დაეწაფები.“ მან სარკასტული ტონით დამარწმუნა, რომ მისთვის „ძვირფასი ოსტატი“ დამეძახა და თვითონაც იგივენაირად მეძახდა. მაგრამ სინამდვილეში ეს თამაში საკმაოდ გვსიამოვნებდა, რადგან ჯერ კიდევ იმ ასაკში ვიყავით, როცა გწამს, რომ სახელის დარქმევით ქმნი.

სამწუხაროდ, ვერ შევძელი ბლოკთან ლაპარაკითა და მისი განმარტებების მოსმენით დამეცხრო მოუსვენრობა, რომელშიც თვითონვე ჩამაგდო. ან როგორ არ ჩამაგდებდა! მისი თქმით, მშვენიერი ტაეპები (რომელთა წყალობითაც, მე ველოდი, რომ არც მეტი, არც ნაკლები ჭეშმარიტებას ვეზიარებოდი) მით უფრო მშვენიერი იყო, რაც უფრო არაფერს ნიშნავდა. საქმე ის გახლავთ, რომ ბლოკი ხელმეორედ აღარ დაგვიპატიჟებია. თავდაპირველად საკმაოდ კარგად მივიღეთ. პაპაჩემი, ესეც მართალია, ამტკიცებდა, რომ ყოველ ჯერზე, როცა ვისმეს სხვებზე მეტად ვუახლოვდებოდი და შინ მომყავდა, უეჭველი ებრაელი უნდა ყოფილიყო, რაც პრინციპში სულაც არ იქნებოდა მისთვის მიუღებელი - თვითონ მისი მეგობარი სვანი ებრაული წარმოშობისა გახლდათ -, რომ არ ეფიქრა, რომ ისინი, ვისაც მე ვირჩევდი, ჩვეულებრივ საუკეთესოთ არ განეკუთვნებოდნენ. ამიტომაც, როცა სახლში ახალი მეგობარი მიმყავდა, იშვიათად იყო, რომ არ წაეღიღინა: „ოჰ, უფალო მამათა ჩვენთა“ ებრაელი ქალიდან ან „ისრაელო, გაწყვიტე შენი ბორკილები“, ბუნებრივია, მხოლოდ მელოდია სიტყვების გარეშე (ტი ლა ლამ ტალამ, ტალიმ), მაგრამ მეშინოდა, რომ მეგობარი იცნობდა მას და სიტყვებს აღადგენდა.

სანამ მათ ნახავდა, მხოლოდ სახელის გაგონებითაც, მიუხედავად იმისა, რომ არაფერი განსაკუთრებულად ებრაული არ ერია ამ სახელში, ის  არა მხოლოდ ჩემი მეგობრების ებრაულ წარმოშობას ხვებოდა, რომლებიც მართლაც იყვნენ ებრაელები, არამედ იმასაც, თუ რამე ისე ვერ იყო მათ ოჯახში.

- და რა გვარისაა ეს შენი მეგობარი, საღამოს რომ უნდა მოვიდეს?

- დუმონი, პაპა.

- დუმონი! ოოო! ეს საეჭევოა!

და შემდეგ წაიმღერებდა:

 

იფხიზლეთ მოისარნო, იფხიზლეთ!

შეუსვენებლივ და უხმაუროდ!

 

და რამდენიმე ოსტატურად დასმული კონკრეტული კითხვის შემდეგ, წამოიძახებდა: „ყარაულში! ყარაულში!“ ან თუ თვითონ მსხვერპლი, უკვე ჩვენთან მოსული, ვისაც შეფარული დაკითხვით აიძულა, მისდაუნებურად ეღიარებინა თავისი წარმოშობა, მაშინ, რომ ეჩვენებინა, აღარავითარი ეჭვი არ მაქვსო, უბრალოდ გადმოგვხედავდა და თან შეუმჩნევლად წაიღიღინებდა:

 

ამ მორცხვი ისრაელიტის,

თქვენ მოუძღვებით ნუთუ ნაბიჯებს!

 

ანაც:

 

მინდვრებო მამათა ჩვენთა, ჰებრონო, ტკბილო ხეობავ!

 

ან კიდევ:

 

დიახ, მე რჩეულ ტომს ვეკუთვნი.

 

პაპაჩემის ეს პატარა უცნაურობები არავითარ არაკეთილგანწყობას არ მალავდა ჩემი ამხანაგების მიმართ. მაგრამ ბლოკი სრულიად სხვა მიზეზების გამო არ მოეწონათ ჩემს ოჯახში. მან მამაჩემის გაღიზიანებით დაიწყო, ვინაც, როდესაც ის სველი დაინახა, ინტერესით ჰკითხა:

- მაგრამ, მესიე ბლოკ, რა ამინდია გარეთ? წვიმდა? ვერ ვხვდები, ბარომეტრი წესრიგშია, შესანიშნავად მუშაობს.

პასუხად მიიღო ოდენ შემდგომი სიტყვები:

- მესიე, სრულებითაც არ ძალმიძს იმის თქმა, იწვიმა თუ არა. ფიზიკურ ხდომილებათაგან იმდენად შორს ვარ, რომ გრძნობები აღარც კი წუხდებიან, რომ მათ შესახებ მომახსენონ.

- მაგრამ, ჩემო საწყალო ბიჭო, ეს შენი მეგობარი სრული იდიოტია, - მითხრა მამაჩემმა, როცა ბლოკი წავიდა. - როგორ! ადამიანს იმის თქმა არ უნდა შეეძლოს, ამინდი როგორია? კი მაგრამ, ამაზე უფრო საინტერესო განა არის რამე? ნამდვილი იმბეცილი.

შემდეგ ბლოკმა ბებიაჩემი დატოვა სახტად, რადგან საუზმის შემდეგ, როდესაც თქვა, თავს ცოტა შეუძლოდ ვგრძნობო, ბლოკმა ლამის წაუქვითინა და რამდენიმე კურცხალიც მოიწმინდა.

- როგორ გინდა დამაჯერო, რომ გულწრფელი იყო? - მითხრა მან. ის ხომ არც კი მიცნობს; ან საერთოდ გიჟი ყოფილა.

და ბოლოს, ბლოკმა უკმაყოფილო დატოვა ყველა, როცა საუზმეზე საათნახევრით გვიან მოსულმა და ტალახით დაფარულმა, მობოდიშების ნაცვლად, განაცხადა:

- არასოდეს დავუშვებ, ჩემზე ზეგავლენა მოახდინოს ატმოსფერულმა ცვლილებებმა და დროის პირობითმა დაყოფამ. მზად ვარ, ორი ხელით მივესალმო ოპიუმის ჩიბუხისა და მალაიური ხანჯლის დაბრუნებას, მაგრამ არაფერი გამეგება ისეთი წარმოუდგენლად უფრო დამღუპველი და აუტანლად ბურჟუაზიული ინსტრუმენტებისა, როგორიცაა საათი და ქოლგა.

მიუხედავად ყველაფრისა, ის დაბრუნდებოდა კომბრეში. და მაინც,  ბლოკი არ გახლდათ ისეთი მეგობარი, როგორიც ჩემთვის უნდოდათ მშობლებს; ბოლოს კიდეც დაიჯერეს, რომ ცრემლები, ბებიაჩემის უქეიფობამ რომ აღვრევინა, ყალბი არ იყო; მაგრამ იცოდნენ, ან ინსტიქტურად, ან გამოცდილებიდან, რომ მგრძნობიარობის შემოტევებს დიდი ზეგავლენა არ აქვთ ჩვენს ქცევასა და ცხოვრების ყაიდაზე, და რომ მორალური ვალდებულებების პატივისცემას, მეგობრებისადმი ერთგულებას, სამუშაოს ბოლომდე მიყვანას, ცხოვრების წესისადმი მორჩილებას მყარ საძირკველს ბრმა ჩვევები უფრო უქმნის, ვიდრე წამიერი, მხურვალე და უნაყოფო აღტაცებები. მათ ერჩიათ, ბლოკის ნაცვლად ისეთი ამხანაგები მყოლოდა, ვინაც იმაზე მეტს არ მომცემდნენ, რაც შესაფერისია, რომ მეგობარს მისცე ბურჟუაზიული მორალის კანონების მიხედვით; ვინც მოულოდნელად არ გამომიგზავნდიდნენ ხილით სავსე კალათს, იმიტომ რომ იმ დღეს სიყვარულით გამიხსენეს, მაგრამ ვინც, ვინაიდან უძლურნი იქნებოდნენ, ჩემს სასარგებლოდ გადმოეხარათ მეგობრული ვალდებულებებისა და მოთხოვნების სწორი სასწორი მათი წარმოსახვისა და მგრძნობიარობის უბრალოდ უეცარი გაღვიძების გამო, იმავდროულად არც ჩემს საზიანოდ გადახრიდნენ. თვით ჩვენი შეცდომებიც კი ვერ აიძულებს ამგვარი ბუნების ადამიანებს, რომელთა მაგალითიც პაპიდაჩემი იყო, ადვილად უღალატონ ჩვენდამი მოვალეობებს:  მან, მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ნაჩხუბარი იყო ძმისშვილთან და აღარ ელაპარაკებოდა, არ შეცვალა ანდერძი, რომლითაც მთელ თავის ქონებას ძმისშვილს უტოვებდა, იმიტომ რომ ის იყო ყველაზე ახლო ნათესავი და „ასე იყო საჭირო.“

მაგრამ მე მომწონდა ბლოკი, ჩემს მშობლებს სურდათ, რომ ბედნიერი ვყოფილიყავი, გადაუჭრელი საკითხები, რომელთაც საკუთარ თავს ვუსვამდი მინოსისა და პასიფაეს ქალიშვილის აზრისგან განძარცვულ მშვენიერებაზე კიდევ უფრო მღლიდა და იმაზე უარესად მხდიდა, ვიდრე ამას ჩემს ამხანაგთან საუბრების გაგრძელება იზამდა, მიუხედავად იმისა, რომ დედას აზრით ისინი საზიანო იყო. და მას ისევ მივიღებდით კომრეში, რომ არა, იმ სადილის შემდეგ, როცა მაცნობა - ახალი ამბავი, რომელსაც მოგვიანებით დიდი ზეგავლენა უნდა მოეხდინა ჩემს ცხოვრებაზე, და ჯერ უფრო ბედნიერი გაეხადა, შემდეგ უბედური -, ყველა ქალი მხოლოდ სიყვარულზე ფიქრობს და ერთიც არ არსებობს ისეთი, ვისი წინააღმდეგობაც დაუძლეველი არ იყოსო, მისი თავგამოდებული მტკიცება, რომ სრულიად სარწმუნოდ შეიტყო, რომ თურმე პაპიდაჩემს ბობოქარი ახალგაზრდობა ჰქონია და ხასად ჰყავდა ერთ კაცს. ვერ შევძელი, ეს სიტყვები ჩემს მშობლებთან არ გამემეორებინა, ბლოკს კარებისკენ მიუთითეს მომდევნო სტუმრობისას და როდესაც შემდგომში ქუჩაში შევხვდი, უაღრესად ცივად მომესალმა.

მაგრამ ბერგოტთან დაკავშირებით სიმართლე თქვა.

პირველ დღეებში, იმ ჰანგის მსგავსად, რომელზეც იტყვი, ვგიჟდები ამ მელოდიაზეო, მაგრამ ჯერ არ გამოგირჩევია, ის, რაც ასე უნდა მყვარებოდა ბერგოტის სტილში, თავიდან ვერც კი შევამჩნიე. მის რომანს ვერ ვწყდებოდი, მაგრამ მეგონა, მხოლოდ წიგნის სიუჟეტი მაინტერესებდა, როგორც სიყვარულის დასაწყისში ხდება ხოლმე, როცა ყოველდღე სადღაც შეკრებაზე ან წვეულებაზე ქალთან შესახვედრად მიგიხარია და გგონია იქ მოსალოდნელი თავშექცევის გამო მიდიხარ. შემდეგ ზოგიერთი იშვიათი, თითქმის არქაული გამოთქმებიც შევნიშნე, რომელთა გამოყენებაც მაშინ უყვარდა, როცა ჰარმონიის ფარული ტალღა, შინაგანი პრელუდია, მის სტილს ამაღლებდა; და სწორედ ასეთ მომენტებში, ის ლაპარაკობდა „სიცოცხლის ფუჭ ოცნებაზე“, „მშვენიერ ჩენათა დაუშრეტელ  ნაკადზე“, „გაგებისა და სიყვარულის უნაყოფო და ტკბილ ტანჯვაზე“, „ამაღელვებელ ქანდაკებზე, სამარადისოდ რომ აკეთილშობილებენ ჩვენი ტაძრების სათაყვანებელ და მომხიბვლელ ფასადებს“, მთელ, ჩემთვის ახალ, ფილოსოფიას გამოხატავდა გასაოცარი სურათებით, რომელთაც თითქოს თავადვე  გააღვიძეს ეს ქნართა სიმღერა, შემდგომ ზემოთ რომ მიიწევდა და რომლის აკომპანიმენტსაც ისინი რაღაც ამაღლებულს ჰმატებდნენ. ბერგოტის ამ პასაჟებიდან ერთ-ერთმა, მესამემ თუ მეოთხემ, დანარჩენისგან რომ გამოვაცალკევე, იმხელა სიხარული მომანიჭა, პირველით გამოწვეულ სიხარულს რომ ვერ შევადრიდი, სიხარული, რომელსაც ჩემი არსების უღრმეს, ერთიან, ვრცელ მხარეში განვიცდიდი, საიდანაც, როგორც ჩანს, ყოველგვარი დაბრკოლებები და გამყოფები მოეშორებინათ. საქმე ის გახლდათ, რომ როდესაც ვიცანი ეს იგივე მიდრეკილება იშვიათი გამოთქმებისადმი, იგივე მუსიკალური გადმოღვრა, იგივე იდეალისტური ფილოსოფია, აქამდე არაერთხელ რომ გახდარა სიამოვნების მიზეზი, ისე რომ თავად ვერ მივხვდი, უკვე ის შთაბეჭდილება კი არ მქონდა, თითქოს ჩემს წინაშე რაიმე წიგნის კონკრეტული ნაწყვეტი იყო, ჩემს თავში წმინდად სწორხაზოვან ფიგურას რომ გახაზავდა, არამედ ბერგოტის „იდეალური ნაწყვეტი“, ყველა მისი წიგნისთვის საერთო, რომელსაც, ყველა მანამდე წაკითხული მსგავსი ნაწყვეტი, რომლებიც უკვე შერწყმოდა მას, ერთგვარ სისქეს, მოცულობას აძლევდა, რითაც თითქოს ჩემი გონებაც გაზრდილიყო.

მხოლოდ მე როდი ვიყავი ბერგოტის  თაყვანისმცემელი; ის დედაჩემის ერთ-ერთი მეგობრის - უაღრესად განათლებული ქალის - საყვარელი მწერალი იყო; ექიმი დუ ბულბონი კი, იმისთვის რომ მისი უკანასკნელი წიგნი წაეკითხა, ავადმყოფებს ალოდინებდა; და სწორედ მისი კაბინეტიდან, და კომბრეს მეზობლად მდებარე პარკიდან გაიბნა ბერგოტის სიყვარულის პირველი მარცვლები, ასე იშვიათი ჯიში მაშინ, ახლა კი საყოველთაოდ გავრცელებული, რომლის იდეალურსა და უბრალო ყვავილს ახლა ყველგან შეხვდებით, ევროპაში, ამერიკაში, და თვით ყველაზე პატარა სოფლებშიც კი. ის, რაც დედაჩემის მეგობარს და, როგორც ჩანს, ექიმ დუ ბულბონს ყველაზე მეტად უყვარდათ ბერგოტის წიგნებში, როგორც მე, ეს გახლდათ ეს იგივე მელოდიური დინება, ეს ძველი გამოთქმები, და ზოგიერთი სხვაც, ძალიან უბრალო და ნაცნობი, რომლებისადმიც, თუ გავითვალისწინებთ, თუ სად მიუჩენდა ხოლმე ადგილს, მწერალს განსაკუთრებული სიყვარული გააჩნდა; და ბოლოს, სევდიან პასაჟებში, ერთგვარი მოურიდებლობა, უხეში ტონიც კი. რა თქმა უნდა, თვითონაც ძალიან კარგად უნდა ეგრძნო, რომ მისი უმთავრესი მომხიბვლელობა სწორედ ამაში მდგომარეობდა. რადგანაც მომდევნო წიგნებში,  თუკი რაიმე დიდ ჭეშმარიტებას მიაგნებდა, ან ცნობილი ტაძრის სახელს, თხრობას წყვეტდა და მიმართვით, აპოსტროფით, გრძელი ლოცვით, თავისუფალ გზას აძლევდა ნაკადებს, ადრინდელ ნაწარმოებებში მისი პროზისთვის შინაგანი რომ რჩებოდა, მათ შესახებ კი მხოლოდ ზედაპირული ტალღები მეტყველებდა, და ალბათ კიდევ უფრო საამონი, უფრო ჰარმონიულნიც, იყვნენ ასე შეფარულნი, და ზუსტად ვერც იტყოდი, სად იბადებოდა მათი ჩურჩული და სად წყდებოდა. ეს პასაჟები, რომლებიც ასე მოსწონდა, ჩვენი საყვარელი პასაჟები იყო. მე პირადად ზეპირად ვიცოდი ისინი. იმედგაცრუებული ვიყავი, როდესაც ის თხრობის ძაფს აგრძელებდა. ყოველ ჯერზე, როცა რაიმე ისეთზე ლაპარაკობდა, რომლის მშვენიერებაც მანამდე ჩემთვის დამალული იყო, ფიჭვის ტყეებზე, სეტყვაზე, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარზე, ათალიზე ან ფედრაზე, შეეძლო მხოლოდ ერთი სურათით მშვენიერება აეფეთქებინა ჩემში. ამიტომაც, რადგან ვხდებოდი, სამყაროს რამდენი ნაწილი იყო, ჩემი უსუსური აღქმა რომ ვერ დაინახავდა, თუ ის მათ არ მომიახლოვებდა, მინდოდა ჩემს განკარგულებაში ყოფილიყო მისი შეხედულება, მეტაფორა ყველა საგანზე, განსაკუთრებით კი მათზე, რომელთა ნახვის შესაძლებლობა მეც მექნებოდა, და ამათ შორის, ძველი ფრანგული ხუროთმოძღვრების ნიმუშებისა და ზოგიერთ საზღვაო ხედზე, რადგანაც თავის წიგნებში ისეთი სიჯიუტით იხსენიებდა მათ, ცხადი იყო, მათში დიდ აზრსა და სილამაზეს ხედავდა. საუბედუროდ, თითქმის არაფერზე ვიცოდი მისი შეხედულება. ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ ის ჩემი შეხედულებებისაგან სრულიად განსხვავებული იქნებოდა, რადგან იმ უცნობი სამყაროდან იყო დაშვებული, რომლამდეც ამაღლება მე მეწადა: დარწმუნებულმა, რომ ჩემი აზრები ამ სრულყოფილ სულს წმინდა წყლის სისულელედ მოეჩვენებოდა, ხელის ერთი მოსმით ყველა ისე ამოვშალე თავიდან, რომ როცა ჩემს ნაფიქრს შემთხვევით რომელიმე მის წიგნში აღმოვაჩენდი, გული მებერებოდა, თითქოს ღმერთმა თავისი მოწყალებით დამიბრუნა, სამართლიანად და ლამაზად გამოაცხადა. ზოგჯერ ისეც ხდებოდა, რომ მისი გვერდი იმავე რამეებს ამბობდა, რასაც ხშირად ვწერდი ღამით ბებიაჩემსა და დედაჩემს, როცა ვერ ვიძინებდი, იმდენად რომ ბერგოტის ეს გვერდი ჩემი წერილებისთვის წასამძღვარებელი ეპიგრაფების ნაკრებს მოაგავდა. მოგვიანებითაც, როცა წიგნის წერა დავიწყე, და ზოგიერთი ჩემი ფრაზა მოიკოჭლებდა იმისთვის, რომ მათი გაგრძელება მეფიქრა, მათ ტოლფას წინადადებებს ბერგოტთან ვპოულობდი. მაგრამ მათით ტკბობა მხოლოდ მაშინ შემეძლო, როცა მის წიგნში ვკითხულობდი; როდესაც თვითონ ვთხზავდი, მოწადინეს, რომ ზუსტად აესახათ ის, რასაც ჩემს აზრში ვხედავდი, მოშიშარს, რომ „ვერ მივამსგავსებდი“, სად მქონდა იმის დრო, რომ მეკითხა საკუთარი თავისთვის, სასიამოვნო თუ იყო ის, რასაც ვწერდი! მაგრამ სინამდვილეში, მე მხოლოდ მსგავსი წინადადებები, მსგავსი იდეები მომწონდა. ჩემი მშფოთვარე და უკმაყოფილო მცდელობები თავისთავად სიყვარულის ნიშანი იყო, სიამოვნებებს მოკლებული, მაგრამ ღრმა სიყვარულისა. ამიტომაც, როდესაც მოულოდნელად ასეთ ფრაზებს სხვის წიგნში ვხედავდი, მაშასადამე, როდესაც სინდისი აღარ მქენჯნიდა, საკუთარი თავისადმი სიმკაცრეს აღარ ვიჩენდი და შემეძლო, თავი აღარ მეტანჯა, ბოლოსდაბოლოს თავს უფლებას ვაძლევდი, ჩემი გემოვნებით დავმტკბარიყავი, როგორც მზარეული, რომელიც, რაკიღა ამ ერთხელ სამზარეულოში ტრიალი არ უწევს, ბოლოსდაბოლოს დროს ნახულობს, რომ თვითონ იყოს გურმანი. ერთ დღეს, როდესაც ბერგოტის წიგნში მოხუც მსახურ ქალზე წავაწყდი ხუმრობას, რომელსაც მწერლის დიდებული და შთამბეჭდავი ენა კიდევ უფრო ირონიულს ხდიდა, მაგრამ იგივე იყო, რასაც ბებიას ვეუბნებოდი ხოლმე, როდესაც ფრანსუაზაზე ვლაპარაკობდი, ხოლო მეორეჯერ, როდესაც ვნახე, რომ საერთოდ არ ერიდებოდა, ჭეშმარიტების ამ სარკეებში, რასაც მისი წიგნები წარმოადგენდა, ისეთივე შენიშვნა აესახა, როგორიც ერთხელ შესაძლებლობა მომეცა, რომ ჩვენს მეგობარ მ. ლეგრანდენზე გამომეთქვა (ფრანსუაზაზე და მ. ლეგრანდენზე გაკეთებული შენიშვნები, იმათ რიგს ეკუთვნოდა, უყოყმანოდ რომ შევწირავდი ბერგოტს, დარწმუნებული, რომ ის მათ უინტერესოდ მიიჩნევდა), უეცრივ მომეჩვენა, რომ ჩემი მოკრძალებული ცხოვრება და ჭეშმარიტების სამეფოები არც ისეთი დაშორიშორებულნი იყვნენ, როგორც მეგონა, რომ ისინი გარკვეულ წერტილებში ემთხვეოდნენ კიდეც ერთმანეთს, და თვითრწმენისა და სიხარულისაგან ისე ავტირდი მწერლის გვერდებზე, როგორც ნაპოვნი მამის მკლავებში.

მისი წიგნებიდან გამომდინარე, ბერგოტი დაჩაჩანაკებულ, იმედგაცრუებულ მოხუცად წარმომედგინა, რამდენიმე შვილი რომ დაკარგა და უბედურება ვერ გადაიტანა. ამიტომაც, როდესაც ვკითხულობდი, მის პროზას გონებაში იმაზე უფრო dolce-ში, იმაზე უფრო lento-ში ვმღეროდი, ვიდრე დაწერილი იყო, და ყველაზე უბრალო ფრაზაც კი ალერსიანი ინტონაციით მომმართავდა. ყველაზე მეტად მისი ფილოსოფია მიყვარდა, პირობა დავდე, რომ სამუდამოდ მისი მიმდევარი ვიქნებოდი. მოუთმენლად ველოდი იმ ასაკს, როდესაც კოლეჯში შესვლა შემეძლებოდა და ფილოსოფიის კლასში ჩავეწერებოდი. მაგრამ იქ მე სხვა არაფრის კეთება მინდოდა, გარდა იმისა, რომ ბერგოტის აზრების შესაბამისად მეცხოვრა, და ჩემთვის რომ ეთქვათ, რომ მეტაფიზიკოსები, ვისაც შემდგომ მივეწებებოდი, მას არაფერში ემგვანებოდნენ, ისეთივე სასოწარკვეთილებას ვიგრძნობდი, როგორც შეყვარებული, ვისაც უნდა რომ ერთი უყვარდეს მთელი ცხოვრება და ეუბნებიან, რომ კიდევ მრავალი საყვარელი ეყოლება.

ერთ კვირა დღეს, ბაღში კითხვისას, სვანი ჩემი მშობლების სანახავად მოვიდა და წიგნს მომწყვიტა:

- რას კითხულობთ? შეიძლება შევხედო? ოჰო, ბერგოტი? ვინ გირჩიათ მისი წიგნები?

მე ვუთხარი, რომ ბლოკმა.

- აჰ! ეს ის ბიჭი, ერთხელ აქ რომ ვნახე, ასე ძალიან რომ ჰგავს ბელინის მეჰმეთ II-ს. ოჰ, საოცარი მსგავსებაა; იგივე მორკალული წარბები, იგივე კეხიანი ცხვირი, წინ წამოწეული ღაწვები. წვერიც რომ ამოუვა, მთლად იგივე პიროვნება იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი გემოვნება ჰქონია - ბერგოტი მომხიბვლელი მწერალია.  და რადგანაც დაინახა, როგორ აღფრთოვანებული ვიყავი მისით, სვანმა, მიუხედავად იმისა, რომ ნაცნობებზე არასდროს ლაპარაკობდა, ჩემთვის გამონაკლისი დაუშვა და მითხრა:

- კარგად ვიცნობ, შემიძლია რამდენიმე სიტყვა წავაწერინო თქვენს წიგნზე, შემეძლო, მეთხოვა.

ამ შემოთავაზების მიღება ვერ გავბედე, მაგრამ შეკითხვები კი დავუსვი ბერგოტზე. „შეგიძლიათ მითხრათ, ვინ არის მისი საყვარელი მსახიობი კაცი?“

-  მსახიობი კაცი, არ ვიცი. მაგრამ ვერცერთი კაცი მსახიობი ვერ შეედრება ბერმას, ვისაც ყველაზე მაღლა აყენებს. გინახავთ ბერმა?

- არა, მესიე, მშობლები არ მიშვებენ თეატრში.

- სამწუხაროა. უნდა სთხოვოთ. ბერმა ფედრაში, სიდში, დიახ, ის მხოლოდ მსახიობია, მაგრამ იცით, მაინცდამაინც არ მჯერა მე ამ ხელოვნებათა „იერარქიის“ (და მე შევნიშნე, როგორც ეს ხშირად შემინიშნავს ბებიაჩემის დებთან საუბარში, რომ როდესაც სერიოზულ თემებზე ლაპარაკობდა,  როდესაც იყენებდა გამოთქმას, რომელსაც უნდა მიეთითებინა, რომ ეს აზრი მნიშვნელოვან საკითხს შეეხებოდა, განსაკუთრებული, მექანიკური და ირონიული ინტონაციით გამოყოფდა, თითქოს „ბრჭყალებში“ სვამდა, თითქოს არ უნდოდა, პასუხისმგებლობა აეღო მასზე, ვითომდა ამბობდა: „იერარქია, ხომ იცით, როგორც სულელი ხალხი ამბობს?“, მაგრამ თუ სისულელე იყო, თვითონ რაღატომ ამბობდა იერარქიაო?). ერთი წამის შემდეგ დაამატა: „ის ისეთივე კეთილშობილ ხედვას შეგძენთ, როგორც ნებისმიერი სხვა შედევრი, როგორც, არ ვიცი... მაგლითად - და თან გაიცინა - „შარტრის დედოფლები!“ მანამდე მეჩვენებოდა, რომ შიში, სერიოზულად გამოეთქვა თავისი აზრი, ელეგანტური და პარიზული რამ უნდა ყოფილიყო, ბებიაჩემის დების პროვინციულ დოგმატიზმს რომ უპირისპირდებოდა; და იმასაც ვეჭვობდი, რომ ეს მახვილგონიერების ერთ-ერთ ფორმად ითვლებოდა იმ წრეებში, სადაც სვანი ტრიალებდა და სადაც, ადრინდელ თაობათა ლირიზმის საპასუხოდ, გადაჭარბებული მნიშვნელობა მიენიჭებინათ ზუსტი, წვრილმანი ფაქტებისადმი, ადრე ვულგარულად რომ ითვლებოდა, „ფრაზებს“ კი კრძალავდნენ. მაგრამ ახლა რაღაც შოკისმომგვრელს ვხედავდი სვანის საგნებისადმი დამოკიდებულებაში. როგორც ჩანდა, მას ვერ გაებედა მოსაზრების გამოთქმა და თავს მხოლოდ მაშინ გრძნობდა მშვიდად, როცა შეეძლო დაწვრილებით მოეხსენებინა რაიმე კონკრეტული ინფორმაცია. მაგრამ ვერ ხვდებოდა, რომ თუ დეტალებს უკირკიტებ და ამტკიცებ, რომ ისინი მნიშვნელოვანია, ეს უკვე აზრის გამოთქმაა. გამახსენდა ის სადილი, როდესაც ასე მოწყენილი ვიყავი, იმიტომ რომ დედა არ ამოვიდოდა ჩემს ოთახში და როცა მან თქვა, რომ პრინცესა დე ლეონის ბალები უმნიშვნელო იყო. მაგრამ ის სწორედ ასეთ სიამოვნებებში ატარებდა თავის ცხოვრებას. ეს ყველაფერი წინააღმდეგობრივი მეჩვენებოდა. მაშ სხვა რომელი ცხოვრებისთვის ინახავდა სერიოზულ აზრებს,  როდის ჩამოაყალიბებდა თავის შეხედულებებს, რომელთაც ბრჭყალებში აღარ ჩასვამდა, და როდის შეწყვეტდა დროის ხარჯვას ისეთ საქმიანობებზე - ამ პედანტურ და თავაზიან ხარკზე -, რომლებზეც თავად აცხადებდა, სასაცილოაო?  მეორეს მხრივ, როდესაც სვანი ბერგოტზე მელაპარაკებოდა, ისიც შევნიშნე, საუბრის მანერაში ჰქონდა რაღაც, რაც მხოლოდ მას არ ახასიათებდა და მწერლის ყველა თაყვანისმცემლისთვის იყო საერთო, დედაჩემის მეგობრისთვის, ექიმ დუ ბულბონისთვის. როგორც სვანი, ისინი ამბობდნენ: „ის მომხიბვლელი, ყველასგან განსხვავებული მწერალია, თავისებური წერის მანერა აქვს, ცოტა ზედმეტად დამუშავებული, მაგრამ სასიამოვნო. ხელმოწერის ნახვაც არ გჭირდება, მაშინვე ხვდები, რომ მისი დაწერილია.“ მაგრამ არც ერთი არ მიდიოდა იქამდე, რომ ეთქვა: „ის დიდი მწერალია, დიდი ტალანტი აქვს.“ იმასაც კი არ ამბობდნენ, რომ საერთოდ ჰქონდა ტალანტი. მაგრამ ამას იმიტომ არ ამბობდნენ, რომ არ იცოდნენ. დიდი ხანი გვჭირდება იმისთვის, რომ ახალი მწერლის კერძო ფიზიონომიაში შევიცნოთ მოდელი, რომელიც ჩვენს ზოგად იდეათა მუზეუმში „დიდი ტალანტის“ სახელს ატარებს. ზუსტად იმიტომაც, რომ ეს სახე ახალია, გვიჭირს მასში დავინახოთ ის, რასაც ტალანტს ვეძახით. ვარჩევთ, ვთქვათ, ორიგინალურობა, ხიბლი, სინატიფე, ძალა; და შემდეგ, ერთ დღესაც, ვიაზრებთ, რომ ტალანტიც სწორედ ესაა.

- აქვს ბერგოტს ისეთი წიგნები, სადაც ბერმაზე ლაპარაკობს? - ვკითხე მ. სვანს.

- როგორც მახსოვს, რასინის შესახებ პატარა ბროშურაში, მაგრამ მგონი აღარ იშოვება. თუმცა იქნებ ხელმეორედაც დაბეჭდეს. ვიკითხავ. შემიძლია თვითონ ბერგოტსაც ვკითხო, რის გაგებასაც ისურვებთ. კვირა არ გავა ისე, რომ სადილად არ გვეწვიოს. ჩემი ქალიშვილის დიდი მეგობარია. ერთად მიდიან ხოლმე ძველი ქალაქების, ტაძრების, ციხე-დარბაზების სანახვად.

რადგანაც სოციალური იერარქიის შესახებ არანაირი წარმოდგენა არ მქონდა და მამაჩემი შეუძლებლად თვლიდა, რომ მ-ამ და მ-ელ სვანებთან გვეურთიერთობა,  დიდი ხნის განმავლობაში ჩვენს შორის უზარმაზარი უფსკრული წარმომედგინა და ამით ისინი კიდევ უფრო მეტ მომხიბვლელობით იმოსებოდნენ ჩემს თვალში. გული მწყდებოდა, რომ დედა თმებს არ იღებავდა და ტუჩსაცხს არ ისვამდა მ-ამ სვანის მსგავსად, ვინც, როგორც ეს ჩვენი მეზობელი მ-ამ საზრასგან გავიგე, ასე თურმე ქმრისთვის კი არა, მ. შარლუსისთვის იქცეოდა, და მეც ვფიქრობდი, რომ მისთვის ზიზღის საგანი უნდა ვყოფილიყავით, რაც განსაკუთრებით მტკივნეული იყო ჩემთვის მ-ელ სვანის გამო, ვინც ულამაზესი გოგონა ყოფილა და ვისზეც ხშირად ვოცნებებდი და ყოველთვის ერთი და იმავე, თვითნებური და მომხიბვლელი სახით ვხატავდი. მაგრამ როდესაც გავიგე, იმ დღეს, რომ მ-ელ სვანი ისეთი იშვიათი მდგომარეობის მქონე არსება ყოფილა, უხვად რომ დაჰბერტყია უამრავი პრივილეგია და მათში ისე ბანაობდა, როგორც თავის ბუნებრივ სტიქიაში; რომ როდესაც მშობლებს ჰკითხავდა, დღეს ვინ გვყავს სადილადო, სინათლით აღსავსე მარცვლებით პასუხობდნენ, და მასაც ესმოდა ოქრო სტუმრის სახელი, ვინაც მისთვის უბრალოდ ოჯახის ძველი მეგობარი იყო: ბერგოტი; რომ, მისთვის, მაგიდასთან შინაურული საუბარი, რაც ჩემთვის პაპიდაჩემთან მუსაიფს ნიშნავდა, ბერგოტის სიტყვები იყო ყველა იმ თემაზე, რომელთაც თავის წიგნებში ვერ შეეხო, და რომლებზეც მინდოდა მისი ორაკულები მომესმინა; და რომ, როცა ქალაქებს სტუმრობდა, მწერალი მის გვერდით მიაბიჯებდა, უცნობი და დიდებული, იმ ღმერთების მსგავსად, მოკვდავთა შორის რომ ეშვებოდნენ, მაშინ ვიგრძენი, არა მხოლოდ ისეთი არსების ფასი, როგორიც მ-ელ სვანი გახლდათ, არამედ ისიც, თუ რაოდენ გაუთლელი და უვიცი გამოვჩნდებოდი მის თვალში; და ისე მძაფრად შევიგრძენი მასთან მეგობრობის სიტკბოება და შეუძლებლობა, რომ ერთდროულად შემიპყრო სურვილმაც და სასოწარკვეთამაც. ახლა, როდესაც მასზე ვფიქრობდი, ყველაზე ხშირად ტაძრის კარიბჭესთან ვხედავდი, როგორ მიხსნიდა ქანდაკებების მნიშვნელობებს და, ღიმილით, რაც ჩემზე კარგს ამბობდა, თავის მეგობარ ბერგოტთან წარმადგენდა. და ყოველთვის, ყველა ამ იდეის ხიბლი, რომელთაც ჩემში ტაძრები ბადებდა, ხიბლი ილ-დე-ფრანსის გორაკებისა და ნორმანდიის ველებისა, ათინათებად ირეკლებოდა ხატებაზე, რომელსაც მ-ელ სვანი ერქვა: ეს იყო სიყვარულისთვის გამზადებული არსება. ჩვენი რწმენა, რომ არსება უცნობი ცხოვრების მონაწილეა, სადაც მისმა სიყვარულმა უნდა შეგვიყვანოს, არის ის, იმ ყველაფრიდან, რაც სიყვარულის დაბადებისთვისაა საჭირო, რასაც ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად აფასებს და რის გამოც სხვა ყველაფერი აღარც ადარდებს. თვით ის ქალებიც, ვინც ამტკიცებენ, მამაკაცს მხოლოდ გარეგნობით ვაფასებთო, ამ გარეგნობაშიც განსაკუთრებული ცხოვრების ემანაციას ხედავენ. ამიტომაცაა, რომ მათ უყვართ სამხედროები, მეხანძრეები; უნიფორმის გამო ისინი სახეს დიდ ყურადღებას აღარც აქცევენ; ფიქრობენ, აბჯრის ქვეშ განსხვავებულ გულს ჰკოცნიან, მამაცსა და თბილს; და ახალგაზრდა მბრძანებელს, ტახტის მემკიდრეს, იმისთვის რომ მშვენიერთა და მშვენიერთა გულთამპყრობელი შეიქნას უცხო ქვეყნებში, სადაც ვიზიტით იმყოფება, სრულიად არ დასჭირდება სწორი პროფილი, რაც, ალბათ, აუცილებელი იქნებოდა ბირჟის მაკლერისათვის.

 

 

სანამ მე ბაღში ვკითხულობდი, რასაც პაპიდაჩემი მხოლოდ კვირა დღისით გაიგებდა, როცა ყოველგვარი სერიოზული საქმიანობა აკრძალული იყო და თვითონაც არ ქსოვდა (სადაგ დღეებში მეტყოდა ხოლმე: „როგორ, ისევ წიგნის კითხვით ერთობი? დღეს რომ კვირა არაა?“ და სიტყვა „გართობას“ ბავშვობისა და დროის კარგვის მნიშვნელობას მიანიჭებდა), დეიდა ლეონი ფრანსუაზასთან ბაასობდა ელალის მოლოდინში. აცნობებდა, რომ ახლახანს დაინახა, როგორ გაიარა მ-ამ გუპილმა, „უქოლგოდ, შატოდენში შეკერილ აბრეშუმის კაბაში. თუ მწუხრის ლოცვამდე შორსაა წასასვლელი, შეიძლება მთლად გასაწური გაუხდეს.“

- შესაძლოა, შესაძლოა (რაც ნიშნავდა, რომ „შესაძლოა არც...“), - უპასუხებდა ფრანსუაზა, რათა მთლად არ უარეყო შედარებით სასიკეთო ალტერნატივა.

- უიმე, - წამოიძახებდა დეიდაჩემი და შუბლზე ხელს იტკეცდა, ამაზე გამახსენდა, რომ არც კი გამიგია, ეკლესიაში ამაღლების შემდეგ მივიდა თუ არა. არ უნდა დამავიწყდეს ელალისთვის ამის კითხვა!... ფრანსუაზა, ერთი შეხედეთ ამ შავ ღრუბელს სამრეკლოს უკან და ამ სუსტ მზეს სახურავის ფიქლებზე. უეჭველია, დღე წვიმის გარეშე არ გათავდება. სულ ასე ვერ იქნებოდა, დღეს ძალიან ცხელოდა. და რაც მალე, მით უკეთესი, რადგან სანამ ქარი არ ამოვარდება, ჩემი ვიშის წყალი არ ჩავა, - დაამატებდა დეიდაჩემი, ვის გონებაშიც სურვილი, რომ ვიშის წყალის ჩასვლა დაეჩქარებინა, ათასგზის უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე შიში, რომ მ-ამ გუპილს კაბა არ გაჰფუჭებოდა.

- შესაძლოა, შესაძლოა.

- არადა, როცა წვიმს მოედანზე წესიერ შესაფარებელ ადგილს ვერ იპოვი. როგორ, სამი საათია? - შეჰყვირებდა უეცრად მთლად გათეთრებული დეიდაჩემი, მაშ, მწუხრის ლოცვაც უკვე დაწყებულა, ჩემი პეპსინი დამავიწყდა! ახლა კი გასაგებია, რატომაც მაწვა ვიშის წყალი კუჭზე.

და ლოცვანს ძგერებული, რომელსაც იისფერი ხავერდი ჰქონდა გადაკრული და მოოქროვილი აბზინდებით იყო შეკრული, საიდანაც, სიჩქარეში, რამდენიმე, გაყვითლებული ქაღალდის მაქმანებით შემოვლებული სურათი გადმოუცვივდებოდა, რომლებითაც დღესასწაულებისთვის დათმობილი გვერდები იყო მონიშნული, დეიდაჩემი თავის წვეთებს ყლურწავდა და თან მთელი სისწრაფით იწყებდა წმინდა ტექსტების კითხვას, თუმცაღა მათ გაგებას ოდნავ ართულებდა გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, შეძლებდა თუ არა ვიშის წყალზე ასე დაგვიანებით დაყოლებული პეპსინი, რომ დაწეოდა მას და ჩაეყვანა. „სამი საათი, პირდაპირ დაუჯერებელია, რა სწრაფად გადის დრო!“

ფანჯრის მინაზე ჯერ პატარა მოკაკუნება გაისმა, თითქოს რაღაცა მიეჯახაო, შემდეგ უხვი, მსუბუქი ვარდნის ხმა, თითქოს ზემოთა ფანჯრიდან ქვიშა გადმოყარესო, რომელიც კიდევ უფრო გაიშალა, გახშირდა, რითმში ჩაჯდა, მდინარე, მჟღერი, მუსიკალური, ყოვლისმომცველი გახდა: ეს წვიმა იყო.

- აბა, ფრანსუაზა, რა გითხარი? როგორ დაუშვა! მაგრამ მგონი ბაღის ჭიშკართან ზარის ხმა გავიგონე, წადი ერთი ნახე, ვინ არის გარეთ ასეთ ამინდში.

ფრანსუაზა დაბრუნდა:

- მ-ამ ამედე (ბებიაჩემი) ყოფილა, თქვა სასეირნოდ მივდივარო. თუმცა ძლიერად წვიმს.

- საერთოდაც არ მიკვირს, - იტყოდა დეიდაჩემი და თვალებს ზეცისკენ აღაპყრობდა. ყოველთვის ვამბობდი, რომ სხვანაირად აქვს მოწყობილი ტვინი, ყველასგან განსხვავდება. კი მირჩევნია, ახლა გარეთ ის იყოს, ვიდრე მე.

- მ-ამ ამედე მუდამ ყველასგან ყველაფრით განსხვავდება, - იტყოდა ფრანსუაზა კეთილად, და სათქმელს იმ წუთისთვის შემოინახავდა, როცა სხვა მსახურებთან ერთად იქნებოდა, ვისაც გაანდობდა, რომ მისი აზრით, ბებიაჩემი ცოტა „შემოკრული“ იყო.

- აი, ლოცვა-კურთხევის დრო გადავიდა! ელალი აღარ მოვა, - ამოიოხრებდა დეიდაჩემი; ეტყობა ამინდმა შეაშინა.

- მაგრამ ხუთი საათი ჯერ არ გამხდარა, მადამ ოქტავ, ჯერ მხოლოდ ხუთის ნახევარია.

- მხოლოდ ხუთის ნახევარია? მე კი იძულებული გავხდი, პატარა ფარდები ამეწია, რომ ცოტა დღის შუქი მაინც შემოსულიყო. ხუთის ნახევარისთვის! ერთი კვირით ადრე სავედრებლებამდე! აჰ, ჩემო საბრალო ფრანსუაზა! როგორც ჩანს კეთილი ღმერთი ძლიერ გვიწყრება! გადაგვარდა სამყარო, ადამიანები ძალიან ბევრის უფლებას აძლევენ თავს! როგორც ჩემი საბრალო ოქტავი იტყოდა, ძალიან დავივიწყეთ კეთილი ღმერთი და ისიც შურს ეძიებს!

უცებ დეიდაჩემს ლოყებს ღაჟღაჟა სიწითლე შეუფაკლავდა, ეს ელალი გახლდათ. სამწუხაროდ, მისი წარდგენა ძლივს იყო მომთავრებული, ფრანსუაზა ხელახლა შემოვიდოდა და ღიმილით, რაც ნიშნავდა, რომ ისიც უერთდებოდა სიხარულს, მის სიტყვებს რომ უნდა გამოეწვია დეიდაჩემში, რაშიც ეჭვიც არ ეპარებოდა, მარცვალ-მარცვალ რომ წარმოთქვამდა, რათა ეჩვენებინა, რომ მიუხედავად ირიბი თქმისა, ის, როგორც კარგი მსახური, სწორედ იმ სიტყვებს გადმოსცემდა, რომელთა ხმარებაც სტუმარმა კეთილინება:

- მ. კიურე ნასიამოვნები, მოხიბლული იქნება, თუ მ-ამ ოქტავი არ ისვენებს და მის მიღებას შეძლებს. მ. კიურეს თქვენი შეწუხება არ სურს. მ. კიურე ქვემოთაა, ვუთხარი, ზალაში შემოსულიყო.

სინამდვილეში, კიურეს ვიზიტები ისეთ დიდ სიამოვნებასაც არ ანიჭებდა დეიდაჩემს, როგორც ეს ფრანსუაზას ეგონა და მისი აღტაცებული გამომეტყველება, რომელზეც ფიქრობდა, რომ სახეზე უნდა დაეფინა ყოველ ჯერზე, როცა მის მოსვლას აცნობებდა, სრულებით არ შეესაბამებოდა ავადმყოფის განცდებს. კიურე (შესანიშნავი ადამიანი, ვისზეც ვნანობ, რომ უფრო მეტს არ ვესაუბრებოდი, რადგან, თუმცა ხელოვნების არაფერი გაეგებოდა, ბევრი რამ იცოდა ეტიმოლოგიებზე), ვინაც ჩვეული იყო, გამორჩეული სტუმრებისთვის ეკლესიის შესახებ მოეყოლა (კომბრეს სამრევლოზე მას წიგნის დაწერაც კი ჰქონდა განზრახული), დეიდაჩემს ღლიდა ხოლმე თავისი დაუსრულებელი, და, ამასთან ერთად, მუდამ ერთი და იმავე, განმარტებებით. მაგრამ როდესაც მისი ვიზიტი ზუსტად ელალისას ემთხვეოდა, ის მართლაც უსიამოვნო ხდებოდა დეიდაჩემისთვის. ერჩივნა, ბოლომდე ესარგებლა ელალის მოსვლით და მთელი თავისი საზოგადოება ერთ დროს არ ჰყოლოდა. მაგრამ კიურეს ნახვაზე უარის თქმას ვერ ბედავდა და მხოლოდ ანიშნებდა ელალის, რომ მასთან ერთად არ წასულიყო, რათა ცოტა ხანი მარტო ჰყოლოდა.

- მესიე კიურე, რას მეუბნებოდნენ, ვიღაც მხატვარს მოლბერტი დაუდგამს თქვენს ეკლესიაში და ფანჯრის ასლს იღებს? ამ ხნის ქალი ვარ და ასეთი რამე ჩემს ცხოვრებაში არ გამიგია! საით მიექანება კაცობრიობა! თან ეკლესიის ყველაზე უფრო უშნო ნაწილთანო!

- მთლად ასეც არ ვიტყოდი, ყველაზე უშნო-მეთქი, რადგან სენტ-ილერს აქვს რამდენიმე ისეთი ნაწილი, ნახვად რომ ღირს, თუმცა სხვები ძალიან ძველია ჩემს საბრალო ბაზილიკაში, ის ხომ მთელს ეპარქიაში ერთადერთია, რომელსაც არასდროს ღირსებია რესტავრაცია. ღმერთო ჩემო, კარიბჭე ჭუჭყიანია და ძველთაძველი, მაგრამ სრულიად დიდებულია; იგივე ითქმის ესთერის გობელენებზე, რომლებშიც პირადად მე ორ სუსაც არ გავიმეტებდი, მაგრამ მცოდნე ხალხი იძახის, სანსის გობელენებს ოდნავ თუ ჩამოუვარდებაო. ისიც უნდა ვაღიარო, რომ თუ რამდენიმე ზედმეტად რეალისტურ დეტალს არ ჩავთვლით, ჭეშმარიტად ღრმა დაკვირვების უნართან გვაქვს საქმე. მაგრამ ფანჯრებზე ნურაფერს მკითხავთ! რა აზრის ძევს იმაში, რომ გვტოვებენ ფანჯრებით, რომლებიც სინათლეს არ ატარებს და ჩვენს თვალსაც ატყუებს ისეთი ფერის ანარეკლებით, რომ ვერც იტყვი, რა ფერია, თან იმ ეკლესიაში, სადაც ორი ფილაქანიც კი არ არის თანაბარ სიმაღლეზე და მათ ჩანაცვლებაზეც უარს ამბობენ საბაბით, რომ ისინი კომბრეს აბატებისა და გერმანტის სენიორების, ძველი ბრაბანტის გრაფების, საფლავის ქვებიაო. ახლანდელი გერმანტის ჰერცოგისა და ასევე ჰერცოგინიის პირდაპირი წინაპრებისა, რადგან ისიც გერმანტის ასულია და თავის ბიძაშვილზე დაქორწინდა.“ (ბებიაჩემი, ვინც, იმის გამო, რომ დიდად არ ინტერესდებოდა „ცნობილი ადამიანებით“, ბოლოს ყველას ერთმანეთში ურევდა, ყოველ ჯერზე, როცა ვინმე ჰერცოგინია დე გერმანტს ახსენებდა, ამტკიცებდა, მ-ამ დე ვილპარიზის ნათესავი იქნებაო. ყველა სიცილს დააყრიდა; ცდილობდა, თავი დაეცვა და რომელიღაცა განცხადებას მოიგონებდა: „როგორც მახსოვს, იქ გერმანტებიც იყვნენ ნახსენები.“ და ამჯერად მეც მის წინააღმდეგ დავდგებოდი სხვებთან ერთად, რადგან არ შემეძლო დამეშვა, რომ მის პანსიონელ მეგობარსა და ჟენევიევ დე ბრაბანტის შთამომავალს შორის რაიმე კავშირი შეიძლებოდა ყოფილიყო.) „შეხედეთ რუსენვილს, დღეს ის გლეხების სამრევლოა, არადა ძველად ამ ადგილს დიდი გაფურჩქვნის ხანა ედგა, ფეტრის ქუდებითა და კედლის საათებით ვაჭრობდნენ. (რუსენვილის ეტიმოლოგიაზე დარწმუნებით ვერაფერს მოგახსნებთ. თუმცა უფრო იქითკენ ვიხრები, რომ თავდაპირველი სახელი რუვილი (Radulfi villa) უნდა ყოფილიყო, შატორუს (Castrum Radulfi) მსგავსად, მაგრამ ამაზე შეგვიძლია მოგვიანებით ვილაპარაკოთ.) დიახ! ეკლესიას შესანიშნავი ფანჯრები აქვს, თითქმის ყველა თანამედროვე, და ეს შთამბეჭდავი „ლუი-ფილიპის კომბრეში შესვლა“, რომელიც უფრო შესაფერისი იქნებოდა თვითონ კომბრესთვის და თურმე შარტრის ცნობილ ვიტრაჟებს არაფრით ჩამოუვარდება. სწორედ გუშინ ვნახე ექიმ პერსპიეს ძმა; ასეთების დიდი მოყვარულია და მისი აზრით, შესანიშნავი ნამუშევარია. მაგრამ, როგორც ამ მხატვარს ვუთხარი, -  სხვათა შორის, ძალიან თავაზიანი ვინმე ჩანს, და, ეტყობა, ფუნჯის ნამდვილი ვირტუოზია, - რას ხედავთ ასე განსაკუთრებულს ამ ფანჯარაში, რომელიც სხვებზე კიდევ უფრო ბნელია?

- დარწმუნებული ვარ, ეპისკოპოსისთვის რომ გეთხოვათ, - ძლივს გასაგონად თქვა დეიდაჩემმა, ვინც უკვე ფიქრობდა, რომ „იღლებოდა“, - ახალ ფანჯარაზე უარს არ გეტყოდათ.

- დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მადამ ოქტავ, - უპასუხებდა კიურე. - მაგრამ სწორედ ეპისკოპოსმა ატეხა ხმაური ამ ოხერ ვიტრაჟთან დაკავშირებით, რადგან დაამტკიცა, მასზე ჟილბერ ცუდია გამოსახულიო, გერმანტის სირი და ჟენევიევ დე ბრაბანტის პირდაპირი შთამომავალი, რომელიც გერმანტების ასული გახლდათ და შენდობა თვით წმინდა ილერისგან მიიღო.

- მაგრამ ვერ ვხედავ, სად არის წმინდა ილერი?

- როგორ არა, ფანჯრის კუთხეში - არასდროს შეგინიშნავთ ქალბატონი ყვითელ კაბაში? ხოდა, ეგ არის წმინდა ილერი; ზოგიერთ პროვინციაში წმინდა ილიეს ეძახიან, წმინდა ელიეს, და იურაში წმინდა ილისაც კი. და sanctus Hilarius-ის ეს დამახინჯებანი ნეტართა შეცვლილ სახელებს შორის ყველაზე უფრო უცნაურთა რიგს ნამდვილად არ მიეკუთვნება. მაგალითად, თქვენი პატრონი, ჩემო კეთილო ელალი,  sancta Eulalia - იცით, რა გახდა ბურგუნდიაში? წმინდა ელუა, არც მეტი არც ნაკლები: ის მამაკაცი წმინდანი გახდა. ხედავთ ელალი? - სიკვდილის შემდეგ მამაკაცად გადაგაქცევენ.

- მესიე კიურეს არასდროს ელევა ხუმრობები.

- ჟილბერის ძმა, შარლ ენაბლუ, ღვთისმოსავი პრინცი იყო, მაგრამ, ვინაიდან ადრევე დაკარგა მამა, პეპინ შეშლილი, სულიერი ავადმყოფობის შედეგად, უმაღლესი ძალაუფლება იმ კაცის ქედმაღლობით ეპყრა, რომელსაც ახალგაზრდობაში დისციპლინის კეთილისმყოფელი გავლენა არ განუცდია, და როცა ქალაქში ვინმე ისეთ კაცს დაინახავდა, ვისი სახეც არ მოეწონებოდა, უკანასკნელ მაცხოვრებლამდე ყველას ჟლეტდა. ჟილბერმა გადაწყვიტა, შარლზე შური ეძია და კომბრეს ეკლესია დააწვევინა, თავდაპირველი ეკლესია, რომელზეც თეოდებერტმა, როცა თავის კართან ერთად დატოვა სოფელში მდებარე სახლი, აქედან ახლოსვე, ტიბერზიში (Theodeberciacus), რათა ბურგუნდიელებს შებრძოლებოდა, პირობა დადო, რომ სენტ-ილერის საფლავზე ააშენებდა, თუ ნეტარი გაამარჯვებინებდა. იქიდან ახლა აღარაფერია დარჩენილი, საძვალის გარდა, რომელთანაც თეოდორი ჩაგიყვანდათ, რადგან ჟილბერმა სხვა ყველაფერი ცეცხლს მისცა. შემდეგ, მან დაამარცხა უბედურ დღეზე გაჩენილი შარლი, უილიამ დამპყრობლის დახმარებით (კიურე მას წარმოთქვამდა როგორც „ვილიამ“), რის გამოც ახლა ბევრი ინგლისელი სტუმრობს ხოლმე მას. მაგრამ, როგორც ჩანს, ვერ შეძლო კომბრეს ხალხის კეთილგანწყობა მოეპოვებინა, რადგანაც მესიდან გამოსულს ეტაკნენ და თავი წააცალეს. თეოდორს აქვს წიგნი, სადაც ყველაფერი დაწვრილებითაა მოთხრობილი და შეგიძლიათ გამოართვათ.

მაგრამ ის, რაც უდავოდ ყველაზე გასაოცარი რამაა ჩვენს ეკლესიაში, ეს სამრეკლოს ხედია, სრულიად დიდებული. ცხადია, თქვენი სისუსტიდან გამომდინარე, არასდიდებით არ გირჩევდით ოთხმოცდაჩვიდმეტი ნაბიჯის ავლას, რაც მილანის ცნობილი თაღის ზუსტად ნახევარია. ეს ჯანზე მყოფი ადამიანისთვისაც კი დამღლელია, მით უფრო რომ ორად მოკეცილმა უნდა აიარო, თუ თავის შუაზე გაპობა არ მოგდომებია, თან კიბის მთელი აბლაბუდები ააგროვო. ყოველ შემთხვევაში, კარგად კი უნდა შეიფუთნო, - დასძინა მან (ისე, რომ არც შეუნიშნავს დეიდაჩემის აღშფოთება იმ აზრის გაგონებაზე, რომ თურმე სამრეკლოზე ასვლა შეუძლია), რადგან როგორც კი ზემოთ ახვალ, გვარიანი ქარი ურტყამს. ზოგიერთი ამტკიცებს, იქ ასულმა სიკვდილის სუსხი ვიგრძენითო. მიუხედავად ამისა, კვირაობით ყოველთვის მოდიან ჯგუფები, ძალიან შორიდანაც კი, პანორამით დასატკბობად და ამ სილამაზით მოხიბლულნი ბრუნდებიან უკან. აი, მომდევნო კვირას, თუ კარგი ამინდი შენარჩუნდება, უეჭველად ბევრ ხალხს ნახავთ, რადგან სავედრებელებია. თანაც, უნდა ვაღიარო, იქიდან მართლაც ზღაპრული ხედები იშლება, ამ მინდვრებზე ყველა პერსპექტივა თავისებური და განუმეორებელია. ნათელ ამინდში მზერა ვერნეილსაც სწვდება. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ აქედან ერთდროულად შეგიძლია მოავლო თვალი ყველაფერს, რასაც ჩვეულებრივ მხოლოდ ნაწილ-ნაწილ ხედავ, როგორც, მაგალითად, ვივონის დინებასა და სენტ-ასიზ-ლე-კომბრეს თხრილებს, რომელთაგანაც ის მაღალი ხეების ფარდითაა გამოყოფილი, ან ჟუი-ლე-ვიკონტის (Gaudiacus vice comitis, როგორც მოგეხსენებათ) განსხვავებულ არხებს. ყოველ ჯერზე, როცა ჟუი-ლე-ვიკონტამდე მივსულვარ, არხის პატარა ნაწილი დამინახავს, და შემდეგ, როცა კუთხეში გამიხვევია, კიდევ ერთი ნაწილი, მაგრამ შემდეგ უკვე წინას ვეღარ ვხედავდი. კი ვცდილობდი, ისინი ერთად წარმომედგინა გონებაში, მაგრამ შედეგი დიდი ვერაფერი. სენტ-ილერის სამრეკლოდან კი სულ სხვაა, მთელი ეს არე-მარე ერთ ქსელად წარმოგიდგება. მაგრამ წყალს უკვე ვეღარ ხედავ, არამედ, შეიძლება თქვა, რომ დიდ ნაპრალებს, რომლებიც ქალაქს ისე კარგად ჰყოფს უბნებად, გეგონება უკვე დაჭრილი ბრიოშია, ოღონდ ნაჭრები არ გაუცალკევებიათო. ყველაზე უკეთესი იქნებოდა, ერთდროულად სენტ-ილერის სამრეკლოშიც შეგეძლოს ყოფნა და ჟუი-ლე-ვიკონტშიც.

კიურე ისე ღლიდა, ძლივს იყო წასული, რომ  დეიდაჩემი იძულებული ხდებოდა, ელალი დაეთხოვა.

- აიღეთ, ჩემო საბრალო ელალი, - ეტყოდა სუსტი ხმით და თან პატარა საფულიდან, იქვე ხელის გაწვდენაზე რომ ედო, მონეტას ამოიღებდა, ეს იმიტომ, რომ თქვენს ლოცვებში ჩემი მოხსენიება არ დაგავიწყდეთ.

- აჰ, მადამ ოქტავ! არც კი ვიცი, უნდა გამოგართვათ თუ არა; თქვენ ხომ კარგად მოგეხსნებათ, რომ ამისთვის არ მოვდივარ აქ! - ეტყოდა ელალი ყოველთვის ერთი და იმავე ყოყმანითა და უხერხულობით, თითქოს ეს პირველი ყოფილიყო, და ერთგვარი უკმაყოფილო გამომეტყველებით, რაც ახალისებდა დეიდაჩემს და არ აჯავრებდა, რადგან თუ რომელიმე დღეს, ელალის მონეტის მიღებისას ჩვეულებრივზე ნაკლებად შეწუხებული სახე ექნებოდა, დეიდაჩემი იტყოდა:

- არ ვიცი, რა სჭირდა დღეს ელალის; იმდენივე მივეცი, რამდენსაც ჩვეულებრივ ვაძლევ ხოლმე, კმაყოფილი არ ჩანდა.

- და მაინც, არა მგონია, რაიმე საწუწუნო ჰქონდეს, - ამოიოხრებდა ფრანსუაზა, ვინც მიდრეკილი იყო, ხურდა ფულად ჩაეთვალა ყველაფერი, რასაც დეიდაჩემი მას და მის შვილებს აძლევდა, და უმადურ არსებაზე სულელურად გაფლანგულ საგანძურად ის პატარა მონეტები, ელალის ხელი რომ იღებდა ყოველ კვირას, მაგრამ ისე შეუმჩნევლად, რომ ფრანსუაზა მათ დანახვას ვერასდროს ახერხებდა. ფული, რომელსაც დეიდაჩემი ელალის აძლევდა, ფრანსუაზას სულაც არ უნდოდა თავისთვის. ის საკმარისად სარგებლობდა დეიდას ავლა-დიდებით, რამეთუ იცოდა, რომ ქალბატონის სიმდიდრე იმავდროულად მსახურსაც ამაღლებს და ალამაზებს ყველას თვალში; და რომ ის, ფრანსუაზა, ცნობილი და პატივდებული გახლდათ კომბრეში, ჟუი-ლე-ვიკონტში და სხვა ადგილებში, დეიდაჩემის მრავალრიცხოვანი ფერმების, კიურეს ხშირი და ხანგრძლივი სტუმრობების, შესმული ვიშის წყლის ბოთლების შთამბეჭდავი რიცხვის გამო. ძუნწი მხოლოდ დეიდაჩემისთვის იყო; მისი ქონება რომ ემართა, რასაც მხოლოდ ოცნებებში თუ წარმოიდგენდა, სხვების ხარბი ხელებისგან დედობრივი გამძვინვარებით დაიცავდა. თუმცა დიდ უბედურებად სულაც არ მოეჩვენებოდა, თუ დეიდაჩემი, ვისი გამოუსწორებელი ხელგაშლილობის ამბავიც კარგად უწყოდა, თავს უფლებას მისცემა, მოწყალება გაეცა, ოღონდ მხოლოდ მდიდრებზე. შესაძლოა, ფრანსუაზა ფიქრობდა, რომ რადგანაც ასეთ ხალხს დეიდაჩემის საჩუქრები არ სჭირდებოდა, ეჭვსაც ვერ შევიტანდით, რომ ის ამ საჩუქრების გამო მოსწონდათ. გარდა ამისა, დიდი შეძლებისა და მდგომარეობის მქონე ადამიანებისადმი გაკეთებული ძღვენი, როგორებიც იყვნენ მ-ამ საზრა, მ. სვანი, მ. ლეგრანდენი, მ-ამ გუპილი, ვინებიც „იმავე საფეხურზე“ იდგნენ, სადაც დეიდაჩემი და „ერთმანეთს შეეფერებოდნენ“, მას ამ უცხო და ბრწყინვალე ცხოვრების წეს-ჩვეულებების ნაწილად მიაჩნდა, რომელშიც მდიდარი ადამიანები ნადირობენ, ბალებს მართავენ, ერთმანეთს სტუმრობენ, ადამიანები, ვისაც აღფრთოვანებული ღიმილით უცქერდა. მაგრამ იგივე საქმე სულაც არ იყო, როდესაც მისი გულუხვობის ადრესატები იყვნენ ისინი, ვისაც ფრანსუაზა თავისნაირ ხალხს ეძახდა, „ხალხს, ვინც არაფრით ჩემზე უკეთესი არაა“ და ვინც ყველაზე მეტად სძულდა, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი „მადამ ფრანსუაზას“ ეძახდნენ და თავს „მასზე უარესებად“ მიიჩნევდნენ. და როდესაც ხედავდა, რომ მიუხედავად მისი რჩევისა, დეიდაჩემი თავისას არ იშლიდა და ფულს უღირსებზე ანიავებდა - ყოველ შემთხვევაში, ასე თვლიდა ფრანსუაზა -, მისთვის გაკეთებული საჩუქრები ძალიან პატარა ეჩვენებოდა ელალიზე გაცემულ წარმოსახვით თანხებთან შედარებით. კომბრეს მიდამოებში ერთი ისეთი ძლიერი და დოვლათიანი ფერმა არ იყო, რომელსაც, როგორც ფრანსუაზა ვარაუდობდა, ელალი მარტივად ვერ შესწვდებოდა ამ ვიზიტების შედეგად დაგროვილი ფულით. ისიც მართალია, რომ ელალის იგივე წარმოდგენა ჰქონდა ფრანსუაზას უზარმაზარ და დამალულ სიმდიდრეებზე. ფრანსუაზას ჩვეულება გახლდათ, როცა ელალი წავიდოდა, მასზე არაკეთილმოსურნე წინასწარმეტყველებები ეთქვა. მას ის სძულდა, მაგრამ ეშინოდა კიდეც მისი და ფიქრობდა, რომ როცა ელალი იქ იყო, „კარგი სახით“ უნდა ჩვენებოდა. ამ ყველაფერს მისი წასვლის შემდეგ ანაზღაურებდა, თუმცაღა, სახელს არასდროს ამბობდა, არამედ სიბილას ორაკულებს წარმოთქვამდა, ან ზოგადი სახის წინადადებებს, როგორებიც ეკლესიასტეში გვხვდება, თუმცა შეუძლებელია მათი ხმარება დეიდაჩემს გამოჰპარვოდა. როდესაც დაინახავდა, ფარდის კუთხიდან, როგორ მიიხურა ელალიმ ჭიშკარი: „მლიქვნელებმა იციან, როგორ აამონ ადამიანებს და როგორ მოაგროვონ ფულები; მაგრამ, მოთმინება, კეთილი ღმერთი ერთ მშვენიერ დღეს ყველას დასჯის,“ - იტყოდა ის, იოასის ალმაცერი მზერითა და მინიშნებით, როცა ეს უკანასკნელი მხოლოდ ატალიაზე ფიქრობს და ამბობს:

 

უკეთურთა ბედნიერება მიედინება ვით ნიაღვარი

 

მაგრამ როდესაც კიურეც იყო მოსული და მისი დაუსრულებელი სტუმრობა დეიდაჩემის ძალებს სრულიად გამოწურავდა, ფრანსუაზა საწოლი ოთახიდან ელალის უკან გამოვიდოდა და იტყოდა:

- მადამ ოქტავ, დაგტოვებთ, რომ დაისვენოთ, ძალიან დაღლილი სახე გაქვთ.

და დეიდაჩემი არც კი უპასუხებდა, უბრალოდ ერთი ამოისუნთქავდა, გეგონებოდა უკანასკნელად, მკვდარივით თვალებდახუჭული. მაგრამ ფრანსუაზა ძლივს იყო ჩამოსული, რომ სახლში ოთხჯერ გაისმოდა მთელი ძალით ჩამოკრული ზარის ხმა, და დეიდაჩემი, საწოლზე წამომჯდარი, დაიძახებდა:

- უკვე წავიდა ელალი? წარმოგიდგენიათ, დამავიწყდა მისთვის მეკითხა მ-ამ გუპილი  მესაზე ამაღლებამდე მივიდა თუ არა! ჩქარა, დაედევნეთ!

მაგრამ ფრანსუაზა ხელმოცარული ბრუნდებოდა უკან. ელალის დაწევა ვერ მოეხერხებინა.

- საწყენია, - იტყოდა დეიდაჩემი და თავს გააქნევდა. ერთადერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც მისთვის უნდა მეკითხა!

აი, ასე მიედინებოდა ყოველთვის ერთნაირი დეიდაჩემის ცხოვრება, ტკბილ ერთგვაროვნებაში, რასაც ის, მოჩვენებითი დაცინვითა და ღრმადგამჯდარი სინაზით, თავის „პატარა რუტინას“ უწოდებდა. დაცული ყველას მიერ, არა მხოლოდ სახლში, სადაც ყველამ გამოსცადა, რაოდენ ფუჭი იყო რაიმე უკეთესი რეჟიმის შეთავაზება და თანდათანობით შევეგუეთ, რომ მისთვის პატივი გვეცა, არამედ სოფელშიც, სადაც, ჩვენგან სამი ქუჩის მოშორებით, შემფუთველი, სანამ ყუთებს დააჭედებდა, ფრანსუაზასთან აკითხინებდა ხოლმე, დეიდაჩემი ხომ არ „ისვენებდა“, - ეს რუტინა იმ წელიწადს ერთხელ დაირღვა. როგორც ფოთლებში დამალული ნაყოფი, რომელიც ისე დამწიფდა, რომ ვერავინ შეამჩნია და თავისით ჩამოვარდა, ერთ ღამით სამზარეულოს მოახლემ ბავშვი გააჩინა. მაგრამ მისი ტკივილები გაუსაძლისი იყო, და რაკიღა კომბრეში ბებიაქალი არ გვყავდა, ფრანსუაზა სანამ ინათებდა, იძულებული გახდა, ტიბერზიში წასულიყო. დეიდას მოახლე გოგოს ყვირილის გამო მოსვენება არ შეეძლო, და რადგანაც ფრანსუაზას, მოკლე მანძილის მიუხედავად, ნამეტანი შეაგვიანდა, მისი ხელი ძალიან მოაკლდა. ამიტომაც, დილით დედაჩემმა მითხრა: „ადი, ნახე აბა, დეიდას რამე ხომ არ სჭირდება.“ შევედი პირველ ოთახში, და გაღებული კარიდან დავინახე გვერდზე მწოლიარე დეიდაჩემი, მძინარე; გავიგონე, რომ ოდნავ ხვრინავდა. ვაპირებდი, უჩუმრად გამოვსულიყავი, მაგრამ ჩემი ხმა, როგორც ჩანს, მის ძილში ჩაერთო და „სიჩქარე გადართო“, როგორც ავტომობილებზე ამბობენ ხოლმე, რადგანაც ხვრინვის მუსიკა ერთი წამით შეწყდა და უფრო დაბალ ხმაზე გაგრძელდა, შემდეგ გაიღვიძა და ნახევრად შემოატრიალა სახე, რომლის დანახვაც უკვე შემეძლო; მასზე ერთგვარი თავზარი ეხატა; აშკარად, რაღაც საშინელ სიზმარს ხედავდა; ისე იწვა, რომ ვერ მხედავდა, და იქ ვრჩებოდი, და არ ვიცოდი, უნდა მივახლოებოდი თუ წამოვსულიყავი; მაგრამ როგორც ჩანს, უკვე სინამდვილის შეგრძნებაც დაბრუნებოდა და იმ ხილვათა მატყუარობაც შეიცნო, რომლებმაც შეაშინა; სიხარულის,  ღვთისმოსაური მადლიერების ღიმილმა, რომ ღმერთი შესაძლებელს ხდის, სიცოცხლე სიზმრებზე უფრო სასტიკი არ იყოს, სუსტად გაუნათა სახე, და როგორც სჩვეოდა ჩვევით, რომ საკუთარ თავთან ელაპარაკა ხმადაბლა, როცა ეგონა, მარტო ვარო, ჩაიჩურჩულა: „კურთხეულ იყოს უფლის სახელი! ჩვენი ერთადერთი სადარდებელი მშობიარე სამზარეულოს გოგოა! მე კი მესიზმრა, რომ საბრალო ოქტავი გაცოცხლდა და უნდოდა რომ ყოველ დღე მესეირნა!“ მისმა ხელმა პატარა მაგიდაზე დადებული ლოცვანისკენ გაიწია, მაგრამ ძილი ისევ ერეოდა და ძალა აღარ ეყო, მისწვდომოდა: ჩაეძინა, დამშვიდებულს, და მისი ოთახიდან ისე ფეხაკრეფით გამოვიძურწე, რომ არც მას და არც არავის არასდროს გაუგია იმის შესახებ, რაც მე მაშინ გავიგე.

როდესაც ვამბობ, რომ ძალზედ იშვიათი მოვლენების გარდა, როგორიც იყო ეს მშობიარობა, დეიდაჩემის რუტინა არავითარ ცვლილებას არ განიცდიდა-მეთქი, სათვალავში არ ვიღებ მათ, რომლებსაც, ვინაიდან ყოველთვის ერთნაირად მეორდებოდა დროის თანაბარ შუალედებში, ერთგვაროვნების გულში ოდენ მეორეული ერთგვაროვნება შემოჰქონდა. ამიტომაც, ყოველ შაბათს, როცა შუადღით ფრანსუაზა რუსენვილ-ლე-პენის ბაზარში მიდიოდა, საუზმე ყველასთვის ერთი საათით ადრე იშლებოდა. და დეიდაჩემმა ისე კარგად შეითვისა ჩვეულებების ყოველკვირეული დარღვევის ეს ახალი ჩვეულება, რომ მასაც ისევე ერთგულად იცავდა, როგორც სხვებს. ის ამ წესს იმდენად იყო „შეჩვეული“, როგორც ფრანსუაზა ამბობდა, რომ თუ შაბათს საუზმისთვის ჩვეულ დრომდე მოუწევდა ლოდინი, ეს ისევე „შეაწუხებდა“, როგორც სხვა დღეს საუზმობის ერთი საათით ადრე გადატანა შაბათის დროზე. სხვათა შორის, საუზმის უკან გადაწევა შაბათს ყველა ჩვენგანისათვის განსაკუთრებულ, შემწყნარებლურ და, ასე განსაჯეთ, სანდომიან სახეს ანიჭებდა. იმ დროს, როცა ჩვეულებრივ კიდევ ერთი საათი უნდა მოიცადო ჭამის მოსვენებამდე, ვიცოდით, რომ რამდენიმე წამში ვიხილავდით ნაადრევად შემობრძანებულ არდიებს, მუქთა ომლეტს და დაუმსახურებელ ბიფშტეკსს. ამ ასიმეტრიული შაბათის მოსვლა ერთ-ერთ იმ პატარა, შინაგან, ადგილობრივ, თითქმის სამოქალაქო მოვლენათაგანს განეკუთვნებოდა, რომელებიც მშვიდი და ჩაკეტილი საზოგადოებების ცხოვრებაში ერთგვარ ეროვნულ კავშირს ქმნის და საუბრების, ხუმრობების, თვითნებურად გაზვიადებული მონათხრობების საყვარელი თემა ხდება: ეს მთლად გამზადებული ბირთვი იქნებოდა ლეგენდების ციკლისთვის, რომელიმე ჩვენგანს ეპიკურად მოწყობილი ტვინი ჰქონოდა. გაღვიძებისთანავე, სანამ ჩავიცვამდით, უმიზეზოდ, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენი სოლიდარობის სასიამოვნო ძალა განგვეცადა, ხალისით, გულითადად, პატრიოტიზმით აღვსილნი ვეუბნებოდით ერთმანეთს: „დრო არ უნდა დავკარგოთ; არ დაგავიწყდეთ - დღეს შაბათია!“ მაშინ როცა დეიდაჩემი, ვინც ფრანსუაზასთან ერთად ბჭობდა და თან ფიქრობდა, რომ დღე ჩვეულებრივზე უფრო გრძელი იქნებოდა, ამბობდა: „კარგი ნაჭერი ხბოს ხორცი მოუმზადეთ, დღეს ხომ შაბათია!“ თუ თერთმეტის ნახევარზე რომელიმე გონებაგაფანტული საათს ამოიღებდა და იტყოდა: „ჰოო, საუზმემდე ჯერ კიდევ საათნახევარია“, ყველა სიამოვნებით ეუბნებოდა: „ნეტავ რაზე ფიქრობთ, დაგავიწყდათ, რომ დღეს შაბათია!“; თხუთმეტი წუთის შემდეგ ჩვენ ისევ ვიცინოდით ამაზე და ვპირდებოდით საკუთარ თავს, რომ წარმოუდგენელი გულმავიწყობის შესახებ დეიდაჩემისთვის მოგვეყოლა და გაგვემხიარულებინა. თვით ცის სახეც შეცვლილი ჩანდა. საუზმის შემდეგ, მზე, რადგანაც იცოდა, რომ შაბათი იყო, ერთი საათით მეტხანს დახეტიალობდა ცის მაღალ კაბადონზე და როდესაც ვინმე, ვინც ფიქრობდა, რომ სეირნობისთვის ვაგვიანებდით, იტყოდა: „როგორ მხოლოდ ორი საათი?“ როცა დაინახავდა, როგორ გადმოეშვებოდა, ორი დარტყმა სენტ-ილერის სამრეკლოდან (რომელნიც ჩვეულებრივ არავის ხვდებოდნენ უკაცრიელ ბილიკებზე, რამეთუ სხვებისთვის სადილობის ან სიესტას დრო იყო, მჩქეფარე, თეთრი მდინარის გასწვრივ, თვით მეთევზესაც რომ მიეტოვებინა, და გადაივლიდნენ  ასე მარტოსულნი ცარიელ ცას, სადაც მხოლოდ რამდენიმე ზარმაცი ღრუბელი შემორჩენილიყო), ყველა ერთხმად უპასუხებდა: „გეშლებათ! დღეს ხომ ერთი საათით ადრე ვისაუზმეთ; ძალიან კარგად იცით, რომ დღეს შაბათია!“ გაოცება ბარბაროსისა (ასე ვეძახდით ყველას, ვინც არ იცოდა, რაში მდგომარეობდა შაბათის განსაკუთრებულობა), თერთმეტ საათზე მამაჩემთან სალაპარაკოდ მოსულს მაგიდას მიმსხდრები რომ ვხვდებოდით, ერთ-ერთი ისეთი რამ გახლდათ, რაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად ამხიარულებდა ფრანსუაზას. მაგრამ თუ მისთვის სასაცილო იყო, რომ გაოგნებულმა სტუმარმა არ იცოდა, რომ შაბათს ადრიანად ვსადილობდით, კიდევ უფრო კომიკური ეჩვენებოდა (თუმცაღა იმავე დროს გულის სიღრმეში კეთილგანწყობით უყურებდა ამ ვიწრო შოვინიზმს), რომ თვითონ მამაჩემი ვერ იაზრებდა, რომ ბარბაროსს შეიძლება არ სცოდნოდა ამის შესახებ და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უპასუხებდა სახტად დარჩენილ სტუმარს, როცა ის სასადილო ოთახში დაგვინახავდა: „დღეს ხომ შაბათია!“  ამ ადგილამდე რომ მივიდოდა მოყოლისას, სიცილისაგან ატირებული ცრემლებს მოიწმენდდა და საკუთარივე სიამოვნების გასახანგრძლივებლად, აგრძელებდა დიალოგს და იგონებდა, თუ რა თქვა პასუხად სტუმარმა, ვისთვისაც „შაბათი“ საერთოდ არაფერს ხსნიდა. და ჩვენც, არათუ ვსაყვედურობდით ამ შელამაზებებს, არამედ რაღაც უკმარისობის გრძნობაც გვრჩებოდა: „მაგრამ მგონი სხვა რამეც თქვა. პირველად უფრო გრძლად მოგვიყვევით!“ პაპიდაჩემიც კი გვერდით გადადებდა თავის საქსოვს, თავს ასწევდა და ლორნეტის ზემოდან გადმოხედავდა.

შაბათი იმითაც იყო გამორჩეული, რომ ამ დღეს, მაისის თვეში, ნასადილევს „მარიამის თვეზე“ მივდიოდით.

ვინაიდან ზოგჯერ იქ მ. ვენტოს ვხვდებოდით, ვინც ძალიან მკაცრად აფასებდა „ახალგაზრდების სამწუხარო მოუწესრიგებლობას“, რასაც „ახლანდელი დროების იდეები კიდევაც ახალისებენ“, დედაჩემი საგულდაგულოდ შეამოწმებდა, რომ რამე ხინჯი არ ყოფილიყო ჩემს ჩაცმულობაში, შემდეგ კი ეკლესიისკენ გავწევდით. როგორც მახსოვს, სწორედ ამ მარიამის თვის მსახურებებზე შემიყვარდა კუნელები. მათ არა მხოლოდ ნახავდი ასე წმინდა ეკლესიაში, სადაც იმავდროულად შესვლის უფლებაც გვქონდა, თვით საკურთხევლზე დადებულნი, განუყოფელნი საიდუმლოთაგან, რომელთა აღსრულებაშიც მონაწილეობდნენ, მათი ტოტები  შანდლებსა და წმინდა ჭურჭლებს შორის გახლდათ გაწვდილი, ჰორიზონტალურად მიმაგრებული ერთი მეორეზე სადღესასწაულო სამზადისში და კიდევ უფრო გალამაზებული ფოთლების გირლანდებით, რომლებზედაც უხვად მიმობნეულიყო, როგორც საპატარძლო შლეიფზე, თვალისმომჭრელად თეთრი კოკრების პატარა თაიგულები. მაგრამ, თუმცა მათი შეხედვა ვერ გამებედა და მხოლოდ თვალს ვაპარებდი, ვგრძნობდი, ეს საზეიმო სამზადისი ცოცხალი იყო და რომ თვითონ ბუნებამ გახადა ღირსეული, ფოთლებზე ამ დაკბილული კიდეების გამოყვანით, ამ თეთრი კოკრების უმაღლესი ორნამენტების დამატებით, ეს დეკორაცია იმისთვის, რაც ერთდროულად სახალხო მხიარულებაც გახლდათ და მისტიური ზეიმიც. უფრო მაღლა მათი გვირგვინები უდარდელი გრაციოზულობით იშლებოდნენ, ჯერ ისევ ეჭირათ, ასე დაუდევრად, როგორც უკანასკნელი და ჰაეროვანი სამკაული, შემოდგომის აბლაბუდეებივით წმინდა, მტვრიანების თაიგულები, რომლებიც მთლიანად ღრუბლებში ხვევდნენ მათ, და მათი გაყოლით, ჩემს სიღრმეში მათი ყვავილობის მოძრაობის  მიბაძვით, წარმოვიდგენდი, რომ ეს თეთრებში გამოწყობილი ახალგაზრდა ქალიშვილი იქნევდა თავს ქარაფშუტულად და სწრაფად: ის კეკლუცად იყურებოდა, დაწვრილებული გუგებით, და ზოგადად ძალიან გაფანტული და ცოცხალი იყო. მ. ვენტო თავის ქალიშვილთან ერთად მოვიდა და ჩვენს გვერდით დაჯდა. კარგი ოჯახიდან გამოსული, ის ბებიას დებს ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლიდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ცოლი გარდაეცვალა, მემკვიდრეობა მიიღო და კომბრეს ახლოს დამკვიდრდა, ჩვენი ხშირი სტუმარი გახდა. მაგრამ რადგანაც მეტისმეტად წესიერი იყო, ჩვენთან სიარული შეწყვიტა, რათა სვანს არ შეხვედროდა, ვინც, როგორც თვითონ ამბობდა, „შეუფერებლად იქორწინა, თანამედროვეობის გემოვნების შესაბამისად.“ როდესაც დედაჩემმა გაიგო, რომ მუსიკას წერდა, გულითადად უთხრა, როდესაც გესტუმრებით, აუცილებლად უნდა მომასმენინოთ რაიმე თქვენიო. მ. ვენტო დიდად მოხარულიც იქნებოდა, მაგრამ ის ისეთი ფაქიზი გულისხმიერებით ავლენდა თავაზიანობასა და  კეთილგანწყობილებას,  რადგანაც სხვების ადგილზე აყენებდა თავს, ეშინოდა, რომ მოაწყენდა მათ და ეგოისტიც გამოჩნდებოდა, თუ საკუთარ სურვილს აჰყვებოდა ან უბრალოდ გამოხატავდა. იმ დღეს, როდესაც ჩემი მშობლები სტუმრად წავიდნენ მასთან, მონჟუვენში, მეც გავყევი, მაგრამ ნება დამრთეს, გარეთ დავრჩენილიყავი, და რადგანაც მ. ვენტოს სახლი, მონჟუვენი, პატარა, ბუჩქებით დაფარული გორაკის ძირში იდგა, სადაც დავიმალე, აღმოვაჩინე, რომ მეორე სართულზე მდებარე სასტუმრო ოთახის სიმაღლეზე ვიდექი, ფანჯრიდან ნახევარი მეტრის დაშორებით. როდესაც აცნობეს, რომ ჩემი მშობლები მოვიდნენ, მ. ვენტომ საჩქაროდ პიანინოზე დადო ნოტები, გამოსაჩენ ადგილას. მაგრამ როგორც კი ჩემი მშობლები შემოვიდნენ, აიღო და კუთხეში გადადო. უდავოდ, შეეშინდა, ვაითუ ვაფიქრებინო, ჩვენი ნახვა მხოლოდ იმიტომ უხარია, რომ თავისი ნაწარმოებების შესრულება უნდაო. და ყოველ ჯერზე, როდესაც ამ სტუმრობის განმავლობაში დედაჩემი ხელახლა უბრუნდებოდა თავის თხოვნას, ის რამდენიმეჯერ იმეორებდა: „არ ვიცი, ვინ დადო პიანინოზე, აქ არ უნდა იდოს, და სხვა თემებზე გადაჰქონდა საუბარი, სწორედაც იმიტომ, რომ ისინი ყველაზე ნაკლებად აინტერესებდა. მისი ერთადერთი ვნება მისი ქალიშვილი გახლდათ, მაგრამ ის ბიჭს ჰგავდა და ისეთი ჯან-ღონით აღსავსე ჩანდა, შეუძლებელი იყო, არ გაგღიმებოდა, როდესაც ხედავდი, როგორი სიფრთხილით ეკიდებოდა მამამისი, რომელსაც ყოველთვის ხელთ ჰქონდა რამდენიმე დამატებითი შალი, რათა თავისი გოგოსთვის მხრებზე მოეხვია. ბებიაჩემი შენიშნავდა ხოლმე, რა ნაზი, დახვეწილი, თითქმის მორცხვი გამომეტყველება გამოსჭვიოდა ამ უხეში ბავშვის მზერაში, ვისაც სახე ჭორფლებით დაჰფარვოდა. როდესაც რაიმეს იტყოდა, თავისივე სიტყვას მათი გონებით გაიგონებდა, ვისაც უთხრა, უეცრად შეშინდებოდა შესაძლებელი გაუგებრობების გამო, და ხედავდი, როგორ განათდებოდა, როგორ გამოჩნდებოდა თითქოსდა გამჭვირვალებაში, „კარგი ყმაწვილის“ მამაკაცური სახის ქვეშ, უფრო ნატიფი ნაკვთები ატირებული ქალიშვილისა.

როდესაც, ეკლესიიდან გამოსვლის წინ, საკურთხევლის წინ დავიჩოქე, უეცრივ, ადგომისას, ნუშების მოტკბო და მომწარო სუნი ვიგრძენი, კუნელებიდან რომ მოეღწია ჩემამდე, და შემდეგ შევნიშნე, ყვავილებზე, პატარა, უფრო მოყვითალო ადგილები, რომელთა ქვეშაც წარმოვიდგინე, რომ ეს სუნი უნდა ყოფილიყო დამალული, როგორც ნუშისკრემიანი ღვეზელის გემო მიმწვარი ნაწილების ან მ-ელ ვენტოს ლოყებისა მისი ჭორფლების ქვეშ. მიუხედავად კუნელების მდუმარე უმოძრაობისა, ეს წყვეტილად მოსული სურნელი იმ დაძაბული ცხოვრების ჩურჩულს მოაგავდა, რომლისგანაც საკურთხეველი ცოცხალი ანტენების მასპინძელი სოფლის ღობესავით თრთოდა; მათ ის მოწითალო მტვრიანები გახსენებდა, რომელთაც თითქოს შეუნარჩუნებიათ საგაზაფხულო შხამიანობა, გამაღიზიანებელი ძალა მწერებისა, ახლა ყვავილებად რომ გადაქცეულან.

ეკლესიიდან გამოსვლისას ერთი წუთით მ. ვენტოს გამოველაპარაკებოდით კარიბჭესთან. მოედანზე ბიჭები კინკლაობდნენ; ის ჩაერეოდა, პატარებს დაიცავდა, დიდებს ლექციას ჩაუტარებდა. თუ მისი ქალიშვილი გვეტყოდა, თავისი ბოხი ხმით, როგორ უხაროდა ჩვენი ნახვა, მაშინვე თითქოს მასშივე მისი და, უფრო მგრძნობიარე, დაუფიქრებელი ძმის ამ სიტყვებზე წითლდებოდა, რადგან შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ თავს გვაპატიჟებინებდა. მამამისი მოსასხამს მოაცმევდა მხრებზე, ორთვლიან თავღია ეტლში ჩასხდებოდნენ, თვითონ მ-ელ ვენტო რომ მართავდა და ორივენი მონჟუვენში დაბრუნდებოდნენ. ჩვენ კი, ვინაიდან მომდევნო დღეს კვირა იყო და საზეიმო მესამდე არ ავდგებოდით, თუ მთვარის შუქი ანათებდა და თბილოდა, ნაცვლად იმისა, რომ პირდაპირ შინ დავბრუნებულიყავით, მამაჩემს, დიდების სიყვარულით, ჯვარცმის მხარეს, გრძელი გზით მივყავდით, რაც დედაჩემს, ორიენტაციის გრძნობის უქონლობის გამო, ან იმის გამო, რომ არ იცოდა, რომელ გზაზე იდგა, სტრატეგიული გენიის ნამდვილ გაბრწყინებად ეჩვენებოდა. ზოგჯერ ვიადუკამდეც მივდიოდით, რომლის უზარმაზარი ქვის ნაბიჯები სადგურთან იწყებოდა და ცივილიზებული სამყაროდან გაძევებული კაცის სასოწარკვეთას მიხატავდა, რადგან ყოველ წელს, როდესაც პარიზიდან მოვდიოდით, გვაფრთხილებდნენ, ყურადღებით ვყოფილიყავით, როდესაც კომბრეში შემოვიდოდით, რომ სადგური არ გამოგვრჩენოდა, წინასწარვე მომზადებულნი ვყოფილიყავით, ვინაიდან მატარებელი ორ წუთში ისევ დაიძვრებოდა და თავის გზას ვიადუკით გააგრძელებდა, ქრისტიანული ქვეყნებით იქით, რომელთა კიდეზეც ჩემთვის სწორედ კომბრე მდებარეობდა. ჩვენ სადგურის ბულვარით ვბრუნდებოდით უკან, სადაც თემის ყველაზე თვალწარმტაცი ვილები იდგა. თვითეულ ბაღში მთვარის შუქი უბერ რობერივით ფანტავდა თეთრი მარმარილოს მონგრეულ კიბეებს, შადრევნებს, ნახევრად გამოღებულ კარიბჭეებს. მის შუქს ერთიანად დაექცია სატელეგრაფო განყოფილება. ამ უკანასკნელისგან მხოლოდ მარტოშთენილი სვეტიღა რჩებოდა, სანახევროდ ჩამოტეხილი, მაგრამ ის მარადიული ნანგრევის მშვენიერებას ინარჩუნებდა. ფეხებს ძლივს მივათრევდი, სიამოვნებით გავწვებოდი და დავიძინებდი, ჰაერში გაფრქვეული ცაცხვის სურნელება ამ დაღლილობის შედეგად მოპოვებულ ჯილდოდ მეჩვენებოდა, თუმცა ამდენ წვალებად მაინც არ ღირდა. ერთმანეთს კარგად დაშორებული ჭიშკრებიდან, ჩვენი ეული ნაბიჯებით გამოღვიძებული ძაღლები მონაცვლეობით ყეფდნენ, როგორც ეს ზოგჯერ ახლაც მესმის ხოლმე საღამოობით, და როგორც ჩანს, სწორედ ამ ხმებს შორის ინტერვალში შეეფარა (როცა მის ადგილას კომბრეს საზოგადოებრივი ბაღი შექმნეს) სადგურის ბულვარი, რადგანაც, სადაც არ უნდა ვიმყოფებოდე, როგორც კი ჰაერში მათი ხმიანობა და პასუხობა გაისმის, მაშინვე ვხედავ მასაც, თავისი ცაცხვებითა და მთვარის შუქით განათებული ტროტუარით.

უცებ მამაჩემი გაჩერდებოდა და დედაჩემს ჰკითხავდა: „აბა სად ვართ?“ სიარულისგან ქანცგამძვრალი, მაგრამ ამაყი ქმრის გამო, ალერსიანად ეტყოდა, რომ წარმოდგენა არ ჰქონდა. მამაჩემი მხრებს აიჩეჩავდა და გაიცინებდა. შემდეგ, თითქოს ქურთუკის ჯიბიდან გასაღებთან ერთად ამოიღოო, ჩვენს წინ აღმართულ ჩვენივე ბაღის პატარა, უკანა ჭიშკარს გვიჩვენებდა, სენტ-ესპრის ქუჩის კუთხესთან ერთად რომ მოსულიყო და უცნობი გზების ბოლოს გვიცდიდა. აღფრთოვანებული დედაჩემი ეტყოდა: „გასაოცარი ხარ!“ და ამ წამიდან, ერთი ნაბიჯის გადადგმაც აღარ მჭირდებოდა, მიწა ჩემს მაგივრად გაივლიდა ბაღს, სადაც უკვე დიდი ხანია ჩემს მოქმედებებს არავითარი ნებსითი ყურადღება არ ახლდა: ჩვეულება თავის მკლავებში ამიყვანდა და ჩემს საწოლამდე მიმიყვანდა, როგორც ბავშვს.

თუმცა შაბათი, რომელიც ერთი საათით ადრე იწყებოდა და ფრანსუაზას გარეშეც დატოვებდა ხოლმე, სხვა დღეებზე უფრო ნელა გადიოდა დეიდაჩემისთვის, მის მოსვლას მაინც მოუთმენლად ელოდა კვირის დაწყებისთანავე - შაბათი უამრავ ისეთ სიახლესა და გასართობთს ჰპირდებოდა, რომელთა ატანაც ჯერ კიდევ შეეძლო მის დასუსტებულ და პრეტენზიულ სხეულს. და მაინც, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ხანდახან რაიმე უფრო დიდ ცვლილებას არ ნატრულობდა, რომ მისთვის უცხო იყო ის საგამონაკლისო წუთები, როცა რაიმე ახალი გვწყურია და არა ის, რაც არის, და როდესაც ისინი, ვინც ენერგიის ან წარმოსახვის უქონლობის გამო უძლურნი არიან, საკუთარ თავში იპოვონ განახლების წყარო, სთხოვენ მომდევნო წუთს, კართან ჩამომდგარ ფოსტალიონს, რომ რაღაც ახალი მოუტანოს, თუნდაც უარესი, რაიმე ემოცია, ტკივილი; როცა მგრძნობიარობა, უქმად მიგდებული ქნარივით რომ დაუდუმებია ბედნიერებას, ნატრულობს, რომელიმე, თუნდაც უხეში ხელის ქვეშ ახმიანდეს, თუნდაც სიმები დაუწყვიტოს მისმა ძალამ; როდესაც ნება, ასეთი გაჭირვებით რომ მოუპოვებია უფლება, დაუბრკოლებლად მიეცეს საკუთარ სურვილებსა და სადარდებელს, სიამოვნებით გადააგდებდა სადავეებს მბრძანებელი მოვლენების ხელში, მათ სისასტიკეზე კი აღარც კითხულობს. ცხადია, ვინაიდან დეიდაჩემის ძალა, სულ უმცირესი დაღლილობითაც გამოლეული, მხოლოდ წვეთი-წვეთ უბრუნდებოდა მოსვენების წიაღში, რეზერვუარი უსაშველოდ ნელა ივსებოდა, და თვეები გაივლიდა მანამ, სანამ მასში ის სიჭარბე შეიქმნებოდა, რომელსაც სხვები თავიანთი საქმიანობისკენ მიმართავენ ხოლმე და რომლისთვისაც, არც იცოდა და ვერც გადაეწყვიტა, რა ექნა. ეჭვიც არ მეპარება, რომ მაშინ - ზუსტად ისევე, როგორც სურვილი, რომ გარკვეული დროის შემდეგ ის ბეშამელმოსხმული კარტოფილით ჩაენაცვლებინა, ბოლოს სწორედ იმ სიამოვნებიდან აღმოცენდებოდა ხოლმე, ყოველდღიური პიურეს დაბრუნება რომ ჰგვრიდა, რომლისგანაც დეიდაჩემი „არ იღლებოდა“ - მისთვის საყვარელი მონოტონური დღეების დაგროვებიდან იბადებოდა მოლოდინი რაიმე შინა კატაკლიზმისა და თუმცაღა წამშიც ჩაეტეოდა, აიძულებდა, ერთხელ და სამუდამოდ განეხორციელებინა ცვლილებები, მისთვის სასარგებლოდ რომ აღიარებდა, მაგრამ გადაწყვეტილების მიღება თავისით არ შეეძლო. მას მთელი გულით ვუყვარდით, სიამოვნებით დაგვიტირებდა; ცა-მოწმენდილზე, როცა თავს კარგად გრძნობდა და გაოფლილიც არ იყო, მოსული ამბავი, რომ სახლი ხანძარმა მოიცვა, ჩვენ ყველა დავიღუპეთ და მალე ერთი კედელიც არ დარჩებოდა შეუმუსვრელი, მაგრამ თვითონ კი შეეძლო, დიდი ფაცხა-ფუცხის გარეშე დაეღწია თავი იქიდან, იმ პირობით, თუ ახლავე ადგებოდა, ხშირად უნდა ყოფილიყო მისი იმედების მკვებავი მსუყე ნაწილი, რამეთუ მეორეულ უპირატესობებთან ერთად, რომ ხანგრძლივ მწუხარებაში გამოვლენილი ჩვენდამი სიყვარულით ბოლომდე დამტკბარიყო და სოფელიც გაეოგნებინა, როდესაც სამგლოვიარო პროცესიას გაუძღვებოდა, მამაცი და განადგურებული, მოსიარულე მკვდარი, ის შეიცავდა იმ, ბევრად უფრო ძვირფას უპირატესობასაც, რომ საჭირო მომენტში, როცა წამი არ ექნებოდა დასაკარგი, ძალაგამომცლელი ყოყმანის გარეშე თავის ლამაზ ფერმაში წავიდოდა ზაფხულის გასატარებლად, მირუგრენში, სადაც ჩანჩქერი იყო. ვინაიდან არავითარი მსგავსი მოვლენა არ მომხდარა არასდროს, რომლის შედეგსაც, ცხადია, გონებაში მიმოიხილავდა, როცა მარტომყოფი და ფიქრებშიწასული მის წინ გამუდმებით გაშლილ პასიანს ჩაჰყურებდა (და რაც მას სასოწარკვეთილებაში ჩააგდებდა განხორციელების დაწყებისთანავე, როგორც კი რაიმე, თუნდაც უმნიშვნელო, მაგრამ გაუთვალისწინებელი მოხდებოდა, ცუდი ამბის მაუწყებელი პირველივე სიტყვა, რომლის კილოც აღარასდროს გავიწყდება, ყველაფერი ის, რაც ნამდვილი სიკვდილის ანაბეჭდს ატარებს, რომელიც სრულიად განსხვავებულია მისი ლოგიკური, აბსტრაქტული შესაძლებლობისგან), იმისთვის რომ თავისი ცხოვრება უფრო საინტერესო გაეხადა დროდადრო წარმოსახვითი პერიპეტიები შემოჰქონდა მასში, რომელთაც შემდგომ მთელი მგზნებარებით მიჰყვებოდა. უეცრივ, ერთი სიამოვნებით წარმოიდგენდა, რომ ფრანსუაზა ჰპარავდა, რომ ეშმაკობას მიმართა და ფაქტზე გამოიჭირა; რადგანაც ჩვევად ჰქონდა, რომ როდესაც მარტო ერთობოდა კარტით, სხვის მაგივრადაც თვითონ ეთამაშა, თვითონვე დაბნეულად იმართლებდა თავს ფრანსუაზას მაგივრად და შემდეგ ისეთი გაცეცხლებითა და აღშფოთებით პასუხობდა, რომ თუ რომელიმე ჩვენგანი ასეთ მომენტებში მასთან შედიოდა, აღმოჩენდა, რომ მთლად ოფლში ცურავდა, თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა, მოქცეული პარიკიდან კი მელოტი შუბლი მოუჩანდა. ფრანსუაზას, ალბათ, ესმოდა კიდეც მეზობელ ოთახში მისი მისამართით გამოთქმული გესლიანი სარკაზმები, რომელთა ოდენ გამოგონებაც საკმარის შვებას ვერ მოჰგვრიდა დეიდაჩემს, თუ ისინი წმინდად არანივთიერ მდგომარეობაში დარჩებოდა და თუ მათი წაჩურჩულებით უფრო მეტ რეალობას არ მიანიჭებდა. ზოგჯერ, თვით ეს „სპექტაკლი საწოლში“ არასაკმარისი იყო დეიდაჩემისთვის; სურდა, რომ მისი პიესები ეთამაშათ. ასე რომ, ერთ კვირა დღესაც, როცა ყველა კარი საიდუმლოდ იქნებოდა დახურული, ელალის ფრანსუაზას პატიოსნებასთან დაკავშირებულ ეჭვებს გაანდობდა, რომ განზრახული ჰქონდა, მისი დათხოვნა, და სხვა დროს, ფრანსუაზას ელალის ორგულებასთან დაკავშირებულ ვარაუდებს, ვისთვისაც მალე კარები მყარად დაიკეტებოდა; რამდენიმე დღის შემდეგ, მას გული აუცრუვდებოდა წინა დღის მესაიდუმლეზე და მოღალატეს შეურიგდებოდა, მაგრამ შემდგომი წარმოდგენისთვის ეს ორი ისევ გაცვლიდა როლებს. მაგრამ ის დაეჭვებანი, ზოგჯერ ელალი რომ აღძრავდა ხოლმე მასში, მხოლოდ ჩალას მოდებული ცეცხლი იყო და მალევე ქრებოდა, რადგან საწვავი აკლდა, ელალი მის სახლში არ ცხოვრობდა. მაგრამ სხვაგვარად იყო საქმე ფრანსუაზას შემთხვევაში, ვისთან ერთადაც ის ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდა და ვის გვერდით ყოფნასაც გამუდმებით გრძნობდა, მაგრამ შიშით, რომ გაცივდებოდა თუ საწოლიდან ადგებოდა, ქვემოთ, სამზარეულოში ჩასვლას ვერ ბედავდა, რათა შეემოწმებინა, რამდენად საფუძვლიანი იყო მისი ეჭვები. თანდათანობით მისმა გონებამ განაგდო ყოველგვარი საფიქრალი, და მხოლოდ ერთ რამეს ცდილობდა: მიმხვდარიყო, ყოველ კონკრეტულ წუთს, რას აკეთებდა და რის დამალვას ცდილობდა ფრანსუაზა. ამ უკანასკნელის სახეზე ყველაზე უფრო შეუმჩნეველ ცვლილებებს ამჩნევდა, წინააღმდეგობას მის ნათქვამში, მალულ სურვილს. და უჩვენებდა, რომ ნიღაბი ჩამოხსნა, ერთადერთი სიტყვით, რომელიც ფრანსუაზას ფერს აკარგვინებდა, რაც დეიდაჩემისთვის, როგორც ჩანს, სასტიკ გართობას წარმოადგენდა, რომ უბედური ქალის გულში ასე ღრმად იჩხრიკებოდა. და მომდევნო კვირას, ელალის მიერ გამოაშკარავებული ფაქტები - იმ აღმოჩენების მსგავსად, მოულოდნელად სრულიად ეჭვმიუტანელ ველს რომ უხსნის ახალდაბადებულ მეცნიერებას, აქამდე გაკვალულ გზას რომ მისდევდა - დეიდაჩემს უმტკიცებდა, რომ მისი ვარაუდები ახლოსაც ვერ მოვიდოდა სინამდვილესთან. „ფრანსუაზას ხომ ეცოდინება ეგ, რაკიღა ეტლი მიეცით. - ეტლი მივეციო! - შეჰყვირებდა დეიდაჩემი. - აჰ! სიმართლე გითხრათ, არც ვიცი. მე ვიფიქრე, უფრო სწორად, უბრალოდ ახლახანს დავინახე, როგორ გაიარა ეტლში არტაბანივით გამოჭიმულმა,  რუსენვილის ბაზრისკენ. ვიფიქრე, მადამ ოქტავმა მისცა-მეთქი.“ ნელ-ნელა ფრანსუაზა და დეიდაჩემი, როგორც ნადირი და მონადირე, იქამდე მივიდნენ, რომ ნიადაგ ერთი მეორის ხრიკების გამოცნობაში იყვნენ. დედაჩემი შიშობდა, რომ ფრანსუაზაში ნამდვილი სიძულვილი გაღვივდებოდა დეიდაჩემის მიმართ, ვინაც უკანასკნელი მეთოდებით შეურაცხყოფდა მას. ყოველ შემთხვევაში, ფრანსუაზა უფრო და უფრო წარმოუდგენელ ყურადღებას აქცევდა დეიდაჩემის ყველაზე უმნიშვნელო სიტყვებს, ყველაზე უფრო უმნიშვნელო ჟესტებს. როდესაც მისთვის რაიმე უნდა ეთხოვა, დიდხანს ყოყმანობდა იმაზე, თუ როგორ გაეკეთებინა ეს. და როდესაც თხოვნას შეჰკადრებდა, შეფარვით აკვირდებოდა და ცდილობდა, მისი სახის გამომეტყველებიდან მიმხვდარიყო, თუ რას ფიქრობდა ან გადაწყვეტდა. და ამგვარად - მაშინ როცა ვინმე ხელოვანი, მეჩვიდმეტე საუკუნის მემუარებს რომ კითხულობს და დიდ მეფესთან „ახლოს მისვლას“ წადინობს, და თან ჰგონია, წინ წავიწიე ამ საქმეშიო, რაკიღა რაღაც გენიალოგია შეუდგენია, რის მიხედვითაც ის ისტორიული მნიშვნელობის ოჯახიდან წარმოსდგება, ან თანამედროვე ევროპელ მონარქებთან მიწერ-მოწერა გაუბამს, სინამდვილეში კი მხოლოდ ზურგს აქცევს იმას, რასაც შეცდომით იგივე, და შესაბამისად, მკვდარ ფორმებში ეძებს - მოხუცებული პროვინციელი ქალბატონი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ  უსაქმურობისგან შობილ დაუძლეველ მანიებსა და გესლიანობას მორჩილებდა, ხედავდა რომ,  თუმცაღა არც არასდროს უფიქრია ლუი XIV-ზე, მისი ყოველდღიურობის ყველაზე უმნიშვნელო საზრუნავები, რაც შეეხებოდა ადგომას, საუზმეს, მოსვენებას, თავიანთი დესპოტური განსაკუთრებულობის გამო, საინტერესოობის იმ ელემენტს იძენდნენ, სენ-სიმონი ვერსალის ცხოვრების „მექანიკას“ რომ უძახდა, და შეეძლო დაეჯერებინა ისიც, რომ მისი დუმილი, კარგ ხასიათზე ყოფნის ან ზიზღის პატარა ნიშანი სახეზე, ფრანსუაზასთვის ისეთივე მგზნებარე, შიშნეული კომენტარების საგანი იყო, როგორც დუმილი, კარგ ხასიათზე ყოფნა ან ზიზღი მეფისა, როცა კარისკაცი, ან თუნდაც  უდიდესი სენიორები, თხოვნას გადასცემდნენ ხეივნის მოსახვევში, ვერსალში.

ერთ კვირა დღეს, როდესაც დეიდაჩემმა ჯერ კიურესა და ელალის ვიზიტები ერთდროულად მიიღო და შემდგომ დაისვენა, ყველანი მასთან ავედით, რათა საღამომშვიდობისა გვეთქვა და დედაჩემა მწუხარება გამოთქვა იმ უიღბლობასთან დაკავშირებით, რის გამოც ეს ვიზიტები ყოველთვის ერთმანეთს ემთხვეოდა:

- უკვე ვიცი, რომ დღესაც არასასურველი სცენარით განვითარდა მოვლენები, ლეონი, -  ეტყოდა თბილად, - მთელი თქვენი საზოგადოება ერთ დროს მოვიდა.

პაპიდაჩემი შეაწყვეტინებდა: „ერთად მოსვლა სჯობს მოუსვლელობას“, - რადგან, მას შემდეგ, რაც ქალიშვილი ცუდად ჰყავდა, ფიქრობდა, რომ მისი მოვალეობა იყო, ყველაფერი დადებითი კუთხით დაენახვებინა. მაგრამ მამაჩემა სიტყვა ჩამოართმევდა:

- მინდა ვისარგებლო შემთხვევით, რამეთუ მთელი ოჯახი აქაა, და მოგახსენოთ, რომ მერე სათითაოდ აღარ მომიხდეს ყველასთან ხელახლა გამეორება. ვშიშობ, მ. ლეგრანდენთან შემომწყრალი სიტუაცია გვაქვს: დღეს გამარჯობაც ძლივს გაიმეტა.

მამაჩემი მონათხრობის მოსასმენად აღარ დავრჩენილვარ, რადგან მასთან ერთად ვიყავი, როდესაც მესიდან გამოსულები მ. ლეგრანდენს შევხვდით, და სამზარეულოსკენ დავეშვი, რათა მეკითხა სადილის მენიუში რა გვქონდა, რომელიც ისევე მართობდა ყოველ დღე, როგორც გაზეთში წაკითხული ახალი ამბები და სადღესასწაულო პროგრამის მსგავსად სასიამოვნო მღელვარებას იწვევდა ჩემში. როდესაც ეკლესიიდან გამოსულმა მ. ლეგრანდენმა ახლოს ჩაგვიარა, მეზობელი შატოს ბინადარი ქალბატონის გვერდით მიმავალმა, ვისაც ჩვენ მხოლოდ სახით ვიცნობდით, მამაჩემი ერთდროულად მეგობრულად და თავშეკავებულად მიესალმა, ისე, რომ არ გავჩერებულვართ; მ. ლეგრანდენმა ძლივს გვიპასუხა, გაოცებული სახით, თითქოს ვერც გვიცნო, იმ ადამიანებისთვის დამახასიათებელი მზერით, რომლებსაც არ უნდათ თავაზიანობის გამოჩენა და უეცრად თვალების სიღრმეში გაჩენილი სივრციდან, თითქოს დაუსრულებელი გზის ბოლოს გხედავენ და ისეთ სიშორეზე, რომ უმნიშვნელო თავის დაკვრით კმაყოფილდებიან, რათა ის თანაფარდი იყოს თქვენს მარიონეტულ ზომებთან.

  ქალბატონი, რომელსაც ლეგრანდენი ახლდა, ღირსეული და პატივცემული პიროვნება გახლდათ; გამორიცხული იყო, რომ ჩვენს ნაცნობს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონოდა და შეცბუნებული ყოფილიყო იმის გამო, რომ გამოიჭირეს, რის გამოც მამაჩემი ვერაფრით ხვდებოდა, რით გაანაწყენა ლეგრანდენი. „ძალიან დამწყდება გული, თუ გავიგებ, რომ ჩვენზე გაბრაზებულია, - თქვა მამაჩემმა, - მით უფრო, რომ ამ საკვირაოდ გამოწყობილ ხალხში აშკარად გამოირჩევა თავისი პატარა ერთბორტიანი პიჯაკით, მოშვებული ჰალსტუხით, რაღაც ძალდაუტანებლობით, ნამდვილი სისადავით, და თითქმის გულუბრყვილო იერით, რაც სრულიად მომხიბვლელია.“ მაგრამ ოჯახურმა საბჭომ ერთსულოვნად გადაწყვიტა, რომ მამაჩემი „იგონებდა“, ან უბრალოდ ლეგრანდენი იმ წუთას ფიქრებში იყო წასული. თანაც მამაჩემის შიშები მეორე დღესვე გაქარწყლდა, საღამო ხნისკენ. როდესაც გრძელი სეირნობიდან ვბრუნდებოდით, ძველ ხიდთან ახლოს ლეგრანდენი შევნიშნეთ - დღესასწაულების გამო კომბრეში დარჩა რამდენიმე დღით. ის ჩვენთან გამოწვდილი ხელით მოვიდა: „იცნობთ, ბატონო წიგნების მოყვარულო, - მკითხა მან, - პოლ დეჟარდენის ამ სტრიქონს?“

 

ტყეები უკვე შავია, ცა ჯერ კიდევ ლურჯი.

 

განა შესანიშნავი ასახვა არაა დროის ამ მონაკვეთისა? მაგრამ შეიძლება არც არასდროს წაგიკითხავთ პოლ დეჟარდენი. წაიკითხეთ, ჩემო ბავშვო; როგორც მითხრეს, ახლა ის მქადაგებელ ძმად ქცეულა, მაგრამ დიდხანს გამჭვირვალე აკვარელისტი იყო...

 

 ტყეები უკვე შავია, ცა ჯერ კიდევ ლურჯი...

 

დაე, სულ ლურჯი დარჩენილიყოს თქვენთვის ეს ცა ჩემო პატარა მეგობარო; და თვით იმ საათსაც, რომელიც ჩემთვის უკვე მოახლოვდა, როცა ტყეები უკვე შავია, როცა ღამე სწრაფად ეშვება, თქვენც შეგეძლებათ, ისევე ინუგეშოთ თავი, როგორც მე, როდესაც მაღლა, ცაში აიხედავთ.“ ჯიბიდან სიგარეტი ამოიღო, დიდხანს იდგა ასე, თვალები ჰორიზონტს მიპყრობილი. „აბა, კარგად მეგობრებო!“ - გვითხრა მოულოდნელად და დაგვტოვა.

 

იმ საათისთვის, როცა მენიუს გასაგებად ჩავდიოდი ქვემოთ, სადილის სამზადისი უკვე გაჩაღებული იყო, და ფრანსუაზა, ვინც მის დასახმარებლად მოსულ ბუნების ძალებს მბრძანებლობდა,  როგორც ზღაპრებში, სადაც გოლიათები მზარეულებად დგებიან, შეუტევდა ნახშირს, ორთქლის მიანდობდა კარტოფილის მოხარშვას და ცეცხლს სრულყოფილებამდე მიაყვანინებდა კულინარიულ შედევრებს, რომლებიც თავდაპირველად მეთუნეების ჭურჭლებში მზადდებოდა; ჭურჭლები კი, იცოცხლე, ნაირგვარი იყო უზარმაზარი როფებით, კასეროლებით, ჩვეულებრივი თუ თევზის მოხარშვისთვის განკუთვნილი ქვაბებით დაწყებული, ნანადირევის ჯამებით, ნამცხვრის ყალიბებით, კრემის პატარა ხელადებით გაგრძელებული, და ყოველგვარი მოყვანილობისა და ზომის  ტაფების სრული ნაკრებით დამთავრებული. გავჩერდებოდი მაგიდასთან, სადაც სამზარეულო გოგოს უკვე დაეჩურჩნა ისინი, რათა მენახა ჩათვლილ-ჩამძივებული ბარდის მარცვლები მწვანე სათამაშო ბურთულებს რომ მოაგავდა; მაგრამ თუ რამეს აღტაცებული შევცქეროდი, ეს ულტრამარინითა და ვარდისფერით გაჟღენთილი სატაცურები იყო, რომელთა თავები, ნატიფად შეფერილი ღია იასამნისფერითა და ლაჟვარდისფერით, შეუმჩნევლად, საფეხურ-საფეხურ ფერმკრთალდებოდა ძირებამდე - ისინი ჯერ კიდევ სანერგე მიწით იყო გასვრილი - იმ ცისარტყელასებრი ფერადოვნებით, რომელიც არაა ამქვეყნიური. მეჩვენებოდა, რომ ეს ციური შეფერილობანი იმ მშვენიერ არსებებზე მიმითითებდნენ, ხუმრობით ბოსტნეულად რომ გარდაიქმნენ და ამ მაგარი, საჭმელად გამოსადეგი ხორცის გარეგნობით მოვლენილნი გარიჟრაჟის ამ ახალდაბადებულ ფერებში, ცისარტყელას საწყისებში, ლურჯ საღამოთა ჩაქრობაში, იმ ძვირფას არსს მიმხელდნენ, ისევ რომ შევიცნობდი ხოლმე, როცა, მთელი ღამე, სადილის შემდეგ, რომელზეც ისინი ვჭამე, თამაშობდნენ იმით, რომ თავიანთ, შექსპირის ზღაპარივით უხეშ და პოეტურ ფარსებში ჩემს ღამის ქოთანს სურნელოვან ვაზად აქცევდნენ.

საწყალ ჯოტოს მოწყალებას, როგორც სვანი უძახდა, ვისთვისაც ფრანსუაზას სატაცურების გასუფთავება დაევალებინა და ისინი გვერდით ედგა, კალათით, ისეთი ტანჯული გამომეტყველება ჰქონდა, გეგონება მთელი სამყაროს უბედურება მისი სადარდებელი ყოფილიყო; და მსუბუქი ლაჟვარდის გვირგვინები, მათ ვარდისფერ ტუნიკებს ზემოდან რომ ერტყა ისეთივე სინატიფით იყო გამოყვანილი, ვარსკვლავ-ვარსკვლავ, როგორც პადუას სათნოების ფრესკაზე შუბლზე შემოწნული ან კალათში ჩაფენილი ყვავილები. და ამასობაში, ფრანსუაზა იმ ქათმებიდან ერთ-ერთს ატრიალებდა შამფურზე, რადგანაც მხოლოდ მან იცოდა, როგორ დაებრაწა ისინი, რომელთაც კომბრეს კიდეებამდე წაეღოთ მისი ღირსებების სურნელი, და რომლებიც, როცა სუფრაზე მოჰქონდა, ჩემს წარმოსახვაში მისი ხასიათის წამყვან თვისებად სინაზეს წარმომიდგენდნენ, რადგან ამ ხორცის არომატი, ასეთი ზეთოვანი და რბილი რომ გამოსდიოდა, ჩემთვის სხვა არა იყო რა, თუ არა მის სათნოებთაგან ერთ-ერთისთვის დამახასიათებელი სურნელი.

მაგრამ დღე, როდესაც მე, სანამ მამაჩემი ოჯახურ საბჭოს ლეგრანდენთან შეხვედრის თაობაზე ეთათბირებოდა, სამზარეულოში ჩამოვედი, ერთ-ერთი ის დღე იყო, როცა ჯოტოს მოწყალება, ფრიად შეუძლოდ მყოფი ახლანდელი მშობიარობის გამო, საწოლიდან ვერ დგებოდა; დამხმარე ხელის გარეშე დარჩენილი ფრანსუაზა იგვიანებდა. როდესაც დაბლა ჩავედი, ის საქათმეზე გამავალ სამზარეულოს უკანა ნაწილში ქათამს კლავდა, რომელიც სასოწარკვეთილი და სრულიად ბუნებრივი წინააღმდეგობით, რასაც ემატებოდა გაცოფებული ფრანსუაზას ყვირილი, მისთვის ყინწის წაგდებას რომ ცდილობდა ყურთან: „შე საზიზღარო! შე საზიზღარო!“, ჩვენი მსახურის წმინდა სინაზესა და ზეთცხებულობას ცოტა არ იყოს ჩრდილს აყენებდა, მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო დღეს, თავისი შესამოსელივით მოოქროვილი კანითა და  სანაწილედან ჩამოწვეთილი ძვირფასი წვენით ისევ სინათლეზე გამოიტანდა. როდესაც ქათამი მოკვდა, ფრანსუაზამ სისხლი მოაგროვა, მაგრამ ამან მისი მრისხანება მაინც ვერ დააცხრო, კიდევ ერთხელ შემოუტია სიბრაზემ, მტრის ცხედარს ერთხელაც გადახედა სიძულვილით და უკანასკნელად თქვა: „შე საზიზღარო!“ მთლად აკანკალებული დავბრუნდი ზემოთ; მინდოდა, რომ ფრანსუაზა დაუყოვნებლივ დაეთხოვათ. მაგრამ ვინ მომიტანდა ცხელ-ცხელ სათბურებს, ასე სურნელოვან ყავას ანდა თუნდაც ... ამ გემრიელ ქათმებს? და, მართლაც, როგორც ჩანს, ყველა ისეთივე სულმოკლე გათვლებით ხელმძღვანელობდა, როგორც მე. ვინაიდან დეიდა ლეონიმ იცოდა - ის, რაც მე ჯერ კიდევ არ ვიცოდი -, რომ ფრანსუაზა, ვინაც თავისი ქალიშვილისთვის, თავისი ძმისშვილებისთვის უყოყმანოდ გასწირავდა სიცოცხლეს, სხვებისადმი განსაკუთრებული გულქვაობით ხასიათდებოდა. მიუხედავად ამისა, დეიდაჩემმა ის დაიტოვა, რადგან თუმცაღა იცოდა მისი სისასტიკის ამბავი, მის სამსახურს დიდად აფასებდა. თანდათანობით გავიაზრე, რომ ფრანსუაზას სიკეთის, მჭმუნვარე სახისა და ღირსებების უკან სამზარეულოს მოფარებული ნაწილის ტრაგედიები იმალებოდა, როგორც ისტორია გვიმხელს, რომ ეკლესიის ვიტრაჟებზე ხელჩაკიდებული მეფეებისა და დედოფლების ზეობა სისხლიანი მოვლენებით ყოფილა დაღდასმული. მივხვდი, რომ ნათესავებს თუ არ ჩავთვლით, ადამიანები თავსდამტყდარი უბედურებების გამო მით უფრო დიდ სიბრალულს უღვიძებდნენ, რაც უფრო შორს ცხოვრობდნენ მისგან. ცრემლის ღვარი, გაზეთში წაკითხული უცნობი ადამიანების გამო რომ სდიოდა, უცებ შეშრებოდა, თუ შეძლებდა ცოტა უფრო ცხადად წარმოედგინა ის პიროვნება, ვის გამოც ასეთი ღვიარება ჩამოსდიოდა. მშობიარობის შემდგომ ერთ-ერთ ღამეს, სამზარეულოს გოგოს საშინელი კრუნჩხვები დაეწყო: დედამ გაიგონა მისი კვნესა, ადგა და ფრანსუაზა გააღვიძა, ვინც სრულიად გულგრილად განაცხადა, რომ მთელი ეს ყვირილები კომედია იყო და რომ ის „ქალბატონს თამაშობდა.“ ექიმმა, ვისაც ეშინოდა, მსგავსი შეტევები არ განმეორებულიყო, ჩვენს სამედიცინო წიგნში სანიშნი დაგვიტოვა იმ გვერდზე, სადაც ისინი იყო აღწერილი და აგრეთვე ის, თუ რა დახმარება უნდა გაგვეწია. დედამ ფრანსუაზა წიგნის მოსატანად გაგზავნა და თან დაავალა, რომ სანიშნი არ გადმოვარდნოდა. გავიდა ერთი საათი და ფრანსუაზა არ ჩანდა; აღშფოთებულმა დედაჩემმა, ვისაც ეგონა, რომ ის ისევ დასაძინებლად დაწვა, მითხრა, მე თვითონ წავსულიყავი ბიბლიოთეკაში. იქ მე დამხვდა ფრანსუაზა, ვისაც სურვილი გასჩენოდა, ენახა, რა იყო ჩანიშნული სანიშნით, წაეკითხა შეტევის კლინიკური აღწერილობა და ქვითინებდა, რადგან საქმე შეეხებოდა ავადმყოფ-ტიპს, რომელსაც არ იცნობდა. ყოველ მტკივნეულ სიმპტომზე, ტექსტის ავტორი რომ ახსენებდა, ფრანსუაზა ვიშვიშებდა: „ვაი, წმინდაო ღვთისმშობელო, როგორ ხდება, რომ კეთილი ღმერთი საბრალო ადამიანის ასეთ ტანჯვას უშვებდეს? ვაი, საწყალი გოგო!“

მაგრამ როგორც კი დავუძახე და ჯოტოს მოწყალების სარეცელთან დაბრუნდა, მისი ცრემლების ნაკადი უმალვე შეწყდა; ვეღარ ცნობდა მისთვის კარგად ნაცნობი სიბრალულისა და გულაჩუყების იმ სასიამოვნო შეგრძნებას, გაზეთების კითხვისას რომ ეუფლებოდა ხოლმე, ვერც რაიმე ამგვარ სიამოვნებას, რადგან არაფრად არ ეხალისებოდა შუა ღამით სამზარეულოს გოგოს გულისთვის ადგომა და გაღიზიანებული იყო; და, იმავე ტანჯვის შემხედვარე, რომლის აღწერილობაც ცხარე ცრემლით ატირებდა, ახლა იგი მხოლოდ უკმაყოფილოდ ბუზღუნებდა, და არც მწარე-მწარე, სარკასტულ შეფასებებს იშურებდა, როცა ფიქრობდა, რომ სხვა ოთახში გავედით და მისი ხმა არ გვესმოდა: „უბრალოდ, თავი უნდა შეიკავო იმისაგან, რასაც შემდგომ ასეთი რამ მოჰყვება! არა, ხომ ისიამოვნა გოგომ! ახლა, აღარ უნდა ეს ვაი-ვიში! ან ის ბიჭი რა ღვთით მიგდებული უნდა ყოფილიყო, ამასთან რომ დაიწყო სიარული. აჰ! ტყუილად კი არ ამბობდნენ საწყალი დედაჩემის მხარეში:

 

კაცს თუ ძაღლის უკანალი შეუყვარდა, რა გასაკვირია, ვარდად რომ ეჩვენებაო.

 

მაგრამ თუ მის შვილიშვილს პატარა სურდო ჰქონდა, ღამითვე დაადგებოდა გზას, თუნდაც ავად ყოფილიყო, ნაცვლად იმისა, რომ დაწოლილიყო, რათა ენახა, ბიჭს რამე ხომ არ სჭირდებოდა და ფეხით გაივლიდა ოთხ ლიეს გათენებამდე, რომ სამუშაოსთვის დაბრუნება მოესწრო; სწორედ ეს სიყვარული მისიანებისადმი და სურვილი, უზრუნველეყო თავისი სახლეულის მომავალი დიდება, სხვა მსახურებთან მიმართებით პოლიტიკაში მოქმედ ურყევ პრინციპში გამოიხატებოდა, რომლის მიხედვითაც არც ერთ მათგანს არ უნდა მოეპოვებინა დეიდაჩემის ნდობა - ფრანსუაზასთვის ხომ ერთგვარი სიამაყის მიზეზიც იყო, რომ მას არავის აკარებდა და ერჩივნა, თუ ცუდად იყო, ამდგარიყო და მაინც თვითონვე მიეცა ვიშის წყალი, ვიდრე თავისი ქალბატონის ოთახში სამზარეულოს გოგო შეეშვა. და როგორც ის სიფრიფანაფრთიანი, ფაბრი რომ აკვირდებოდა, მიწისმთხრელი კრაზანა, რომელიც, იმისთვის, რომ მის პატარებს ახალი ხორცი ჰქონდეთ, როცა თვითონ მოკვდება, თავისი სისასტიკის დასახმარებლად ანატომიის ცოდნასაც უხმობს და, მას შემდეგ, რაც ცხივირგრძელა ხოჭოებსა და ობობებს დაიჭერს, განსაცვიფრებელი ცოდნითა და მოხერხებულობით პირდაპირ ნერვულ ცენტრში აღწევს, რაზეც მათი ფეხების მოძრაობაა დამოკიდებული, მაგრამ არა სხვა სასიცოცხლო ფუნქციები, იმგვარად რომ, პარალიზებული მწერი, რომლის გვერდითაც ის თავის კვერცხებს დებს, შემდგომში უკვე გამოჩეკილი ლარვებისთვის იოლზე-იოლი, უკვე გამზადებული ნადავლი ხდება, დამყოლი, უვნებელი, გაქცევისა და წინააღმდეგობის უნარმოკლებული მსხვერპლი,  მაგრამ არავითარ შემთხვევაში გაფუჭებული ან თუნდაც სუნდაკრული, ფრანსუაზა, თავისი უცვლელი ნების  აღსასრულებლად - რომ სხვა ნებისმიერი მსახურისთვის ეს სახლი აუტანელი ყოფილიყო - ისეთ მცოდნე და შეუბრალებელ ხრიკებს მიმართავდა, რომ წლების შემდეგ ჩვენთვის ასეთი რამეც გახდა ცნობილი, რომ თუ იმ წელიწადს თითქმის ყოველდღე სატაცურს ვჭამდით, ეს იმიტომ, რომ მათი სუნზე საწყალ სამზარეულოს გოგოს, ვისაც მათი გათლა ევალებოდა, ისეთი ძლიერი ასთმის შეტევები ჰქონდა, რომ ბოლოს იძულებული გახდა, წასულიყო.

 

ვაი რომ, მოგვიწევდა ლეგრანდენზე საბოლოოდ შეგვეცვალა აზრი. ერთ კვირა დღეს, ძველ ხიდთან ჩვენი შეხვედრის შემდეგ, რამაც მამაჩემს აღიარებინა, რომ შეცდა, როცა მესა დასასრულს უახლოვდებოდა და მზესთან და გარედან შემოჭრილ ხმაურთან ერთად, რაღაც იმდენად ნაკლებად წმინდა შემოდიოდა ეკლესიაში, რომ მ-ამ გუპილმა, მ-ამ პერსპიემ (ყველა იმ ადამიანმა, ვინც სულ ცოტა ხნის წინ, ოდნავ შეგვიანებულზე ჩემი შესვლისას, ლოცვაში იყო ჩაფლული და ვიფიქრებდი, ვერც კი დამინახეს-მეთქი, მათ ფეხებს მსუბუქად რომ არ გაეწიათ პატარა მერხი, რომელიც სკამამდე გზას მიხერგავდა) ისე ხმამაღლა დაიწყეს ჩვენთან ლაპარაკი, გეგონება უკვე მოედანზე ვიყავით გამოსულები, კარიბჭის მბზინვარე ზღურბლზე, ბაზრის ჭრელი აურზაურის ფონზე აღმართული ლეგრანდენი დავინახეთ, ვისაც იმ ქალბატონის მეუღლე, ვისთან ერთადაც არც ისე დიდი ხნის წინ შემოგვხვდა, კიდევ ერთი დიდი მიწათმფლობლის ცოლს წარუდგენდა. ლეგრანდენის სახე საოცარ გამოცოცხლებასა და აღტაცებას გამოხატავდა; მან მდაბლად დაუკრა თავი და მეორეული მოძრაობით უკან გადაიზნიქა, რის გამოც ზურგი საწყისი მდგომარეობის იქით აღმოჩნდა, რაც  მისთვის დის, მ-ამ კამბრემერის, ქმარს უნდა ესწავლებინა. ამ სწრაფი წელში გამართვის გამო ლეგრანდენის საჯდომს, რომელიც არ მეგონა თუ ასეთი ხორციანი იქნებოდა, ერთგვარმა ტალღამ გადაუარა, ცხოველმა და კუნთოვანმა; და არ ვიცი, რატომ სუფთა მატერიის ამ რხევამ, ამ მთლად ხორციელმა ზვირთმა, რომელსაც არავითარი სულიერი გამომსახველობა არ ეცხო და რომელიც ქარიშხლად სრულიად მდაბალმა დაუზარებლობამ აღძრა, მოულოდნელად ჩემს თავში წამოჭრა აზრი, რომ ლეგრანდენი შესაძლოა სრულიად განსხვავებული ყოფილიყო და არა ისეთი, როგორსაც ჩვენ ვიცნობდით. ამ ქალბატონმა მას სთხოვა, რაღაც ეთქვა მისი მეეტლისათვის, და როდესაც ეტლთან მიდიოდა, კრძალული ერთგულების სიხარული, მის სახეზე რომ აღიბეჭდილიყო ამ წარდგენის შედეგად, ჯერ ისევ აჯდა ბეჭდად. რაღაც ოცნებისმაგვარში წასული, ის იღიმოდა, და შემდეგ, როდესაც ისევ უკან, ქალბატონისკენ, გამოეშურა, რადგანაც იმაზე უფრო სწრაფად მოდიოდა, ვიდრე შეჩვეული იყო, მისი მხრები უცნაურად ხტუნაობდა აქეთ-იქით, და იმდენად იყო გართული ამაში და ბოლომდე მიძღვნილი, და იმდენად აღარაფერზე აღარ ფიქრობდა, რომ გეგონება ბედნიერების ინერტული და მექანიკური სათამაშო ყოფილიყო. ამასობაში ჩვენ კარიბჭიდან გამოვდიოდით, უკვე მთლად მის წინ უნდა ჩაგვეარა, ის საკმარისად კარგად აღზრდილი გახლდათ იმისთვის, რომ პირი არ ებრუნებინა, მაგრამ უეცრად ისეთი მეოცნებე მზერით მიაშტერდა შორეთში, ჰორიზონტში ჩაკარგულ წერტილს, რომ ვეღარც გვხედავდა და აღარც მოსალმება იყო საჭირო. მისი სახე გულუბრყვილო გამომეტყველებას ინარჩუნებდა ერთბორტიანი, მსუბუქი პიჯაკის ზემოთ, რომელიც, თითქოსდა გზააბნეული, სურვილის საწინააღმდეგოდ აღმოჩენილიყო ამ საძულველად დიდებულ გარემოცვაში. მისი კოპლებიანი ბაფთა ჰალსტუხი კი, რომელსაც მოედნის ქარი ერთ ადგილას არ აჩერებდა, კვლავაც აგრძელებდა ლეგრანდენის წინ ფრიალს, როგორც ამაყი განმარტოებისა და კეთილშობილი დამოუკიდებლობის დროშა. როდესაც სახლში მოვედით, დედამ შენიშნა, რომ სენტ-ონორეს ნამცხვარი დაგვავიწყდა და მამას სთხოვა უკან დაბრუნებულიყო ჩემთან ერთად და ეთქვა მათთვის, რომ დაუყოვნებლივ მოეტანათ. ეკლესიასთან ისევ გადავაწყდით ლეგრანდენს, ვინაც საწინააღმდეგო მიმართულებით იმავე ქალს აცილებდა ეტლამდე. მან გვერდით ჩაგვიარა, ლაპარაკი არ შეუწყვეტია, და თავისი ცისფერი თვალის კუთხიდან პატარა ნიშანი მოგვცა, რომელიც გარკვეულწილად ქუთუთოებს არც გასცდენია და სახის კუნთებზე არ ასახულა, ისე, რომ ის სრულიად შეუმჩნეველი შეიძლებოდა დარჩენილიყო მისი თანამოსაუბრისათვის; მაგრამ, რადგანაც ცდილობდა, გრძნობის მხურვალებით იმ ცოტა არ იყოს ვიწრო ველის კომპენსაცია მოეხდინა, რომლის ფარგლებშიაც ეს გრძნობა უნდა გამოხატულიყო, ჩვენთვის გამოყოფილი ლურჯი კუთხე ისეთი ხალისიანი კეთილგანწყობილებით ააციმციმა, მხიარულებაზე მეტიც რომ იყო - ბოროტულ სიანცეს უტოლდებოდა; თავაზიანობის სინატიფეები მან შეთქმულთა თვალის ჩაკვრებამდე, მინიშნებებამდე, გადაკრულებამდე, თანამონაწილეობის საიდუმლოებებამდე დახვეწა; ბოლოს კი მეგობრობის დაპირებები ნაზი გრძნობების მტკიცებამდე, სიყვარულის ახსნამდე აღამაღლა, მხოლოდ ჩვენთვის აანთო მაშინ, იდუმალი, ქალბატონისთვის შეუმჩნეველი მიბნედილობით, შეყვარებული თვალის გუგა ყინულის სახეზე.

სწორედ ერთი დღით ადრე მან ჩემს მშობლებს სთხოვა, იმ საღამოს სადილზე გაეგზავნათ ჩემი თავი: „მეწვიეთ, გაუწიეთ კომპანიონობა თქვენს მოხუც მეგობარს, - მითხრა მან. - როგორც თაიგული, მოგზაური რომ გვიგზავნის ქვეყნიდან, სადაც აღარ დავბრუნდებით, ნება მიბოძეთ, თქვენი ყმაწვილობის შორეთიდან მოტანილი გაზაფხულის ის ყვავილები დავყნოსო, რომელთა შორისაც ერთ დროს მეც გამივლია. მოდით ფურისულასთან, ბერისწვერასთან, ბაიასთან ერთად, მოდით კლდისდუმასთან ერთად, რომლითაც სასიყვარულო თაიგულები იკვრება ბალზაკისეულ ფლორაში, აღდგომის დღის ყვავილით, ზიზილათი, და ბაღის თეთრყვავილას თოვლის გუნდებით, დეიდათქვენის ბილიკებს სურნელებით რომ ჟღინთავენ, თუმცა კი აღდგომის თოვლი ჯერ არ დამდნარა. მოდით თვით სოლომონის საკადრისი შროშნის აბრეშუმის დიდებული სამოსით, და იაჟუჟუნების მრავალფერი მინანქრით, მაგრამ პირველ რიგში უკანასკნელი სუსხების გრილი სიოთი მოდით, რომელიც იმ ორი პეპლისთვის გადაშლის ფურცლებს, დილიდან მოყოლებულნი რომ იცდიან კართან, პირველ იერუსალიმის ვარდთან.“

სახლში ვერ გადაეწყვიტათ, მაინც უნდა გაეგზავნათ ჩემი თავი თუ არა მ. ლეგრანდენთან სასადილოდ. მაგრამ ბებიაჩემი ვერ იჯერებდა, რომ არათავაზიანად მოიქცა. „თქვენ თვითონვე აღაიარებთ, რომ სრულიად უბრალოდ აცვია, ის ძალიან განსხვავდება მაღალი საზოგადოების ადამიანებისგან.“ ბებია ირწმუნებოდა, რომ ნებისმიერ  შემთხვევაში, და ყველაზე უარესი, თუნდაც მართლა ასე მოქცეულიყო, აჯობებდა, თუ თავს მოვაჩვენებდით, რომ ვერ შევნიშნეთ. და სიმართლე რომ ვთქვათ, თვითონ მამაჩემი, ვინც ყველაზე მეტად იყო გაღიზიანებული ლეგრანდენის საქციელით, ბოლომდე ინარჩუნებდა გარკვეულ ეჭვს, რომ შეიძლება მთლად სწორედ ვერ გაიგო მისი მნიშვნელობა. ეს ქცევა ყველა იმ საქციელსა თუ ქმედებას ჰგავდა, რომელშიც პიროვნების ღრმად დამალული ხასიათი ვლინდება: ის არაფრით უკავშირდება მის მიერ აქამდე ნათქვამს, ტყუილად ვცდილობთ, რაიმე დადასტურება ვიპოვოთ ბრალეულის ჩვენებაში, ვინაც არ აღიარებს; მხოლოდ ჩვენივე საკუთარი გრძნობების მოწმობა გვრჩება,  და ვეკითხებით საკუთარ თავს, ამ განცალკევებული და შეუსაბამო მოგონების წინაშე, ხომ არ იყო ჩვენი გრძნობები ილუზიის მსხვერპლი; ისე რომ, მსგავსი ქცევები, რომელთაც ერთადერთთ გააჩნიათ მნიშვნელობა, ხშირად სახტად გვტოვებენ და ეჭვებს გვიჩენენ.

ლეგრანდენთან ტერასაზე ვისადილე; მთვარის შუქი ანათებდა: „სიჩუმის ეს თავისებურება, მშვენიერია, არა? - მითხრა მან; - როგორც ერთი რომანისტი ამტკიცებს, რომელსაც მოგვიანებით წაიკითხავთ, დაჭრილ გულებს მხოლოდ ჩრდილი და სიჩუმე შეეფერება, ჩემი გული კი სწორედ ასეთია. ხედავთ, ჩემო ბიჭო, ჩვენს ცხოვრებში დგება დრო, იქამდე თქვენთვის ჯერ კიდევ  ძალიან შორია, როდესაც თვალები მხოლოდ ერთ სინათლეს იტანენ, იმას, მსგავსი მშვენიერი ღამე სიბნელისგან რომ ამზადებს და გამოსწურავს, როდესაც ყურებს მხოლოდ ერთი მუსიკის მოსმენა შეუძლიათ - და მას მთვარის შუქი უკრავს სიჩუმის ფლეიტაზე.“ მე ყურადღებით ვისმენდი მ. ლეგრანდენის სიტყვებს, რომლებიც ყოველთვის სასიამოვნო მეჩვენებოდა; მაგრამ რადგანაც ჯერ კიდევ გონება მქონდა არეული იმ ქალის მოგონებით, ცოტა ხნის წინ რომ ვნახე პირველად და ვფიქრობდი, ახლა, როცა უკვე ვიცოდი, რომ ლეგრანდენი ადგილობრივი არისტოკრატიის ზოგიერთ სახელთან მეგობრობდა, ალბათ, ამასაც იცნობს-მეთქი, ძალა მოვიკრიბე და ვუთხარი: „მესიე, თქვენ იცნობთ ქალბატონ... გერმანტის ქალბატონებს?“, ბედნიერმა, რომ სახელის ამგვარად წარმოთქმით, გარკვეულწილად ძალაუფლება გავავრცელე მასზე, მხოლოდ იმ ფაქტით, რომ ჩემი ოცნებებიდან გარეთ გამოვიტანე და ობიექტური და ჟღერადი არსებობა მივანიჭე.

მაგრამ სახელ გერმანტზე დავინახე, ჩვენი მეგობრის ლურჯი თვალების შუაში როგორ გაჩნდა ერთი ციცქნა ნაჭდევები, თითქოს უჩინარი ქინძისთავებით დაუჩხვლეტიათო, მაშინ როცა მთელი დანარჩენი თვალის გუგა ლაჟვარდოვან ნაკადებს გამოყოფდა. მისი ქუთუთოების რკალი გაშავდა, ქვემოთკენ დაეშვა. და მისი პირი, მწარედ დაღმანჭული, სწრაფადვე გასწორდა, მაშინ როცა გამოხედვა კვლავაც ტანჯული რჩებოდა, მშვენიერი მოწამისა, ვისი სხეულიც ისრებს დაუცხრილავთ: „არა, არ ვიცნობ მათ“, - თქვა მან, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ეს ასე უბრალო ცნობა, ასე არაფრით საკვირველი პასუხი ბუნებრივად ეთქვა, ჩვეულებრივი, შესაფერისი ტონით, თვითეული სიტყვა ხაზგასმით წარმოთქვა, წინ გადმოხრილმა, თავის დაკვრით, და ერთგვარი დაჟინებულობით, რასაც როგორც წესი მაშინ შემატებენ ხოლმე ნათქვამს, როცა ის ძნელად დასაჯერია - თითქოსდა გარემოება, რომ არ იცნობდა გერმანტებს, ბედის უაზრო ახირება ყოფილიყო, უბრალო შემთხვევითობა - და იმ კაცის მაღალფარდოვნობით, ვინაც, ვინაიდან არ შეუძლია ჩუმად იყოს იმ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რაც მისთვის მტკივნეულია, ამჯობინებს პირდაპირ განაცხადოს ამის შესახებ, რათა სხვებს შეუქმნას აზრი, რომ ამის აღიარება არავითარ უხერხულობას არ უქმნის, იოლია, სასიამოვნო, სპონტანური, რომ თვითონ მდგომარეობა - გერმანტებთან ურთიერთობების არარსებობა - შეიძლებოდა არც ყოფილიყო სახეზე, რომ არა თავად მისი სურვილი, რაც უშუალოდ განპირობებულია გარკვეული ოჯახური ტრადიციით, მორალური პრინციპითა თუ მისტიკური აღთქმით, რაიც მას სახელდებით უკრძალავს გერმანტებთან ურთიერთობას. „არა, - გააგრძელა მან და თავისი ტონის ახსნასაც შეუდგა, - არ ვიცნობ მათ, არც არასდროს მდომებია, მე ყოველთვის ვესწრაფვოდი, რომ ჩემი სრული თავისუფლება შემენარჩუნებინა; ხომ იცით, გულის სიღრმეში იაკობინელი ვარ. განა ერთი და ორი მოსულა ჩემს გადასარჩენად? მარწმუნებდნენ, რომ ვცდებოდი, გერმანტებთან რომ არ მივდიოდი, რომ გაუთლელი ხეპრესავით ვიქცეოდი, ბებერი დათვივით. მაგრამ გგონიათ, მაშინებს ასეთი რეპუტაცია, ეს ხომ ისედაც სრული ჭეშმარიტებაა! გულის სიღრმეში, რა მიყვარს ამ ქვეყანაზე? რამდენიმე ეკლესია, ორი თუ სამი წიგნი, ამდენივე ტილო, და მთვარის შუქი, როცა თქვენი სიყმაწვილის ნაზ სიოს ჩემამდე მოაქვს სურნელი იმ ყვავილნარებისა, რომელთაც ჩემი მოღალული თვალი ვეღარ არჩევს.“ მაინცადამაინც ვერ მიხვდი, თუ რატომ იყო, რომ რახან უცხო ადამიანების სახლებში არ ივლიდა, ამით თავის დამოუკიდებლობას შეინარჩუნებდა, ვერც იმას, თუ რანაირად გამოდიოდა ველური ან დათვი. მაგრამ მივხვდი  იმას, რომ ლეგრანდენი მთლად გულწრფელი არ უნდა ყოფილიყო, როდესაც ამბობდა, რომ მხოლოდ ეკლესიები, მთვარის შუქი და სიყმაწვილე მიყვარსო; მას იმდენად უყვარდა ყველა, ვისაც შატო ჰქონდა და ისე ეშინოდა მათი წყენინების, რომ ვერ გაებედა, მათ დანასახად ბურჟუებს მისალმებოდა და ამით გაემხილა, რომ ბურჟუა მეგობრებიც ჰყავდა, ნოტარიუსებისა და ბირჟის მაკლერების შვილები,  ვინაიდან ერჩივნა, თუ სიმართლე მაინც უნდა გამომჟღავნებულიყო, თვითონ იქ არ ყოფილიყო, ეს მისგან შორს და მის „დაუსწრებლად“ მომხდარიყო; ის სნობი გახლდათ. ცხადია, არასდროს არაფერ ამის მსგავსს არ ამბობდა იმ ენაზე, რომელიც მე და ჩემს მშობლებს ასე გვიყვარდა. და თუ ვკითხავდი: „იცნობთ გერმანტებს?“, მოლაპარაკე ლეგრანდენი იტყოდა: „არა, მათი გაცნობა არც არასდროს მდომებია.“ სამწუხაროდ, ის რიგში მეორე პასუხობდა, რადგან მეორე ლეგრანდენმა, რომელსაც გულის სიღრმეში მალავდა დიდის სიფრთხილით, რომელსაც არავის უჩვენებდა, რადგანაც იმ, პირველმა ლეგრანდენმა ჩვენსაზე, მის სნობიზმზე მამხილებელი ისტორიები იცოდა, დიახ, იმ სხვა ლეგრანდენმა უკვე უპასუხა მის გამოხედვაში გაჩენილი ჭრილობით, მოღრეცილი ღიმით, გადაჭარბებულად სერიოზული ტონით პასუხში, ათასი ისრით, რომლებითაც ჩვენი ლეგრანდინი ერთ წამში აღმოჩნდა დაჩხვლეტილი, ძალაგამოცლილი, როგორც სნობიზმის წმინდა სებასტიანი: „ვაი რომ! აჰ, როგორ ძალიან მატკინეთ! არა, არ ვიცნობ გერმანტებს, ნუ გამიახლებთ ჩემი ცხოვრების უდიდეს ტკივილს.“ და რადგანაც მოუსვენარ ლეგრანდენს, შანტაჟისტ ლეგრანდენს, თუმცაღა მეორის ხატოვანი ენით ვერ დაიკვეხნიდა, წარმოუდგენლად უფრო სწრაფი მეტყველების უნარი ჰქონდა, რასაც „რეფლექსები“ ეწოდება, როცა მოლაპარაკე ლეგრანდენი სიჩუმეს არჩევდა, მეორეს უკვე ნათქვამი ჰქონდა თავისი სათქმელი და თუმცაღა ჩვენს მეგობარს შეეძლო რამდენიც უნდოდა იმდენი ედარდა იმ უარყოფით შთაბეჭდილებაზე, რასაც alter ego-ს მიერ გამოაშკარავებული ფაქტები ახდენდა, მას მხოლოდ მისი შერბილება შეეძლო, ისიც თუ გამოუვიდოდა.

მაგრამ ეს საერთოდაც არ ნიშნავს, რომ როდესაც სნობების წინააღმდეგ მძვინვარებდა, მ. ლეგრანდენი გულწრფელი არ იყო. მას არ შეეძლო იმის ცოდნა, ყოველ შემთხვევაში ამის შესახებ თვითონ ვერ გაიგებდა,  რომ სნობი იყო, ვინაიდან ჩვენ მხოლოდ სხვა ადამიანების ვნებები ვუწყით, და რაც საკუთარზე გვისწავლია, მათგან გვისწავლია. ისინი ჩვენზე მხოლოდ გაშუალებულად მოქმედებენ, წარმოსახვით, ჩვენს პირველად მოტივებს სათადარიგო, უფრო წესიერი მოტივებით რომ ანაცვლებს. ლეგრანდენის სნობიზმი არასოდეს ურჩევდა მას, წასულიყო და ჰერცოგინიას სწვეოდა სტუმრად. ის უბრალოდ დაავალებდა ლეგრანდენის წარმოსახვას, რომ ჰერცოგინია ყოველგვარი ღირსებებით შეემკო. ლეგრანდენი გაიცნობდა ჰერცოგინიას, თან პატივისცემით განიმსჭვალებოდა საკუთარი თავისადმი, რომ გონებისა და სათნოების მომხიბვლელობას ნებდებოდა, რაც ასე უცხო იყო საძაგელი სნობებისთვის. მხოლოდ სხვებმა იცოდნენ, რომ ის ერთ-ერთი მათგანი იყო; ვინაიდან, რადგანაც ვერ ხვდებოდნენ წარმოსახვის მიერ შესრულებულ შუამავლურ სამუშაოს, ისინი ერთმანეთის გვერდით ხედავდნენ ლეგრანდენის საზოგადოებრივ მოღვაწეობასაც და მის პირველმიზეზსაც.

ახლა უკვე აღარავითარი ილუზიები აღარ გაგვაჩნდა სახლში მ. ლეგრანდენთან დაკავშირებით და ჩვენი ურთიერთობებიც უფრო და უფრო იშვიათი გახდა. დედას უსაზღვროდ ართობდა, როდესაც ლეგრანდენს იმ ცოდვაზე დაიჭერდა ხოლმე, რომელსაც ის არ აღიარებდა, მაგრამ უპატიებელ ცოდვას კი უძახდა, - ეს იყო სნობიზმი. მამაჩემს არ შეეძლო ასე გულგრილად და მსუბუქად მიეღო ლეგრანდენის ყოყლოჩინა პოზები; და როდესაც ერთ წელიწადს ბებიასთან ერთად ჩემს ბალბეკში გაგზავნაზე ჩამოვარდა ლაპარაკი, თქვა: „აუცილებლად უნდა ვუთხრა ლეგრანდენს, რომ ბალბეკში მიდიხართ. ვნახოთ აბა, თავის დასთან დაკავშირებას თუ შემოგთავაზებთ. ალბათ არც ახსოვს, რომ ერთხელ გვითხრა, იქიდან ორ კილომეტრში ცხოვრობსო.“ ბებიაჩემი, ვინც თვლიდა, რომ საზღვაო კურორტზე ადამიანი დილიდან საღამომდე სანაპიროზე მოტანილ მარილს უნდა ისუნთქავდეს და არავის არ უნდა იცნობდეს იქ, რადგან ვიზიტები, სეირნობები, ზღვის ჰაერზე ყოფნისთვის წართმეული დროა, პირიქით, მოითხოვდა, ჩვენს გეგმებთან დაკავშირებით არაფერი გვეთქვა ლეგრანდენისათვის, რადგან უკვე ხედავდა, როგორ მოგვადგებოდა მისი და, მ-ამ დე კამბრემერი, სასტუმროს კართან, როცა ჩვენ სათევზაოდ წასასვლელად ვიქნებოდით გამზადებულნი და გვაიძულებდა, შინ დავრჩენილიყავით ოთხ კედელს შუა გამოკეტილნი და მისთვის გვემასპინძლა. მაგრამ დედაჩემი იცინოდა ამ შიშებზე, თავისთვის ფიქრობდა, რომ საფრთხე არც ისეთი რეალური იყო, რომ ლეგრანდენი დიდ სიმკვრიცხლესაც არ გამოიჩენდა, რომ თავის დასთან დავეკავშირებინეთ. მაგრამ მასთან ბალბეკის თაობაზე ლაპარაკი საჭირო აღარც გამხდარა, ლეგრანდენი, ვისაც წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ამ მხარეში ვაპირებდით გამგზავრებას, ერთ საღამოს თვითონვე შემოცუნცულდა ხაფანგში, როდესაც ვივონის ნაპირებზე შემოგვხვდა.

- ამ საღამოს ძალიან ლამაზი იისფერითა და ლურჯით დაფერილა ღრუბლები, არა, ჩემო მეგობარო, - მიმართა მამაჩემს, - განსაკუთრებით ეს ლურჯი, ჰაეროვანზე უფრო ყვავილოვანი, ცინერარიას ლურჯი, საოცარია არა მისი ცაში ხილვა. და ის პატარა ვარდისფერი ღრუბელი, თითქოს ყვავილის შეფერილობააო, არა, მიხაკი ან ჰორტენზია? სხვაგან, ალბათ, ვერსად, მხოლოდ ლა მანშზე, ნორმანდიასა და ბრეტანს შორის, შევძელი უფრო ნაყოფიერი დაკვირვებები მეწარმოებინა ამგვარ, ატმოსფეროში გადაშლილ მცენარეულ სამეფოზე. იქ, ბალბეკის მახლობლად, ამ ველურ ტერიტორიებთან ახლოს, თვალწარმტაცად საამო პატარა ყურეა, სადაც ოჟის მხრის დაისი, ეს წითელი და ოქროსფერი მზის ჩასვლები, საერთოდაც რომ არ მძულს ამის გამო, უნდა აღვნიშნოთ, თავისებურებას მოკლებულია, უმნიშვნელო; მაგრამ ნოტიო და რბილ ატმოსფეროში საღამოობით რამდენიმე წამში ეს ლურჯი და ვარდისფერი ციური თაიგულები იფურჩქნებიან, ისინი უბრალოდ შეუდარებელია და საათები უნდა გავიდეს, სანამ დაჭკნებიან. ზოგი მაშინვე იყრევინებს ყვავილებს და აი, მაშინ კი კიდევ უფრო მშვენიერი სანახავია მთელი ცა უთვალავი, გაბნეული, გოგირდოვანი თუ ვარდიფერი ფურცლით მოფენილი. ამ ყურეში, ოპალის ყურეს რომ უძახიან, ოქროს პლაჟები კიდევ უფრო ნაზი მოჩანს, რადგან ისინი მეზობელი სანაპიროების საშინელ კლდეებს ქერა ანდრომედებივით არიან მიჯაჭვულნი, ამ ავბედით, რიცხვმრავალი კატასტროფებით ცნობილ ნაპირზე, სადაც ყოველ ზამთარს არაერთი გემი იღუპება ზღვის მღელვარე ტალღებში. ბალბეკი! ჩვენი მიწის ყველაზე უფრო ძველი გეოლოგიური ჩონჩხი, ნამდვილი არ-მორი, ზღვა, ხმელეთის დასასრული, დაწყევლილი მხარე, რომელიც ანატოლ ფრანსმა - ნამდვილმა ჯადოქარმა, რომელიც ჩვენმა პატარა მეგობარმა აუცილებლად უნდა წაიკითხოს - ასე კარგად დახატა მარადიული ნისლეულის ქვეშ, როგორც კიმერიელების ჭეშმარიტი ქვეყანა, ოდისეაში. განსაკუთრებით ბალბეკიდან, სადაც უკვე სასტუმროები შენდება ამ უძველეს, თვალწარმტაც მიწაზე, თუმცაღა ამით ის საერთოდ არ იცვლება; და როგორი სასიამოვნოა ექსკურსიების მოაწყობა იქვე, ორ ნაბიჯში, ამ პრიმიტიულ და მშვენიერ მიდამოებში!

- აჰ! ვინმეს იცნობთ ბალბეკში? - ჰკითხა მამაჩემმა. - სხვათა შორის, ეს პატარა კაცი ბებიამისთან ერთად ორი თვით მიდის მანდ, და შეიძლება ჩემი ცოლიც.

ლეგრანდენი სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა ამ კითხვისთვის, როდესაც მისი თვალები პირდაპირ მამაჩემისკენ იყო მიპყრობილი და არ შეეძლო მათი არიდება, არამედ უფრო და უფრო დაძაბული უყურებდა - და თან მწუხარედ იღიმოდა - თვალებში თანამესაუბრეს, მეგობრული და წრფელი მზერით, ვითომ ამით ამბობდა, საერთოდაც არ მეშინია სახეში ყურებისო, და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ამ სახეში გაეარა, რომელიც გამჭვირვალე გამხდარიყო, და ახლა, შორს, მის უკან, ცოცხლად აფერადებულ ღრუბელს ხედავდა, რაც აზრობრივ ალიბს უქმნიდა და შესაძლებლობას აძლევდა, დაემტკიცებინა, რომ იმ წუთას, როდესაც ჰკითხეს, ბალბეკში ვინმეს თუ იცნობთო, სხვა რამეზე ფიქრობდა და შეკითხვა ვერ გაიგო. ჩვეულებრივ, ასეთი გამოხედვა თანამოსაუბრეს ათქმევინებს: „რაზე ფიქრობთ?“, მაგრამ მამაჩემმა, ცნობისმოყვარემ, გაჯავრებულმა და სასტიკმა, კიდევ ერთხელ ჰკითხა:

- მეგობრები გყავთ ამ მხარეში, ასე კარგად რომ იცნობთ ბალბეკს?

უკანასკნელი სასოწარკვეთილი მცდელობით, ლეგრანდენის ღიმიანმა მზერამ სინაზის, გაურკვევლობის, გულწრფელობისა და გაფანტულობის უმაღლეს წერტილს მიაღწია, მაგრამ, რამეთუ, უეჭველი, ფიქრობდა, რომ პასუხის გარდა სხვა აღარაფერი დარჩენოდა, გვითხრა:

 - მე ყველგან მყავს მეგობრები, სადაც კი დაჭრილ, მაგრამ მაინც ფეხზე მდგარ ხეთა კრებულებია, დიახ, ერთად რომ შეჯგუფებულან და გულისამაჩუყებელი სიჯიუტით უწყალო და შეუბრალებელ ცას ევედრებიან.

- ამას არ ვგულისხმობდი, - შეაწყვეტინა მამაჩემმა, ხეებივით გაჯიუტებულმა და ცასავით შეუბრალებელმა. ვთქვათ და ჩემს სიდედრს რაიმე შეემთხვეს იმ მხარეში, ყოველი შემთხვევისთვის ვამბობ, და რაიმე დასჭირდეს, რომ თავი მარტო არ იგრძნოს გადაკარგულში, იცნობთ იქ ვისმეს?

- როგორც იქ, ისე ყველგან, მე ყველას ვიცნობ და თან არავის, - უპასუხა ლეგრანდენმა, ვინც არ აპირებდა, ასე იოლად დანებებულიყო; ბევრს რამეს, ცოტა ვინმეს. მაგრამ საგნებიც კი ადამიანებს ჰგვანან იქ, იშვიათ, დახვეწილი არსის, ცხოვრებისგან იმედგაცრუებულ ადამიანებს. ზოგჯერ პატარა ფეოდალური სახლს შეხვდებით კლდეზე, გზის პირას რომ გაჩერებულა საკუთარი დადი მწუხარების პირისპირ, ჯერ კიდევ ვარდისფერ საღამოს, როცა ოქროსფერი მთვარე ზემოთ და ზემოთ მიისწრაფვის, უკან დაბრუნებული ნავები კი, ბრჭყვიალა ჭრელ წყალს კვეთენ და თავიანთ ანძებზე სწევენ მწუხრის ალს და მის ფერებს ატარებენ; ზოგჯერაც უბრალო, განმარტოებული სახლი, შეუხედავი, ცოტა დარცხვენილიც, მაგრამ რომანტიკული, რომელიც ყველას უმალავს ბედნიერებისა და გულგატეხილობის წარუხოცელ საიდუმლოს. ეს ქვეყანა, სადაც არ არსებობს ჭეშმარიტება, - დასძინა მაკიაველური დახვეწილობით, - ეს გამოგონილი ქვეყანა ბავშვისთვის სახიფათო საკითხავიც კია, და ნამდვილად არ არის ის, რასაც ჩვენს პატარა მეგობარს ვურჩევდი, რომელიც უკვე ისედაც მიდრეკილია სევდისაკენ, ამ თავისი ჩვილი, წინასწარგანწყობილი გულით. სასიყვარულო განდობათა და ამაო სინანულის კლიმატი შეიძლება შეეფერებოდეს ჩემსავით  გულგატეხილ მოხუცს, მაგრამ ჩამოუყალიბებელი ტემპერამენტისათვის ყოველთვის მავნებელია. დამიჯერეთ, - განაგრძო მან დაჟინებით, - ამ სანახევროდ ბრეტონული ყურის წყლებმა შეიძლება დამამშვიდებლადაც იმოქმედონ ისეთ გულზე, თუმცა ესეც საკამათოა, როგორიც ჩემია, რადგან ის მთლად მწყობრში აღარ არის და მის ჭრილობებს ვეღარაფერი შეამრთელებს. მაგრამ შენს ასაკში, ჩემო პატარა ბიჭო, ისინი უკუჩვენების მქონეა. „ღამე მშვიდობისა, მეზობლებო“, - დაამატა და დაგვტოვა ჩვეული გაუგებარი მოულოდნელობით და შემდეგ, ჩვენსკენ შემობრუნებულმა, ექიმის ზემოთ აწეული თითით, თავისი რჩევა შეაჯამა: „არავითარი ბალბეკი ორმოცდაათ წლამდე, და მაშინაც კი, ეს მხოლოდ გულის მდგომარეობაზე იქნება დამოკიდებული,“ - დაგვიყვირა შორიდან.

მამაჩემი მომდევნო შეხვედრებზე კიდევ არაერთხელ დაუბრუნდა ამ საკითხს, კითხვებით აწამებდა, მაგრამ სულ ტყუილად: იმ ერუდიტი თაღლითის მსგავსად, ვინც ყალბი პალიმფსესტების დამზადებას ისეთ შრომასა და განსწავლულობას ახმარდა, რომ ამის მეასედიც კი საკმარისი იქნებოდა მისთვის უფრო სარფიანი, მაგრამ ამავე დროს საპატიო მდგომარეობა მოეპოვებინა, მ. ლეგრანდენი, თუ ჩვენ კიდევ გავაგრძელებდით ჩვენსას, ბოლოს ქვემო ნორმანდიის პეიზაჟის ეთიკისა და ციურ გეოგრაფიის მთელ მოძღვრებას ააგებდა, ვიდრე ჩვენთან აღიარებდა, რომ ბალბეკიდან ორ კილომეტრში მისი საკუთარი და ცხოვრობდა, და თავს დაივალდებულებდა, ჩვენთვის სარეკომენდაციო წერილი შემოეთავაზებინა, რაც ასეთი თავზარდამცემი შიშების საგანიც არ იქნებოდა მისთვის, სრულიად დარწმუნებული რომ ყოფილიყო - და სინამდვილეში, ეს გამოცდილებითაც უნდა დაედგინა ბებიაჩემის ხასიათიდან გამომდინარე -, რომ მას არ გამოვიყენებდით.

 

ჩვენ ყოველთვის ადრიანად ვბრუნდებოდით სეირნობიდან და შეგვეძლო სადილამდე დეიდა ლეონისთანაც შეგვეარა. სეზონის დაწყების წინ, როცა დღე ადრე მთავრდებოდა, სენტ-ესპრის ქუჩამდე რომ მოვიდოდით, ჩვენს ფანჯრებზე ჯერ კიდევ იყო ჩამავალი მზის ანარეკლი, ჯვარცმის ჭალების სიღრმეში კი მეწამული ზოლი, მოშორებით ტბორშიც არეკლილი; ხშირად საკმაო სიგრილით თანხლებული ეს სიწითელე, ჩემს გონებაში იმ ცეცხლის სიწითლესთან ასოცირდებოდა, რომელზეც ქათამი იბრაწებოდა და ამგვარად, მპირდებოდა, რომ სეირნობით მონიჭებულ პოეტურ სიამოვნებას, გემრიელად ჭამის, სითბოსა და დასვენების სიამოვნება უნდა მოჰყოლოდა. მაგრამ ზაფხულში, როდესაც ვბრუნდებოდით, მზე ჯერ კიდევ არ იყო ჩასვენებული; დეიდა ლეონისთან ჩვენი ვიზიტისას, მისი შუქი, რომელიც დაბლა ეშვებოდა და ფანჯარას ეხებოდა, დიდ ფარდებსა და მათ დამჭერ მარყუჟებს შორის გაჩერებული, გაყოფილი, განტოტვილი, გაწმენდილი - ამასობაში ის ოქროს პატარა ნაჭრებით ინკრუსტირებდა კომოდის ლიმნის ხეს -, ირიბად ანათებდა ოთახს იმ სინაზით, რომლითაც შუქი შეიმოსება ხოლმე ქვეტყეში. მაგრამ ძალიან იშვიათად ისეთი დღეებიც გამოერეოდა, როცა ჩვენი დაბრუნებისთვის კომოდს უკვე დიდი ხნის შემოცლილი ჰქონდა წარმავალი ინკრუსტაციები, აღარსად ჩანდა ადრე ფანჯრის მინებზე გაშლილი ჩამავალი მზის  ანარეკლი, როცა სენტ-ესპრის ქუჩას მოვაღწევდით, და ჯვარცმის ფერხთით მდგარ ტბორსაც უკვე დაეკარგა თავისი სიწითლე, ზოგჯერ ის უკვე ოპალის ფერი იყო, და მთვარის გრძელი სხივი, თანდათან რომ ფართოვდებოდა და წყლის ნაკეცებისგან იბზარებოდა, მთლიანად ჰკვეთავდა მას. შემდეგ, სახლს რომ მოუახლოვდებოდით, კარებთან ადამიანის ფიგურას შევნიშნავდით და დედა იტყოდა:

- ღმერთო ჩემო! აი, ფრანსუაზა გველოდება; ეტყობა დეიდაშენი ნერვიულობს; მაშასადამე, დაგვაგვიანდა.

და ტანსაცმელს გახდაზე დროს არც ვკარგავდით, საჩქაროდ დეიდა ლეონის ოთახში ავდიოდით, რათა დაგვემშვიდებინა და გვეჩვენებინა, რომ საწინააღმდეგოდ იმისა, რასაც თავის წარმოდგენაში ხატავდა უკვე, არაფერი შეგვემთხვა, უბრალოდ „გერმანტის მხარეს“ წავედით, და, როდესაც ამ გზით მივდიოდით სასეირნოდ, დეიდაჩემმა კარგად იცოდა, რომ ვერასდროს იტყოდი დარწმუნებით, როდისთვის დაბრუნდებოდი.

- ხედავთ, ფრანსუაზა? - ეტყოდა დეიდაჩემი, - რას გეუბნებოდით? არ გითხარით, გერმანტის მხრიდან იქნებიან წამოსულები-მეთქი? ღმერთო ჩემო! ალბათ, როგორი დამშეულები არიან! და თქვენი ცხვრის ბარკალიც ალბათ საერთოდ გამოშრა ამდენი ხანი ასე რომ ვალოდინებდით. აბა, შინ ასეთ დროს დაბრუნება შეიძლება! მაშ, გერმანტის მხარეს წახვედით!

- მაგრამ მე ვფიქრობდი, რომ იცოდით ამის შესახებ, ლეონი, - ეტყოდა დედა. მეგონა, ფრანსუაზამ დაგვინახა, როდესაც ბოსტნის პატარა ჭიშკრიდან გავედით.

ვინაიდან კომბრეს შემოგარენში ორი „მხარე“ იყო სასეირნოდ, და ისინი იმდენად ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებით მიდიოდა, სახლიდან რომ გამოვდიოდით, არასდროს ვიყენებდით ერთ ჭიშკარს, როცა ერთ ან მეორე მხარეს მივდიოდით: მეზეგლიზ-ლა-ვინეზი, რომელსაც სვანის მხარესაც ვეძახდით, რადგან როდესაც ამ გზით მივდიოდით, მ. სვანის საკუთრებასთან უნდა გაგვევლო, და გერმანტის მხარე. სიმართლე ვთქვა, მეზეგლიზ-ლა-ვინეზიდან მხოლოდ „მხარე“ ვიცოდი და რომ კვირაობით აქ, კომბრეს სანახებში,  უცხო ადამიანები მოდიოდნენ ხოლმე სასეირნოდ, ადამიანები, ვისაც, ამჯერად, არც დეიდაჩემი და არც ჩვენ ყველა „საერთოდ არ ვიცნობდით“, და ამიტომაც მათ ასეც მოვიხსენიებდით: „ადამიანები, ვინც მეზეგლიზედან იქნებიან მოსულნი.“ რაც შეეხება გერმანტს, ერთ დღეს მასზე უფრო მეტს გავიგებდი, მაგრამ მხოლოდ ბევრად გვიან; და მთელი ჩემი სიყმაწვილე, თუ მეზეგლიზე ჩემთვის ჰორიზონტივით მიუწვდომელი იყო, თვალისგან დაფარული, რაც არ უნდა შორს წავსულიყავით, იმ მიწის ნაოჭებით, კომბრესას რომ უკვე აღარ მოჰგავდა, გერმანტი, თავის მხრივ, ბოლო იყო, უფრო იდეალური, ვიდრე რეალური თავისი საკუთარი „მხარეთი“, ერთგვარი აბსტრაქტული გეოგრაფიული ცნება, როგორიცაა ეკვატორი, პოლუსი, აღმოსავლეთი. ასე რომ, მეზეგლიზეზე „გერმანტის მხრით წასვლა“ ჩემთვის ისეთივე წარმოუდგენელი გახლდათ, ან პირიქით, იმდენად აზრს მოკლებული მომეჩვენებოდა, როგორც აღმოსავლეთისკენ რომ მექნა პირი დასავლეთში წასასვლელად. რადგან მამაჩემი ყოველთვის იმაზე ლაპარაკობდა, რომ მეზეგლიზის მხარისთანა ლამაზი ხედი ველზე არსად უნახავს და რომ გერმანტის მხარე ტიპიური მდინარის პეიზაჟი იყო, მათში იმ შეკრულობას, იმ ერთიანობას ვხედავდი, რამეთუ ისინი ორ განსხვავებულ რაობად მიმაჩნდა, რაც მხოლოდ გონების ქმნილებებისთვისაა დამახასიათებელი; მეჩვენებოდა, რომ თვითეული მათგანის უმცირესი ნაწილიც კი ძვირფასზე ძვირფასი იყო და მათ განსაკუთრებულ სრულყოფილებას ამჟღავნებდა, მაშინ როცა გვერდით, სანამ ერთის ან მეორის წმინდა ნიადაგს მივაღწევდით, პირწმინდად მატერიალური ბილიკები, რომელთა შორისაც ისინი იყვნენ მოქცეულნი, როგორც იდეალური ხედები ველსა თუ მდინარეზე, ისევე არ იყო შეხედვის ღირსი, როგორც დრამატულ ხელოვნებაზე შეყვარებული მაყურებლისთვის თეატრის მეზობელი პატარა ქუჩები. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, მე მათ შორის კილომენტრებით გაზომვად მანძილს კი არ ვაქცევდი, არამედ მანძილს, ჩემი ტვინის იმ ნაწილებს შორის რომ არსებობდა, რომლებშიც მე მათზე ვფიქრობდი, გონების იმ მანძილთაგანს, რომლებიც არა მხოლოდ აშორიშორებს საგნებს ერთმანეთისგან, არამედ ჰყოფს მათ და განსხვავებულ სიბრტყეებზე ათავსებს. და ეს ურთიერთგამიჯვნა მით უფრო აბსოლუტური იყო, რომ ჩვეულებამ, რომ ერთ დღეს, ერთ სეირნობაზე ორივე მხარეს არასდროს წავსულიყავით, არამედ ერთხელ მეზეგლიზეს მხარეს, ერთხელ გერმანტის მხარეს, ისინი ერთმანეთისგან შორს ჩაკეტა, ერთმანეთისთვის უცნობნი, განსხვავებული შუადღეების მჭიდროდ დაცობილ და დაუკავშირებელ ჭურჭლებში.

როდესაც მეზეგლიზეს მხარეს გვინდოდა წასვლა, ისე გამოვდიოდით (ძალიანაც ადრე არა და თუნდაც მოღრუბლული ყოფილიყო, რადგან სეირნობა ხანგრძლივი არ იყო და გზას შორსაც არ მივყავდით), თითქოს ნებისმიერ ადგილას შეიძლება წავსულიყავით, დეიდაჩემის სახლის მთავარი ჭიშკრით, სენტ-ესპრის ქუჩაზე. გზაზე მეთოფე მოგვესალმებოდა, წერილებს ვყრიდით საფოსტო ყუთში, გავლისას თეოდორს ფრანსუაზას დანაბარევს გადავცემდით, რომ ზეთი და ყავა გაუთავდა, და ქალაქს მ. სვანის პარკის თეთრ ღობესთან გამავალი გზით ვტოვებდით. სანამ იქამდე მივიდოდით უცხოებთან მისასალმებლად მოსული მისი იასამნების სურნელი გვხვდებოდა. თვითონ ისინი, მათივე ფოთლების მწვანე და ხასხასა პატარა გულებს შორის, ცნომისმოყვარედ სწევდნენ ღობის ზემოთ იასამნისფერი ან თეთრი ბუმბულების ჯიღებს, ჩრდილშიაც რომ ბზინავდნენ მზისგან, მის სინათლეში ნაბანავებნი. რამდენიმე მათგანი, ნახევრად დამალული კრამიტით გადახურული პატარა სადგომით, მშვილდოსანთა სახლი რომ ერქვა, სადაც დარაჯი ცხოვრობდა, ზემოდან დაჰყურებდა გოთურ წვეტურას თავიანთი ვარდისფერი მინარეთებით. გაზაფხულის ნიმფები ვულგარულები გამოჩნდებოდნენ ამ ახალგაზრდა ჰურებთან შედარებით, ფრანგულ ბაღში სპარსული მინიატურების წმინდა და ცოცხალ ტონებს რომ ინარჩუნებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მსურდა მათ მოქნილ წელს მოვხვეოდი და ჩემსკენ მიმეზიდა მათი სურნელოვანი თავების ვარსკვლავური კულულები, ისე გავივლიდით, რომ არ ვჩერდებოდით, რადგან სვანის ქორწინების შემდგომ ჩემი მშობლები ტანსონვილს აღარ სტუმრობდნენ, და, იმისთვის, რომ შთაბეჭდილება არ დაგვეტოვებინა, თითქოს პარკში ვიყურებოდით, ნაცვლად იმისა, რომ უშუალოდ მის წინ გამავალ გზაზე გვევლო, პირდაპირ მინდვრებზე რომ ადიოდა, მეორეს ვირჩევდით, რომელიც ასევე გადიოდა იქ, ოღონდ შემოვლით, და ბევრად შორს ამოვყოფდით ხოლმე თავს. ერთ დღეს პაპაჩემმა მამაჩემს უთხრა:

- გახსოვთ, სვანმა გუშინ თქვა, ჩემი ცოლი და ქალიშვილი რეიმსში მიდიან და მე შემთხვევით ვისარგებლებ და ერთი დღით პარიზში წავალო? შეგვეძლო პარკთან გაგვეარა, რახან ქალბატონები შინ არ ბრძანდებიან; გზას შევიმოკლებდით.

ერთი წუთით ღობესთან შევჩერდით. იასამნების ყვავილობის დრო თითქმის მიწურულიყო; ზოგიერთი ჯერ კიდევ ღვრიდა მაღალი ჭაღებიდან თავისი ყვავილების დახვეწილ ბუშტუკებს, მაგრამ ბევრგან, ფოთლებს შორის, იქ სადაც სულ რაღაც ერთი კვირის წინ მათი სურნელოვანი ქაფის ტალღები ბობოქრობდა, ცარიელი ნაქაფი ჭკნებოდა, დამცრობილი და ჩაშავებული, მშრალი და უსუნო. პაპაჩემი უჩვენებდა მამაჩემს, თუ რა იყო უცვლელი ამ ადგილებში და რა მხრივ შეიცვალა იგი, მ. სვანთან ერთად სეირნობის შემდეგ, მისი ცოლის გარდაცვალების დღეს, და ისარგებლა შემთხვევით, რომ კიდევ ერთხელ მოეყოლა ამ გასეირნებაზე.

ჩვენს წინ, კაშკაშა მზით განათებული ხეივანი, გვერდით კაპუცინები რომ ჰქონდა ჩარიგებული, ზემოთ, შატოსკენ ადიოდა. მარჯვნივ, პარკი იშლებოდა სწორ ზედაპირზე. მის გარშემო მდგარ მაღალ ხეებს სვანის მშობლების ამოთხრილი ტბორი ჩაებნელებინათ; მაგრამ ადამიანი, რაც არ უნდა ხელოვნური იყოს მისი ქმნილებები, ისევ ბუნებაზე მუშაობს; ზოგიერთი ადგილები ირგვლივ თავიანთ განსაკუთრებულ ბატონობას ავრცელებენ, პარკის შუაგულში ისევე იწონებენ თავს უხსოვარი დროის ემბლემებით, როგორც ყოველგვარი ადამიანური ჩარევისგან შორს გააკეთებდნენ, იმ მარტოობაში, მათ გარშემო რომ ბრუნდება ყველგან, მათივე ადგილმდებარეობის საჭიროებებიდან დაბადებული და ადამიანურ ნამოქმედარზე ზემოდან დადებული. და ამგვარად, იმ გზის გასწვრივ, ხელოვნურ ტბორს რომ გადაჰყურებდა, ორ წყებად დაწნულიყო კესანებისა და გველის სუროების ბუნებრივი გვირგვინი, ნაზი და ლურჯი, რომელიც გარს ერტყა წყლის შუქჩრდილოვან შუბლს, ხოლო ხმალა ყვავილს, სამეფო უზრუნველობით რომ მოეხარა თავისი ხმლები, ვარდკანაფასა და ფეხდასველებულ წყლის სუროზე გადაეწვდინა ზამბახის იისფერი და ყვითელი დაფლეთილი ყვავილები, ამ თავისი ტბიური სკიპტრიდან.

მ-ელ სვანის გამგზავრება, რაც - რაკიღა თავიდან მაცილებდა საშინელ საფრთხეს, რომ ხეივანში მისი გამოჩენა მეხილა, რომ ვეცანი და ცხვირაბზუებით შემოეხედა ამ პატარა, ბედის ნებიერ გოგონას, ბერგოტი რომ ჰყავდა მეგობრად და მასთან ერთად ტაძრების სანახავად დადიოდა - ტანსონვილის ჭვრეტას არც თუ ისე ამაღელვებელ პერპექტივად წარმომიდგენდა, პირველად, როცა ამის შესაძლებლობა მომეცა, როგორც ჩანს, პაპაჩემისა და მამაჩემის თვალში, პირიქით, კომფორტსა და დროებით ხიბლს უმატებდა ამ მამულს, და, როგორც მთებში ექსკურსიისას უღრუბლო ცა, განსაკუთრებით ხელსაყრელს ხდიდა დღეს აქეთკენ გამოსეირნებას; მინდოდა, მათი გათვლები არასწორი აღმოჩენილიყო, რომ რაღაც საოცრებით მ-ელ სვანი მამამისთან ერთად გამოჩენილიყო, ჩვენთან ისე ახლოს, რომ თავის არიდება ვერ მოგვესწრო და იძულებულნი გავმხდარიყავით, გაგვეცნო. ამიტომაც, როცა მოულოდნელად ბალახზე, როგორც მისი შესაძლებელი იქ ყოფნის ნიშანი, დაწნული კალათა შევნიშნე, ანკესის გვერდით, რომლის ტივტივაც წყალზე ტივტივებდა, საჩქაროდ სხვა მხარეს გავახედე პაპაჩემი და მამაჩემი. ეგეც არ იყოს, და სვანმა თვითონვე გვითხრა, რომ ქალაქში წასვლა მისი მხრიდან არც ისე სწორი იყო, რადგან სახლში სტუმრები ჰყავდა, ოჯახი, და ანკესიც შეიძლება ერთ-ერთი მათგანისა ყოფილიყო. ბილიკებზე არავითარი ნაბიჯის ხმა არ ისმოდა. რომელიღაცა ხის სიმაღლის გამყოფი, უჩინარი ჩიტი, ძალიან რომ წადინობდა, დღე მოკლე გამოჩნდესო, უსაშველოდ გაგრძელებული ნოტით იკვლევდა გარეჩამოწოლილ მარტოობას, მაგრამ მისგან ისე ერთხმივ რეპლიკას იღებდა, სიჩუმისა და უძრაობისგან ისე გაორმაგებულ უკუდარტყმას, შეიძლებოდა გვეთქვა, რომ მან სამუდამოდ გააჩერა ის წამი, რომლის სწრაფად გაყვანასაც ცდილობდა. სინათლე ისეთი შეუბრალებლობით ეცემოდა უძრავი ზეციდან, სურვილი გიჩნდებოდა, მის ყურადღებას გაჰქცეოდი, თავად მძინარე წყალი კი, რომლის მძინარებასაც გამუდმებით აწუხებდნენ მწერები, და უეჭველია სიზმარში რაიმე წარმოსახულ მაელსტრომს ხედავდა, კიდევ უფრო ზრდიდა ჩემს მღელვარებას, რომელშიც კორპის ტივტივას დანახვამ ჩამაგდო, რადგან მეჩვენებოდა, რომ მთელი სიჩქარით მიაქანებდა არეკლილი ცის მდუმარე სივრცეებისკენ; თითქმის ვერტიკალური, ტივტივა თითქოს ჩაძირვის პირას იყო და მე უკვე საკუთარ თავს ვეკითხებოდი, ჩემი სურვილისა და შიშის მიუხედავად, რომ გამეცნო ის, ხომ არ უნდა გამეფრთხილებინა მ-ელ სვანი, რომ თევზი ანკესს ურტყამდა, - როცა იძულებული ვიყავი მამაჩემისა და პაპაჩემისკენ გავქცეულიყავი, რადგან მეძახდნენ, გაკვირვებულნი, რომ არ გავყევი მათ პატარა ბილიკზე, მინდვრებისკენ რომ ადიოდა, რომელსაც უკვე მიუყვებოდნენ. ის მთლად კუნელების სურნელისაგან ზუზუნებდა. ღობე სამლოცველოების ერთგვარ მიმდევრობას წარმოადგენდა, საკურთხევლებზე დაზვინული ყვავილების ნაყარის ქვეშ რომ იმალებოდა; მათ ქვეშ, მზე მოკაშკაშე ცხაურას ჰფენდა, გეგონება ახლახანს ვიტრაჟში გამოუვლიაო; მათგან გამოფრქვეული სურნელი ისეთი ზეთოვანი, ისეთი შემოსაზღვრული იყო თავის ფორმაში, თითქოს ყოვლადწმინდა ქალწულის საკურთხეველთან ვმდგარიყავი, და ყვავილებს, თავადაც შემკულთ, ყოველ მათგანს დაბნეულად გამოეწვდინა მტვრიანების მბრწყინავი თაიგული, ნატიფი და სხივოსანი ნერვიურები ალისებრი გოთიკის სტილში, იმათი მსგავსი, ეკლესიაში ამბიონის მოაჯირს ან ფანჯრების შუალებს რომ ხვრეტდა და მარწყვის ყვავილის თეთრ ხორცად იშლებოდა. როგორ მიამიტური და გლეხური გამოჩნდებოდა მათთან შედარებით ასკილის ყვავილები, რამდენიმე კვირაში, ასევე რომ ამოუყვებოდნენ თაკარა მზეში იმავე სოფლურ ბილიკს, გლუვი აბრეშუმის წითელ ბლუზებში გამოწყობილნი, ქარის პატარა წამობერვაზეც რომ იხსნებიან.

მაგრამ, სულ ტყულად ვრჩებოდი კუნელების წინ და ვისუნთქავდი მათ უჩინარ, უცვლელ სურნელს, მიმქონდა გონებასთან, რომელმაც არ იცოდა, რა ექნა მისთვის, ვკარგავდი, ვპოულობდი, ვერწყმოდი რითმს, ყმაწვილური სიხალისით რომ ისროდა მათ ყვავილებს აქეთ-იქით, მოულოდნელი ინტერვალებით, ზოგიერთი მუსიკალური ინტერვალების მსგავსად, - ისინი დაუსრულებლივ ერთსა და იმავე ხიბლს მთავაზობდნენ, თანაც ამოუწურავი სიუხვით, თუმცაღა საშუალებას არ მაძლევდნენ, უფრო სიღრმისეულად შემესწავლა, იმ მელოდიების დარად, მიყოლებით ასჯერ რომ უსმენ, მაგრამ უფრო ღრმად ვერ ჩადიხარ. ერთი წუთით მოვბრუნდებოდი, რათა შემდეგ განახლებული ძალით მივსულიყავი მათთან. მივყვებოდი, ღობის იქით, მინდვრებისკენ ციცაბოდ ამაღლებულ მიწაყრილამდე, რამდენიმე დაკარგულ ყაყაჩოს, რამდენიმე მაჩანჩალა ღიღილოს, თავიანთი ყვავილებით აქა-იქ რომ მოერთოთ იგი, ასე, გობელენის არშიაზე მეჩხერადაა გამოხატული სოფლური მოტივი, რომელიც პანოზე უკვე გაბატონებულია; ჯერ კიდევ იშვიათნი, ერთმანეთს მოცილებულნი, როგორც შორი-შორ მდგარი სახლები, სოფლის მოახლოებას რომ გაუწყებს, ეს ყვავილები უზარმაზარი სივრცის შესახებ მაუწყებდა, სადაც ზღვასავით ღელავს პურის ყანა, სადაც ღრუბლების ფარა დასეირნობს ცაზე, და ეულად მდგარი ყაყაჩოს დანახვისას, ტაკელაჟის ბოლოს წითელ დროშას რომ სწევდა და ქარში აფრიალებდა, თავისი  ცხიმიანი, შავი მაშველი რგოლის ზემოთ, გული იმ მოგზაურივით მიცემდა, დაბლობზე პირველ გამორიყულ ნავს რომ ხედავს, რომელსაც მგმანავი აკეთებს, და ყვირის, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ არც დაუნახია: „ზღვა!“

შემდეგ ისევ კუნელებთან ვბრუნდებოდი, როგორც იმ შედევრების წინ, რომლებსაც, ასე გგონია, უკეთესად დაინახავ, თუ ცოტა ხნით შეწყვეტ მათ ცქერას, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ხელებით ეკრანს ვაკეთებდი, რათა მხოლოდ ისინი მქონოდა თვალწინ, მათ მიერ გაღვიძებული შეგრძნება ბნელით მოსილი და გაუგებარი რჩებოდა, ამაოდ ესწრაფვოდა  გამოყოფასა და ყვავილებთან დაკავშირებას. ცხადყოფაში ისინი არ მეხმარებოდნენ, ხოლო სხვა ყვავილებს მის დაკმაყოფილებას ვერ მოვთხოვდი. შემდეგ, იმ სიხარულით ავივსე, რომელიც გვეუფლება მაშინ, როდესაც საყვარელი ავტორის ნამუშევარს ვხედავთ, განსხვავებულს იმისაგან, რასაც აქამდე ვიცნობდით, ან როდესაც ვინმე იმ ტილოს წინ დაგვაყენებს, მხოლოდ ფანქრით გაკეთებული ჩანახატის სახით რომ ვიცნობდით, ან თუ მხოლოდ პიანინოზე შესრულებული მუსიკალური ნაწარმოები მთელი თავისი ფერებით წარმოგვიდგება ორკესტრის მიერ შესრულებული, რადგან პაპაჩემმა დამიძახა, ტანსონვილის ღობეზე მიმითითა და მითხრა: „შენ, ასე რომ გიყვარს კუნელები, ერთი ამ ვარდისფერ ბუჩქს შეხედე; ლამაზია ხომ!“ ნამდვილად, ესეც კუნელი იყო, მაგრამ ვარდისფერი კუნელი, კიდევ უფრო მშვენიერი, ვიდრე თეთრები. ისიც სადღესასწაულოდ გამოწყობილიყო - ერთ-ერთი ისეთი ნამდვილი დღესასწაულისათვის, როგორიცაა რელიგიური დღესასწაულები, ვინაიდან ისინი არ ინიშნება რაიმე შემთხვევითი ახირებით, როგორც ეს საერო დღესასწაულების შემთხვევაში ხდება, რომელიმე დღეს, სპეციალურად მათთვის განკუთვნილი რომ არაა და არაფერი არსებითად სადღესასწაულო არ სცხიათ -, მაგრამ მისი სამკაულები კიდევ უფრო მდიდრული იყო, რადგანაც ტოტზე მიმაგრებული და ერთმანეთზე დაყრილი ყვავილები, იმგვარად, რომ პატარა ადგილიც არ დარჩენილიყო მორთულობის გარეშე, როგორც პომპონები, გირლანდებად რომ შეუმკია როკოკოს მწყემსის კომბალი, „ფერში“ იყო, და, შესაბამისად, კომბრეს ესთეტიკის თანახმად, უფრო მაღალ ხარისხად ითვლებოდა, თუკი მოედნის ან კამიუს „მაღაზიაში“ ფასების იერარქიით ვიმსჯელებდით, სადაც ვარდისფერი ბისკვიტები უფრო ძვირად ფასობდა. მე თვითონაც ნაღების ყველი ვარდისფერი მერჩივნა, როცა ნებას მრთავდნენ, მარწყვები ჩამეჭყლიტა შიგ. და ამ ყვავილებმა სწორედაც ერთ-ერთი ისეთი ფერი აირჩიეს, რაიმე საკვებს რომ აქვს ან დიდი დღესასწაულისათვის განკუთვნილი სამოსის ნატიფ მორთულობას, ეს ფერები კი, რადგანაც თავიანთი აღმატებულობის ხილული საბუთები მოაქვთ, ყველაზე უფრო  ლამაზი ეჩვენება ბავშვების თვალებს, და ამიტომაც, სხვა ფერებთან შედარებით ყოველთვის ინარჩუნებენ რაღაც უფრო ცოცხალსა და ბუნებრივს, მაშინაც კი, როცა ბავშვები იგებენ, რომ არაფერ გემრიელს ისინი არ მალავენ და არც მკერავს შეურჩევია ისინი. და მართლაც, მაშინვე ვიგრძენი, ისევე როგორც თეთრი კუნელების წინ, მაგრამ კიდევ უფრო მეტი გაოცებით, რომ ეს საზეიმო განწყობა ყვავილებში ხელოვნურად, ადამიანის მოგონილი ხრიკის წყალობით კი არ გამოვლინდა, არამედ თავად ბუნებამ გამოხატა სპონტანურად იმ სოფლელი გამყიდველის გულუბრყვილობით, გზისპირა საკურთხეველს რომ ამზადებს პროცესიის ჩამოვლამდე, რაკიღა ბუჩქი ნაზი ტონის როზეტებითა და პროვინციული პომპადურით გადატვირთა. ტოტების თავში, იმ პატარა ვარდის ბუჩქების მსგავსად, მაქმანებიან ქაღალდში დამალული ქოთნებით,  რომელთა თხელი წკირები დიდ დღესასწაულებზე საკურთხევლიდან ასხივებდნენ, შედარებით უფრო ღია ფერის ათასობით პაწაწინა კოკორი გადაშლისას, თითქოსდა ვარდისფერი მარმარილოს ფიალის სიღრმეში, სისხლისფერ წითელს აჩენდა და ყვავილებზე უფრო მეტი სიცხადით ამჟღავნებდა კუნელის განსაკუთრებულ, ძალუმ არსს, კუნელის, რომელსაც, სადაც კოკრობდა, სადაც გაყვავებას აღარაფერი უკლდა, ეს მხოლოდ ვარდისფერში შეეძლო. ღობეში ჩასმული, მაგრამ ისეთივე განსხვავებული მისგან, როგორც ახალგაზრდა ქალიშვილი სადღესასწაულო კაბით იმ ადამიანების გვერდით, ყოველდღიური ტანსაცმელი რომ აცვიათ და სახლში რჩებიან, უკვე სრულიად გამოწყობილი მარიამის თვისთვის, რომლის მონაწილეც ის უკვე იყო კიდეც თითქოს, ანათებდა, იღიმოდა თავის ახალთახალ ვარდისფერ სამოსში - ეს თვალწარმტაცი, კათოლიკური ბუჩქი.

ღობის შიგნით, პარკში, ჟასმინებით, იაჟუჟუნებითა და ცოცხანებით შემოვლებული ხეივანი მოჩანდა, მათ შორის მდგარი ლევკოიონები ცინცხალ საფულეებს ხსნიდნენ, ძველი კორდოვული ტყავივით სურნელოვანსა და გახუნებულს, მაშინ როცა ხრეშზე გრძელი მწვანე სარწყავი შლანგი რგოლებს შლიდა გახვრეტილი ადგილებიდან ყვავილების ზემოთ, რომელთა სურნელსაც ის შეიწოვდა, პრიზმულ და ვერტიკალურ მარაოდ აფრქვევდა თავის მრავალფერ წვეთებს. მოულოდნელად შევჩერდი, ვეღარ ვინძრეოდი, როგორც ეს მოგვდის მაშინ, როდესაც რაღაც ისეთი ჩნდება ჩვენს წინ, რომელიც არა მხოლოდ მზერას მიმართავს, არამედ უფრო ღრმა შეგრძნებებს მოითხოვს და მთელს ჩვენს არსებას ატყვევებს. პატარა გოგონა, ქერა, მოწითალო თმებით, რომელიც, როგორც ჩანს, სეირნობიდან ბრუნდებოდა და ხელში ბაღის ნიჩაბი ეჭირა, გვიყურებდა, და ვარდისფერი ჭორფლებით დაწინწკლულ სახეს ზემოთ წევდა. მისი შავი თვალები ანათებდა, და რადგანაც მაშინ არ ვიცოდი და არც შემდგომ მისწავლია, როგორ დავიყვანო ძლიერი შთაბეჭდილება მის ობიექტურ ელემენტებზე, ვინაიდან, არ მქოდა ეგრეთ წოდებული „დაკვირვების უნარი“, რომ მათი ფერის შესახებ წარმოდგენა გამომეცალკევებინა, დიდი ხნის შემდგომაც, როცა მასზე ვფიქრობდი, მათი ბრწყინვალების მოგონება მაშინვე თვალწინ დამიდგებოდა ხოლმე როგორც ცოცხალი ლაჟვარდისფერი, რადგან ის ქერა იყო: იმგვარად, რომ შესაძლოა ასეთი შავი თვალები რომ არ ჰქონოდა - რაც ასე გხვდებოდა თვალში, როდესაც პირველად ხედავდი -, ისე განსაკუთრებულადაც არ შემყვარებოდა, როგორც შემიყვარდა, მისი ლურჯი თვალები.

თავდაპირველად ისეთი მზერით ვუცქერდი, რომელიც მხოლოდ თვალების მაცნე კი არაა, არამედ ფანჯარა, საიდანაც მღელვარე და გახევებული გრძნობები გადაყუდებულან. ამ მზერას სწადია შეეხოს სხეულს, რომელსაც ის უყურებს, შეიპყროს, თან წამოიყოლოს და მასთან ერთად სულიც; შემდეგ, იმდენად მეშინოდა, რომ წამი-წამზე პაპაჩემი ან მამაჩემი შენიშნავდნენ გოგონას და მეტყოდნენ რომ მათ წინ გავქცეულიყავი, უკვე სხვაგარი, გაუცნობიერებლად მავედრებელი მზერით, რომელიც ცდილობდა ეიძულებინა, ყურადღება მოექცია ჩემთვის, შევეცანი! მან წინ და გვერდით სტყორცნა მზერა, რომ აეწონ-დაეწონა პაპაჩემი და მამაჩემი, და უეჭველად დაასკვნა, რომ სასაცილოები ვიყავით, რადგანაც შებრუნდა და უდარდელი და ქედმაღლური გამომეტყველებით ისეთი კუთხით დადგა, რომ მისი სახე მათ მხედველობის არეში არ ყოფილიყო; და სანამ ისინი სიარულს აგრძელებდნენ, ისე, რომ გოგონა არც დაუნახავთ, და წინ გამასწრეს, გრძელი მზერა პირდაპირ ჩემსკენ ისროლა, მაგრამ რაიმე განსაკუთრებული გამომეტყველების გარეშე, თითქოს ვერც მხედავდა, მაგრამ დაჟინებულობითა და იდუმალი ღიმილით, რომელიც ჩემთვის ჩანერგილი კარგი აღზრდის ცნებებით თუ ვიმსჯელებდი, მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავდა: შეურაცხმყოფელ ზიზღს; ამ დროს მისმა ხელმა უწესო ჟესტი მოხაზა, რომელსაც, თუ საზოგადოებაში უცნობი ადამიანს მისამართით იქნებოდა ნაჩვენები, ჩემს თავში არსებული ზრდილობიანობის პატარა ლექსიკონში ერთადერთი მნიშვნელობა ჰქონდა, კერძოდ, განზრახი უპატივცემულობისა.

- ჟილბერტა, მოდი აქ! რას აკეთებ მანდ? - დაიძახა გამკინავი, მბრძანებლური ხმით ქალბატონმა თეთრებში, ვინც არ დამინახავს; მისგან ცოტა მოშორებით კი, ტვილში გამოწყობილი უცნობი ბატონი ისეთი დაჟინებული მზერით მიყურებდა, ლამის თვალები გადმოვარდნოდა; გოგონამ მყისვე შეწყვიტა ღიმილი, აიღო თავისი ნიჩაბი და ისე გასწია, ჩემსკენ აღარც შემობრუნებულა, მორჩილი, გამოუცნობი და ეშმაკური გამომეტყველებით.

ამგვარად გაიარა ჩემთან ახლოს სახელმა ჟილბერტამ, თილისმასავით რომ მებოძა, რათა თუნდაც ერთ დღეს  მეპოვა ის გოგო, ახლახანს პიროვნებად რომ გადააქცია, თუმცაღა წამის წინ მხოლოდ გაურკვეველი სურათი იყო. ამგვარად გაიარა მან, ჟასმინებისა და ლევკოიონების თავზე, მწვანე სარწყავი შლანგიდან გამოფრქვეული წვეთებივით მწარემ და გრილმა; გაჟღინთა, გააფერადა სუფთა ჰაერის ის არე, რომელიც გადაკვეთა - და გამოაცალკევა - იმ გოგონას ცხოვრების იდუმალებით, ეს სახელი რომ ერქვა ბედნიერი არსებებისთვის, ვინც მასთან ერთად ცხოვრობდნენ, მოგზაურობდნენ; ვარდისფერი კუნელის ქვეშ, ჩემი მხრის სიმაღლეზე გამიშალა ამ გოგონასთან, მის უცნობ ცხოვრებასთან მათი სიახლოვის კვინტესენცია, აგრერიგად მტკივნეული ჩემთვის, რადგან ეს იყო ცხოვრება, რომელშიც ვერასდროს შევაბიჯებდი.

წამით (სანამ ჩვენ იქაურობას ვშორდებოდით და პაპაჩემი ჩურჩულებდა: „საწყალი სვანი, წარმოგიდგენია, რა როლს ათამაშებენ: გაუშვეს სხვაგან, რომ თვითონ მარტო დარჩენილიყო თავის შარლუსთან ერთად. ისაა, ვიცანი! და ეს პატარა გოგონაც რომ გაურევიათ ამ უმსგავსობაში!“) შთაბეჭდილებამ, დესპოტურმა ტონმა რომ დამიტოვა, რითაც დედამისი დაელაპარაკა მას, ისე, რომ თვითონ სიტყვა არ შეუბრუნებია, და ჟილბერტა წარმომიდგინა, როგორც ვინმე, ვინც იძულებულია, მორჩილებდეს და არც ყველასა და ყველაფერზე მაღლა მდგომია, ცოტათი დააცხრო კიდეც ჩემი ტკივილი, რაღაც იმედიც ჩამისახა და სიყვარულიც შემიმცირა. მაგრამ ძალიან მალევე ეს სიყვარული ისევ აზვირთდა ჩემში, როგორც საპასუხო რეაქცია, რისი წყალობითაც შეურაცხყოფილი გული ცდილობდა, ჟილბერტას დონემდე ასულიყო ან თვითონ ის ჩამოეყვანა თავისაზე. მე მიყვარდა იგი, და ვნანობდი, რომ არც დრო მქონდა და არც შთაგონება, რომ შეურაცხყოფა, ტკივილი მიმეყენებინა მისთვის და თავი დამემახსოვრებინა. ისეთი ლამაზი მეჩვენა, მინდოდა უკან გავბრუნებულიყავი და მხრების აჩეჩვით მეყვირა მისთვის: „ჩემი აზრით, მახინჯი და საძაგელი ხართ! ნეტავ იცოდეთ, როგორ მეზიზღებით!“ მაგრამ მივდიოდი და სამუდამოდ თან მიმქონდა, როგორც ჩემნაირი ბავშვებისთვის მიუღწეველი ბედნიერების პირველი მაგალითი, გარკვეული ბუნების კანონების ძალით, რომელთაც ვერ გადახვალ, პატარა წითურ თმიანი გოგონას ხატება, ჭორფლიანი სახე რომ ჰქონდა, ხელში ნიჩაბი ეჭირა, იცინოდა და ეშმაკურ, არაფრისმთქმელ, შორეულ მზერას მტყორცნიდა. და უკვე ეს ხიბლიც, რომლითაც მისმა სახელმა ვარდისფერი კუნელების ქვეშ ადგილი გაჟღინთა, სადაც ორივემ ერთად გავიგონეთ ის, ატყვევებდა, ეფინებოდა, აინანთებდა ყველაფერს, რაც მასთან ახლოს მიდიოდა, მის ბებია-პაპას, რომელთა ნაცნობების გამოუთმელი ბედნიერება ჰქონდათ ჩემებს, ბირჟის მაკლერის დიდებულ პროფესიას, ელისეს მინდვრების მტანჯველ უბანს, სადაც ის პარიზში ყოფნისას ცხოვრობდა.

- ლეონი, - უთხრა პაპაჩემა შინ რომ დავბრუნდით, - ნეტავ კი ჩვენთან ერთად ყოფილიყავი. ტანსონვილს ვეღარ იცნობდი. მომერიდა, თორემ კი წამოგიღებდი ერთ ტოტ ვარდისფერ კუნელს, ასე რომ გიყვარდა.“ პაპაჩემმა მთელი ჩვენი სეირნობის შესახებ მოუყვა დეიდა ლეონის, შესაძლოა იმიტომ, რომ გაერთო, შესაძლოა იმიტომაც, რომ მთლად არ დაჰკარგოდა იმედი, რომ როგორმე მის გარეთ გატყუებას შეძლებდა. და მართლაც, დეიდაჩემს ერთ დროს ძალიან უყვარდა იქაურობა, და სვანიც უკანასკნელი გახლდათ, ვისაც სტუმრად იღებდა, მაშინ როცა სხვა ყველასთვის კარი უკვე დახურული იყო. და როგორც აპასუხებინებდა ხოლმე, როცა სვანი მის ამბებს გვეკითხებოდა (ის სახლში ერთადერთი იყო, ვისთან შეხვედრასაც სვანი თხოულობდა), რომ ამჯერად დაღლილი იყო და მომდევნო ჯერზე აუცილებლად მიიღებდა, ასევე იმ საღამოს თქვა: „დიახ, ერთ დღეს, კარგი ამინდი რომ გამოვა, ეტლით ვიმგზავრებ პარკის ჭიშკრამდე.“ ამას გულწრფელად ამბობდა. მართლაც გაახარებდა სვანისა და ტანსონვილის ხელახლა ნახვა; მაგრამ ძალები მხოლოდ იმისთვის კმაროდა, რომ ასეთი სურვილი გასჩენოდა - თვითონ განხორციელება მის ძალებს აღემატებოდა. ზოგჯერ კარგი ამინდი ცოტა ენერგიას შემატებდა, წამოდგებოდა, ჩაიცვამდა; მაგრამ მეორე ოთახში არ იყო გასული, რომ დაღლილობას იგრძნობდა და ისევ საწოლში ბრუნდებოდა. ის, რაც მისთვის დაწყებულიყო - თუმცაღა, უფრო ადრე, ვიდრე ეს ჩვეულებრივ ხდება -, იმ მოხუცებულობის დიდი უარის თქმა იყო, სიკვდილისთვის რომ ემზადება, თავის ჭუპრში ეხვევა, რაც ხანგრძლივი ცხოვრების მიწურულსაც შეიძლება შევნიშნოთ, თვით ძველ საყვარელთა შორისაც კი, ყველაზე მეტად რომ უყვარდათ ერთმანეთი, მეგობრებს შორის, ვისაც ყველაზე უფრო ძლიერი სულიერი ძაფები აკავშირებდა და ვინც რომელიღაცა წლიდან მოყოლებული, უარს ამბობენ მოგზაურობასა თუ გასვლაზე, რაც ერთმანეთის ნახვისთვის აუცილებელი იყო, წყვეტენ მიმოწერას და იციან, ერთმანეთთან აღარავითარი ურთიერთობა არ ექნებათ ამ სამყაროში. დეიდაჩემს ძალიან კარგად უნდა სცოდნოდა, რომ სვანს  ვეღარასდროს იხილავდა, რომ ვეღარასდროს გავიდოდა სახლიდან, მაგრამ მისი საბოლოო განმარტოება, ალბათ, საკმაოდ იოლიც უნდა ყოფილიყო იმავ მიზეზით, რომელსაც, ჩვენს თვალში, ის უფრო მტკივნეული უნდა გაეხადა: საქმე ისაა, რომ განმარტოება ძალაუნებურად იყო გამოწვეული მისი ენერგიის კლებით, რაც ყოველდღე ცხადი უნდა ყოფილიყო მისთვის, და რაკიღა ამ ძალთა დაშრეტის გამო თვითეული მოქმედება, თვითეული მოძრაობა, დაღლილობის მიზეზი ხდებოდა, თუ საერთოდ ტკივილისა არა, უმოქმედობაში, კარჩაკეტილობასა და სიჩუმეში ის დასვენების გამაჯანსაღებელ და კურთხეულ სიტკბოებას პოულობდა.

დეიდაჩემი ვარდისფერი კუნელების ღობის სანახავად არ წასულა, მაგრამ მე წამდაუწუმ ვეკითხებოდი მშობლებს, მიდიოდა თუ არა იქ, ან ადრე ხშირად თუ დადიოდა ტანსონვილში, რათა ისინი მ-ელ სვანის მშობლებსა და ბებია-პაპაზე მელაპარაკებინა, ვინაც ლამის ღმერთებად მიმაჩნდა. სახელი სვანი ჩემთვის თითქმის მითოლოგიური გახდა და როდესაც მშობლებთან ვლაპარაკობდი, გულის წასვლამდე მინდოდა, ის მათი პირიდან გამეგონა; მე თვითონ ვერ გამებედა მისი წარმოთქმა, არამედ ისეთ თემებზე ვიწყებდი საუბარს, ჟილბერტასთან და მის ოჯახთან რომ იყო ახლო, ან უშუალოდ მათ შეეხებოდა, რომ მისგან ძალიან შორს გაძევებულადაც არ მეგრძნო თავი; და უეცრად ვაიძულებდი მამაჩემს, რადგან თავს მოვაჩვენებდი, ვითომ მეგონა, მაგალითად, რომ პაპას თანამდებობა ჩვენს ოჯახში მის წინაც იყო, ან რომ ვარდისფერი კუნელები, რომელთა ნახვაც დეიდა ლეონის უნდოდა, თემის მიწაზე მდებარეობდა, რათა შეესწორებინა, რომ ეთქვა, ჩემს საწინააღმდეგოდ და თავისივე ნებით: „არა, ეს თანამდებობა სვანის მამას ეკავა, ეს ღობე სვანის პარკის ნაწილია.“ შემდეგ იძულებული ვიყავი, სული მომეთქვა; როგორც კი ამ სახელს გავიგონებდი, ის ისეთი წნეხით აწვებოდა ადგილს, სადაც ყოველთვის ეწერა ჩემში, რომ სუნთქვა მეკვროდა - ის ხომ სხვებზე უფრო სავსედაც მეჩვენებოდა, რადგან ყველა იმ ემოციით იყო დამძიმებული, გონებაში  მისი წარმოთქმისას რომ მეუფლებოდა. ის მანიჭებდა სიამოვნებას, რომლის თხოვნაც სირცხვილით ვერ გამებედა მშობლებისთვის, რადგან სიამოვნება იმხელა იყო, რომ მისი მოპოვება უეჭველად უზარმაზარ ძალისხმევად უჯდებოდათ, თვითონ კი არავითარ ჯილდოს არ იღებდნენ სამაგიეროდ, რადგან მათთვის ამაში არავითარი სიამოვნება არ იდო. ამიტომაც მორიდების გამო საუბარს სხვა თემაზე გადავიტანდი ხოლმე. და იმის გამოც, რომ სინდისი მქენჯნიდა. სახელ სვანის ხსენებაზე თვალწინ დამიდგებოდა ხოლმე ყველა ის უცნაური ცდუნება, რომელსაც მასში ვდებდი. მაშინ, უეცრად მომეჩვენებოდა, რომ შეუძლებელი იყო, მშობლებს არ ეგრძნოთ ეს ცდუნებები, რომ უკვე ისინიც ჩემი თვალთახედვიდან იყურებოდნენ, ხედავდნენ, მპატიობდნენ, იზიარებდნენ ჩემს ოცნებებს, და თავს უბედურად ვგრძნობდი, თითქოს დავამარცხე და გავრყვენი ისინი.

იმ წელიწადს, როდესაც  ჩემმა მშობლებმა ჩვეულებრივზე უფრო ადრე გადაწყვიტეს პარიზში წასვლა და ამისთვის დღეც დათქვეს, გამგზავრების დილას, თმები რომ დამიკულულავეს ფოტოსურათის გადასაღებად, თავზე დიდის სიფრთხილით დამახურეს ქუდი, აქამდე რომ არასდროს მფარებია, და დალიანდაგებული ხავერდის პალტოც ჩამაცვეს; შემდეგ სადღაც დავიკარგე,  დედა ყველგან მეძებდა და ბოლოს ტანსონვილში, პატარა ციცაბო ბილიკზე მიპოვა აცრემლებული, სადაც კუნელებს ვემშვიდობებოდი, ხელები ეკლიანი ტოტებისთვის შემომეხვია, და, როგორც ტრაგედიის პრინცესა, უაზრო ორნამენტები რომ ამძიმებდა, იმ აბეზარი ხელისადმი ყოველგვარი მადლიერების გარეშე, ასე მზრუნველად რომ შეკრიბა ჩემი თმები და კულულებად  დამაყარა შუბლზე, ფეხებით ვსრედი პაპილოტებს და ახალთახალ ქუდს. ჩემს ცრემლებს დედაჩემისთვის გული არ აუჩუყებია, მაგრამ გათელილი ქუდისა და დახეული პალტოს შემხედვარემ უნებურად შეჰყვირა. მე ეს არ გამიგონია: „ო ჩემო საწყალო პატარა კუნელებო, - ვამბობდი ატირებული, - თქვენ სულაც არ გინდათ ჩემი წყენინება, არ მაიძულებთ წასვლას. ვიცი, არასოდეს მატკენთ გულს! ამიტომაც ყოველთვის მეყვარებით.“ და ცრემლების წმენდით, ვპირდებოდი, რომ როდესაც გავიზრდებოდი, ჩემი ცხოვრება არ იქნებოდა სხვა ადამიანების ცხოვრებასავით უაზრო და რომ პარიზშიც კი, გაზაფხულის დღეებში, ნაცვლად იმისა, რომ სტუმრად მეარა და უაზრო ლაყბობისათვის მესმინა, ქალაქგარეთ წავიდოდი, რომ პირველი კუნელები მენახა.

თუ მეზეგლიზეს მხარეს მივდიოდით, საკმარისია მინდვრებში გავსულიყავით, კუნელებს მთელი სეირნობა აღარ ვტოვებდით. ამ მინდვრებს უჩინარი მაწანწალასავით გამუდმებით კვეთდა ქარი, კომბრეს განსაკუთრებულ გენიად რომ მიმაჩნდა. ყოველ წელს, ჩვენი ჩასვლის დღეს, რათა მეგრძნო, რომ ნამდვილად კომბრეში ვიყავი, ისევ ავდიოდი იქ, რომ ხელახლა მენახა, როგორ რბოდა ხნულებში, რომ მეც მასთან ერთად ვერბენინებინე. მეზეგლიზეს მხარეს, ამ ამოზნექილ ველზე ყოფნისას, სადაც არავითარი წინაღობა არ ხვდებოდა, ქარი ყოველთვის თან გვახლდა. ვიცოდი, რომ მ-ელ სვანი რამდენიმე დღით ხშირად მიდიოდა ხოლმე ლანში და, მიუხედავად იმისა, რომ იქამდე არაერთი ლიე იყო, რაკიღა მანძილი შეკვეცილი რჩებოდა წინაღობის არარსებობის გამო, როდესაც, შუადღის მცხუნვარებაში ვხედავდი უშორესი ჰორიზონტიდან მოსული ერთი და იგივე მონაბერი როგორ გადმოხრიდა ყველაზე მოშორებით მდგარ ხორბლებს, ტალღასავით გადაუვლიდა უზარმაზარ ფართობს და მოჩურჩულე და თბილი, ესპარცეტებსა და სამყურებს შორის ჩემს ფეხებთან დაწვებოდა, ეს ველი, ორივე რომ ვიზიარებდით, თითქოსდა გვაახლოებდა, გვაკავშირებდა ერთმანეთთან, და მეც წარმოვიდგენდი, რომ ჰაერის ამ ნაკადმა მის გვერდით გაიარა, რომ ის, რასაც ეს მონაბერი მეჩურჩულებოდა, მისგან მოტანილი რაღაც შეტყობინება იყო, რომელიც ვერ გამეგო, და გავლისას ვკოცნიდი. მარცხნივ სოფელს შამპიე ერქვა (კიურეს თუ დავუჯერებდით Campus pagani). მარჯვნივ, პურის ყანის გადასწვრივ სენტ-ანდრე-დე-შამპის ორი ამოკვეთილი, სოფლური სამრეკლო მოჩანდა, თვითონაც ისეთივე დაწვრილებულნი, ქიცვიანნი, კრამიტისებულად უჯრედოვანნი, სიყვითლეში შესულნი და მარცვლოვანნი, როგორც ორი თავთავი.

სიმეტრიულ ინტერვალებში, იმ ფოთლების განუმეორებელი მორთულობის შუაში, არცერთი სხვა ხეხილის რომ ფოთოლში არ აგერევა, ვაშლის ხეები თავიანთ თეთრი სატინის ფურცლებს შლიდნენ ან შეწითლებული კოკრების მორცხვ თაიგულებს კიდებდნენ. სწორედ მეზეგლიზეს მხარეს შევნიშნე პირველად მზით განათებულ მიწაზე ვაშლის ხეების მრგვალი ჩრდილები და აგრეთვე ის არახელშახები ოქროს აბრეშუმები, დაისი ალმაცერად რომ ქსოვს ფოთლებქვეშ და რომლებსაც, მინახავს, როგორ გადაჰკვეთდა ხოლმე თავისი ჯოხით მამაჩემი, ისე რომ ისინი არსაით იხრებოდა.

ზოგჯერ შუადღით ცაზე მალვით გაივლიდა მთვარე, ღრუბელივით თეთრი, ბრწყინვალებას მოკლებული, როგორც მსახიობი, რომლის ჯერიც ჯერ არ მოსულა და ერთი ხანი დარბაზიდან უყურებს სხვა მსახიობებს ჩვეულებრივ ტანსაცმელში ჩაცმული; დროებით შეუმჩნეველი ხდება, რომ ყურადღება არ მიიქციოს. მომწონდა მისი გამოსახულების პოვნა ტილოებზე და წიგნებში, მაგრამ ხელოვნების ეს ნაწარმოებები ძალიან განსხვავდებოდა - ყოველ შემთხვევაში პირველ წლებში, სანამ ბლოკი ჩემს თვალებსა და აზროვნებას უფრო ფაქიზ ჰარმონიებს შეაჩვევდა - მათგან, სადაც მთვარე დღეს ლამაზი მომეჩვენებოდა და სადაც მაშინ მას ვერ ვიცნობდი. ეს იყო, მაგალითად, სენტინის რომელიმე რომანი, გლეირის რომელიმე პეიზაჟი, სადაც ის მკაფიოდ იკვეთებოდა ცაზე ვერცხლისფერი ნამგალის სახით - მიამიტურად არასრულყოფილი ნამუშევრები, ასე რომ მოჰგავდნენ ჩემივე საკუთარ შთაბეჭდილებებს; ბებიაჩემის დები კი აღშფოთებულები რჩებოდნენ, რომ აღფრთოვანებული ვიყავი მათით. ისინი ფიქრობდნენ, რომ ბავშვებს მხოლოდ ისეთი ნაწარმოებები უნდა წარუდგინონ, და პატარები ასე თავიანთ კარგ გემოვნებას თავიდანვე გამოავლენენ მსგავსი ნაწარმოებების მოწონებით, რომლებითაც უკვე ზრდასრულობის ასაკს მიღწეულნიც აღფრთოვანდებიან. უეჭველია, მათ მიაჩნდათ, რომ ესთეტიკური ღირსებები მატერიალური საგნებია, რომელთა შემჩნევაც უბრალოდ შეუძლებელია გახელილმა თვალმა ვერ შეძლოს, და სულაც არაა აუცილებელი, რომ მათი ექვივალენტები ნელ-ნელა მომწიფდეს  ჩვენს გულებში.

სწორედ მეზეგლიზეს მხარეს, მონჟუვენში, ფართო ტბორის ნაპირას, ბუჩქნარით დაფარულ გორაკს მიყრდნობილ სახლში ბინადრობდა მ. ვენტო. ამიტომაც, გზაზე ხშირად ვხვდებოდით მის ქალიშვილს, მთელი სიჩქარით რომ მოაქროლებდა ხოლმე ორთვალა, თავღია ეტლს. ერთ-ერთი წლიდან მოყოლებული ის უკვე აღარ გვხვდებოდა მარტო, არამედ შედარებით უფროსი ასაკის მეგობარ გოგოსთან ერთად, ვისაც ცუდი სახელი ჰქონდა იმ მხარეში და ვინც ერთ დღესაც სამუდამოდ მონჟუვენში დასახლდა. ხალხი ამბობდა: „საწყალი მ. ვენტო, როგორც ჩანს, სიყვარულით მთლად დაბრმავებულია, რომ ვერ ამჩნევს, რასაც ჰყვებიან, და უფლებას აძლევს თავის ქალიშვილს, კაცი, რომელსაც ერთი „უადგილო“  სიტყვაც კი აღაშფოთებს, ასეთ ქალთან ერთად იცხოვროს, ერთ ჭერქვეშ. ამბობს, შესანიშნავი ადამიანია, საუცხოო გული აქვს და გასაოცარ მუსიკალურ ნიჭს გამოავლენდა, რომ განევითარებინაო. დარწმუნებული ბრძანდებოდეს, იმას, რაშიც ეს ქალი მის ქალიშვილს ავარჯიშებს, მუსიკა არ ჰქვია.“ მ. ვენტო ნამდვილად ასე იძახდა; და მართლაც საოცარია, რამდენად აღაფრთოვანებს ხოლმე ადამიანი თავისი ზნეობრივი თვისებებით იმ ადამიანის ოჯახის წევრებს, ვისთანაც ხორციელი ურთიერთობები აქვს. ფიზიკური სიყვარული, ასე უსამართლოდ რომ აძაგებენ, იმდენად აიძულებს ადამიანებს, თუ კი რამ სიკეთე და თავგანწირვა აქვთ გულში, უკანასკნელი ნატამალიც არ დაიშურონ, მზის შუქზე გამოიტანონ, რომ ისინი ბრწყინვას იწყებს უშუალო გარშემომყოფთა თვალში. ექიმი პერსპიე, ვისაც ბოხი ხმა და ხშირი წარბები შესაძლებლობას აძლევდა, იმდენი ეთამაშა ავყია კაცის როლი, რამდენიც გაუხარდებოდა, თუმცაღა ამის გარეგნობა არ ჰქონდა, ისე რომ ოდნავადაც არ შეელახა უჟმური, მაგრამ კეთილი ბერიკაცის რეპუტაცია, რომელიც ურყევიც იყო და დაუმსახურებელიც, სიცილისგან აბჟირებდა კიურეს და ყველას, როდესაც უხეში ხმით იტყოდა: „მაშ კარგი! როგორც ჩანს, მ-ელ ვენტო თავის მეგობართან ერთად მუსიკითაა დაკავებული! რაღაც გაკვირვებულები მეჩვენებით. არ მესმის, არ მესმის. სწორედ მამილო ვენტო იძახდა გუშინ. ბოლოსდაბოლოს, ადამიანს ხომ აქვს უფლება, რომ უყვარდეს მუსიკა? ამ გოგოს. არა, პირადად მე წინააღმდეგი არ ვარ, თუ ბავშვს არტისტული მისწრაფებები აქვს. როგორც ჩანს, არც ვენტო. თან თვითონაც უკრავს მუსიკას ქალიშვილის მეგობართან ერთად. ეშმაკმაც დალახვროს! ამ სამუსიკო სასწავლებელში შემოქმედებითი ძალების დიდი აღტყინება შეინიშნება! კი მაგრამ, რა გაცინებთ? დიახ, ეს ხალხი დაუღალავად უკრავს მუსიკას. იმ დღეს მამილო ვენტო სასაფლაოსთან შემხვდა. კაცი ფეხზე ძლივს იდგა.“

მათთვის, ვინც იმ პერიოდში ჩვენს მსგავსად ხედავდა, როგორც ერიდებოდა მ. ვენტო ნაცნობებს, ბრუნდებოდა, როცა მათ შენიშნავდა, როგორ დაბერდა რამდენიმე თვეში, როგორ ჩაეფლო მწუხარებაში, რაოდენ უჭირდა ნებისმიერი ძალისხმევის გაღება, რაც უშუალოდ მისი ქალიშვილის ბედნიერებას არ უკავშირდებოდა, როგორ ატარებდა მთელ დღეებს ცოლის საფლავთან, რთული არ უნდა ყოფილიყო იმის მიხვედრა, რომ  ის მწუხარებისგან კვდებოდა, რომ იცოდა, რა ჭორებიც დადიოდა. იცოდა და, ალბათ, სჯეროდა კიდეც. შესაძლოა არ არსებობს ადამიანი, რაც არ უნდა ღირსებებით შემკული იყოს ის, რომელსაც გარემოებათა სირთულის გამო ერთ დღესაც შინაურულად არ მოუწევდა ცხოვრება იმ ბიწთან, ყველაზე უფრო მტკიცედ რომ ჰგმობდა - თუმცაღა, ბოლომდეც ვერ ცნობს, რაკიღა ის ნიღაბსაა ამოფარებული და მასთან მხოლოდ ამ კონკრეტულ, გარეგნულ ფაქტთა სამოსით შედის კონტაქტში და ტანჯავს: უცნაური შენიშვნები, აუხსნელი დამოკიდებულება, ერთ საღამოს, იმ ადამიანის მხრიდან, სხვა უამრავი მიზეზის გამოც რომ უნდა მოსწონდეს. მაგრამ მ. ვენტოსთანა კაცისთვის ბევრად უფრო მტკივნეული უნდა ყოფილიყო ერთ-ერთ ისეთ მდგომარეობასთან შეგუება, რომლებსაც გვგონია, მხოლოდ ბოჰემურ სამყაროში შევხვდებით: ისინი წამოიჭრება ყოველ ჯერზე, როდესაც ბიწი, თვითონ ბუნება რომ ნერგავს ბავშვში, ზოგჯერ უბრალოდ დედისა და მამის სათნოებათა შერევით, როგორც, მაგალითად, თვალების ფერს, მისთვის აუცილებელ ადგილსა და უსაფრთხოებას საჭიროებს. მაგრამ ის, რომ მ. ვენტომ, ალბათ, იცოდა კიდეც ქალიშვილის ქცევის შესახებ, სულაც არ ნიშნავდა იმას, რომ ნაკლებად ეთაყვანებოდა მას. ფაქტები ვერ აღწევენ ჩვენი რწმენების სამყაროში; ისინი არ იბადებიან ფაქტების წყალობით და არც ნადგურდებიან; უარყოფის გზით ფაქტებს შესაძლოა გამუდმებული იერიშები მიჰქონდეთ მათზე, მაგრამ ოდნავადაც ვერ ასუსტებენ; ერთმანეთს მიწყობილ დაუსრულებელ უბედურებათა ან ავადმყოფობათა ზვავი ოჯახში ეჭვს ვერ შეატანინებს მათი ღმერთის გულმოწყალებაში ან ექიმის ნიჭიერებაში. მაგრამ როდესაც მ. ვენტო ქალიშვილსა და საკუთარ თავზე საზოგადოების თვალსაზრით ფიქრობდა, მათი რეპუტაციის თვალსაზრისით, როდესაც ცდილობდა განესაზღვრა, რომელ საფეხურზე იდგა  საზოგადო აზრის მიხედვით, მაშინ კი ისევე აფასებდა საკუთარ მდგომარეობას, როგორც ამას კომბრეს ყველაზე უფრო არაკეთილგანწყობილი მცხოვრები გააკეთებდა, საკუთარ თავს ქალიშვილთან ერთად საზოგადოების ფსკერზე ხედავდა, და ამის გამო მის მანერებში ის თავმდაბლობა გაჩნდა, ის პატივისცემა მათდამი, ვინც მასზე უფრო მაღლა იდგნენ და ვისაც ის ქვემოდან უყურებდა (თუნდაც მანამდე ისინი ბევრად დაბლა მდგარიყვნენ), და ტენდეცია, რომ ცდილობდე, როგორმე დაუბრუნდე მათ დონეს, რაც თითქმის მექანიკური შედეგია ყოველგვარი დაცემისა. ერთ დღეს, როდესაც სვანთან ერთად კომბრეს ერთ ქუჩას მივუყვებოდით, მ. ვენტო, ვინც მეორედან გამოდიოდა, უეცრად ჩვენს პირისპირ აღმოჩნდა და დრო არ ჰქონდა, რომ თავი აერიდებინა; სვანმა, საზოგადოებაში გამოსული კაცის ამაყი გულმოწყალებით, რომელიც, მას შემდეგ, რაც ყველა მორალური ცრურწმენა გაუქარწყლდა, მეორე ადამიანის სირცხვილში ოდენ მიზეზს ხედავს, რომ მისდამი სიკეთე გამოიჩინოს, რაც იმის თავმოყვარეობას უფრო აკმაყოფილებს, ვინც მას იჩენს, რადგანაც გრძნობს, რაოდენ ძვირფასი უნდა იყოს ის ადრესატისთვის, დიდხანს ისაუბრა მ. ვენტოსთან, ვისთვისაც აქამდე ერთი სიტყვითაც არ მიუმართავს, და სანამ დაგვტოვებდა, ჰკითხა, ერთ რომელიმე დღეს ქალიშვილს ხომ არ გამოგზავნით, რომ ტანსონვილში დაუკრასო. ეს იყო მოწვევა, რომელიც სულ რაღაც ორი წლის წინ, მ. ვენტოს განარისხებდა, მაგრამ ახლა მადლიერების ისეთი გრძნობით აღავსო, თავი ვალდებულად მიიჩნია, მისი მიღებით უტაქტობა არ გამოეჩინა. სვანის თავაზიანობა მისი ქალიშვილის მიმართ თავისთავად ისეთ საპატიო, ისეთ სასიამოვნო მხარდაჭერად ეჩვენებოდა, რომ, ალბათ, აჯობებდა თუ მას არ გამოიყენებდა, რათა ყოველთვის განეცადა მთლად პლატონური სიამოვნება, რომ ის გამოუყენებლად შემოინახა.

- რა შესანიშნავი ადამიანია, - გვითხრა, როდესაც სვანმა დაგვტოვა,  ისეთივე აღტაცებული თაყვანისცემით, ჭკვიანი და ლამაზი ბურჟუა ქალები რომ ავლენენ ჰერცოგინიას მიმართ, ვისი ხიბლიც მათ მოწიწებასა და რიდს უნერგავს, თუმცა კი შეიძლება თვითონ მახინჯიც იყოს და სულელიც. რა შესანიშნავი ადამიანია! სამწუხაროა, რომ ასე სრულიად შეუფერებლად იქორწინა!

და მაშინ, რადგანაც თვით ყველაზე უფრო გულწრფელი ადამიანებისთვისაც კი უცხო არაა ფარისევლობა, თავიდან მოიცილებენ ხოლმე იმ აზრს, რომელიც პიროვნებაზე აქვთ, როდესაც ამ უკანასკნელს ესაუბრებიან და გამოხატავენ, როგორც კი იქაურობას მოსცილდება, ჩემმა მშობლებმა მ. ვენტოსთან ერთად დაგმეს სვანის ქორწინება იმ ზნეობრივი პრინციპებისა და ნორმების სახელით, რომლებიც (სწორედაც იმის გამო, რომ ისინი მის გვერდით მოიხმობდნენ ამ ნორმებს, როგორც იმავე ყალიბის წესიერი ადამიანები), როგორც ჩანს, მათი აზრით სულაც არ ირღვეოდა მონჟუვენში. მ. ვენტოს თავისი ქალიშვილი სვანთან არ გაუგზავნია. და პირველ რიგში სწორედ ამ უკანასკნელმა ინანა ეს. რადგანაც, ყოველ ჯერზე, როდესაც მ. ვენტოს ტოვებდა, ახსენდებოდა, რომ უკვე რა ხანია უნდოდა, ერთი ადამიანის შესახებ შეჰკითხებოდა, ვინაც მ. ვენტოს გვარისა იყო, სავარაუდოდ, ნათესავი. და ამჯერად საკუთარ თავს დაჰპირდა, არავითარ შემთხვევაში არ დაევიწყებინა ის, რისი თქმაც სურდა, როდესაც მ. ვენტო ქალიშვილს ტანსონვილში გააგზავნიდა.

რადგანაც მეზეგლიზეს მხარეს სეირნობა ამ ორს შორის უფრო პატარა გახლდათ კომბრეს შემოგარენში ჩვენი ლაშქრობებისას, და ამის გამო უფრო ცვალებადი ამინდებისთვის იყო შემონახული, მეზეგლიზეს მხარე საკმაოდ წვიმიანი კლიმატით ხასიათდებოდა და არასდროს ვკარგავდით მხედველობის არედან რუსენვილის ტყის პირს, რომლის სიხშირისთისაც შეგვეძლო თავი შეგვეფარებინა.

ხშირად მზე საავდრო ღრუბლის უკან იმალებოდა, რომელიც მის ოვალს ფორმას უკარგავდა და რომელსაც ის კიდეებს უყვითლებდა. ბრწყინვალება, მაგრამ არა სინათლე, აიკრიფებოდა მინდვრებიდან და ყოველგვარი სიცოცხლე თითქოს ჩერდებოდა, პატარა სოფელი რუსენვილი კი ცაზე თავისი თეთრი სახურავების რელიეფს აქანდაკებდა დამთრგუნველი მკაფიოობითა და დასრულებულობით. მსუბუქი ნიავი ყვავს ააფრენდა, რომელიც სიშორეში ისევ ეშვებოდა ქვემოთ, და გათეთრებული ცის ფონზე ტყეების შორეთი უფრო ლურჯი ჩანდა, თითქოს იმ გრიზაილებზე დახატული, ძველი სახლების ტრიუმოებს რომ ამშვენებს.

 მაგრამ სხვა დროს წვიმა წამოვიდოდა, რითაც მესათვალის ვიტრინაზე გამოდგმული კაპუცინი გვაშინებდა; წყლის წვეთები, როგორც გადამფრენი ჩიტები, ერთდროულად რომ გაფრენილიყვნენ, მჭიდროდ დაწყობილნი ეშვებოდნენ ციდან. ისინი საერთოდ არ შორდებიან ერთმანეთს, არსაით უხვევენ თავიანთი სწრაფი მოგზაურობის დროს, არამედ თვითეულს თავისი ადგილი უკავია და იზიდავს მას, რომელიც უკან მოჰყვება და ცაც იმაზე უფრო ბნელდება, ვიდრე მერცხლების გაფრენისას ხდება. ჩვენ ტყეს ვაფარებდით თავს. როდესაც მოგზაურობა უკვე დამთავრებული ჩანდა, ზოგიერთი, უფრო სუსტი, უფრო ნელი, ჯერაც ეშვებოდა. მაგრამ ჩვენ თავშესაფრიდან გამოვდიოდით, რადგან წვიმის წვეთებს უყვართ ფოთლოვანში ნებივრობა, და მიწაც უკვე თითქმის მშრალი იყო, თუმცა კიდევ რამდენიმე წვეთი, ფოთლის ძარღვებზე თამაშში გართული, წვერზე დაეკიდებოდა, მშვიდი და მზეზე მბრწყინავი უეცრად დასრიალდებოდა, მოსწყდებოდა და ტოტის მთელი სიმაღლიდან პირდაპირ ცხვირზე დაგვეცემოდა.

ხშირად ქვის წმინდანების და პატრიარქების მხარდამხარ სენტ-ანდრე-დე-შამპის კარიბჭეს შევეფარებოდით. როგორი ფრანგული იყო ეს ეკლესია! კარის ზემოთ წმინდანები, რაინდი მეფეები ხელში შროშანებით, ქორწილებისა და დაკრძალვების სცენები ისევე იყო გამოსახული, როგორც შეიძლებოდა ყოფილიყო ფრანსუაზას სულში. მოქანდაკეს რამდენიმე ანეკდოტიც მოეთხრო არისტოტელესა და ვერგილიუსის ცხოვრებიდან, როგორც ფრანსუაზა ლაპარაკობდა ხოლმე წმინდა ლუიზე, დიდის სიხალისით, გეგონება პირადად იცნობდა, ზოგადად კი იმისთვის, პაპაჩემი და ბებიაჩემი შეერცხვინა, ვინც მასავით „სამართლიანნი“ არ იყვნენ. იგრძნობოდა, რომ წარმოდგენები, რომლებიც შუა საუკუნეების ხელოვანსა და შუა საუკუნეების გლეხ ქალს (ვინც მეცხრამეტე საუკუნეში ცხოვრობდა) გააჩნდათ ადრეულ ან ქრისტიანულ ისტორიაზე, და ისევე გამოირჩეოდა უზუსტობით, როგორც გულკეთილობით,  წიგნებიდან კი არ მიეღოთ, არამედ ტრადიციით, ერთდროულად ძველთაძველიც რომ იყო და უშუალოც, უწყვეტი, ზეპირი, ფორმანაცვალი, ძნელად საცნობი და ცოცხალი. კომბრეს კიდევ ერთი ბინადარი, ასევე რომ შევიცანი, შესაძლებელი და ნაწინასწარმეტყველები, სენტ-ანდრე-დე-შამპის გოთიკურ სკულპტურაში, გახლდათ ახალგაზრდა თეოდორი, დამხმარე ბიჭი კამიუს საბაყლოში. ფრანსუაზას მასში იმდენად კარგად გრძნობდა თანამემამულესა და თანამედროვეს, რომ როდესაც დეიდა ლეონი ძალიან ავად იყო იმისთვის, რომ ფრანსუაზას მისი მარტოს გადაბრუნება ან სავარძლამდე მიყვანა შესძლებოდა, ნაცვლად იმისა, რომ სამზარეულოს გოგო ამოეშვა ზემოთ და შემდეგ იმას დეიდაჩემის კეთილგანწყობა მოეპოვებინა, ის თეოდორს უძახდა. მაგრამ ეს ყმაწვილი, ვინც, სრულიად სამართლიანად, ბედოვლათ ვინმედ ითვლებოდა, იმდენად იყო გამსჭვალული სულისკვეთებით, სენტ-ანდრე-დე-შამპს რომ ალამაზებდა, განსაკუთრებით კი პატივისცემის გრძნობით, რაც, ფრანსუაზას ღრმა რწმენით, „საწყალი ავადმყოფებისადმი“, „მისი საწყალი ქალბატონისადმი“ მართებდათ, რომ როდესაც ის ბალიშიდან დეიდაჩემის თავს სწევდა, ისეთივე მიამიტური და აღტაცებული სახე ჰქონდა, როგორც ბარელიფის პატარა ანგელოზებს, ღონემიხდილი ღვთისმშობლის ირგვლივ რომ მოგროვილან წვრილი, მაღალი სანთლებით ხელში, თითქოსდა ქვაში ნაკვეთი სახეები, ნაცრისფერი და შიშველი, როგორც ზამთრის ხეები, მხოლოდ მძინარება ყოფილიყო, მხოლოდ მარაგი, რომელიც მზადაა ისევ აყვავდეს სიცოცხლეში უთვალავ სახალხო სახედ, რომლებიც თეოდორის სახესავით მოწიწებული და ეშმაკური იქნებოდა, მწიფე ვაშლის სიწითლით განათებული. არა ამ პატარა ანგელოზებივით ქვაზე მიმაგრებულს, არამედ კარიბჭიდან გამოყოფილს, ადამიანის სხეულზე უფრო დიდი ზომისას, კვარცხლბეკზე მდგომს, თითქოსდა ტაბურეტზე, რომელიც იქ იმისთვის აღემართათ, რომ სველ მიწაზე არ დაედგა ფეხები, ერთ წმინდანს სავსე ლოყები ჰქონდა, მკვრივი მკერდი, რის გამოც ტანსაცმლის ნაკეცები ისე გამობერვოდა, თითქოს მწიფე ყურძნის მტევანია ტომარაშიო, ვიწრო შუბლი, მოკლე და კადნიერი ცხვირი, ჩაცვენილი თვალები, იერით კი, აქაური გლეხის ქალებივით ჯანმაგარი, აუღელვებელი, უშიშარი ჩანდა. ეს მსგავსება, რომელიც ქანდაკებაში ისეთ სიტკბოებას ჩაღვრიდა ხოლმე, მასში რომ არ მიძებნია, ხშირად დასტურდებოდა მინდვრებიდან მოსული რომელიმე გოგოს მიერ, ჩვენსავით კარიბჭის ქვეშ რომ ეფარებოდა, და მისი იქ ყოფნა, გამოქანდაკებული ფოთლების გვერდით ცოცხალი ფოთლების გამოჩენის მსგავსად, კედლის მცენარეს რომ აეწვდინა ზემოთკენ, თითქოსდა განზრახული იყო იმისთვის, რომ ჩვენთვის შესაძლებლობა მოეცა, ხელოვნების ნიმუშის სიზუსტე შეგვეფასებინა. ჩვენს წინ, სიშორეში, აღთქმული და დაწყევლილი მიწა, რუსენვილი, რომლის კედლებშიც არასოდეს შემეღწია, მაშინ როცა ჩვენთან უკვე შემწყდარიყო წვიმა, რუსენვილი ისევ ისჯებოდა, როგორც ბიბლიური სოფელი, ქარიშხლის მოტანილი უთვალავი ლახვრით, ირიბად რომ სცემდა ზეციდან მისი მაცხოვრებლების სახლებს, ან უკვე შეწყალებული იყო მამა ღმერთის მიერ, რომელიც მისკენ უშვებდა, საკურთხევლის სანაწილის სხივებივით არათანაბარი სიგრძისას, მისი ხელახლა გამოჩენილი მზის ოქროსფოჩებიან წვერებს.

ზოგჯერ ამინდი მთლად ირეოდა, იძულებულნი ვხდებოდით, უკან დავბრუნებულიყავით და შინ შევკეტილიყავით. აქა-იქ, სიშორეში, სადაც სოფლის სანახები სიბნელისა და სინოტივის გამო ზღვას მოაგავდა, რამდენიმე განცალკევებული სახლი, ღამესა და წყალში ჩაძირული გორაკის ფერდობს მიკრული, იმ პატარა ნავებივით ანათებდა, აფრები რომ დაუკეცავთ და მთელი ღამე უძრავად დგანან გაშლილ ზღვაში. მაგრამ ვის ადარდებდა წვიმა, ვის ადარდებდა ქარიშხალი! ზაფხულში ავდარი უბრალოდ ხანმოკლე, ზედაპირული უგუნებობაა ხანდისხან მდგრად, ქვემდებარე დარს რომ წამოუვლის ხოლმე; მაგრამ ზაფხულის კარგი ამინდი ძალიან განსხვავდება არასტაბილური და მერყევი ზამთრის კარგი ამინდისაგან და როდესაც ის მიწაზე ფეხს იკიდებდა, ხშირ ფოთლებში განსხეულდებოდა, რომლებსაც შეიძლება წვიმა დასდიოდეს, ისე, რომ მათი მუდმივი სიხარულის წინააღმდეგობა წამითაც ვერ შეარყიოს, მთელი სეზონი, სოფლის ქუჩებშიც კი, სახლებისა და ბაღების კედლებზე, თავისი აბრეშუმის იისფერი ან თეთრი დროშები ჰქონდა გამოფენილი. პატარა სასტუმრო ოთახში მჯდარს, სადაც წიგნს ვკითხულობდი და სადილობის დროს ველოდებოდი, მესმოდა, როგორ წინწკლავდა წყალი ჩვენი წაბლის ხეებიდან, მაგრამ ვიცოდი, თავსხმა მხოლოდ და მხოლოდ მათ ფოთლებს გააპრიალებდა და ისინი პირობას დებდნენ, რომ იქ დარჩებოდნენ მთელი წვიმიანი ღამე, როგორც ზაფხულის გირაო, და უზრუნველყოფდნენ, რომ კარგი ამინდი გაგრძელდებოდა; რაც არ უნდა ეწვიმა, მომდევნო დღეს, ტანსონვილის თეთრი ღობის თავზე ისევ დაირხეოდა, ისეთივე რიცხვმრავალი, პატარა გულის ფორმის ფოთლები; და ყოველგვარი სევდის გარეშე ვუყურებდი, როგორი სასოწარკვეთილი მუდარითა და თავმოდრეკით ეგებებოდა ქარიშხალს ალვის ხე პერშანის ქუჩაზე; საერთოდაც არ მეძალებოდა სევდა, როდესაც მესმოდა, როგორ ღუღუნებდა ბაღის სიღრმეში ჭექა-ქუხილის მონარჩენი ხმები იასამნებს შორის.

თუ დილიდანვე ცუდი ამინდი იდგა, მშობლები უარს ამბობდნენ სეირნობაზე და სახლიდან არ გავდიოდი. მაგრამ მოგვიანებით ჩვევად მექცა, ასეთ დღეებში, მარტო წავსულიყავი სასეირნოდ მეზეგლიზ-ლა-ვინეზის მხარეს, იმ შემოდგომას, როცა კომბრეში ჩამოსვლა მოგვიხდა დეიდაჩემ ლეონის მამულის მისაღებად, რადგანაც ბოლოსდაბოლოს ის მოკვდა, რითაც დაადასტურა ერთის მხრივ მათი ვარაუდი, ვინც იძახდნენ, რომ არაჯანსაღი რეჟიმი ბოლოს მოუღებდა, მეორეს მხრივ მათი, ვინც ყოველთვის ამტკიცებდნენ, რომ მისი ავადმყოფობა წარმოსახვითი კი არ იყო, არამედ ორგანული; სკეპტიკოსებს ახლა კი ნამდვილად მოუწევდათ ამ ეჭვშეუვალი მტკიცებულების წინაშე ქედის მოხრა; მაგრამ დეიდაჩემის სიკვდილს დიდად არავისთვის დაუწყვეტია გული, თუმცა ვისაც დასწყდა, იმისი ტკივილი გაუსაძლისი იყო. ბოლო ავადმყოფობის ორი კვირა ფრანსუაზამ დეიდაჩემის გვერდით გაატარა და ერთი წამით არ დაუტოვებია, ტანზეც კი არ გაუხდია, არავისთვის მიუცია იმის უფლება, რომ მის მაგივრად მოეარა სნეულისთვის, და სანამ მისი სხეული არ დამარხეს, არც მოსცილებია. შემდეგ გავიაზრეთ, რომ ეს ერთგვარი შიში, რომ დეიდაჩემი რაიმე ღვარძლიანს ეტყოდა, დაეჭვდებოდა მისით, რისხვას დაატეხდა, საბოლოოდ მასში გადაიქცა გრძნობად, შეცდომით სიძულვილი რომ გვეგონა, სინამდვილეში კი თაყვანისცემა და სიყვარული იყო. მისი ჭეშმარიტი ქალბატონი, ვისი გადაწყვეტილებებიც  განუჭვრეტელი გახლდათ, ხრიკები - ძნელად ჩასაფუში, გული - იოლად აჩვილებადი, მისი სუვერენი, მისი იდუმალი და ყოვლისშემძლე მონარქი, აღარ იყო. მასთან შედარებით, ჩვენ ბევრს არაფერს ვნიშნავდით. შორს იყო ის დრო, როდესაც კომბრეში ჩამოსვლა დავიწყეთ და ისეთივე ავტორიტეტით ვსარგებლობდით ფრანსუაზას თვალში, როგორც დეიდაჩემი. იმ შემოდგომას, სრულიად ჩაფლულთ აუცილებლად შესასრულებელ ფორმალობებში, ნოტარიოსებთან და მოიჯარეებთან საუბრებში, ჩემს მშობლებს თითქმის არ ეცალათ ბუნებაში გასვლისთვის, მითუმეტეს რომ არც საამისო ამინდები იდგა, და ჩვევად იქცა, მარტო გაეშვათ ჩემი თავი მეზეგლიზეს მხარეს სასეირნოდ, დიდ პლედში გახვეული, რომელიც წვიმისგან მიცავდა და მით უფრო ხალისით მოვიგდებდი ხოლმე მხრებზე, რომ ვგრძნობდი, მისი შოტლანდიური ხაზოვანი ორნამენტები აღაშფოთებდა ფრანსუაზას, ვის თავშიც შეუძლებელი იყო, შეეღწია აზრს, რომ ტანსაცმლის ფერს არავითარი საერთო არ ჰქონდა გლოვასთან და ვისაც, სხვათა შორის, მწუხარება, დეიდაჩემის სიკვდილის გამო რომ ვგრძნობდით, საკმარისად არ მიაჩნდა, რადგან დიდი სამგლოვიარო სადილი არ მოვაწყეთ, რადგან განსაკუთრებული ტონით არ ვლაპარაკობდით გარდაცვლილზე, რადგან ზოგჯერ წავიღიღინებდი ხოლმე კიდეც. დარწმუნებული ვარ წიგნში - და ამაში მე თვითონაც ფრანსუაზასავით ვიყავი - გლოვაზე ასეთი წარმოდგენა, როლანდის სიმღერისა და სენტ-ანდრე-დე-შამპის კარიბჭის მსგავსი, ჩემში დიდ მოწონებას აღძრავდა. მაგრამ როგორც კი ფრანსუაზა ჩემს გვერდით აღმოჩნდებოდა, რაღაც დემონი შემომიჩნდებოდა და მის გაჯავრებას ვცდილობდი, რაღაც უმცირესი მიზეზით ვეტყოდი, რომ ვწუხდი დეიდაჩემის გამო, იმიტომ რომ კარგი ქალი იყო თავისი უცნაურობების მიუხედავად, მაგრამ საერთოდ არა იმიტომ, რომ დეიდად მეკუთვნოდა, რადგან შეიძლებოდა დეიდაჩემი ყოფილიყო და მაინც აუტანელი მომჩვენებოდა, და მისი სიკვდილის გამო ოდნავადაც არ დამწყვეტოდა გული, - სიტყვებს, რომლებიც შეუფერებელი მომეჩვენებოდა წიგნში.

თუ ფრანსუაზას პოეტივით მოეძალებოდა არეული ფიქრები მწუხარებაზე, ოჯახურ მოგონებებზე, თავს იმართლებდა, რომ არ იცოდა, როგორ ეპასუხა ჩემს თეორიებზე და იტყოდა: „არ ვიცი, როგორ გამოვთქო ჩემი აზრი,“ მე ექიმი პერსპიეს საკადრისი ირონიული და სასტიკი საღი აზრით ვზეიმობდი ამ აღიარების გამო, და თუ დასძენდა: „რაც არ უნდა იყოს, ის ხომ თქვენი სისხლი და ხორციელი იყო; როგორ შეიძლება ადამიანს პატივისცემა არ გააჩნდეს თავისი სისხლისა და ხორციელის მიმართ“, მე მხრებს ავიჩეჩავდი და ჩემთვის ვიტყოდი: „რას ვაკეთებ? უწიგნურ ქალს ვეკამათები, ვინც გამართულადაც კი ვერ საუბრობს,“ და ამგვარად, ფრანსუაზას იმ ადამიანთა ვიწრო და სულმდაბლური თვალთახედვით განვსჯიდი, რომელთა როლსაც, სწორედ ისინი, ვინც ყველაზე მეტი ზიზღით უყურებენ მათ მიუკერძოებელი შეფასებისას, სულ მარტივად შეასრულებდნენ, როცა თვითონაც მოუწევდათ ცხოვრების ვულგარულ სცენებში თამაში.

იმ შემოდგომის სეირნობები მით უფრო სასიამოვნო იყო, რომ სასეირნოდ წიგნთან გატარებული გრძელი საათების შემდეგ მივდიოდი. როცა მთელი დილა სასტუმრო ოთახში კითხვით დავიღლებოდი, მხრებზე პლედს მოვიგდებდი და გავდიოდი: ჩემი სხეული, რომელიც იძულებული იყო უმოძრაოდ დარჩენილიყო, მაგრამ ამავე დროს სასიცოცხლო ენერგია და სიჩქარეც დაეგროვებინა, შემდეგ, თავის ნებაზე მიშვებული ბზრიალას მსგავსად, მოითხოვდა, ისინი ყველა მიმართულებით დაეხარჯა. სახლების კედლები, ტანსონვილის ღობე, რუსენვილის ტყე, მონჟუვენის უკან მდებარე ბუჩქნარი, ყველას უნდა მიეღო ჩემი ქოლგისა და ხელჯოხის დარტყმები, გაეგონა სიხარულით გამოწვეული შეძახილები, რაც სხვა არაფერი იყო, თუ არა დაულაგებელი და ბუნდოვანი აზრები, რომელთა გამოც აგზნებული ვიყავი და რომელთაც სინათლემდე ვერ ამოეღწიათ, რომ სიმშვიდე მოეპოვებინათ, რადგან ნაცვლად იმისა, რომ ნელი და რთული გზით მოეფინათ შუქი გაურკვევლობისთვის, უხვევდნენ ამ გზიდან და უფრო უზრუნველ, იოლ გამოსავალს ირჩევდნენ. ჩვენი შეგრძნებების ვითომდა გამოხატვათა  უმრავლესობა უბრალოდ თავიდან გვაცილებს მათ, რაღაც გაუგებარი ფორმით გამოაქვს გარეთ, რაც ოდნავადაც არ გვეხმარება ნაგრძნობის შენობაში. როდესაც ვცდილობ, დავაჯამო ის, რასაც მეზეგლიზეს მხარეს ვუმადლი, ის მოკრძალებული აღმოჩენები, რომელთათვისაც ეს მიდამოები შემთხვევითი ჩარჩო გახლდათ ან აუცილებელი შთაგონების მიზეზი, მახსენდება, რომ სწორედ იმ შემოდგომას, ერთ-ერთი სეირნობისას, ბუჩქებით დაფარულ ბორცვთან ახლოს, მონჟუვანს რომ იცავს, უეცრად გავიაზრე, ცხოვრებაში პირველად, თუ რაოდენ შეუსაბამო შეიძლება იყოს ჩვენი შთაბეჭდილებები და მათი ჩვეულებრივი გამოხატულება. ერთსაათიანი წვიმისა და ქარის შემდეგ, რომელთა წინააღმდეგაც ხალისიანად ვიბრძოდი, მონჟუვენის ტბორის პირას რომ მოვედი, პატარა, კრამიტით დახურულ ქოხთან, სადაც მ. ვენტოს მებაღე სამუშაო იარაღებს ინახავდა ხოლმე, მზე ახალი გამოსული იყო, და შხაპუნა წვიმით გადარეცხილი მისი ოქროს ვარაყები ცინცხალი ელვარებით ანათებდნენ ცაში, ხეებზე, ქოხის კედლებზე, ჯერ კიდევ სველ კრამიტის სახურავზე, და მის კეხზე, სადაც ერთი ქათამი დასეირნობდა. ქარი ჰორიზონტალურად ექაჩებოდა კედელში ამოსულ ველურ ბალახსა და ქათმის დაბუმბლულ ფრთებს - ერთიც და მეორეც მთელ თავის სიგრძეზე იშლებოდნენ ქროლვას დაყოლილნი, მსუბუქ და უსიცოცხლო საგანთა უდარდელობით. კრამიტიანი სახურავი ტბორზე, ისევ ამრეკლავი რომ გამხდარიყო მზის გამო, ვარდისფერი მარმარილოს ეფექტს ქმნიდა, რისთვისაც აქამდე არასდროს მიმიქცევია ყურადღება. და როდესაც დავინახე, წყალზე და კედლის ზედაპირზე,  მკრთალი ღიმილი, ზეცის ღიმილს რომ პასუხობდა, გადარეული აღტაცებით შევძახე, დაკეცილი ქოლგის ქნევით: „ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა!“ მაგრამ იმავდროულად ვიგრძენი, რომ ვალდებული ვიყავი ამ ბუნდოვან სიტყვებზე არ გავჩერებულიყავი და მეცადა, უფრო ნათელი წარმოდგენა შემექმნა ჩემი აღფრთოვანების მიზეზებზე.

და სწორედ მაშინ მივხვდი - ერთი გლეხის წყალობით, გზაზე რომ მიდიოდა ისედაც საკმაოდ ცუდ ხასიათზე და კიდევ უფრო გავუფუჭე ხასიათი, როცა ქოლგა ლამის სიფათში წავატაკე,  და ცოტა არ იყოს ცივად უპასუხა ჩემს „კარგია ამინდია, არა? სასეირნოდ უკეთესს ვერ ინატრებ!“-ს - რომ ერთი და იგივე ემოციები ერთდროულად არ იბადება ყველა ადამიანში წინასაწარ დადგენილი რიგით. მოგვიანებით, ყოველ ჯერზე, როცა დიდხანს წიგნის კითხვის გამო საუბრის განწყობაზე დავდგებოდი, ამხანაგს, ვისთანაც ძალიან მენდომებოდა ლაპარაკი, თავის მხრივ უკვე გული ექნებოდა ნაჯერი სხვასთან საუბრით და ახლა ენდომებოდა, რომ თავისთვის, მშვიდად ეკითხა. თუ მშობლებზე სიყვარულით ვფიქრობდი, ყველაზე ბრძნულ გადაწყვეტილებებს ვიღებდი, რომელთა გამოც მათ ძალიან ვასიამოვნებდი, ისინი ამ დროს იმას მოახმარდნენ, რომ რაიმე შეცოდება ამოექექათ, რომელიც მე აღარც მემახსოვრებოდა, და მკაცრად გამიჯავრდებოდნენ სწორედ იმ წუთას, როდესაც მათ ჩასახუტებლად გავექანებოდი.

ზოგჯერ აღტაცებას, მარტოობის დამსახურებით რომ ვგრძნობდი, კიდევ ერთი შეგრძნება ემატებოდა, რომლის მკაფიოდ გამოყოფაც არ შემეძლო, გამოწვეული სურვილით, რომ მენახა, როგორ გამოჩნებოდა ჩემს წინ სოფლელი გოგო, რომელსაც შემდეგ მკლავებში მოვიქცევდი. შობილი უეცრად, და ისე, რომ, დროც არ მქონდა, მის მიზეზამდე მივსულიყავი, სრულიად განსხვავებულ ფიქრებს შორის, მისი თანმდევი სიამოვნება მხოლოდ ერთი საფეხურით უფრო ამაღლებული მეჩვენებოდა სხვა ფიქრებით მოგვრილ სიამოვნებებთან შედარებით. ყველაფერი, რაც იმ წუთებში ჩემს გონებაში იყო, კიდევ უფრო მეტ ღირსებას იძენდა, კრამიტიანი სახურავის ვარდისფერი ანარეკლი,  ველური ბალახი, სოფელი რუსენვილი, სადაც დიდი ხანია წასვლა მინდოდა, მისი ტყეების ხეები, მისი ეკლესიის სამრეკლო, იმ ახალი ემოციის ძალით, რომლის გამოც ისინი უფრო სასურველი მეჩვენებოდა, რადგან ვფიქრობდი, რომ სწორედ მათ გამოიწვიეს ის, და რომელსაც, ჩანდა, მხოლოდ ის უნდოდა, რომ უფრო სწრაფად წავეყვანე მათკენ, როდესაც ჩემს იალქანს მძლავრი, უცნობი და ხელსაყრელი ქარით ბერავდა. მაგრამ თუ ეს სურვილი, რომ ვინმე ქალი გამოჩენილიყო, ბუნების მომხიბვლელობას რაღაც კიდევ უფრო ამაღელვებელს უმატებდა, თვითონ ბუნების ხიბლი აფართოებდა იმას, რაც ქალის მომხიბლაობაში მეტისმეტად შეზღუდული იქნებოდა. მეჩვენებოდა, რომ ხეების მშვენიერება მას ეკუთვნოდა და ამ ჰორიზონების, სოფელ რუსენვილის, იმ წელს წაიკითხული წიგნების  სულს მისი კოცნა მომცემდა და მაზიარებდა; და რადგანაც ჩემი წარმოსახვა თავის ძალებს მგრძნობელობასთან კონტაქტით იღებდა, ხოლო მგრძნობელობას ჩემივე წარმოსახვის ყველა კუთხე-კუნჭულამდე შეეღწია, ჩემს სურვილს საზღვრები აღარ ჰქონდა. და, ამას გარდა - როგორც ეს ხდება მაშინ, როდესაც ბუნების წიაღში ვოცნებობთ, და, ვინაიდან ჩვეულების ეფექტი შეჩერებულია და საგანთა შესახებ აბსტრაქტულ წარმოდგენებსაც დროებით ვივიწყებთ, მთელი გულით გვჯერა იმ ადგილის განსაკუთრებულობისა და ინდივიდუალური ცხოვრების, სადაც ვიმყოფებით - გამვლელი ქალი, რომელსაც ჩემი სურვილი უხმობდა, საერთო ტიპის ჩვეულებრივ ნიმუშად - ქალად - კი არ წარმომიდგებოდა, არამედ ამ მიწის აუცილებელ ნაყოფად. რადგანაც იმხანად ყველაფერი, რაც მე არ ვიყავი, მიწა და არსებები, უფრო ძვირფასი, უფრო მნიშვნელოვანი მეჩვენებოდა, უფრო მეტი სინამდვილით დაჯილდოებული, ვიდრე ზრდასრულებს მიაჩნიათ. მიწასა და არსებებს არ განვასხვავებდი. ისევე მსურდა მეზეგლიზელი ან რუსენვილერი გლეხის გოგო, ბალბეკელი მეთევზე ქალი, როგორც მეზეგლიზე ან ბალბეკი. სიამოვნება, რომელიც მათ შეიძლებოდა ჩემთვის მოენიჭებინათ ნაკლებად რეალური მომეჩვენებოდა, აღარ დავიჯერებდი მას, თუ სურვილისამებრ შევუცვლიდი პირობებს. ბალბეკის მეთევზე ქალს ან მეზეგლიზეს გლეხის გოგოს თუ პარიზში შევხვდებოდი, იგივე იქნებოდა, რომ მიმეღო ნიჟარები, სანაპიროზე რომ არ მექნებოდა ნანახი, ან გვიმრა, რომელიც ტყეში არ მექნებოდა ნაპოვნი, ეს იგივე იქნებოდა, რომ ქალისგან მონიჭებული სიამოვნებისთვის მომეცილებინა ყველა ის სიამოვნება, რომელთა გარსშიც ჩემი წარმოსახვა მას ხვევდა. მაგრამ რუსენვილის ტყეებში ასე ხეტიალი, სადაც არ ჩანდა გლეხის გოგო, გულში რომ ჩავიხუტებდი, ნიშნავდა, რომ ვერაფერი შემეცნო ამ ტყეების დამალულ განძზე, მათ სიღრმეში დავანებულ სილამაზეზე. ეს გოგო, მხოლოდ ფოთლებით დაფარულს რომ ვხედავდი, თვითონაც ადგილობრივი მცენარე იყო ჩემთვის, უბრალოდ სხვებზე უფრო მაღალ საფეხურზე მდგომი სახეობა, რომლის აგებულებაც შესაძლებლობას იძლეოდა, უფრო ახლოს მისულიყავი მხარის უშინაგანეს გემოსთან. ამის დაჯერება მით უფრო ადვილად შემეძლო (და იმისაც, რომ ალერსი, რითაც ის ამ გემომდე მიმიყვანდა, ასევე განსაკუთრებული იქნებოდა, მისგან მონიჭებულ სიამოვნებას კი სხვა ვერავინ განმაცდევინებდა), რომ ვიყავი ასაკში, და კიდევ დიდხანს ვიქნებოდი, როდესაც სიამოვნება ჯერ არ გამოგიყვია განსხვავებულ ქალებზე წარმოდგენებისაგან, რომლებთანაც ის იგემე მათი დაუფლებისას, როდესაც ის არ დაგიყვანია იმ ზოგად ცნებაზე, რისი დამსახურებითაც ამიერიდან მათ უყურებ, როგორც ყოველთვის ერთსა და იმავე სიამოვნების ურთიერთშენაცვლებად ინსტრუმენტებს. თვითონ სიამოვნება გონებაში არც არსებობს განცალკევებული, გამოყოფილი ან ჩამოყალიბებული, როგორც რაიმე მიზანი, რომელსაც ქალთან მიახლოებისას ესწრაფვი, როგორც მიზეზი წინასწარ განცდილი მშფოთვარებისა. ჩვენ არც კი ვფიქრობთ მასზე, როგორც სიამოვნებაზე, მომავალში რომ უნდა განვიცადოთ; ქალის მომხიბვლელობას ვუწოდებთ; რადგან საკუთარ თავზე კი არ ვფიქრობთ, არამედ იმაზე, თუ როგორ გამოვიდეთ საკუთარი თავისგან. მას, რომელსაც ბუნდოვნად ველით, იმანენტურს, დამალულს, უბრალოდ ისეთ პაროქსიზმამდე აჰყავს თავის განხორციელების მომენტში სხვა სიამოვნებები, ნაზი გამოხედვები, ჩვენს გვერდით მყოფი ქალის კოცნები რომ გვანიჭებს, გვეჩვენება, რომ პირველ რიგში ის ერთგვარი ტრანსპორტია მადლიერებისა, რომელსაც კომპანიონის გულკეთილობისა და ჩვენთვის უპირატესობის მონიჭების გამო განვიცდით, რაც ასე გვიჩუყებს გულს,  და იმ სიკეთითა და ნეტარებით ვზომავთ, რომლითაც ქალი გვავსებს.

ვაი რომ, ტყუილად ვევედრებოდი რუსენვილის ციტადელს, ტყუილად ვთხოვდი, მისი სოფლიდან ვინმე ბავშვი გამოეგზავნა ჩემთან, როგორც ერთადერთ მესაიდუმლეს, პირველი სურვილების შესახებ რომ ვუყვებოდი, როდესაც ჩვენი სახლის სახურავიდან კომბრეში, პატარა ზამბახის სუნიან ოთახში, მხოლოდ მის კოშკს ვხედავდი ნახევრად გამოღებული ფანჯრის შუაში, მაშინ როცა იმ მოგზაურის გმირული ორჭოფობით, კვლევაში რომ მიდის, ანაც იმ სასოწარკვეთილის, თავის მოკვლა რომ გადაუწყვეტია, გასავათებული, ჩემსავე უცნობში ვიკაფავდი გზას, რომელიც იმავდროულად დამღუპველიც მეგონა მანამ, სანამ ბუნებრივი კვალი, როგორიცაა, მაგალითად, ლოკოკინას ნავალი, არ დაემატებოდა ჩემსკენ გადმოხრილი ველური შავი მოცხარის ფოთლებს. ამაოდ ვეხვეწებოდი ახლაც. ამაოდ მეპყრა ჩემი მხედველობის არეში სივრცე, ტყუილად ვწურავდი მას დაჟინებული მზერით, რომ იქიდან ქალი გამომეღო.  სენტ-ანდრე-დე-შამპის კარიბჭემდე მივდიოდი; არასდროს მხვდებოდა გლეხის გოგო, რომელსაც აუცილებლად შევხვდებოდი, პაპაჩემთან ერთად რომ ვყოფილიყავი და შესაძლებლობაც არ მექნებოდა, რომ მასთან ლაპარაკი გამება. უსასრულოდ მივაშტერდებოდი შორეული ხის ტანს, რომლის უკნიდანაც ის უნდა გამოჩენილიყო და ჩემთან მოსულიყო; გადასინჯული ჰორიზონტი ისევ და ისევ უკაცური რჩებოდა, ნელ-ნელა ღამეც იწყებდა ჩამოწოლას, ჩემი ყურადღება უიმედოდ აკვდებოდა, თითქოსდა იმისთვის, რომ სავარაუდოდ მასში დამალული არსებები შეესრუტა, ამ უნაყოფო ნიადაგს, ამ გამოფიტულ მიწას; და ახლა არა უკვე მხიარულად, არამედ განრისხებული ვურტყავდი ხეებს რუსენვილის ტყეში, რომელთა შორისაც ისევე არ ჩნდებოდნენ ცოცხალი არსებები, როგორც არ ჩნდებიან ტილოზე გადმოტანილი პანორამის ხეებიდან, როდესაც, თუმცაღა ვერ ვურიგდებოდი, რომ ჩემს მკლავებში ვერ მოვიმწყვდიე ასე სასურველი ქალი, მაინც იძულებული ვიყავი, უკან კომბრესკენ გამოვბრუნებულიყავი და მეღიარებინა, რომ ბილიკზე მისი გამოჩენა უფრო და უფრო ნაკლებ იყო მოსალოდნელი. და რომც შემხვედროდა, გავბედავდი კი მასთან გამოლაპარაკებას? მეჩვენებოდა, რომ გიჟად ჩამთვლიდა; უკვე აღარ მჯეროდა, რომ ამ აუსრულებელ სურვილებს, სეირნობებისას რომ ვაძლევდი ფორმას, სხვებიც იზიარებდნენ. ახლა ისინი უფრო ჩემი ტემპერამენტის მიერ შექმნილ, პირწმინდად სუბიექტურ, უძლურ, მოჩვენებით ქმნილებებად წარმომიდგებოდნენ. მათ უკვე აღარავითარი კავშირი აღარ ჰქონდათ ბუნებასთან, სინამდვილესთან, რომელნიც ამიერიდან ყოველგვარ მომხიბვლელობასა და მნიშვნელობას კარგავდნენ და  ჩემი ცხოვრებისთვის მხოლოდ პირობით ჩარჩოს წარმოადგენდნენ, როგორც რომანში მოთხრობილი ამბისთვის არის ვაგონი, რომლის სკამზეც მოგზაური დროის გასაყვანად კითხულობს.

ალბათ, სწორედ მონჟუვენთან რამდენიმე წლის შემდეგ მიღებული შთაბეჭდილებიდან - თუმცა მაშინ ეს შთაბეჭდილება ბუნდოვანი დარჩა ჩემთვის - წარმოსდგა, კარგა ხნის შემდგომ, იდეა, რომელიც მე სადიზმზე ჩამომიყალიბდა. მოგვიანებით ვნახავთ, რომ სრულიად სხვა მიზეზების გამო, ამ შთაბეჭდილების მოგონებას მნიშვნელოვანი როლი უნდა ეთამაშა ჩემს ცხოვრებაში. ეს პაპანაქება სიცხის დროს მოხდა; მშობლებს მთელი დღით უწევდათ გასვლა და ნება დამრთეს, რამდენი ხანიც მინდოდა, იმდენი მესეირნა; მონჟუვენის ტბორს რომ მივაღწიე, სადაც კრამიტიანი სახურავის ანარეკლების ყურება მიყვარდა, ჩრდილში წამოვწექი და იმ გორაკის ბუჩქების შორის ჩამეძინა, სახლს რომ გადაჰყურებს, იქ, სადაც ერთხელ მ. ვენტოს სანახავად წასულ მამაჩემს ველოდებოდი. როდესაც გამეღვიძა, თითქმის უკვე ღამე იყო, მინდოდა, წამოვმდგარიყავი, მაგრამ მ-ელ ვენტო დავინახე (რამდენადაც ვიცანი, რადგან კომბრეში არცთუ ხშირად მყავდა ნანახი, და ისიც მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი იყო, ახლა კი ქალიშვილობაში შესულიყო), ვინც, ალბათ, ეს-ესაა დაბრუნებულიყო შინ, ჩემს პირდაპირ, რამდენიმე სანტიმეტრში, ოთახში, სადაც მამამისმა მამაჩემი მიიღო, და რომელიც ახლა თვითონ პატარა სასატუმრო ოთახად გადაეკეთებინა. ფანჯარა ნახევრად ღია იყო, ოთახში ლამპა ენთო, მის ყოველ მოძრაობას ვხედავდი ისე, რომ თვითონ ვერ მხედავდა, მაგრამ რომ წავსულიყავი, ბუჩქებს ავაშრიალებდი, ის გაიგონებდა და იფიქრებდა, რომ მის სათვალთვალოდ დავიმალე.

მ-ელ ვენტო ღრმა მწუხარებაში იმყოფებოდა, რადგან მამა ახალი გარდაცვლილი ჰყავდა. მის სანახავად არ წავსულვართ; დედას არ უნდოდა ეს იმ ერთადერთი ღირსების გამო, რაზეც მისი გულკეთილობის საზღვრები გადიოდა: წესიერების გამო; მაგრამ გულით კი უთანაგრძნობდა. დედაჩემი იხსნებდა მ. ვენტოს ცხოვრების სამწუხარო ბოლოს, თუ როგორ იყო მიძღვნილი ქალიშვილისადმი, ვისზეც ის დედასავით და მომვლელივით ზრუნავდა, ხოლო შემდეგ როგორ დაფლა ქალიშვილის მიერ მიყენებულმა ტკივილმა; ისევ ხედავდა ბერიკაცის ბოლოდროინდელ გაწამებულ სახეს; იცოდა, სამუდამოდ თქვა უარი, მთელი თავისი ბოლო წლების ნამუშევრის სუფთად გადაწერა დაესრულებინა, მოხუცი ფორტეპიანოს მასწავლებლის, სოფლის ძველი ორგანისტის საცოდავი ნაწარმოებებისა, რომლებსაც, დიახაც, წარმოგვედგინა, რომ დიდი ვერაფერი ღირებულება ვერ ექნებოდა, მაგრამ არც აბუჩად ვიგდებდით, რადგან მისთვის ისინი იმდენად ფასეული იყო, რომ ცხოვრების აზრს მათში ჰპოვებდა, სანამ ქალიშვილს არ შესწირა, და რომლებიც დიდწილად ჩაწერილიც კი არ ჰქონდა, მხოლოდ მეხსიერებაში ინახავდა, ზოგიერთი ქაღალდის ნაგლეჯებზე ჰქონდა წაწერებული, მაგრამ არ წაიკითხებოდა და უცნობი უნდა დარჩენილიყო; დედაჩემი იმაზეც ფიქრობდა, რომ მ. ვენტოს უფრო მნიშვნელოვან რამეზე მოუწია უარის თქმა, რაც მეტადაც სასტიკი უნდა ყოფილიყო მისთვის, კერძოდ იმაზე, რომ მისი ქალიშვილი ბედნიერებას წესიერი და პატივსაცემი ცხოვრებით ზიარებოდა; როდესაც ბებიას დების ფორტეპიანოს მასწავლებლის უკედურესი სასოწარკვეთა ახსენდებოდა, წრფელი იყო გულისტკივილი და გაფიქრებაც კი ჰზარავდა იმაზე, თუ რაოდენ მწარე უნდა ყოფილიყო ის მისი ქალიშვილისთვის, რასაც თან ერთვოდა სინდისის ქენჯნა, რადგან, შეიძლება ითქვას, თვითონ მოკლა მამა. „საწყალი მ. ვენტო, - იტყოდა ხოლმე დედაჩემი, - იცხოვრა და მოკვდა თავსი ქალიშვილისათვის, ისე, რომ არავითარი ჯილდო არ მიუღია ამისთვის. ნეტავ, სიკვდილის შემდეგ მაინც თუ მიიღებს, ან რა სახით? მხოლოდ მისგან, ისევ ქალიშვილისგან.“

მ-ელ ვენტოს სასტუმრო ოთახის სიღრმეში, ბუხარზე, მამამისის პატარა პორტრეტი იდგა, რის ასაღებადაც ის საჩქაროდ მივიდა, იმ წამს, როცა გზაზე მომავალი ეტლის რახარუხი გაისმა, შემდეგ დივანზე გადახტა, პატარა მაგიდა თავისკენ მიაცურა და ზედ სურათი დადო, როგორც მ. ვენტომ ერთ დროს გვერდით დაიდო ის ნაწარმოები, რომლის დაკვარაც ჩემს მშობლებთან უნდოდა. მალე მისი მეგობარიც შემოვიდა. მ-ელ ვენტო ისე მიესალმა, ორივე ხელი თავს უკან, არც ამდგარა და დივანის მეორე ბოლოში გადაჩოჩდა, თითქოს მისთვის ადგილის გასათავისუფლებლად. მაგრამ მაშინვე იგრძნო, ასე გეგონება გარკვეულ მდგომარეობაში ყოფნას აიძულებდა, რაც შეიძლება მისთვის მოუხერხებელიც ყოფილიყო. იფიქრა, რომ მეგობარს, ალბათ, მოშორებით, სკამზე ერჩივნა ჩამოჯდომა, ჩათვალა, უტაქტოდ მოვიქეციო, და მისი სათუთი გულიც შიშით აფართხალდა; ისევ მთელი დივანი დაიკავა, თვალები დახუჭა და მთქნარება დაიწყო, ვითომ მხოლოდ იმიტომ წამოვწექი, რომ დაძინება მინდოდაო. მიუხედავად იმ უხეში და მბრძანებლური შინაურულობისა, რომელიც მას მეგობარ ქალთან ჰქონდა, მაინც ვიცანი მამამისის მორჩილი და თავშეკავებული ჟესტები, უეცარი სინდისის ქენჯნა. მალე ის წამოდგა და თავი მოაჩვენა, რომ ამაოდ ცდილობდა დარაბები დაეკეტა.

- იყოს ღია, მცხელა, - უთხრა მეგობარმა.

- ეს აუტანელია, ვინმე დაგვინახავს, - უპასუხა მ-ელ ვენტომ.

მაგრამ უეჭველად მიხვდა, რომ მეგობარი იფიქრებდა, რომ ეს სიტყვები მხოლოდ იმიტომ თქვა, რომ მას სხვა გარკვეული სიტყვებით ეპასუხა, რომელთა გაგონებაც უნდოდა, მაგრამ ერიდებოდა და მათი წარმოთქმის ინიციატივას მეგობარს ქალს უტოვებდა. ამიტომაც მის სახეს, რომელსაც ვერ ვხედავდი, სწორედ ის გამომეტყველება უნდა მიეღო, რომელიც ასე სიამოვნებდა ბებიაჩემს, როდესაც მყისვე დაამატა:

- როცა ვამბობ, რომ ვინმე დაგვინახავს, ვგულისხმობ, რომ დაგვინახავს, როგორ ვკითხულობთ; აუტანელია იმაზე ფიქრი, რომ სულ უმნიშვნელო რამესაც რომ აკეთებდე, ვიღაც გიყურებს.

ინსტიქტური სულგრძელობითა და უნებური ზრდილობიანობით მას აღარ წარმოუთქვამს წინასწარმოფიქრებული სიტყვები, რომელთაც სურვილის სრულყოფილი განსახორციელებისთვის აუცილებლად თვლიდა. და წამდაუწუმ მისი გულის სიღრმეში მორცხვი და მავედრებელი ქალწული უკან დახევაზე იყოლიებდა გაუთლელსა და თავდაჯერებულ ხეპრეს.

- ხო, შესაძლებელია ახლაც ვინმე გვიყურებდეს, ამ ხალხმრავალ ადგილას, - ირონიულად თქვა მეგობარმა. - და რომც გვიყურებდნენ რა? - დაამატა მან (თანაც, როგორც ჩანს, ფიქრობდა, რომ, როცა ამ სიტყვებს იტყოდა, ეშმაკურად და გარკვეული სინაზით უნდა ჩაეკრა თვალი; სიტყვები კი გულკეთილად წარმოთქვა, როგორც ტექსტი, რომლის გაგონებაც იცოდა, მ-ელ ვენტოს ესიამოვნებოდა, და ეცადა კილო ცინიკური გაეხადა), - მით უკეთესი, თუ ვინმე მართლაც გვიყურებს.

მ-ელ ვენტოს შეაჟრჟოლა და წამოდგა. მისმა პატიოსანმა და მგრძნობიარე გულმა არ იცოდა, რა სიტყვები უნდა თქმულიყო სპონტანურად მისი პირიდან, რომ გრძნობებისგან მოთხოვნილი სცენისთვის გამოსდომოდა. თავისი ნამდვილი მორალური ბუნებიდან რაც შეიძლება შორს ეძებდა უზნეო გოგოსთვის შესაფერის ენას, ვინც უნდოდა, რომ ყოფილიყო, მაგრამ სიტყვები, რომლებზეც ფიქრობდა, რომ ეს გოგო გულწრფელად იტყოდა, მის ბაგეებზე ყალბი ჩანდა. და ის ცოტა, რის უფლებაც თავის თავს აძლევდა, ნათქვამი იყო დაჭიმული ტონით, რომელშიც სიმორცხვის ჩვევები სითამამისკენ მიდრეკილების პარალიზებას ახდენდა, და ხშირად ასეთი გამოთქმები ერეოდა: „ხომ არ გცივა, ძალიან ხომ არ ცხელა, მარტო დარჩენა ხომ არ გირჩევნია და წიგნის კითხვა?“

- მადმუაზელს, როგორც ჩანს, ავხორცული ფიქრები მოსძალებია ამ საღამოს, - იტყოდა ბოლოს, სავარაუდოდ, მეგობრის პირიდან გაგონილ ფრაზას.

კრეპის კოფთის ჭრილში მ-ელ ვენტომ მეგობრის კოცნა იგრძნო, პატარათი შეჰყვირა, გაუსხლტა, და იწყეს ერთმანეთის დევნა, ხტომა-ხტომით, განიერ სახელოებს ფრთებივით იქნევდნენ,  კაკანებდნენ და ჭყიოდნენ როგორც ორი შეყვარებული ჩიტი. შემდეგ მ-ელ ვენტო დივანზე დაემხო, ხოლო მისი მეგობრის სხეული მასზე. მაგრამ მეგობარი ზურგშექცევით იყო პატარა მაგიდასთან, რომელზეც ფორტეპიანოს ყოფილი მასწავლებლის პორტრეტი იდო. მ-ელ ვენტო მიხვდა, რომ მეგობარი მას ვერ დაინახავდა, თუ თვითონ არ მიაქცევინებდა ყურადღებას, და უთხრა, თითქოს უბრალოდ ახლა შეემჩნია:

- ოჰ! მამაჩემის სურათი გვიყურებს. კი მაგრამ, აქ ვინ დადო? ათასჯერ ვუთხარი, რომ ეს აქ არ უნდა იდოს.

გამახსენდა, რომ მ. ვენტომ იგივე რამ უთხრა მამაჩემს მუსიკალურ ნაწარმოებთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ამ პორტრეტს რიტუალური პროფანაციისთვის იყენებდნენ, რადგანაც მისმა მეგობარმა ამ სიტყვებით უპასუხა, უდავოდ ლიტურგიული პასუხის ნაწილი რომ იყო:

- დატოვე ერთი სადაც არის. ახლა უკვე ვეღარ შეგვიშლის ხელს. წარმოგიდგენია, როგორ აწუწუნდებოდა? მაშინვე პალტოს მოარბენინებდა, როგორც კი დაინახავდა, რომ გაღებულ ფანჯარასთან ზიხარ. საზიზღარი მაიმუნი!

მ-ელ ვენტომ რბილად უსაყვედურა: „კარგი, კარგი“, რაც მისი გულის სიკეთეზე მოწმობდა, არა იმიტომ, რომ პასუხი აღშფოთებით იყო ნაკარნახევი, რაც მასში მამამისის ასე ხსენებას შეეძლო გამოეწვია (ცხადი იყო, ამ გრძნობის გაჩუმება, - ვინ იცის რა სოფიზმების დახმარებით? - ასეთ წუთებში მას უკვე ჩვევად ჰქცეოდა), არამედ იმიტომ, რომ ეს პასუხი ერთგვარი აღვირი იყო, რომელსაც ის, რათა ეგოისტი არ გამოჩენილიყო, მეგობრის მიერ შემოთავაზებულ სიამოვნებას ამოსდებდა ხოლმე. და, გარდა ამისა, მკრეხელობის პასუხად ეს მომღიმარი თავშეკავება, ასეთი ნაზი და პირფერული საყვედური, შეიძლება მის წრფელსა და დიდსულოვან ბუნებას იმ ზნედაცემულობის განსაკუთრებით სამარცხვინო, დამტკბარ ფორმად ეჩვენებოდა, რომლის განსახიერებასაც ცდილობდა. მაგრამ ასეთი ცდუნების გამკლავება არ შეეძლო;  მას ხომ ალერსიანი მოპყრობა ელოდებოდა იმ ადამიანის მხრიდან, ვინც ასეთი შეუბრალებელი იყო დაუცველი მკვდრის მიმართ; ის კალთაში ჩაუხტა თავის მეგობარს, და უმანკოდ მიუშვირა შუბლი საკოცნელად, როგორც ამას ქალიშვილი გააკეთებდა, იმ სასიამოვნო შეგრძნებით, რომ ამგვარად ორივენი უკიდურეს სისასტიკეს იჩენდნენ მ. ვენტოს მიმართ, ვისაც, საფლავშიაც კი სტაცებდნენ მამობას. მეგობარმა ქალმა მისი თავი ხელებში მოიქცია და დამყოლად აკოცა შუბლზე, რაც მით უფრო უადვილდებოდა, რომ მართლა ძალიან უყვარდა მ-ელ ვენტო და სურდა, რაღაც მხიარულება მაინც შეეტანა ობლის სევდიან ცხოვრებაში.

- იცი რა მინდა, რომ ვუქნა მას? ამ ბებერ საშინელებას? - თქვა და ხელში აიღო პორტრეტი.

და მ-ელ ვენტოს ყურში რაღაც ჩასჩურჩულა, რაც მე არ გამიგია.

- ოჰ, ამას ვერ გაბედავ!

- ვერ გავბედავ, რომ შევაფურთხო? ამას? - განზრახი სიმხეცით თქვა მისმა მეგობარმა.

მეტი აღარაფერი გამიგონია, რადგან მ-ელ ვენტო, დაღლილი, უნიათო, საქმიანი, პატიოსანი და სევდიანი სახით დარაბებისა და ფანჯრის დასახურად მოვიდა, მაგრამ ახლა უკვე ვიცოდი, ყველა იმ ტანჯვისათვის, რაც მ. ვენტომ ცხოვრებაში გადაიტანა ქალიშვილის გამო, სიკვდილის შემდეგ რა მიიღო მისგან სანაცვლოდ.

და მიუხედავად ამისა, მას მერე ისიც მიფიქრია, რომ თუნდაც მ. ვენტო შესწრებოდა ამ სცენას, მაინც არ დაკარგავდა ქალიშვილის გულკეთილობის რწმენას, და, ალბათ, ბოლომდე არასწორიც არ იქნებოდა. რა თქმა უნდა, მ-ელ ვენტოს ჩვევებში, ბოროტების გამოვლინება იმდენად სრული იყო, რომ ძნელი იქნებოდა, მსგავსი სრულყოფილება სადისტის გარდა სხვა ვინმეში გვენახა ხორცშესხმული; ახალგაზრდა ქალიშვილი მეგობარს უბიძგებდეს მამამისის პორტრეტს შეაფურთხოს, ვინც მხოლოდ მისთვის ცოცხლობდა, ასეთი რამის ნახვას უფრო ბულვარული თეატრის რამპის უკან მოელი, ვიდრე ნამდვილ, სოფლურ სახლში ლამპის ქვეშ; და, შეიძლება ითქვას, ცხოვრებაში არც არაფერი ქმნის საფუძველს მელოდრამის ესთეტიკისთვის, თუ არა სადიზმი. სინამდვილეში, საერთოდაც რომ დავივიწყოთ სადიზმის შემთხვევები, ქალიშვილს შეიძლება ჰქონდეს ისეთივე სასტიკი შეცოდებანი, როგორც მ-ელ ვენტოს, გარდაცვლილი მამის ხსოვნისა და სურვილების წინაშე, მაგრამ განზრახ არ გამოხატავდეს მათ სიმბოლიზმის ასე მოუხეშავი და მიამიტურ აქტში; მისი ქმედების დანაშაულებრიობა უფრო შეფარული იქნებოდა სხვების თვალისთვის და თვითონ მისთვისაც, და ბოროტებას ისე ჩაიდენდა, არც აღიარებდა საკუთარ თავთან. მაგრამ, მიუხედავად იმისა, თუ როგორ ჩანდა გარეგნულად, მ-ელ ვენტოს გულში, ბოროტება, ყოველ შემთხვევაში, თავდაპირველად მაინც, ალბათ, მთლად მინარევების გამერეშეც არ ყოფილა. მ-ელ ვენტოსთანა სადისტი ბოროტების არტისტია, ის, რასაც ბოლომდე უკეთურებით გაჟღენთილ ქმნილებას ვერ დავარქმევდით, რადგან ბოროტება გარეგანი არ იქნებოდა მისთვის, არამედ სრულიად ბუნებრივი მოეჩვენებოდა, საკუთარი თავისგან არ განასხვავებდა; და რაც შეეხება სათნოებას, გარდაცვლილთა ხსოვნას, ქალიშვილის სიყვარულს, რადგანაც ეს ყველაფერი მისთვის თაყვანსაცემი არ იქნებოდა, ვერც შემბღალავის სიამოვნებას განიცდიდა მათი შეურაცხყოფით. მ-ელ ვენტოს ტიპის სადისტები იმდენად პირწმინდად სენტიმენტალური არსებები არიან, იმდენად ბუნებრივად სათნონი, რომ სხეულებრივი სიამოვნება რაღაც ცუდად, უკეთურთა პრივილეგიად მიაჩნიათ. და როდესაც საკუთარ თავს ნებას აძლევენ, ერთი წამით მიეცნენ მას, ცდილობენ, უკეთურთა ტყავში შეძვრნენ და თანამზრახველიც შეაძვრინონ, რათა წამით მაინც ჰქონდეთ ილუზია, რომ თავიანთ სინდისიერ და ნაზ სულს სიამოვნების არაადამიანურ სამყაროში გაექცნენ. და მე მესმოდა, რაოდენ ესწრაფვოდა ამას, რაკიღა ხედავდა, რაოდენ შეუძლებელი იყო ეს მისთვის. სწორედ მაშინ, როდესაც სურდა, ასე განსხვავებული ყოფილიყო მამამისისგან, თავისი აზროვნებისა და საუბრის მანერით მოხუც ფორტეპიანოს მასწავლებელს მაგონებდა. ის, რასაც მ-ელ ვენტო აგინებდა, რასაც საკუთარი სიამოვნებისათვის იყენებდა, მიუხედავად იმისა, რომ ის ამ სიამოვნებებსა და მას შორის იდგა და შესაძლებლობას არ აძლევდა, პირდაპირ ეგემა ისინი, ბევრად უფრო მეტი იყო, ვიდრე პორტრეტი: პირსახის მსგავსება, ბებიამისის ლურჯი თვალები, რაც ოჯახის სამკაულივით დარჩა მამისგან, ეს კეთილგანწყობის გამომხატველი ჟესტები, რომლებიც მ-ელ ვენტოს მანკიერებასა და თავად მას შორის იმ  ფრაზეოლოგიას, იმ მენტალობას აყენებდა, რომელიც არ იყო შექმნილი ამ მანკიერებისათვის და ხელს უშლიდა ქალიშვილს, მასში რაიმე ისეთი დაენახა, რაც არსებითად განსხვავებული იქნებოდა მრავალრიცხოვანი თავაზიანობის მოვალეობებისგან, რომელთაც ჩვეულებრივ მორჩილებდა. ბოროტება კი არ აღვიძებდა მასში სიამოვნების იდეას, რაც იზიდავდა მას; არამედ თავად სიამოვნება ეჩვენებოდა უკეთურად. და რადგანაც ყოველ ჯერზე, როდესაც თავს სიამოვნების უფლებას აძლევდა, მას თან ახლდა ეს ცუდი ფიქრები, რომლებიც სხვა დროს მის სათნო სულში არ ჩანდა, ბოლოს ჩათვალა, რომ სიამოვნებაში რაღაც ეშმაკისეული იყო, მისი ბოროტებასთან გაიგივება დაიწყო. შესაძლოა, მ-ელ ვენტო გრძნობდა, რომ მეგობარი ძირეულად არც ცუდი იყო და არც გულწრფელი, როდესაც ასე მკრეხელურად ლაპარაკობდა. ყოველ შემთხვევაში, ის სიამოვნებით კოცნიდა მეგობრის სახეზე შესაძლოა ყალბ ღიმილსა და გამოხედვებს, მაგრამ გამოხატვის ბიწიერებითა და სიმდაბლით ისინი იმ ღიმილებსა და გამოხედვებს მიაგავდა, რომლებიც სიკეთით გამსჭვალულ ტანჯულ სულებს კი არ ჰქონდათ, არამედ განცხრომაში მყოფ სასტიკ არსებებს. შეეძლო ერთი წამით წარმოედგინა, რომ მართლაც თამაშობდა იმ თამაშებს, რომლებსაც ასეთ გადაგვარებულ თანამზრახველთან ერთად ითამაშებდა მავანი ქალიშვილი, ვისაც მართლა ექნებოდა მსგავსი ბარბაროსული გრძნობები მამამისის ხსოვნასთან დაკავშირებით. ალბათ, ის არც იფიქრებდა, რომ ბოროტება ასეთი იშვიათი, უჩვეულო, თავგზის ამბნევი მდგომარეობა იყო, სადაც გამგზავრება ასეთი სიმშვიდის მომტანია, რომ შესძლებოდა საკუთარ თავში, ისევე როგორც სხვა ნებისმიერში, დაენახა ადამიანში გამოწვეული ტანჯვისადმი ის გულგრილობა, რომელიც, რა სახელსაც არ უნდა არქმევდეს ადამიანი მას, საშინელი და ხანგამძლე ფორმაა სისასტიკისა.

 

 

თუ მეზეგლიზეს მხარეს საკმაოდ იოლად წახვიდოდი, სულ სხვა საქმე გახლდათ გერმანტის მხარეს წასვლა, რადგან სეირნობა გრძელი იყო და გვინდოდა, დარწმუნებით გვცოდნოდა, როგორი ამინდი იქნებოდა. როდესაც ჩანდა, რომ მზიანი დღეები უნდა მიჰყოლოდა ერთი მეორეს; როდესაც ფრანსუაზა, სასოწარკვეთილი, რომ ერთი წვეთიც აღარ ვარდებოდა ციდან „საწყალ მოსავალზე“, და მხოლოდ იშვიათ თეთრ ღრუბლებს ხედავდა, ცის მშვიდ, ლურჯ ზედაპირზე რომ მიცურავდნენ, კვნესით იძახდა: „ერთი უყურე, მთლად პატარა ზვიგენებივით არ დაცურავენ ეს ღრუბლები, თან ზემოთ რომ აუშვერიათ დინგები? აჰ! განა მოაფიქრდებათ, ცოტა მაინც წამოწვიმონ საწყალი მიწათმოქმედებისთვის! მერე კი, როცა ხორბალი გაიზრდება, წვიმა შხაპა-შხუპით წამოვა შეუსვენებლად, და აღარც იმას დაუკვირდება, სად მოდის, რაღა ზღვის თავზე წვიმდეს“, როცა მამაჩემი უცვლელად ერთსა და იმავე კეთილსაიმედო პასუხებს იღებდა მებაღისგან და ბარომეტრისგან, მაშინ სადილზე ვიტყოდით: „ხვალ თუ კარგი ამინდი იქნება, გერმანტის მხარეს წავალთ.“ როგორც კი ვისადილებდით, მაშინვე ბაღის პატარა ჭიშკრით გავდიოდით და პერშანის ქუჩაზე ამოვყოფდით თავს. ეს ვიწრო ქუჩა, მახვილი კუთხის შესახვევი რომ ჰქონდა და სავსე იყო ბალახეულით, რომელთა შორისაც ორი-სამი კრაზანა მთელ დღეს ბალახთშემსწავლელ საქმიანობას უთმობდა, ისეთივე უჩვეულო იყო, როგორც მისი სახელი, საიდანაც, მეჩვენებოდა რომ, მისი უცნაური თავისებურებანი და ჭირვეული ხასიათი მოდიოდა; თუმცა დღევანდელ კომბრეში ტყუილად დავუწყდებდით ძებნას, რადგან მის ადგილას ახლა სკოლა აღმართულა. მაგრამ ჩემი ოცნება (იმ არქიტექტორების, ვიოლე-ლე-დიუკის მოწაფეების, მსგავსად, ვინც, რამეთუ ფიქრობენ, რენესანსის დროინდელი ამბიონისა და მეჩვიდმეტე საუკუნის საკურთხევლის ქვეშ რომანული კლიროსის კვალს ვიპოვითო, მთლიან ნაგებობას აღადგენენ ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ის მეთორმეტე საუკუნეში უნდა ყოფილიყო) ქვას ქვაზე არ ტოვებს ახალი შენობიდან, ხელახლა შემოჰყავს, თავის ადგილას „აბრუნებს“ პერშანის ქუჩას. გარდა ამისა, ამ სარეკონსტრუქციო სამუშაოებისათვის მე უფრო ზუსტი მონაცემები მაქვს, ვიდრე ზოგადად აქვთ ხოლმე რესტავრატორებს: მეხსიერებაში შემონახული რამდენიმე სურათი ჩემი ბავშვობისდროინდელი კომბრესი, შესაძლოა, უკანასკნელნიც, რომელთაც მალე საერთოდ განადგურება უწერიათ; და რადგანაც თვითონ კომბრემ დახაზა ისინი გაქრობამდე, ისინი ისეთივე ამაღელვებელია -  თუ შესაძლებელია ბუნდოვანი პორტრეტი იმ დიდებულ გამოსახულებებს შევუდაროთ, რომელთა რეპროდუქციების ჩუქებაც ბებიას უყვარდა -, როგორც საიდუმლო სერობისა და ჯენტილე ბელინის იმ ტილოს ძველი გრავიურები, სადაც ჩვენ ვხედავთ, იმ მდგომარეობაში, რომელიც დღეს უკვე აღარ არსებობს, და ვინჩის შედევრსა და წმინდა მარკოზის კარიბჭეს.

უაზოს ქუჩაზე „უაზო ფლეშე“-ს ძველ სასტუმროს ჩავუვლიდით წინ; აქ უზარმაზარ ეზოში, მეჩვიდმეტე საუკუნეში, ზოგჯერ ჰერცოგინიების, დე მონპანსიეს, დე გერმანტისა და დე მონმორანსის, ეტლები ჩამოდგებოდა ხოლმე, როდესაც მოიჯარეებთან რაიმე სადაო საკითხზე უწევდათ ჩამოსვლა, ან ერთგულების ფიცის მისაღებად. მოვაღწევდით ხეივანს, რომლის ხეებს შორისაც სენტ-ილერის სამრეკლო ჩნდებოდა. და მომინდებოდა, ჩამოვმჯდარიყავი იქ და მთელი დღე კითხვაში გამეტარებინა და თან ზარების რეკვა მესმინა; რადგან ყველაფერი ისეთი ლამაზი და წყნარი იყო, რომ როდესაც საათი ჩამოჰკრავდა, იმას კი არ იტყოდი, დღის სიმშვიდე დაარღვიაო, არამედ იმას, რომ დღე გამოათავისუფლა იმისაგან, რისგანაც ის შედგებოდა და რომ სამრეკლო, იმ ადამიანის უსაქმური, გულდასმითი სიზუსტით, სხვა საქმე რომ არ აქვს, უბრალოდ ახლახანს - იმისთვის, რომ გამოეწურა და ჩამოეგდო, რამდენიმე ოქროს წვეთი, რომელიც ნელ-ნელა და ბუნებრივად დაეგროვებინა სიცხეს -,  საჭირო მომენტში დააწვა მდუმარების სისავსეს.

გერმანტის მხარის ყველაზე დიდი ხიბლი მდგომარეობდა იმაში, რომ თითქმის მთელი გზა ვივონის დინებას მივყებოდით. პირველად მას სახლიდან გამოსვლიდან ათ წუთში ვკვეთდით, საფეხმავლო ხიდით, რომელსაც ძველი ხიდი ეწოდებოდა. ჩვენი ჩამოსვლის მეორე დღეს, აღდგომას, თუ კარგი ამინდი იყო, ქადაგების შემდეგ გავიქცეოდი იქ, რომ მენახა, დიდი დღესასწაულის დილას გამეფებულ ამ არეულ-დარეულობაში, როცა ბრწყინვალე სამზადისი ჯერ კიდევ აქა-იქ მიმობნეულ  საყოფაცხოვრებო ნივთებს ჩვეულებრივზე უფრო აუტანელ შესახედაობას აძლევდა, მდინარე, რომელიც უკვე სეირნობდა ცასავით ლურჯ ფერში გამოწყობილი, ჯერ ისევ შავსა და შიშველ მიწებს შორის, და თან ახლდა მხოლოდ მეტისმეტად ადრე მოსული გუგულის ყვავილების გუნდი და წინამასწარა ფურისულები, მაშინ როცა აქა-იქ ლურჯპირა ია ღეროს ხრიდა სუნის წვეთის სიმძიმის ქვეშ, რომელსაც ის თავის პატარა რქაში ინახავდა. ძველი ხიდი გადიოდა მდინარისპირა ბილიკზე, ამ ადგილას ზაფხულობით თხილის ცისფერი ფოთლოვანით რომ იყო მორთული, რომლის ქვეშაც ჩალის ქუდიან მეთევზეს გაედგა ფესვები. კომბრეში, სადაც ყოველთვის ვიცოდი, რომელი მჭედელი ან საბაყლოს დამხმარე ბიჭი იმალებოდა ეკლესიის მეკარის უნიფორმისა თუ მგალობელი ბიჭის სტიქარის ქვეშ, ეს მეთევზე ერთადერთი ადამიანი იყო, ვისი ვინაობაც ვერასდროს დავადგინე. ცხადი იყო, ჩემს მშობლებს იცნობდა, რადგან, როცა ჩავივლიდით თავის ქუდს მაღლა ასწევდა ხოლმე; შემდეგ მისი სახელის გაგებას მოვინდომებდი, მაგრამ მანიშნებდნენ, რომ გავჩუმებულიყავი, რომ თევზი არ დამეფრთხო. გავუყვებოდით მდინარისპირა ბილიკს, რომელიც დინებას რამდენიმე ნაბიჯის სიმაღლის ჯებირიდან გადაჰყურებდა; მეორე მხარეს კი დაბალი ნაპირი უზარმაზარ მდელოებად  იშლებოდა სოფლამდე და შორეულ სადგურამდე. ისინი მოფენილი იყო ნახევრად ბალახში ჩაფლული კომბრეს ადრინდელი გრაფების შატოს ნანგრევებით, ვინც შუა საუკუნეებში ამ მხარეს ვივონის დინებას გერმანტის სირებისა და მარტენვილის აბატებისგან თავდასაცავად იყენებდნენ. ეს ნანგრევები სხვა აღარაფერი იყო, თუ არა კოშკების რამდენიმე ფრაგმენტი მინდორზე, ძლივს შესამჩნევ ბორცვებად დარჩენილი, რამდენიმე ქონგური, საიდანაც ოდესღაც არბალეტისტი ისროდა ქვებს, საიდანაც გუშაგს თვალი ეჭირა ნოვპონზე, კლერფონტენზე, მარტენვილ-ლე-სეკზე, ბაიო-ლეკზანზე, რომლებიც ყველა გერმანტის ვასალი იყო და რომელთა შორისაც კომბრე გახლდათ მოქცეული, დღეს ბალახის დონეზე რომ დასულიყო და ძმათა სასწავლებლის მოწაფეებს ჰქონდათ ხელში ჩაგდებული, აქ გაკვეთილების სასწავლად ან სათამაშოდ რომ მოდიოდნენ დასვენებებზე - თითქმის ბოლომდე მიწაში დაშვებული წარსული, იწვა მდინარის პირას, როგორც მოსეირნე, სუფთა ჰაერზე რომ გრილდება, მაგრამ უამრავ რამეზე მაფიქრებდა, კომბრეს სახელით ცნობილ დღევანდელ პატარა ქალაქზე მამატებინებდა ძალიან განსხვავებულ ქალაქს, ატყვევებდა ჩემს გონებას თავისი შეუცნობელი და გარდასული ხნის სახით, რომელსაც ის ბაიების ქვეშ მალავდა. ისინი მრავლად იყვნენ ამ ადგილას, თავიანთი ბალახზე თამაშებისთვის რომ ამოერჩიათ, განცალკევებულნი, წყვილებში, ჯგუფებად, კვერცხის გულივით ყვითელნი, მეჩვენებოდა, რომ კიდევ უფრო მბრწყინავნიც, რადგან ვერ ვახერხებდი, გემოს გასინჯვის წადილისკენ მიმემართა მათი ცქერით გამოწვეული სიამოვნება და მას სრულად მათ მოოქროვილ ზედაპირზე ვაგროვებდი, სანამ საკმარისად ძლიერი არ გახდებოდა, რომ უსარგებლო მშვენიერება წარმოექმნა; და ეს ყველაფერი ჩემი ადრეული ბავშვობიდან მოყოლებული, როდესაც მდინარისპირა ბილიკზე გამოსული მათკენ ხელებს გავიწვდიდი ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ სწორად ვერ წარმოვთქვამდი მათ ლამაზ სახელს, ფრანგული ზღაპრების ბინადარ უფლისწულს რომ დაამშვენებდა, თუმცაღა, შეიძლება, საერთოდაც აზიიდან იყვნენ მოსულნი საუკუნეების წინ; მაგრამ სამუდამოდ სოფლის მკვიდრნი გამხდარიყვნენ, კმაყოფილნი მოკრძალებული ჰორიზონტით, მზისა და წყლის პირის მოყვარულნი, სადგურის პატარა ხედის ერთგულნი; და მაინც, ისევ ინარჩუნებდნენ, ჩვენი ზოგიერთი ძველი ნახატის მსგავსად, მათ ხალხურ უბრალოებაში, აღმოსავლეთის პოეტურ ბრწყინვალებას.

 მომწონდა ბოთლების ყურება, ბიჭუნები ვივონში პატარა თევზების დასაჭერად რომ დებდნენ, და რომელთაც მდინარე ავსებდა და გარს ერტყმოდა, ისე, რომ ისინი ერთდროულად „ჭურჭელიც“ იყო, გამყარებული წყალივით გამჭვირვალე კედლებით, და მდინარი, თხევადი ბროლის ჭურჭელში მოქცეული „შიგთავსიც“, და კიდევ უფრო სასიამოვნოდ და გამაღიზიანებლად აღვიძებდა სიგრილის სურათს, ვიდრე ამას სადილისთვის მაგიდაზე დადგმული ბოთლები მოახერხებდა, რადგან ისინი სიგრილეს მხოლოდ მრბენ, გამუდმებულ ალიტერაციაში მიჩვენებდნენ არამდგრად წყალში, სადაც ჩემი ხელები მას ვერ დაიჭერდნენ და არამდინარ მინაში, რომელშიც ჩემი ყელი მისით ვერ ისიამოვნებდა. საკუთარ თავს ვპირდებოდი, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი ანკესებით; ვითხოვდი, რომ საგზლად წამოღებული პურიდან ცოტა მოეტეხათ, და ბურთულებად დაგორგლილთ ვივონში ვყრიდი, რაც, ჩანდა, საკმარისი იყო იმისთვის, რომ მასში ზეგაჯერებულობის ფენომენი გამოეწვია, რადგან წყალი მაშინვე მკვრივდებოდა მათ გარშემო კვერცხისებურ მტევნებად დახვეული თავკომბალების გამო, რომელთაც მანამდე წყალი  უდავოდ გახსნილი სახით შეიცავდა, უჩინრებსა და სრულიად მზად მყოფთ, რომ დაკრისტალებულიყვნენ.

მალე ვივონის დინებას წყალმცენარეები აფერხებს. თავიდან ისინი ცალ-ცალკე ხვდებიან მას, როგორც, მაგალითად, ეს დუმფარა, რომელიც, მისდა საუბედუროდ, წყლის ნაკადის შუაგულში აღმოჩენილიყო და ერთი წამით არ ჰქონდა მოსვენება მისგან, ისე რომ, როგორც მექანიკურად ამოქმედებული ბორანი, ძლივს იყო მისული ერთ ნაპირთან, რომ მაშინვე უკან ბრუნდებოდა იმისკენ, საიდანაც წამოვიდა, და ასე დაუსრულებლივ იმეორებდა თავის ორმაგ გზას. ნაპირისკენ წაღებული, მისი ღერო იშლებოდა, გრძელდებოდა, იჭიმებოდა და როდესაც დაჭიმულობის ზღვარს აღწევდა კიდესთან, ნაკადი ისევ აათამაშებდა, შემდეგ მწვანე გვარლი ისევ დაეხვეოდა და საწყალ ყვავილს ისევ იმ ადგილას აბრუნებდა, რომლისთვისაც სრულიად სამართლიანად შეგვეძლო გვეწოდებინა გამგზავრების წერტილი, რადგანაც ის იქ ერთი წამითაც არ ჩერდებოდა და ისევ იწყებდა თავის მანევრს. მე მას ისევ ვპოულობდი ხოლმე, სეირნობიდან სეირნობამდე, იგივე მდგომარეობაში, და მისი შემხედვარე ის ნევრასთენიკები მახსენდებოდა, რომელთა რიცხვსაც პაპაჩემი დეიდა ლეონის მიაკუთვნებდა, წლიდან წლამდე უცნაური ჩვევების უცვლელ სანახაობას რომ გვთავაზობენ, თუმცა ყოველ ჯერზე ჰგონიათ, ახლა კი უნდა მოვიშალოთო, და მაინც სამუდამოდ ინარჩუნებენ მათ; მათივე ავადმყოფობებისა და მანიების მექანიზმში აღმოჩენილი ეს ადამიანები ამაოდ ცდილობენ თავის დაღწევას და ამ ფართხალში მხოლოდ იმას აღწევენ, რომ უზრუნველჰყონ მისი ფუნქციონირება და მოქმედებაში მოიყვანონ მათი უცნაური, გარდაუვალი და დამღუპველი რეჟიმის ზამბარები. ზუსტად ასეთი იყო ეს დუმფარაც; ის ასევე მიაგავდა ერთ-ერთ იმ უბედურთაგანს, ვისი განსაკუთრებული ტანჯვაც, უსასრულოდ განმეორებული მარადისობის მანძილზე, დანტეს ცნობისმოყვარეობას აღვიძებდა, და ვინც თვითონ წამებულს უფრო ვრცლად მოაყოლინებდა მის რაობასა და მიზეზებზე, რომ არა ვერგილიუსი, დიდი ნაბიჯებით რომ მიდიოდა წინ და აიძულებდა, საჩქაროდ წამოსწეოდა, როგორც მე მაიძულებდნენ ჩემი მშობლები.

მაგრამ უფრო მოშორებით, დინება ნელი ხდება, ის გაივლის მამულს, რომელიც მეპატრონემ საზოგადოებისთვის ღიად გამოაცხადა; ამ ადამიანმა წყალმცენარეები გააშენა და ვივონის მიერ შექმნილი პატარა ტბორები თეთრი დუმფარების ნამდვილ ყვავილნარად გადააქცია. რადგანაც ნაპირები ამ ადგილას ხშირი ტყით იყო დაფარული, ხეების დიდი ჩრდილები წყალს სიღრმეს სძენდა, რომელიც ჩვეულებრივ მუქი მწვანე ჩანდა, მაგრამ ზოგჯერ, როდესაც შინ ავდრიანი შუადღის შემდეგ უკვე წყნარ საღამოს ვბრუნდებოდით, ნათელ, ხასხასა ლურჯს ვხედავდი, იისფერში რომ გადადიოდა - გარეგნობით ტიხრული მინანქარი და სტილით იაპონური. აქა-იქ ზედაპირზე დუმფარის ყვავილი, მარწყვივით გაწითლებული, მეწამული გულითა და თეთრი კიდეებით იწონებდა თავს. შორს, მრავალრიცხოვანი ყვავილები უფრო ფერმკრთალი იყო, ნაკლებად გლუვი, ხაოიანი, დაჭმუჭნილი, და შემთხვევით დალაგებულნი ისე კოხტა, ხვიარა ყვავილწნულებად, გეგონებოდა, უყურებდი, როგორ ტივტივებდა წყალზე, როგორც რაიმე გალანტური დღესასწაულის მელანქოლიური გაშიშვლების შემდგომ, ბუთხუზა ვარდების დაშლილი გირლანდები. სხვაგან ერთი კუთხე, როგორც ჩანს, ჩვეულებრივი ჯიშებისთვის იყო გამოყოფილი, რომლებიც ღამის იის სუფთა თეთრსა და ვარდისფერს აჩენდნენ და ისეთი კრიალი გაუდიოდათ, როგორც დიასახლისის მხრუნველი ხელით გარეცხილ ფაიფურს, მაშინ როცა, ცოტა მოშორებით, ისინი ერთმანეთს მიჯარვოდნენ ნამდვილ მოტივტივე ყვავილების კვალად და ბაღის იაჟუჟუნებს მოგაგონებდნენ, აქ პეპლებივით რომ მოფრენილიყვნენ და თავიანთი ლურჯი, ბზინვარე ფრთები ამ წყლის ყვავილნარის გამჭვირვალე დაქანებაზე დაეშვათ; ამ ციურ ყვავილნარზეც: რადგან ნიადაგი, რომელსაც ის ყვავილებს სთავაზობდა მათზე უფრო ძვირფასი, უფრო ამაღელვებელი ფერისა იყო; და, მიუხედავად იმისა, შუადღით აბრჭყვიალებდა დუმფარების ქვეშ ყურადღებიანი, ჩუმი და მოძრავი ბედნიერების კალეიდოსკოპს თუ საღამო ხნისკენ ივსებოდა, შორეული ნავსადგურივით, დაისის ვარდისფერითა და ოცნებით, როცა ის გამუდმებით იცვლებოდა იმისთვის, რომ შესაბამისობაში დარჩენილიყო, თვითონ გვირგვინების უფრო მყარი ფერების გარშემო, იმასთან, რაც ყველაზე უფრო ღრმაა, ყველაზე მსწრაფლწარმავალი, ყველაზე იდუმალი - რაც უსაზღვროა - საათში, ის მათ თითქოს თავად ცის შუაგულში აყვავილებდა.

  ამ პარკიდან რომ გადიოდა, ვივონი ისევ ჩქარდებოდა. რამდენჯერ მინახავს, და მომდომებია, მიმებაძა, როცა იმის თავისუფლება მექნებოდა, რომ სურვილისამებრ მეცხოვრა, ნიჩბოსნისთვის, ვისაც, ხელი ეშვა ნიჩბებისათვის, თავისი ნავის ფსკერზე გაწოლილიყო ზურგზე, თავი დაბლა, და ნებაზე მიეშვა, და მხოლოდ ცას ხედავდა, ნელა რომ მიცურავდა მის თავზე, სახეზე კი ბედნიერებისა და მშვიდობის წინათგრძნობა ეფინა.

წყლის პირზე ზამბახებს შორის ვსხდებოდით. სადღესასწაულო ცაზე მოცალე ღრუბელი დახეტიალობდა. ხანდახან, მოწყენილობისაგან შეწუხებული, კობრი თავს ამოყოფდა წყლიდან და მოუსვენრად ყლაპავდა ჰაერს. წახემსების დრო იყო. სანამ გზას გავაგრძელებდით კარგა ხანს ვრჩებოდით იქ და ხილს, პურსა და შოკოლადს შევექცეოდით ბალახზე, შორიდან კი ჩვენამდე აღწევდა ჰორიზონტალური, დასუსტებული, მაგრამ ჯერ კიდევ მკვრივი და მეტალური, სენტ-ილერის ზარის ხმები, საერთოდაც რომ არ შეროდა ჰაერს, რომელსაც ისინი ამდენი ხნის განმავლობაში კვეთდა, და ერთმანეთს მოყოლებული მჟერი ტალღების დარტმებისაგან ამობურცულზოლიანნი, ყვავილებზე გადავლილნი, ჩვენს ფეხებთან ვიბრირებდნენ.

ზოგჯერ, წყლის პირას, განმარტოებულ, ტყეში ჩაკარგულ სახლს მივადგებოდით, ქვეყნად არაფერი რომ არ ენახა იმ მდინარის გარდა, ფეხებს რომ ჰბანდა. ახალგაზრდა ქალი, ვისი ჩაფიქრებული სახე და ელეგანტური პირბადეები ამ მხარეს არ ეკუთვნოდა და ვინც, ალბათ, „თავის დასამარხად“ მოსულიყო აქ, როგორც გამოთქმა ამბობს, რათა დამტკბარიყო მწარე სიამოვნებით, რომ მისი სახელი, განსაკუთრებით კი იმ ადამიანის სახელი, ვისი გულიც ვერ შეინარჩუნა, არავინ უწყოდა ამ გადაკარგულში, ფანჯრის ჩარჩოში ჩნდებოდა, საიდანაც მხოლოდ კართან ახლოს გამობმული ნავის დანახვა შეეძლო. ის გაფანტული მზერით აიხედავდა ზემოთ, როდესაც მდინარის პირას ჩაყოლებული ხეების უკნიდან გამვლელების ხმას გაიგონებდა და სანამ სახეებს შენიშნავდა, დარწმუნებული შეეძლო ყოფილიყო, რომ მათ არასდროს სცნობიათ და არც არასდროს გაიცნობდნენ მოღალატეს, რომ მათ წარსულში არაფერი ატარებდა მის ანაბეჭდს და არც მომავალი მოიტანდა ამის შესაძლებლობას. იგრძნობოდა, რომ ამ უარის თქმით, საკუთარი ნებით გაცვალა ადგილები, სადაც, სულ მცირე, ის მაინც შეეძლო, რომ საყვარელი ადამიანი ეხილა, მათზე, სადაც ამ უკანასკნელს არასდროს დაედგა ფეხი. და მე ვუყურებდი, როგორ ბრუნდებოდა სეირნობიდან ბილიკით, სადაც იცოდა, რომ ეს მამაკაცი არასოდეს გაივლიდა, და როგორ იხდიდა ბედს შერიგებული ხელებით უსარგებლოდ მოხდენილ გრძელ ხელთათმანებს.

გერმანტის მხარეს სეირნობისას ვერასდროს შევძელით ვივონის სათავემდე მისვლა, რომელზეც ხშირად მიფიქრია და ჩემს გონებაში ისეთი განყენებული, ისეთი იდეალური არსებობა ჰქონდა, რომ ისეთივე განცვიფრებული ვიყავი, როდესაც მითხრეს, რომ ის დეპარტამენტის ფარგლებში მდებარეობდა, კომბრედან ამდენი და ამდენი კილომეტრის დაშორებით, როგორც იმ დღეს, როცა შევიტყვე, რომ თურმე დედამიწაზე არსებობდა განსაზღვრული წერტილი, საიდანაც, ანტიკურობაში, ქვესკნელში ჩასასვლელი იხსნებოდა. არც იმ ადგილამდე მიგვიღწევია არასდროს, სადაც ასე ძალიან მინდოდა, რომ წავსულიყავით, - გზის ბოლომდე, გერმანტამდე. ვიცოდი, იქ კოშკის მფლობელნი, ჰერცოგი და ჰერცოგინია გერმანტი, ცხოვრობდნენ, ვიცოდი, ისინი ნამდვილი და დღესაც არსებული პიროვნებები იყვნენ, მაგრამ ყოველთვის, როდესაც მათზე ვფიქრობდი, ხან გობელენზე დახატულთ წარმოვიდგენდი, როგორც ჩვენი ეკლესიის „ესთერის გვირგვინდადგმაზე“ გამოსახულ გრაფინია დე გერმანტს, ხანაც ცვალებადი ფერების მქონეთ, როგორც ჟილბერ ცუდს ვიტრაჟის მინაზე, სადაც ის კომბოსტოს მწვანედან ქლიავის ლურჯად გარდაისახებოდა ხოლმე, იმისდა მიხედვით, ჯერ კიდევ ნაკურთხი წყალის მისაღებად ვიდექი თუ ჩვენი ადგილებისკენ მივდიოდი, ზოგჯერ კი სრულიად შეუმჩნეველთ, როგორც ჟენევიევ დე ბრაბანტის, გერმანტის ოჯახის წინაპრის გამოსახულებას, ვისაც ჩვენი ჯადოსნური ლამპარი ჩემი ოთახის ფარდებზე დაატარებდა ხოლმე ან ჭერზე აჰყავდა - და მაინც, ყოველთვის მეროვინგული დროის იდუმალებაში გახვეულთ და როგორც მზის ჩასვლისას, ფორთოხლისფერ შუქში ჩაძირულთ, მათი სახელიდან რომ გამოსხივდებოდა, კერძოდ, მარცვლიდან: „ანტი“. მაგრამ, თუ, მიუხედავად ამისა, ისინი, როგორც ჰერცოგი და ჰერცოგინია, რეალური ადამიანები იყვნენ ჩემთვის, თუმცაღა უცნაურნი, საპირისპიროდ მათი ჰერცოგული პერსონა უზომოდ გაფართოებულიყო, არამატერიალური გამხდარიყო, იმისთვის, რომ მასში ჩატეულიყო ეს გერმანტი, რომლის ჰერცოგი და ჰერცოგინია ისინი იყვნენ, მთელი ეს მზით განათებული „გერმანტის მხარე“, ვივონის დინება, მისი დუმფარები და მაღალი ხეები და უამრავი მშვენიერი შუადღე. და მე ვიცოდი, რომ ისინი უბრალოდ გერმანტის ჰერცოგისა და ჰერცოგინიის ტიტულს კი არ ატარებდნენ, არამედ მეთოთხმეტე საუკუნიდან მოყოლებული, როდესაც, ამაო მცდელობების შემდეგ, რომ მისი ყოფილი ბატონები დაემარცხებინათ, მათთან კავშირი ქორწინებებით შეკრეს, ისინი კომბრეს გრაფები იყვნენ, შესაბამისად, კომბრეს პირველი მოქალაქეებიც და, მიუხედავად ამისა, ერთადერთნი, ვინც იქ არ ცხოვრობდნენ. კომბრეს გრაფები, რომლებისთვისაც კომბრე მათივე სახელის, მათივე პიროვნების ნაწილი იყო, და უეჭველად თავიანთ თავში კომბრესთვის დამახასიათებელ უცნაურ და ღვთისმოსაურ სევდას ატარებდნენ; ქალაქის მესაკუთრეები, მაგრამ არა რომელიმე კონკრეტული სახლისა, ეჭვგარეშეა, გარეთ, ქუჩაში, ცასა და მიწას შორის მცხოვრებნი, იმ ჟილბერ დე გერმანტის მსგავსად, რომლის მხოლოდ შებრუნებულ მხარეს ვხედავდი, შავ ლაქში, სენტ-ილერის აფსიდას ფანჯრებში, თუ თავს ავწევდი, როცა მარილის წამოსაღებად მივდიოდი კამიუსთან.

შემდეგ გერმანტის გზაზე ზოგჯერ პატარა ნესტიან შემოღობილ ადგილებს ჩავუვლიდი, სადაც მუქი ყვავილები კუნწულებად იყო ამოცოცებული. ვჩერდებოდი და მეგონა, რაიმე ძვირფას წარმოდგენას ვიძენდი მათგან, ვინაიდან მეჩვენებოდა, რომ ჩემს თვალწინ იმ წყალუხვი მხარის ნაწილი იყო, რომლის ნახვაც ასე მინდოდა მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი ჩემი საყვარელი მწერლის აღწერა წავიკითხე. და სწორედ მასთან, მჩქეფარე წყლებით დაქსელილ ამ წარმოსახულ მიწასთან გავაიგივე გერმანტი, უკვე სახეცვლილი ჩემს გონებაში, როდესაც  გავიგონე, როგორ გველაპარაკებოდა ექიმი პერსპიე შატოს პარკის ყვავილებსა და ანკარა ნაკადულებზე. ვოცნებობდი, რომ უეცრად ჩემი სიყვარულით შეპყრობილი მ-ამ დე გერმანტი მიხმობდა იქ; მთელი დღე ჩემთან ერთად ითევზავებდა კალმახზე. საღამოს კი ხელს ჩამავლებდა და ერთად ჩავუვლიდით მისი ვასლების პატარა ბაღებს,  დაბალი კედლების გასწვრივ ყვავილებს მიჩვენებდა, ზედ თავიანთ იისფერსა და წითელ ყუნწებს რომ აყრდნობდნენ და მათ სახელებს მასწავლიდა. შემდეგ მთხოვდა, ჩემი ლექსების შესახებ მომეყოლა, რომელთა დაწერასაც ვაპირებდი. და ეს ოცნებები მაფრთხილებდნენ, რომ თუ მინდოდა, ოდესმე მწერალი გავმხარიყავი, დრო იყო, გამეგო, რისი დაწერა მინდოდა. მაგრამ როგორც კი საკუთარ თავს ამის შესახებ ჩავეკითხებოდი და ვცდილობდი, მეპოვა საგანი, რომელშიც უკიდეგანო ფილოსოფიურ აზრს ჩავაქსოვდი, გონება წყვეტდა მუშაობას, ჩემი ყურადღებიანი მზერის წინ მხოლოდ სიცარიელეს ვხედავდი, ვგრძნობდი, რომ ნიჭი არ მქონდა ან, შესაძლოა, ტვინის რაიმე დაავადების გამო ასეთი აზრი ჩემში ვერ იბადებოდა. ზოგჯერ იმედი მქონდა, რომ ამას მამაჩემი მიხედავდა. ის ისეთი ძლევამოსილი იყო, იმდენად კარგი ურთიერთობები ჰქონდა გავლენიან ხალხთან, რომ ახერხებდა ხოლმე, გვერდი აეარა კანონებისთვის, რომლებზეც ფრანსუაზა მასწავლიდა, რომ სიკვდილ-სიცოცხლის კანონებზე უფრო გარდაუვლად ჩამეთვალა, ერთი წლით გადაეწია მობათქაშების სამუშაოები მხოლოდ ჩვენი სახლისთვის მთელს უბანში, მინისტრისაგან მიეღო ნებართვა, რომ მ-ამ საზრას ვაჟს, რომელსაც წყლებზე უნდოდა წასვლა, ბაკალავრის გამოცდები ორი თვით ადრე ჩაებარებინა, იმ კანდიდატების გვერდით, ვისი გვარებიც ა-ზე იწყებოდა და ს-ების რიგს არ დალოდებოდა. თუ სერიოზულად ცუდად გავხდებოდი, ან თუ ყაჩაღები ტყვედ ჩამიგდებდნენ, დარწმუნებული, რომ მამაჩემს მჭიდროზე მჭიდრო კავშირები გააჩნდა უზენაეს ძალებთან, რომ უძლეველი სარეკომენდაციო წერილები ჰქონდა უფალ ღმერთთან, იმისთვის რომ ჩემი ავადმყოფობა და ტყვეობა ცარიელ, უხიფათო მოჩვენებითობებად ჩამეთვალა, მშვიდად დაველოდებოდი იმ სააათს, აუცილებლად რომ დადგებოდა, როცა კეთილი სინამდვილე დაბრუნდებოდა, გათავისუფლებისა თუ განკურნების ჟამს; შესაძლოა, ეს უნიჭობა, ეს შავი ხვრელი, ჩემს გონებაში რომ აღებდა პირს, როდესაც ჩემი მომავალი ნაწერების საგანზე ვფიქრობდი, მხოლოდ უშინაარსო ილუზია იყო, და მაშინვე შეწყდებოდა მამაჩემის ჩარევით, ვინც უკვე შეთანხმებული იქნებოდა მთავრობასთან და განგებასთან, რომ მე ეპოქის პირველი მწერალი ვიქნებოდი. მაგრამ სხვა დროს, როცა ჩემი მშობლები მოთმინებას კარგავდნენ, რომ უკან ვრჩებოდი და არ მივდევდი მათ, ჩემი ახლანდელი ცხოვრება, ნაცვლად იმისა, რომ მამაჩემის ნახელავ ქმნილებად ჩამეთვალა, სურვილისამებრ რომ შეცვლიდა, მეჩვენებოდა, რომ შედიოდა რეალობაში, რომელიც ჩემთვის არ იყო შექმნილი, რის წინააღმდეგაც ვერაფერს იღონებდი, რომლის წიაღშიც მოკავშირე არ მყავდა, რომლის უკანაც არაფერი იმალებოდა. მაშინ მეჩვენებოდა, რომ ზუსტად ისევე ვარსებობდი, როგორც სხვები, რომ მათსავით დავბერდებოდი, მოვკვდებოდი, და რომ მეც იმათ რიცხვს ვეკუთვნოდი, ვისაც მწერლობის ნიჭი არ გააჩნია. ამიტომაც, გულგატეხილი, სამუდამოდ უარს ვამბობდი ლიტერატურაზე, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული შეგულიანება ბლოკისგან უკვე მივიღე. ჩემი აზრების არარაობის ეს შინაგანი, უშუალო განცდა ყველა იმ საქებარ სიტყვაზე იმარჯვებდა, რომლითაც გულუხვად შემამკობდნენ მომავალში, როგორც უკეთურ კაცში, ვის კეთილ საქმეებსაც ყველა ხოტბას ასხავს, სინდისის ქენჯნა.

ერთ დღეს დედაჩემმა მითხრა: „რადგან სულ მ-ამ დე გერმანტზე ლაპარაკობ: ექიმმა პერსპიემ ჩინებულად უმკურნალა ოთხი წლის უკან. ხოდა მისი ქალიშვილის ქორწილზე იქნება ჩამოსული და შეგეძლება, ცერემონიაზე ნახო.“ სხვათა შორის, ყველაზე ხშირად სწორედ ექიმი პერსპიესგან მსმენოდა მ-ამ დე გერმანტის შესახებ, და სწორედ მან გვიჩვენა ილუსტრირებული ჟურნალის გამოცემა, სადაც ის კოსტიუმში იყო გამოწყობილი, პრინცესა დე ლეონის სახლში გასამართი ბალ-მასკარადისთვის რომ ჩაეცვა.

მოულოდნელად, საქორწინო მსახურების დროს, მეკარემ ადგილი იცვალა და შესაძლებლობა მომეცა, დამენახა სამლოცველოში მჯდომარე ქერა ქალბატონი დიდი ცხვირით, ცისფერი, გამჭრიახი თვალებით, განიერი, სოსანი, პრიალა, ახალი და ბრწყინვალე აბრეშუმის ყელსახვევით, და პატარა მუწუკით ცხვირის კუთხეში. და რადგანაც მისი წითელი სახის (გეგონება ძალიან სცხელოდა) ზედაპირზე გაზავებული და ნაჩვენებ სურათთან ძლივს შესამჩნევი მსგავსების ციცქნა ნაწილაკები შემეძლო გამერჩია, და რადგანაც, პირველ რიგში, დამახასიათებელი ნაკვთები, მასზე რომ ვხედავდი, თუ გამოვთქვამდი, ზუსტად იმავე სიტყვებით უნდა ჩამომეყალიბებინა: დიდი ცხვირი, ლურჯი თვალები, რომლებითაც ექიმმა პერსპიემ ჩემი თანდასწრებით ჰერცოგინია დე გერმანტი აღწერა, საკუთარ თავს ვუთხარი: „ეს ქალბატონი მ-ამ დე გერმანტს ჰგავს“; თანაც, სამლოცველო, საიდანაც ის მსახურებას ადევნებდა თვალს, ჟილბერ ცუდს ეკუთვნოდა, ხოლო მისი ფიჭის უჯრედებივით ოქროსფერი და გაბერილი, ბრტყელი საფლავის ქვების ქვეშ ბრაბანტის ყოფილი გრაფები განისვენებდნენ - ეს სამლოცველო, როგორც მახსოვდა, და მითხრეს, გერმანტის ოჯახისთვის იყო განკუთვნილი, როდესაც ამ ოჯახის რომელიმე წევრი კომბრეში ჩამოდიოდა რაიმე ცერემონიისათვის; უდავოდ, ამ დღეს, დღეს, როდესაც ის უნდა ჩამოსულიყო, მხოლოდ ერთი ქალი შეიძლებოდა მჯდარიყო ამ სამლოცველოში და თან  მ-ამ დე გერმანტის სურათს მგვანებოდა: ეს ის იყო! ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი. საქმე ის გახლდათ - რასაც არ ვითვალისწინებდი -, რომ როდესაც მ-ამ დე გერმანტზე ვფიქრობდი, მას გობელენის ან ვიტრაჟის ფერებში წარმოვიდგენდი, სხვა საუკუნეში, ყველა სხვა ცოცხალი ადამიანისაგან განსხვავებული მასალისგან შექმნილს. არასოდეს მომსვლია თავში, რომ წითელი სახე შეიძლებოდა ჰქონოდა ან სოსანი ყელსაბამი მ-ამ საზრას მსგავსად,  ხოლო მისი ლოყების ოვალი იმდენად მაგონებდა იმ ადამიანებს, ვისაც სახლში ვნახულობდი ხოლმე, რომ ეჭვი შემეპარა, თუმცაღა უმალვე გაქრა, რომ ეს ქალბატონი, წარმომშობი პირველსაწყისით, მთელი თავისი მოლეკულებით, არსებითად, ალბათ, არც იყო ჰერცოგინია დე გერმანტი, არამედ, მისი სხეული, რომელმაც არაფერი უწყოდა სახელის შესახებ, მას რომ უწოდებდნენ, მდედრობითი სქესის გარკვეულ ტიპს მიეკუთვნებოდა, რომელშიც ასევე შედიოდნენ ექიმებისა და ვაჭრების ცოლები. „ესაა, ესაა მ-ამ დე გერმანტი!“ - ამბობდა ჩემი ყურადღებიანი და გაოცებული გამომეტყველება, რომლითაც ვუცქერდი ამ ხატებას, რომელსაც, ბუნებრივია, არაფერი ჰქონდა საერთო იმათთან, იმავე მ-ამ დე გერმანტის სახელით რომ მევლინებოდნენ ხოლმე ოცნებებში, რადგანაც, ის, ის არ იყო ჩემს მიერ თვითნებურად შექმნილი, არამედ ეს-ესაა პირველად წამოიჭრა ჩემს თვალწინ, მხოლოდ ერთი წამის წინ ეკლესიაში; ის არ გახლდათ იმავე ბუნებისა, არც ნებისამებრ ფერადდებოდა, როგორც ისინი, ასე ხალისით რომ შეიწოვდნენ მარცვლის ფორთოხლისფერ შეფერილობას, მაგრამ იმდენად რეალური იყო, რომ ყველაფერი, თვით მის კუთხესთან აბრდღვიალებული მუწუკიც, სიცოცხლის კანონებთან დაქვემდებარებულობას მოწმობდა, როგორც თეატრალურ აპოთეოზში, ფერიას კაბის ნაკეცი, მისი ნეკა თითის ცახცახი ცოცხალი მსახიობის ფიზიკურ ყოფნას გასცემს, არადა ლამის არის, გვეფიქრა, რომ უბრალოდ სინათლის პროექციას ვუყურებდით.

მაგრამ იმავდროულად ვცდილობდი ამ სურათისთვის, რომელსაც ჩემი მხედველობის არეში წამოწეული ცხვირი და გამჭრიახი თვალები ქინძისთავებივით ამაგრებდა (შესაძლოა იმიტომაც, რომ სწორედ მათ მიაღწიეს პირველად მას, და პირველი ნაჭდევიც მათ გააკეთეს, იმ მომენტში, როდესაც მე ჯერ კიდევ არ მქონდა დრო, რომ მეფიქრა, რომ ქალი, რომელიც ჩემს წინ ჩნდებოდა, შეიძლებოდა მ-ამ დე გერმანტი ყოფილიყო), ამ სრულიად ახალი, უცვლელი სურათისთვის, შემდეგი აზრი მიმეყენებინა: „ეს მ-ამ დე გერმანტია“, მაგრამ მხოლოდ იმას ვახერხებდი, უბრალოდ სურათის წინ მეტრიალებინა ის, თითქოსდა ეს ორი სივრცეში დაშორებული ორი დისკი ყოფილიყო. მაგრამ ამ მ-ამ დე გერმანტმა, ვისზეც ამდენი მეოცნება, ახლა, როდესაც ვხედავდი, რომ ნამდვილად არსებობდა ჩემს გარეთ, კიდევ უფრო მეტი ძალაუფლება მოიპოვა ჩემს წარმოსახვაზე, რომელმაც, ერთწამიანი დამბლის შემდეგ, რაც მასში მოსალოდნელზე ბევრად უფრო განსხვავებულ სინამდვილესთან შეხვედრამ გამოიწვია,  საპასუხო მოქმედებას მიმართა და მითხრა: „დიდებულნი შარლემანამდე, გერმანტები თავად წყვეტდნენ მათი ვასლების სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს; ჰერცოგინია დე გერმანტი ჟენევიევ დე ბრაბანტის შთამომავალია. ის არ იცნობს (და არც დასთანხმდებოდა, რომ გაეცნო) არცერთ აქ მყოფს.“

და - ო, გასაოცარო დამოუკიდებლობავ ადამიანური მზერისა, რომელიც იმდენად მოშვებული, იმდენად გრძელი და გაწელვადი ძაფითაა დამაგრებული სახეზე, რომ შეუძლია მისგან შორს, შორს წავიდეს - იმ დროს, როდესაც მ-ამ დე გერმანტი სამლოცველოში იჯდა წინაპართა საფლავებს ზემოთ, მისი მზერა აქა-იქ დახეტიალობდა, ადიოდა სვეტებზე, ჩემზეც კი ჩერდებოდა, როგორც ეკლესიის ნავში მოსეირნე მზის სხივი, მაგრამ მზის სხივი, რომელიც, როდესაც მის ალერსს ვიღებდი, ცნობიერი მეჩვენებოდა. რაც შეეხება თვითონ მ-ამ დე გერმანტს, რადგანაც უძრავად რჩებოდა, იქ მჯდომი დედასავით, ვითომ რომ ვერ ამჩნევს შვილების თავხედურ ოინებსა და უცერემონიო გამოხტომებს, მისთვის უცხო ადამიანებს რომ ეთამაშებიან და ეძახიან, ვერ მივმხვდარიყავი, იწონებდა თუ კიცხავდა, მისი სულის მოცალეობისას, მზერის აქეთ-იქით წანწალს.

მნიშვნელოვნად ვთვლიდი, მანამ არ წასულიყო, სანამ გულს არ ვიჯერებდი მისი ცქერით, რადგან მახსენდებოდა, რომ უკვე წლების განმავლობაში მისი ხილვა უაღრესად სასურველ რამედ მიმაჩნდა, და თვალს არ ვაცილებდი, თითქოს მზერას შეეძლო ფიზიკურად წამოეღო, და ჩემში შემოენახა მისი წინ წამოწეული ცხვირისა და წითელი ლოყებისა მოგონება, ისევე როგორც ყველა იმ თავისებურებისა, რომლებიც მის სახესთან დაკავშირებულ უძვირფასეს, ნამდვილ და განსაკუთრებულ ინფორმაციად მეჩვენებოდა.  ახლა, როდესაც იძულებული ვიყავი, ლამაზად ჩამეთვალა, ყველა იმ ფიქრის გამო, მას რომ ვუკავშირებდი - და, შესაძლოა, უპირველეს ყოვლისა, იმ ინსტიქტის გამო, რომელიც მოწოდებულია, დაიცვას საუკეთესო ნაწილები ჩვენივე საკუთარი თავისა, სურვილის გამო, რომელიც ყოველთვის გვაქვს, რომ იმედგაცრუებულნი არ დავრჩეთ -, კიდევ ერთხელ დავაყენე (ვინაიდან ის და ჰერცოგინია დე გერმანტი, მანამდე რომ წარმოვიდგენდი ხოლმე ერთი და იგივე პიროვნება იყო) მთელი დანარჩენი კაცობრიობისაგან განცალკევებით, რომლის ნაწილადაც მისი უბრალო, პირწმინდად სხეულებრივი სახით ხილვამ მიბიძგა, რომ ერთი წამით ჩამეთვალა, ვღიზიანდებოდი, როდესაც მესმოდა, როგორ ამბობდნენ ჩემს გარშემო: „მ-ამ საზრაზე და მ-ელ ვენტოზე უკეთესია“-ო, თითქოსდა შესაძლებელი ყოფილიყო მათი შედარება. ჩემი მზერა ხან მის ქერა თმებზე ჩერდებოდა, ხან მის ლურჯ თვალებზე, ხან მისი ყელსაბამის შესაკრავზე, ტოვებდა იმ ნაკვთებსა და დეტალებს, რომელთაც შეიძლება სხვა სახეები მოეგონებინა, და მეც უკვე აღარ შემეძლო, არ აღმომხდომოდა ამ განზრახ არასრულყოფილი ჩანახატის შემხედვარეს: „ო რა მშვენიერია ის! რა კეთილშობილებაა! ჩემს წინ ნამდვილად ამაყი გერმანტია, ჟენევიევ და ბრაბანტის შთამომავალი!“ და ყურადღებამ, რომლითაც მის სახეს ვანათებდი, იმდენად განაცალკევა ყველასა და ყველაფრისაგან, რომ დღეს როდესაც ამ ცერემონიაზე ვფიქრობ, დამსწრეთაგან ერთიც ვეღარ გამიხსენებია, თუ მას და მეკარეს არ ჩავთვლით, ვინც დადებითად მიპასუხა, როდესაც ვკითხე, ეს მართლაც მ-ამ დე გერმანტი თუა-მეთქი. მაგრამ თავად მას ისევ ვხედავ, განსაკუთებით იმ წუთას, როდესაც პროცესია შესამოსლის სალაროში შედიოდა, რომელსაც ქარიან-ავდრიანი დღის წყვეტილი და თბილი მზე ანათებდა, და რომელშიც მ-ამ დე გერმანტი გარშემორტყმული იყო კომბრეს მაცხოვრებლებით, ვისი სახელებიც არც კი იცოდა, მაგრამ მათი უსახელობა მეტისმეტად თვალსაჩინოს ხდიდა მის უპირატესობას იმისთვის, რომ წრფელი გულმოწყალებით არ შეეხედა მათთვის, და, ამას გარდა, იმედოვნებდა, რომ კიდევ უფრო დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა მათზე თავისი კეთილგანწობილებითა და უბრალოებით. ამგვარად, ვინაიდან არ შეეძლო თვალთახედვის არეში გამიზნული, კონკრეტული მნიშვნელობის მატარებელი მზერა ეტყორცნა, როგორი მზერაც ჩვეულებრივ ნაცნობისკენ არის ხოლმე მიმართული, არამედ მის წინ მხოლოდ გაფანტული აზრები გამოეშვა უწყვეტად ლურჯი სინათლის ნაკადად, რომლის შეკავებაც არ შეეძლო, არ უნდოდა, ამ ნაკადს შეეწუხებინა პატარა ხალხი, ვისაც ის წამდაუწუმ ხვდებოდა გზად ან ქედმაღალი გამოჩენილიყო. მე ისევ ვხედავ, სოსან, აბრეშუმის გაბერილ ყელსახვევს ზემოთ, მისი თვალების ნაზ გაოცებას, რომელთათვისაც დაემატებინა - თუმცაღა ის არავისთვის იყო განკუთვნილი, არამედ ყველას შეეძლო თავისი წილი აეღო - ოდნავ დარცხვენილი ღიმილი სუვერენისა, რომელიც თითქოს ბოდიშობს ვასალებთან და რომელსაც უყვარს ისინი. ეს ღიმილი მეც დამეცა, ვინც თვალებს არ აცილებდა მას. შემდეგ, როდესაც ჟილბერ ცუდის ვიტრაჟში გამოღწეული მზის სხივივით ლურჯ მზერას ვიხსენებდი, რომელიც მან ჩემზე შეაჩერა მესის დროს, საკუთარ თავს ვუთხარი: „უყურე, უყურე, ყურადღება მომაქცია!“ დარწმუნებული ვიყავი, მოვეწონე, რომ ეკლესიიდან გასვლის შემდეგაც ჩემზე იფიქრებდა, რომ ჩემს გამო, ალბათ, მოწყენით იქნებოდა საღამოს, გერმანტში. და მეც მაშინვე შემიყვარდა ის, რადგანაც თუ ზოგჯერ ქალის შესაყვარებლად საკმარისია, სიძულვილით შემოგვხედოს, როგორც მეგონა, მ-ელ სვანმა გააკეთა და ჩვენც ვიფქროთ, რომ ის არასდროს გახდება ჩვენი, ზოგჯერაც საკმარისია, წყალობის თვალით გადმოგვხედოს, როგორც ამას მ-ამ დე გერმანტი აკეთებდა და ჩვენც ჩავთვალოთ, რომ შეიძლება ის ჩვენი იყოს. მისი თვალები გველის სუროსავით ლურჯი გახდა, რომელსაც, მართალია, ვერ მოვწყვეტდი, მაგრამ ჩემთვის იყო მოძღვნილი; და მზე, რომელსაც უკვე ღრუბელი ემუქრებოდა, მაგრამ მაინც მთელი ძალით აჭერდა მოედანსა და საეკლესიო შესამოსლის სალაროში, გერანის  ხორცისფერს აძლევდა წითელ ხალიჩებს, ცერემონიისთვის რომ დაეფინათ მიწაზე და რომლებზეც მომღიმარი მ-ამ დე გერმანტი მიაბიჯებდა, მათ შალს კი ვარდისფერ ხავერდს მატებდა, შუქის ეპიდერმისს, ერთგვარ სინაზეს, ერთგვარ სერიოზულ სიტკბოებას ბრწყინვალებასა და სიხარულში, რაც ლოენგრინის ზოგიერთი გვერდისთვისაა დამახასიათებელი, კარპაჩოს ზოგიერთი ნახატისათვის, და რითაც აიხსნება, როგორ შეძლო ბოდლერმა საყვირის ხმისთვის ეპითეტად „ტკბილი“ ეწოდებინა.

რამდენად უფრო მწარე იყო ჩემთვის, იმ დღის შემდეგ, გერმანტის მხარეს სეირნობებისას, აზრი, რომ ლიტერატურული საქმიანობისთვის აუცილებელი უნარები არ გამაჩნდა და სამუდამოდ უნდა მეთქვა უარი ცნობილ მწერლობაზე! სინანული, რომელსაც ამასთან დაკავშირებით ვგრძნობდი, როდესაც მარტო ვრჩებოდი სხვებისგან ცოტა მოშორებით და ჩემთვის ვოცნებობდი, იმდენად მტანჯველი ხდებოდა, რომ აღარ მეგრძნო ის, გონება თავისით ერთგვარ დათრგუნვას მიმართავდა ტკივილის წინაშე და საერთოდ წყვეტდა ლექსებზე, რომანებზე, პოეტურ მომავალზე ფიქრს, რისი იმედიც, როგორც ჩემი უნიჭობა მეუბნებოდა, არ უნდა მქონოდა. შემდეგ, ლიტერატურული ფიქრებისაგან განცალკევებით და ისე, რომ მასთან არავითარი საერთო არ ჰქონდა, უეცრივ სახურავი, მზის ანარეკლი ქვაზე ან გზის სუნი მაიძულებდა, გავჩერებულიყავი, რადგან მათგან განსაკუთრებული სიამოვნებას ვიღებდი, და იმიტომაც, რომ ისინი თითქოს რაღაცას მალავდნენ იმის უკან, რასაც ვხედავდი, მთავაზობდნენ, მივსულიყავი და ამეღო, მაგრამ ჩემი ძალისხმევის მიუხედავად, მის აღმოჩენას ვერ ვახერხებდი. ვინაიდან ვგრძნობდი, რომ ის მათში იყო, იქ ვრჩებოდი, უძრავი, ვიყურებოდი, ვსუნთქავდი, ვცდილობდი, გონებით წავსულიყავი სურათის ან სუნის მიღმა. და თუ პაპაჩემს უნდა წამოვწეოდი და გზა გამეგრძელებინა, მის ხელახლა პოვნას თვალების დახუჭვით ვცდილობდი; გონებას ვძაბავდი, რომ ზუსტად გამეხსენებინა სახურავის ხაზი, ქვის შეფერილობა, რომლებიც, ისე რომ წარმოდგენაც არ მქონდა რატომ, სავსენი მეჩვენებოდა, მზადყოფნი, რომ გახსნილიყვნენ და ჩემთვის მოეცათ ის, რისთვისაც ისინი მხოლოდ ხუფები იყო. რა თქმა უნდა, ამ სახის შთაბეჭდილებები ვერ დამიბრუნებდა დაკარგულ იმედს, რომ ერთ დღესაც შევძლებდი მწერალი ან პოეტი ვყოფილიყავი, რადგან ისინი ყოველთვის კერძო საგანთან იყო დაკავშირებული, რომელსაც არც რაიმე ინტელექტუალური ღირებულება გააჩნდა და არც რაიმე განყენებულ ჭეშმარიტებას მიემართებოდა. მაგრამ, რაც არ უნდა ყოფილიყო, ისინი აუხსნელ სიამოვნებას მანიჭებდნენ, ნაყოფიერების ერთგვარ ილუზიას, და შესაბამისად მავიწყებდნენ მოწყენილობას, უძლურების განცდას, რომელიც ყოველთვის მეუფლებოდა, როცა რაიმე ფილოსოფიურ თემას ვეძებდი დიდი ლიტერატურული ნამუშევრისათვის. მაგრამ სინდისიერი მოვალეობა, ფორმისგან, სურნელისგან თუ ფერისგან მიღებული შთაბეჭდილებებით რომ მეკისრებოდა, იმდენად მძიმე იყო - მეცადა და დამენახა ის, რაც მათ უკან იმალებოდა -, რომ დიდად არ დავახანებდი გასამართლებელი საფუძვლების ძებნას,  რომელთა წყალობითაც თავიდან ავიცილებდი ამ ძალისხმევას და არც თავს დავიღლიდი. საბედნიეროდ, მშობლები დამიძახებდნენ, ვიგრძნობდი, საჭირო სიმშვიდე არ მქონდა, რათა წარმატებით მივყოლოდი ჩემს ძიებას, და უმჯობესი იქნებოდა, თუ აღარ ვიფიქრებდი ამაზე შინ დაბრუნებამდე, და წინასწარ არ დავიღლიდი თავს უშედეგოდ. ამიტომაც, მე აღარ ვიწუხებდი თავს იმ უცნობზე ფიქრით, ფორმაში თუ სურნელში რომ იყო გახვეული, და მშვიდადაც ვიყავი, რადგან მე ის სახლში მიმქონდა, დაცული სურათების საფარველით, რის ქვეშაც ისევ ვიპოვიდი ცოცხალს, იმ თევზების მსგავსად, რომლებიც, როცა სათევზაოდ წასვლის ნებას მომცემდნენ ხოლმე, შინ დაბრუნებულს დაწნული კალათით მომყავდა ზემოდან ფენა ბალახით სიგრილის შესანარჩუნებლად. სახლში დაბრუნებული უკვე სხვა რამეზე ვფიქრობდი და ასე ჩემს გონებაში გროვდებოდა (როგორც ჩემს ოთახში სეირნობებისას დაკრეფილი ყვავილები ან საგნები, რომელთაც მაძლევდნენ) ქვა, რომელზეც სინათლის სხივი თამაშობდა, სახურავი, ზარის ხმა, ფოთლების სუნი, უამრავი განსხვავებული სურათი, რომელთა ქვეშაც დიდი ხანია მოკვდა რეალობა, რომელსაც ვგრძნობდი, მაგრამ არ მქონდა საკმარისი ნებისყოფა, რომ აღმომეჩინა. თუმცაღა, ერთხელ - როდესაც ჩვენმა სეირნობამ უჩვეულოდ დიდხანს გასტანა, ძალიან გაგვიხარდა, რომ უკან დაბრუნებისას, ნახევარ გზაზე, როცა შუადღე სრულდებოდა, ექიმი პერსპიე შემოგვხვდა, ვინც აწყვეტილი მოჰქროდა თავისი ეტლით, გვიცნო და შემოგვთავაზა, მასთან ერთად გვემგზავრა - მქონდა ასეთი შთაბეჭდილება და მხოლოდ მაშინ შევწყვიტე მასზე ფიქრი, როცა ცოტა მაინც ჩავუღრმავდი. მე მეეტლის გვერდით ამაცოცეს, ჩვენ მართლაც ქარივით მივქროდით, რადგან სანამ კომბრეში დავბრუნდებოდით, ექიმი მარტენვილ-ლე-სეკშიც უნდა შეჩერებულიყო ავადმყოფთან, ვის კართანაც შევთანხმდით, რომ უნდა დავლოდებოდით. გზის მოსახვევში უეცრად რაღაც განსაკუთრებული სიამოვნება განვიცადე, რაც სხვებს არ ჰგავდა, როდესაც მარტენვილის ორი სამრეკლო დავინახე, ჩამავალი მზე რომ ანათებდა და ჩვენი ეტლის მოძრაობისა და მიხვეულ-მოხვეული გზის გამო თითქოს ადგილს იცვლიდა, და შემდეგ ვიოვიკის სამრეკლო, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მათგან გორაკითა და ხეობით იყო გაშორებული და უფრო ამაღლებულ ზეგანზე მდებარეობდა შორს, ისე ჩანდა, გეგონება ისიც მათთან ერთად იდგა.

როდესაც ვაკვირდებოდი და ვინიშნავდი მათი წვეტების მოყვანილობას, მათი ხაზების გადაადგილებას, მათი ზედაპირის მზით განათებას, ვგრძნობდი, რომ ჩემი შთაბეჭდილების ბოლომდე ვერ მივდიოდი, რომ რაღაც იყო ამ მოძრაობის, ამ სინათლის უკან, რაღაც, რასაც ისინი, ჩანდა, ერთდროულად შეიცავდა და მალავდა კიდეც.

სამრეკლოები ისე შორს ჩანდნენ, ჩვენ კი თითქოს ისე ნელა ვუახლოვდებოდით მათ, რომ გავოცდი, როდესაც, რამდენიმე წამში, მარტენვილის ეკლესიის წინ გავჩერდით. არ ვიცოდი, რა იყო იმის მიზეზი, რომ ჰორიზონტზე მათი დანახვისას ასეთი სიამოვნება განვიცადე და ვალდებულება, რომ მეცადა მისი აღმოჩენა, საძნელო მეჩვენებოდა; მინდოდა, მზეში მოძრავი ეს ხაზები თავში შემენახა და ახლა მათზე აღარ მეფიქრა. და სრულიად შესაძლებელია, ასე რომ მოვქცეულიყავი, ორი სამრეკლო, სამუდამოდ შეუერთდებოდა უამრავ ხეს, სახურავს, სუნს, ხმას, სხვებისგან რომ გამომერჩია მათგან მონიჭებული გაუგებარი სიამოვნების გამო, მაგრამ არასდროს ჩავღრმავებივარ. ჩამოვედი, რომ მშობლებთან ერთად მელაპარაკა, სანამ ექიმს ველოდებოდით. შემდეგ ისევ გავაგრძელეთ გზა, მე ისევ ჩემს ადგილს დავუბრუნდი, თავი შევატრიალე, რომ კიდევ მეცქირა სამრეკლოებისათვის, რომლებიც, ცოტა ხანში უკანასკნელად დავინახე მოსახვევში. რადგან მეეტლეს ლაპარაკის დიდი ხალისი არ ეტყობოდა და ჩემს შენიშვნებზე თითქმის არც უპასუხია, იძულებული გავხდი, რაკიღა სხვა თანამოსაუბრე არ მყავდა, საკუთარი თავისთვის გამეწია კომპანიონობა და ჩემი სამრეკლოების გახსენება მეცადა. მალე მათი მოხაზულობა და მზით განათებული ზედაპირები, თითქოსდა ისინი ქერქი ყოფილიყო, გაიპო, ცოტაოდენი იმისა, რაც ჩემთვის დამალული იყო მათში, გამოჩნდა, გონებაში დაიბადა აზრი, რომელიც ერთი წამის წინ არ არსებობდა, სიტყვიერად ჩამოყალბდა ჩემს თავში, და სიამოვნება, ახლახანს მათი დანახვით რომ განვიცადე, იმდენად გაიზარდა, ერთგვარი სიმთვრალით შეპყრობილი სხვა ვეღარაფერზე ვფიქრობდი. ამ მომენტში და რადგანაც უკვე შორს ვიყავით მარტენვილიდან, თავი მივაბრუნე და ხელახლა შევნიშნე ისინი, ამჯერად მთლად შავნი, რადგან მზე უკვე ჩასული იყო. ხანდახან მოსახვევები მიმალავდნენ მათ, შემდეგ უკანასკნელად გამოჩნდნენ; ისინი აღარ დამინახავს.

და თუმცაღა საკუთარი თავისთვის არც მითქვამს, რომ ის, რაც მარტენვილის სამრეკლოების უკან იმალებოდა, ლამაზი წინადადების მსგავსი შეიძლებოდა ყოფილიყო, ვინაიდან სიტყვების სახით მომევლინა, რომლებიც სიამოვნებას მანიჭებდა, ექიმს ფანქარი და რამდენიმე ქაღალდის ფურცელი ვთხოვე და მიუხედავად ეტლის ჯაყჯაყისა, იმისთვის რომ სინდისი დამემშვიდებინა და ჩემს ენთუზიაზმსაც დავმორჩილებოდი, ეს პატარა ჩანახატი, ნაწყვეტი შევქმენი, შემდგომში რომ აღმოვაჩინე და მხოლოდ პატარა ცვლილებები შევიტანე:

 

„მარტონი, ამოზრდილნი ველის დონიდან, და თითქოსდა ტრიალ მინდორში დაკარგულნი, ზეცისკენ მიიწევდა მარტენვილის ორი სამრეკლო. მალე ჩვენ უკვე სამს ვხედავდით: გაბედული ბრუნით, მათ საწინააღმდეგო მხარეს თავისი ადგილი დაიკავა უკან დარჩენილმა ვეოვიკის სამრეკლომ. წუთები გადიოდა, სწრაფად მივდიოდით, და მაინც სამი სამრეკლო ჯერ ისევ შორს იყო ჩვენ წინ, როგორც მინდორზე დაშვებული, უძრავი სამი ჩიტი, მზის შუქზე რომ ხედავ. შემდეგ ვეოვიკის სამრეკლო გვერდით გადგა, უკან დაიხია სიშორეში, და მარტენვილის სამრეკლოები მარტონი დარჩნენ, ჩამავალი მზის შუქით განათებულნი, რომელიც ამ სიშორეზეც კი ვხედავდი, მათ დახრილ ფერდებზე თამაშობდა და იღიმოდა. იმდენი ხანი მოვუნდით მასთან მიახლოებას, ვფიქრობდი იმაზე, თუ რამდენი დრო დაგვჭირდებოდა კიდევ მათთან მისასვლელად, რომ უეცრად ეტლმა შეუხვია და პირდაპირ მათ ფეხებთან გადმოგვსვა; ისინი ისე გიჟებივით გადმოგვიხტნენ, ძლივს მოვასწარით გაჩერება, რომ კარიბჭეს არ შევსკდომოდით. ისევ გავაგრძელეთ გზა; მარტენვილიდან ახალი გამოსულები ვიყავით, რომ სოფელი, რამდენიმე წამით ჩვენი თანამგზავრი, გაუჩინარდა, ხოლო ჰორიზონტზე ეულად შემორჩენილნი, რომ ეყურათ, როგორ ვილტვოდით, მისი სამრეკლოები, ისევე როგორც ვიოვიკისა, გამომშვიდობების ნიშნად თავიანთ მზით განათებულ წვერებს გვიქნევდნენ. ზოგჯერ რომელიმე მათგანი განზე დგებოდა, რათა დანარჩენ ორს კიდევ ერთი წამით შეძლებოდა ჩვენი ცქერა; მაგრამ გზამ მიმართულება იცვალა, და ისინიც სინათლეში დატრიალდნენ, როგორც სამი ოქროს თითისტარი, და თვალს მიეფარნენ. მაგრამ, ცოტა ხანში, როდესაც უკვე კომბრესთან ახლოს ვიყავით, მზე კი უკვე ჩასული იყო, უკანასკნელად მოვკარი თვალი მათ ძალიან შორიდან, და ახლა ისინი მხოლოდ მინდვრების დაბალ ხაზს ზემოთ ცაზე მიხატულ სამ ყვავილს მიაგავდნენ. მათ ასევე გამახსენეს სამი ახალგაზრდა ქალიშვილი თქმულებიდან, სადღაც მარტოობაში რომ დატოვეს, სადაც უკვე სიბნელე ეშვებოდა; და სანამ ჩვენ ჭენებით ვშორდებოდით მათ, დავინახე, როგორ დამფრთხალნი და შეშინებულნი ეძებდნენ თავიანთ გზას, და მათი კეთილშობილი სილუეტების რამდენიმეჯერ უხერხულად წაბორძიკების შემდეგ, როგორ მიეკვრნენ ერთმანეთს, ერთმანეთის მიყოლებით გასრიალდნენ, რომ ჯერ ისევ ვარდისფერ ცაზე ახლა მხოლოდ პატარა, შავ მოხაზულობად გამოჩენილიყვნენ, მომხიბვლელ და მორჩილ ფორმად, შემდეგ კი ღამეში გაუჩინარდნენ.“ ამ გვერდზე აღარასდროს მიფიქრია, მაგრამ იმ წუთას, როცა, კოფოს კუთხეში, სადაც ექიმის მეეტლე ჩვეულებრივ კალათში მარტენვილის ბაზარში ნაყიდ ფრინველს სვამდა ხოლმე, მისი წერა დავასრულე, ისეთი ბედნიერი ვიყავი, ვიგრძენი, ისე სრულიად გამათავისუფლა ამ სამრეკლოებისა და იმისაგან, რაც მათ უკან იმალებოდა, თითქოს მე თვითონაც ქათამი ვყოფილიყავი და ის-ის იყო, კვერცხი დამედო, ბოლო ხმაზე შემოვძახე სიმღერა.

მთელი დღე, ამ სეირნობებისას, შემეძლო მეოცნება იმაზე, თუ რა სიამოვნება იქნებოდა ჰერცოგინია დე გერმანტთან მეგობრობა, კალმახზე თევზაობა, ნავით ვივონზე გასეირნება, და, ბედნიერებით გაუმაძღარი, იმ წუთებში ცხოვრებისგან სხვა არაფერს ვითხოვდი, გარდა იმისა, რომ ის ყოველთვის ბედნიერი შუადღეების რიგი ყოფილიყო. მაგრამ, როცა უკანა გზაზე ფერმას ვხედავდი მარცხნივ, საკმაოდ მოშორებულს იმ ორისგან, რომლებიც, პირიქით, ძალიან ახლო-ახლო იყო ერთმანეთთან - იქიდან, იმისთვის რომ კომბრეში შესულიყავი, მხოლოდ მუხების ხეივანი უნდა გაგევლო, ერთ მხარეს მდელოები რომ ეკრა, თვითეული პატარა შემოღობილი ბაღებისა, სადაც თანაბარ შუალედებში ვაშლის ხეები იყო ჩარიგებული, რომლებიც, როცა ჩამავალი მზით იყვნენ განათებულნი, მათივე ჩრდილების იაპონური ორნამენტებით ირთვებოდნენ, - უეცრად, გულისცემა მიჩქარდებოდა, ვიცოდი, ნახევარ საათში შინ ვიქნებოდით და, როგორც ეს წესი იყო, როდესაც გერმანტის მხარეს მივდიოდით და სადილობითაც გვიან ვსადილობდით, მაშინვე დასაძინებლად გამგზავნიდნენ, როგორც კი წვნიანს მოვრჩებოდი, ისე რომ დედა, მაგიდასთან დარჩებოდა, იმ დღეების მსგავსად, როცა სტუმრები გვყავდა და არ ამოვიდოდა ჩემთან, რომ ძილინებისას ეთქვა საწოლში. სევდის ზონა, რომელშიც ფეხი შევდგი ისეთივე განსხვავებული იყო ზონისგან, სადაც სულ ახლახანს მხიარულად დავნავარდობდი, როგორც ცებზე ზოგჯერ ვარდისფერი ზოლი თითქოსდა ხაზითაა გამოყოფილი მწვანე თუ შავი ზოლისაგან. ხედავ როგორ მიფრინავს ჩიტი ვარდისფერში, აი, მის ბოლოს უნდა მიაღწიოს, თითქმის ეხება კიდეც შავს, შემდეგ მასში შედის. სურვილები, ცოტა ხნის წინ გარშემო რომ შემომჯაროდა, რომ გერმანტში წავსულიყავი, მემოგზაურა, ბედნიერი ვყოფილიყავ, იმდენად შორს ვიყავი მათგან, რომ მათი ასრულება ვერავითარ სიამოვნებას ვერ მომანიჭებდა. ამ ყველაფერზე  უყოყმანოდ ვიტყოდი უარს, ოღონდ კი შემძლებოდა მთელი ღამე დედის მკლავებში მეტირა! ვკანკალებდი, ჩემს სევდიან თვალებს წამითაც არ ვაცილებდი დედის სახეს, რომელიც ამ საღამოს ოთახში, სადაც მე უკვე ვხედავდი ჩემს თავს გონებით, არ გამოჩნდებოდა; სიკვდილი მინდოდა. და ეს მდგომარეობა მეორე დღემდე გაგრძელდებოდა, როდესაც დილის სხივები, მებაღესავით, თავიანთ ძელაკებს აყრდნობდნენ ნასტურციებით შემოსილ კედელზე, რომლებიც ჩემს ფანჯარამდე ამოცოცებულიყვნენ, წამოვხტებოდი საწოლიდან და მაშინვე ბაღისკენ დავეშვებოდი და აღარც მახსოვდა, რომ დადგებოდა საღამო და დადგებოდა მასთან განშორების წუთიც. და ამგვარად, სწორედ გერმანტის მხარეს სეირნობებისას ვისწავლე იმ მდგომარეობების განსხვავება, რომლებიც ერთმანეთს მოსდევს ჩემში, გარკვეული დროის განმავლობაში, და იქამდეც მიდიან, რომ თვითეულ დღეს ინაწილებდნენ, ერთი ბრუნდება, რათა მეორე განდევნოს სიცხის პუნქტუალურობით; ურთიერთმოსაზღვრენი, მაგრამ იმდენად გარეშენი ერთი მეორისათვის, იმდენად მოკლებულნი კავშირის საშუალებებს, რომ ვერც გამიგია, ვეღარც კი წარმომიდგენია ერთში ის, რაც მსურდა, ან რისიც მეშინოდა, ან რასაც მივაღწიე მეორეში.

აი, ამგვარად, მეზეგლიზეს მხარე და გერმანტის მხარე ჩემთვის კვლავაც დაკავშირებულია იმ ცხოვრების უამრავ პატარა მოვლენასთან, რომელიც ჩვენს მიერ პარალელურად ნაცხოვრებ განსხვავებულ ცხოვრებებში ყველაზე უფრო დახუნძლულია პერიპეტიებით, ყველაზე უფრო მდიდარია ეპიზოდებით, ვგულისხმობ, ინტელექტუალურ ცხოვრებას. რა თქმა უნდა, ის შეუმჩნევლად ვითარდება ჩვენში და ჭეშმარიტებების აღმოსაჩენად, რომელთაც მისი მნიშვნელობა და სახე შეცვალეს ჩვენთვის, და ახალი გზები გაგვიხსნეს, დიდი ხანი ვემზადებოდით; მაგრამ ამის შესახებ არაფერი ვიცოდით; და ისინიც თარიღდება მხოლოდ იმ დროით, იმ წუთით, როდესაც ჩვენთვის თვალსაჩინონი გახდნენ. ყვავილები, მაშინ ბალახზე რომ თამაშობდნენ, წყალი, მზეზე რომ მიედინებოდა, მთელი ეს პეიზაჟი, ჭეშმარიტებების ჩენას რომ ერტყა გარს, კვლავაც თან ახლავს მათ ხსოვნას თავისი არაცნობიერი და გაფანტული სახით; და ცხადია, როდესაც ეს მორიდებული გამვლელი, ეს მეოცნებე ბავშვი ბეჯითად აკვირდებოდა მათ  - როგორც მეფეს ვინმე მემუარისტი, ხალხის ნაკადში რომ ჩაკარგულა -, ბუნების ეს კუთხე, ბაღის ეს ნაგლეჯი ვერც კი იფიქრებდნენ, რომ სწორედ მისი წყალობით შეძლებდნენ, რომ გაეგრძელებინათ სიცოცხლე ყველაზე უფრო ეფემერული დეტალებით; და მაინც, კუნელის ეს სურნელი, ნექტარს რომ აგროვებს ღობის გასწვრივ, სადაც მალე ასკილები ჩაანაცვლებენ მას, ექოს არმქონე ნაბიჯების ხმები ხეივნის ხრეშზე, წყალმცენარეზე მდინარის წყლისგან გაჩენილი ბუშტი, მაშინვე რომ სკდება, ჩემმა აღფრთოვანებამ წამოიღო ისინი და ერთი მეორეს მიყოლებით ჩავლილი მრავალი წელი გამოატარა, მაშინ როცა გარშემო, ბილიკები, გაქრა და მოკვდნენ ისინი, ვინც მათზე დააბიჯებდნენ, ისევე როგორც მოკვდა ხსოვნა იმათი, ვინც მათზე დააბიჯებდნენ. ზოგჯერ პეიზაჟის ეს ნაწილი, ამგვარად გადმოტანილი დღევანდელობაში, სხვა ყველაფერს სწყდება და სრულიად განცალკევებული და განუსაზღვრელი თავისუფლად დაცურავს ჩემს გონებაში ყვავილოვანი დელოსივით, მე კი არც შემიძლია ვთქვა, რომელი მხარიდან, რომელი დროიდან - იქნება და საერთოდაც სიზმრიდან - მოდის ის. მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, როგორც ჩემი გონებრივი ნიადაგის ღრმა შრეები, როგორც მყარი მიწა, რომელზეც კვლავაც ვდგავარ, აი, როგორ მესახება მეზეგლიზეს მხარე და გერმანტის მხარე. ეს იმიტომ, რომ მე მჯეროდა საგნებისა და ადამიანების, როდესაც მათ გზებს ვკვეთდი, რომ საგნები, ადამიანები, რომლებიც მათ გამაცნეს, არიან ერთადერთნი, ვისაც ისევ სერიოზულად ვიღებ დღესაც და ვისაც ისევ მოაქვს სიხარული ჩემთვის. ან იმიტომ, რომ რწმენა, რომელიც ქმნის, დაიშრიტა ჩემში, ანაც იმიტომ, რომ სინამდვილე მხოლოდ მეხსიერებაში ყალიბდება, ყვავილები, პირველად რომ მიჩვენებენ ხოლმე დღეს, მეჩვენება, რომ ნამდვილი ყვავილები არაა. მეზეგლიზეს მხარემ თავისი იასამნებით, კუნელებით, ღიღილოებით, ყაყაჩოებით, ვაშლის ხეებით, გერმანტის მხარემ თავისი თავკომბალებიანი მდინარით, დუმფარებითა და ბაიებით, სამუდამოდ შექმნეს იმ მხარეების სახე, სადაც სიამოვნებით ვიცხოვრებდი, სადაც უპირველეს ყოვლისა მოვითხოვ, რომ სათევზაოდ წასვლა, ნავით სეირნობა, გოტიკური სიმაგრეების ნანგრევების ნახვა და პურის ყანებს შორის ისეთივე ეკლესიის პოვნა შემეძლოს, როგორიც სენტ-ანდრე-დე-შამპია: მონუმენტური, სოფლური და თივის ზვინივით ოქროსფერი; და ღიღილოები, კუნელები, ვაშლის ხეები, რომელთაც ისევ შევხვდები ხოლმე მინდვრებში, ვინაიდან ისინი იგივე სიღრმეზე მდებარეობენ, ჩემი წარსულის დონეზე, მაშინვე გულს უკავშირდებიან. და მაინც, ვინაიდან ადგილებში არის რაღაც ინდივიდუალური, როდესაც სურვილი მიპყრობს, ხელახლა ვიხილო გერმანტის მხარე, მისი ასრულებისთვის საკმარისი არ იქნება, თუ მდინარის პირას წამიყვანენ, სადაც ისეთივე ლამაზი, ან უფრო ლამაზი  დუმფარები იქნება, როგორც ვივონზე, ისევე როგორც საღამოს შინ დაბრუნებისას - საათს, როდესაც ჩემში იღვიძებდა ის კაეშანი, მოგვიანებით სიყვარულში რომ ემიგრირდება, და შეიძლება მისგან განუყოფელი გახდეს - არ მენდომებოდა, ძილინებისას სათქმელად ჩემსაზე უფრო ლამაზი და ჭკვიანი დედა მოსულიყო. არა; იმისთვის რომ ტკბილად დამეძინა, სიმშვიდით, რის მონიჭებაც მას შემდეგ ვერცერთმა სატრფომ ვერ შეძლო, რადგან სატრფოებში მაშინაც გეპარება ეჭვი, როდესაც მათი გჯერა, და მათი გულებიც არასდროს გეკუთვნის ისე, როგორც დედის გული, რომელსაც მისი კოცნით ვიღებდი, მთლიანად, ყოველგვარი ეჭვებისა და უკანა აზრის გარეშე, ყოველგვარი ნარჩენის გარეშე, სხვასთან დაკავშირებული განზრახვისგან რომ მორჩება ხოლმე, - საჭირო იყო, თვითონ დედაჩემი მოსულიყო ჩემთან, რომ ჩემსკენ გადმოხრილიყო მისი სახე, რომელზეც თვალის ქვეშ, როგორც ჩანს, პატარა ზადი ჰქონდა, და რომელიც ისევე მიყვარდა, როგორც სხვა ყველაფერი; ზუსტად ასევე, ის, რისი ნახვაც ისევ მინდა, ეს არის ის გერმანტის მხარე, რომელსაც ვიცნობდი, თავისი ფერმით, ცოტა რომ მოშორებულია ერთმანეთს მიკრული ორი მომდევნო ფერმისგან, მუხების ხეივნის შესასვლელთან; ის მდელოები, სადაც, როცა მზე ტბორებივით ამრეკლავს ხდის მათ, ვაშლის ფოთლები იხატება, ის პეიზაჟი, რომლის ინდივიდუალობაც, ზოგჯერ, ჩემს ღამეულ სიზმრებში, თითქმის ფანტასტიკური ძალმოსილებით მიმწყვდევს თავის მკლავებში, მაგრამ გაღვიძებისას ვეღარსად ვპოვებ. ეჭვგარეშეა, რადგანაც ჩემში სამუდამოდ განუყოფლად დააკავშირეს განსხვავებული შთაბეჭდილებები, მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ერთდროულად განმაცდევინეს, მეზეგლიზეს მხარემ და გერმანტის მხარემ, მომავლში მრავალი იმედგაცრუებისა და თვით მრავალი შეცდომისთვისაც გამიმეტეს. რადგან ხშირად მინდოდა, ისევ მენახა ქალი და ვერც კი ვაცნობიერებდი, რომ ის უბრალოდ კუნელების ღობეს მახსენებდა, მე კი ვიჯერებდი, და სხვასაც ვაჯერებდი, რომ გრძნობა განახლდა, სინამდვილეში კი მხოლოდ მოგზაურობა მსურდა. მაგრამ სწორედ ამის გამო, და იმიტომაც, რომ ისინი კვლავაც რჩებიან დღევანდელ შთაბეჭდილებებში, რომლებსაც ისინი შეიძლება დაუკავშირდნენ, საძირკველს აძლევენ მათ, სიღრმეს, დამატებით განზომილებას, რაც სხვებს არ აქვთ. როდესაც ზაფხულის საღამოს ცა ველური მხეცივით ბრდღვინავს და ყველა ავდარს უბღვერს, სწორედ მეზეგლიზეს მხარის გამოა, რომ ერთადერთი მე ვარ აღტაცებული და ხარბად ვისუნთქავ, წამოსული წვიმის ხმაურში, უჩინარი და გამძლე იასამნების სურნელს.

 

 

აი, ასე, ხშირად დილამდე ვფიქრობდი კომბრეში გატარებულ დროზე, ჩემს სევდიან, უძილო საღამოებზე, უამრავ სხვა დღეზეც, რომელთა სურათი ცოტა ხნის წინ აღდგა გემოს წყალობით - კომბრეში მას „არომატს“ დაუძახებდნენ -, ფინჯან ჩაის რომ ჰქონდა, და, მოგონებათა ასოციაციით, იმაზე, რაც ამ პატარა ქალაქის დატოვებიდან წლების შემდეგ, სიყვარულის იმ ისტორიის შესახებ გავიგე, ჩემს დაბადებამდე რომ გადახდა სვანს, ისეთი დეტალური სიზუსტით, რაც ზოგჯერ საუკუნეების წინ გარდაცვლილი ადამიანების შემთხვევაში უფრო ადვილი მიღწევადია, ვიდრე ჩვენი საუკეთესო მეგობრების ამბებთან დაკავშირებით შეგვიძლია მივაღწიოთ, და რაც ისევე შეუძლებელი ჩანს, როგორც ადრე შეუძლებელი ჩანდა, ერთი ქალაქიდან მეორეში გელაპარაკა - მანამ, სანამ იმ ხერხის შესახებ არ გვეცოდინება, რომლითაც ეს შეუძლებლობა გადაილახა. ერთი მეორეს დამატებული ყველა ეს მოგონება ახლა ერთ მასას ქმნიდა, მაგრამ მათ შორის ისევ შეიძლებოდა გაგერჩია - ყველაზე უფრო ადრინდელებსა და შედარებით უფრო ახლებს შორის, არომატისგან რომ დაიბადნენ, და შემდეგ იმათ შორისაც, რომლებიც უბრალოდ სხვისი მოგონებები იყო, ვისგანაც მათ შესახებ შევიტყვე - თუ მთლად ნაპრალები არა, ან ნაწევები, ის დაძარღვულობა, ფერთა ის სიჭრელე, რომლებიც გარკვეულ კლდეებში, გარკვეულ მარმარილოებში, გვიმჟღავნებენ განსხვავებებს წარმოშობაში, ასაკში, „ფორმაციაში“.

ცხადია, დილის მოახლოებისთვის, ახალგაღვიძებულობის ხანმოკლე გაურკვევლობა უკვე დიდი ხნის გაფანტული იყო. ვიცოდი, სინამდვილეში რომელ ოთახში ვიმყოფებოდი, მას ჩემს გარშემო სიბნელეში აღვადგენდი - მე ან მეხსიერების წყალობით ვადგენდი ჩემს ადგილსამყოფელს, ან, მკრთალ შუქს ვიხმარებდი მანიშნებლად, რის ქვეშაც ფანჯრის ფარდებს ვუჩენდი ადგილს -, სრულად აღვადგენდი და ავეჯით ვაწყობდი, არქიტექტორისა და შპალერის გამკვრელის მსგავსად, ვინც ფანჯრებისა და კარების პირვანდელ ჭრილებს უცვლელად ტოვებენ, უკან ვაბრუნებდი სარკეებს და ჩვეულ ადგილას ვდგამდი კომოდს. მაგრამ დღეს - და არა უკანასკნელი ნაკვერჩხლის ანარეკლს სპილენძის კარნიზზე, რომელიც  მისი შუქი მეგონა - ძლივს ჰქონდა გავლებული სიბნელეზე, თითქოსდა ცარცით, თავისი პირველი თეთრი, გამასწორებელი სხივი, რომ ფანჯარა თავისი ფარდებით ტოვებდა კარების ჩარჩოს, სადაც ის შეცდომით მოვათავსე, მაშინ როცა, მისთვის ადგილი რომ გამომეთავისუფლებინა, საწერი მაგიდა, ჩემმა მეხსიერებამ მოუხერხებლად რომ ჩადგა იქ, მთელი სიჩქარით გავარდებოდა, მის წინ ბუხარს მიაწვებოდა და დერეფანზე გამავალ კედელსაც მოიშორებდა; პატარა, შიდა ეზო იშლებოდა იქ, სადაც სულ რაღაც წამის წინ გარდერობის ოთახი იყო, და საცხოვრებელი, ხელახლა რომ ავაშენე ბნელში, საჩქაროდ გაღვიძების ქარბორბალაში თვალმოკრული საცხოვრებლებისკენ მიეშურებოდა; მას, როგორც წესი, ეს მკრთალი ნიშანი გააქცევდა ხოლმე, რომელსაც ფარდების თავზე ხაზავდა აწეული თითი გარიჟრაჟისა.

 


No comments:

Post a Comment