ბლოგზე თქვენ წაიკითხავთ პრუსტის რომანის დასაწყისს. უფრო კონკრეტულად პირველი ტომის ნახევარს. ვაპირებდი, მთლიანი პრუსტიდან (რომელიც უკვე ნათარგმნი მაქვს), საუკეთესო ფრაზები შემომეთავაზებინა, მაგრამ მივხვდი, რომ დროს დავკარგავდი. თუ ჩემი ნათარგმნი არ მოგეწონებათ, სხვა ქართულ თარგმანებს გაეცანით (რადგან დასანანი იქნება, თუ მსოფლიოს საუკეთესო რომანის გაცნობას იმის გამო ვერ მოახერხებთ, რომ თარგმანი არ მოგეწონათ) რამდენიმე ტომი თარგმნილია. მაგრამ თუ ჩემი თარგმანი უფრო მოგწონთ, მისწერეთ გამომცემლობებს და სრულ თარგმანს წიგნების სახით მიიღებთ. მე გავაკეთე ის, რაც ჩემზე იყო, ვთარგმნე მთლიანი პრუსტი და ვთარგმნე ისე, როგორც სწორად მიმაჩნდა, ახლა სათქმელი თქვენზეა. თუ ჩემი თარგმანი არ ვარგა, მადლობა ღმერთს, რომ ის ჯერ არ დაბეჭდილა და იმედია, არც არასდროს დაიბეჭდება (ყოველ შემთხვევაში, სანამ არ ვსრულყოფ), მაგრამ თუ ვარგა, მადლობა ღმერთს, რომ ასეთ დიად წიგნთან ურთიერთობის შესაძლებლობა მომცა და, მიუხედავად იმისა, რომ დინების საწინააღმდეგოდ ვცურავდი, საქმე ბოლომდე მივიყვანე.
დინების საწინააღმდეგოდ-მეთქი, იმიტომ ვამბობ, რომ ერთი გამომცემლობაც არ მოიძებნა, რომელსაც ეყოფოდა ძალა ან ექნებოდა ნება, რომ სრულად და საკადრისად ეთარგმნა პრუსტი. მე, ჩორანის მთარგმნელ ილია ბანძაშვილს (სხვა გვარის ღირსი, როგორც ვატყობ, არც ვარ), მიამიტურად მეგონა, ჩემს თარგმანს აღფრთოვანებით შეხვდებოდნენ. წაიკითხეთ არგუმენტები, შეუდარეთ ეს პრუსტი უკვე თარგმნილს. შეიძლება თქვენი აზრი გადამწყვეტი იყოს, რადგან გამომცემლობები მკითხველისთვის არსებობს. მისწერეთ მათ. მაგრამ თუ არ მოგწონთ, თუნდაც თვითონ პრუსტმა თქვას, ყველაზე პრუსტული ეს თარგმანიაო, რა აზრი ექნება მის გამოქვეყნებას?
ცხადია, პრუსტის თარგმნა იმიტომ დავიწყე, რომ თარგმნილი არ იყო. გავაგრძელე, მე სხვა ენით მეტყველ პრუსტს ვხედავდი, რისთვისაც სხვა მთარგმნელობითი ფილოსოფია და მიდგომა იყო საჭირო. ახლა უკვე თავისუფლად შემიძლია ვთქვა ეს, რადგან თუ ამ წერილს პრუსტის მთარგმნელები ან მათი გულშემატკივრები კითხულობთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი თარგმანები მოიწონეს მათ, ვისი აზრიც უფრო მნიშვნელოვანია, გამომცემლებმა, ჩემი კი, რამდენიმე ისეთმა გამომცემლობამ არ მოიწონა, რომლებსაც სახსრების პრობლემა არ აქვს. მაგრამ, იხტიბარს არც მე გავიტეხ. თვითონ პრუსტის რომანს იწუნებდნენ და მსოფლიოს საუკეთესო რომანისტმა პირველი ტომი საკუთარი ხარჯით გამოსცა. ეგეც არ იყოს, ჩემი თარგმანი შეიძლება მოიწონოს მან, ვისი აზრიც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მკითხველმა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩემი თავდაჯერება, გარკვეულწილად, შეირყა. ხელი ჩავიქნიე თქვენზეც, გამომცემლებო, და თქვენზეც, მკითხველო. აღარ ვაპირებ, თავი მოგაწონოთ. აღარ მაინტერესებთ. პრინციპში, არც არასდროს უნდა გაინტერესებდეს. შენ უნდა თარგმნო ისე, როგორც სწორად მიგაჩნია და თუ ეს მთარგმნელობითი სკოლის ელიტას ან მკითხველს არ მოეწონება, ეს მისი საქმეა. თუ ჩემს არგუმენტებს გაიზიარებთ, მაშინ, ჩემი შემოთავაზება იქნება, რომ მისწეროთ გამომცემლობებს, რომლებსაც საჭიროდ ჩათვლით, რომ მოგწონთ ეს თარგმანი და გსურთ წიგნად იხილოთ, რადგან ზოგიერთ გამომცემლობას მოსწონს, მაგრამ ფიქრობს, რომ პრუსტს მკითხველი არ ეყოლება, ხოლო ზოგიერთს არ მოსწონს და თქვენი შეხედულება მტკიცებულება იქნება მისი ღირსებებისა. გარდა ამისა, რაც თარგმნილია, სხვადასხვა მთარგმნელების მიერაა თარგმნილი, სხვადასხვა ენით. ჩემი აზრით, ერთი მთარგმნელი უმჯობესია, რომ მკითხველი არ დაიბნეს, არა მხოლოდ სტილის გამო, არამედ განსხვავებული მთარგმნელები განსხვავებულ სიტყვებს იყენებენ ერთი და იმავე რამის აღსანიშნად და მკითხველი ზოგჯერ ვეღარ გაიხსენებს წინა ტომებში წაკითხულს. აი, არგუმენტები, რომელთა გამოც არსებული თარგმანები დავიწუნე (პირველ ტომს მადლენის ეპიზოდამდე გადავხედე, მეორე ტომი არც გადამიშლია, სათაურის გამო):
მადლენის ეპიზოდის დასაწყისში:
Qui est-il? Il ne le sait plus, et il ne le sai plus, parce qu’il a perdu le moyen de relier le lieu et le moment ...
"ვინ არის ის? უკვე აღარ იცის, და აღარ იცის იმიტომ, რომ მას უკვე აღარ ძალუძს (დაკარგა საშუალება - ფრანგულში ზმნა "დაკარგვა", რომელიც რომანის სათაურში ჟღერს) დააკავშიროს ადგილი და წუთი, რომელშიც ის ცხოვრობს, მისი ცხოვრების სხვა ადგილებთან და წუთებთან.
მაშასადამე, მთხრობელმა (წიგნში) არ იცის ვინ არის, რადგან, არ იცის სად არის.
... auquel la résurrection était liée, en vertu d’un pacte magique que je ne savais pas
აღდგომაში ა რას ნიშნავს? ა ნიშნავს ქვემოდან ზემოთ მოძრაობას. სწორად ამიტომ ვთარგმნე მე, ამოვიდა ჩაის ფინჯნიდან-მეთქი.
მეტად გონივრულად მიმაჩნია კელტური რწმენა, რომ მათი სულები, ვინც დავკარგეთ, გამომწყვდეულნი არიან დაბალ საფეხურზე მდგომ რომელიღაც არსებაში, ცხოველში, მცენარეში, უსულო საგანში, არსებითად დაკარგულნი ჩვენთვის იმ დღემდე, რომელიც ბევრისათვის საერთოდაც არ დგება, როცა იმ ხის გვერდით აღმოვჩნდებით, იმ საგნის მფლობელნი გავხდებით, რომელიც მათი საპყრობილეა. შემდეგ ისინი ათრთოლდებიან, გვეძახიან, და როგორც კი მათ ვიცნობთ, ჯადო მოხსნილია - სიკვდილს სძლიეს და ბრუნდებიან, რათა ჩვენთან ერთად იცოცხლონ.
Ihr bringt mit euch die Bilder froher Tage,
Und manche liebe Schatten steigen auf;მადლენის ეპიზოდშივე:
ჩემს სიტყვებს ასევე ადასტურებს ეს ფრაზები სენტ-ბიოვიდან. მწერალი ერთთავად მკვდარ საათებზე, მკვდარ დღეებზე ლაპარაკობს. ჯერ მხოლოდ „სენტ-ბიოვის წინააღმდეგ“ შესავალში:
Il y avait grande chance pour qu’ils restent à jamais morts pour moi. Leur résurrection a tenu, comme toutes les résurrections, à un simple hasard.
chaque heure de notre vie, aussitôt morte, s’incarne et se cache en quelque objet matériel
les heures mortes
De même bien des journées de Venise que l’intelligence n’avait pu me rendre étaient mortes pour moi
A l’ombre des jeunes filles en fleurs სიტყვასიტყვით ეს არის „აყვავებული (ახალგაზრდა) ქალიშვილების ჩრდილში“, თუმცა შეიძლება ითარგმნოს როგორც "ახლად გაფურჩქნილი ქალიშვილების ჩრდილში" en fleurs - ნიშნავს გაყვავებული, აყვავებული, in bloom, მართლაც, ინგლისურად თარგმანი In the shadow of young girls in flower. წინა ინგლისური თარგმანი უფრო ხატოვანი იყო, მაშასადამე, არაზუსტი, Within a budding grove, რაც შეცვალეს, რადგან ნიშნავდა „დაკვირტულ-შეკოკრილ ტყეში“. არცერთ თარგმანში „ყვავილი“, „ყვავილობა“ დაკარგული არაა. მხოლოდ ქართულში.
ერთი ჩემი ნაცნობი პრუსტზე მუშაობს, ხოდა აი ასეთ რამეს წერს:
The girls’ importance is underscored by the literal title of the second volume… in French it reads “In the Shadow of Girls in Blossom.” The implied botanical metaphor signif ies rather ironically how the narrator views his meeting the girl-f lowers: he is drawn to them like a bee to sweet nectar [როგორც მახსოვს, პრუსტს ეს არსად არ უთქვამს. მსგავს რამეს ამბობს მხოლოდ მ-ელ სტერმარიაზე საუბრისას, ვინც ალბერტინას მეგობარი არაა]. Proust’s ironic use of biology points up an ongoing aspect of the narrator’s education, for as he meets Andre, Albertine, and their friends, the blossoming girls act on the narrator by drawing him in one direction and then another. Whatever be the poetic states the boy may project upon them, biology is never excluded as a prime mover in Proust’s universe.
მეჩვენებოდა, რომ ნამდვილად მხოლოდ მაშინ შევძლებდი მის [მ-ელ სტერმარიას] დაუფლებას, როცა ჩემი ფეხით მოვივლიდი ამ ადგილებს, სადაც ის ამდენი მოგონებით იყო გარშემორტყმული - საბურველით, რომლის ჩამოფხრეწაც ასე ეწადა ჩემს სურვილს და რომელიც ერთ-ერთია იმ საბურველთაგან, ბუნება ქალსა და ზოგიერთთა შორის რომ ჩამოაფარებს ხოლმე (იმავე განზრახვით, რომლითაც ის ყველასთვის გამრავლების აქტს მათსა და ყველაზე უფრო ცხოველ სიამოვნებას შორის ათავსებს, ხოლო მწერებში, სანამ ნექტარამდე მიაღწევს - ყვავილის მტვერს, რომელიც თან უნდა წაიღონ), იმისთვის რომ, ამგვარად უფრო სრული დაუფლების ილუზიით, აიძულოს ისინი, პირველ რიგში ის პეიზაჟები ჩაიგდონ ხელში, რომელთა გარემოცვაში ქალი ცხოვრობს და რომლებიც, თუმცაღა კიდევ უფრო გამოსადეგნი წარმოსახვისთვის, ვიდრე თავად სხეულებრივი სიამოვნება, მაინც არ იქნებოდა საკმარისი სიამოვნების გარეშე მათ მისაზიდად.
და ამგვარად, ვინაიდან მოლოდინი სიამოვნებისა, რომელსაც ახალ ქალიშვილში ვიპოვიდი, სხვა ქალიშვილისაგან მოდიოდა, ვისი მეშვეობითაც ის გავიცანი, უკანასკნელი ქალიშვილი ვარდის იმ სახეობას მიაგავდა, მეორე ჯიშის ვარდისგან რომ იღებენ. და როდესაც ერთი გვირგვინიდან მეორეზე გადავდიოდი ყვავილების ამ ჯაჭვზე, ახალი სიამოვნების წადილი მაბრუნებდა იმასთან, რომლითაც დავიწყე და სხვების აღმოჩენას ვუმადლოდი, გამსჭვალული მადლიერებით, რასაც თან ერთვოდა როგორც სურვილი, ისე ახალი იმედი. მალე მთელ დღეებს ამ ქალიშვილებთან ერთად ვატარებდი.
ვაი, რომ! სულ ახალგამონასკვილ ყვავილშიც კი შესაძლებელია გავარჩიოთ შეუმჩნეველი წერტილები, რომლებიც გაწაფულ გონებას უკვე უხატავენ იმას, რაც მომავალში გაყვავილებული ხორცის გამოშრობითა [დააჭკნობს რაც ყვავილს ჰგავდა] და ნაყოფის გამოსხმის შედეგად უცვლელ ფორმად გადაიქცევა
„მეწვიეთ, გაუწიეთ კომპანიონობა თქვენს მოხუც მეგობარს, - მითხრა მან. - როგორც თაიგული, მოგზაური რომ გვიგზავნის ქვეყნიდან, სადაც აღარ დავბრუნდებით, ნება მიბოძეთ, თქვენი ყმაწვილობის შორეთიდან მოტანილი გაზაფხულის ის ყვავილები დავყნოსო, რომელთა შორისაც ერთ დროს მეც გამივლია. (კომბრე)
ზოგადად ახალგაზრდობა ადამიანთა (პოეტურ) წარმოდგენაში ყვავილობის ხანას უკავშირდება. The flower of youth, though it is the best of life… the greater part of life is a wilting away. (Leopardi)
ეგეც არ იყოს, როდესაც დასვენებისა და საზოგადოებაში ყოფნის შუალედები დამჭირდებოდა, ვგრძნობდი, ინტელექტუალურ საუბრებზე უფრო, რომლებიც მაღალი წრის ხალხს მწერლებისთვის სასარგებლო ჰგონია, აყვავებულ ქალიშვილებთან მსუბუქი სასიყვარულო თავგადასავლები რჩეული საკვები იქნებოდა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში მივაწვდიდი ჩემს წარმოსახვას იმ ცნობილი ცხენის მსგავსად, მხოლოდ ვარდებით რომ კვებავდნენ. (ნაპოვნი დრო)
პრუსტი პრუსტად და en fleurs, ასე მარტივი და ყოველდღიური სიტყვები, რანაირად უნდა იქცეს „შეღერებულად“, სიტყვად, რომელიც ქართულ ენაზე მოსაუბრე ადამიანთა უდიდეს უმრავლესობას არასდროს არ წაუკითხავს, გაგონებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
როდესაც ლაპარაკობდა ალბერტინას ლოყებს ვუყურებდი და ვფიქრობდი, ნეტავ როგორი უნდა ყოფილიყო მათი სურნელი, გემო: იმ დღეს, ის ისეთი ქორფა აღარ იყო, მაგრამ პრიალა და გადატკეცილი, როგორც ერთგვაროვანი ვარდისფერი, იისფერ-რძისფერად შეფერილი, როგორც ცვილივით მბზინვარე ზოგიერთი ვარდი. მისი ლოყებისადმი ძლიერი ლტოლვა ვიგრძენი, როგორც ზოგჯერ რაიმე ყვავილი მიგვიზიდავს ხოლმე.
„შეღერებული“ სრულიად შეუფერებელია. ის უფრო „ტანის აყრას“ გულისხმობს და როგორც განმარტებითი ლექსიკონი ამბობს, „შეღერებული“ მიემართება როგორც ყმაწვილკაცს, ისე ყმაწვილქალს, რადგან ტანი ერთმაც შეიძლება აიყაროს, და მეორემაც. გაგახსენებ, რომ შეღერებული მოდის „ღეროდან“. თავისთავად „ღერო“ მიმზიდველი არაა. ყოველ შემთხვევაში, ამ მთხრობელისთვის. მაშასადამე, არა მხოლოდ ის არაა, რამაც უნდა მიიზიდოს, არამედ არც ის, რაც უნდა მოსწყვიტოს (დეფლორაცია - ამაზე შემდგომ ტომებში საუბრობს), ყვავილი.
იმავდროულად, (გ)აყვავებული ქალიშვილები შეიძლება ვაგნერის „ყვავილა ქალიშვილებზეც“ იყოს ალუზია. მაშასადამე, არა მხოლოდ ყვავილებით მიზიდული ნესტრიანი ფუტკრის მეტაფორა იკარგება, არამედ ხელოვნების კიდევ ერთ ნაწარმოებზე გადაძახილი.
ვაგნერთან ალუზიის დაკარგვას კაცი აიტანდა, მაგრამ არა მწერლის შინაგანი ხედვისას. მას კი ყველგან ყვავილები ელანდება. ერთგან, მეექვსე ტომში, ამბობს
„ვუყურებდი ქალიშვილებს, რომლებითაც ეს ლამაზი დღე ყვაოდა, უთვალავ ყვავილს,“
იმავე ტომში:
ვიცოდი, რომ იმათი ახალგაზრდობა, რომლებსაც მე ვიცნობდი, მხოლოდ ჩემს მგზნებარე მოგონებებში არსებობდა, და რომ, რაც არ უნდა მდომოდა მათი მიწვდომა, როდესაც მეხსიერება მათ წარმომიდგენდა, თვითონ ისინი არ უნდა მომეკრიფა, თუ ნამდვილად მინდოდა წლის ახალგაზრდობისა და ყვავილის მოსავალი ამეღო.[დეფლორაცია]
მეხუთე ტომში:
პარიზში ჩემი ბუხრის კუთხეში ჩამომჯდარი ალბერტინას ხიბლში ჯერ კიდევ ცოცხლობდა სურვილი, რომელიც ამაყმა და ყვავილოვანმა პროცესიამ აღმიძრა,
ისინი უკვე ჩემს ახირებებს ემორჩილებოდნენ და უბრალოდ მოყვავილე ქალიშვილები გახდნენ და პატარათი როდი მეამაყებოდა, რომ მოვწყვიტე და ყველასგან გადავმალე მათგან უმშვენიერესი ვარდი.[დეფლორაციის უფრო თვალსაჩინო მაგალითი]
ჩემი სიამოვნება, რომ ალბერტინა სახლში მყოლოდა, ბევრად უფრო ნაკლებად იყო სიამოვნება, როგორც ასეთი, ვიდრე განცდა, რომელსაც ის ფაქტი მანიჭებდა, რომ მთელ სამყაროს მოვაშორე, სადაც ნებისმიერს შეეძლო მისით ესიამოვნა, როცა მისი ჯერი მოვიდოდა, რომ ეს ყვავილა გოგონა, ვინც, დიდ სიამოვნებას არ მანიჭებდა, სხვებს ვეღარ ასიამოვნებდა. პატივმოყვარეობა, დიდება გულგრილს დამტოვებდა. მითუმეტეს უცხო იყო ჩემთვის სიძულვილი. თუმცაღა ხორციელი სიყვარული მაინც მრავალ მეტოქეზე გამარჯვება გახლდათ ჩემთვის. არ დავიღლები გამეორებით, რომ ჩემთვის ეს უპირველეს ყოვლისა დამშვიდებას ნიშნავდა.
No comments:
Post a Comment