Tuesday, February 7, 2017

მამარდაშვილის ლექციები პრუსტზე - "ცნობიერების ტოპოლოგია"

მამარდაშვილის ლექციები პრუსტზე ბევრისთვის იყო ის ბიძგი, რაც გჭირდება, რომ დაიწყო პრუსტის კითხვა. მათგან უმეტესობა, ისედაც წაიკითხავდა, მხოლოდ, ერთი ისაა, მამარდაშვილმა ისინი დააჩქარა და კიდევ უფრო განაწყო და შეამზადა, როგორც თითონ უყვარდა თქმა, "მოამწიფა". ხოლო ყველამ, ვინც პრუსტის კითხვა დაიწყო, აღარ დაამთავრა: 1. აღარ დაამთავრა, რადგან, როგორც ჩანს, "შეხვედრა არ შედგა" და წიგნი გვერდზე გადადო. 2. აღარ დაამთავრა, რადგან, იგი პრუსტს ისევ კითხულობს.

მამარდაშვილი იმ მოაზროვნეებს განეკუთვნება, რომელაც მიაჩნიათ, რომ ადამიანი თავად უნდა იყოს თავისი თავის მამა და შვილი. ომ არავის შეუძლია შენს მაგივრად იცხოვროს, შენს მაგივრად იაზროვნოს და შენს მაგივრად მოიპოვოს ჭეშმარიტება. ე.ი. არავის შეუძლია გასწავლოს. მამარდაშვილისთვისაც, როგორც პრუსტისთვის, ამ სახის ცოდნის გადაცემა, შეუძლებელია. ანტიკურ ფილოსოფიაზე ლექციებში იგი საუბრობს მეხსიერებაზე, „მეხსიერების პრობლემა მდგომარეობის არა იმაში, რომ გაიხსენო რაღაც საგნები, არამედ იმაში, რომ შექმნა რაიმე, რათა გაიხსენო.  არა გახსოვდეს, რათა შექმნა, არამედ შექმნა, რათა გახსოვდეს, ააშენო, მათ შორის ის „მე“, რომელიც განსხვავდება მწერლის „მე“-სგან, როგორც ფსიქოლოგიური პერსონაჟისგან: ის „მე“, რომელიც იგება რომანის სივრცეში, მისი წერის დროს. სწორედ მაშინ, მისი გადაჯაჭვულობით რომანი შეაღებს სივრცეს, რომელშიაც აინთება, გამოჩნდება მოგონებები. შექმნა - რათა გაიხსენო და იმუშაო.“ ჩვენ ვნახეთ, რომ პრუსტი ხელოვნების, ლიტერატურის საშუალებით, მოახერხებს, რომ „შეაღოს სივრცე რომელშიაც აინთება მოგონებები“. მაგრამ სანამ მოგონებები აინთება, მანამდე, როგორც სპექტაკლის დაწყების წინ, შუქი უნდა ჩაქრეს. იკითხავთ, ეს მოგონებები რაღა შუაშიაო - პრუსტს სჯეროდა, რომ ხელოვნების, ლიტერატურის წყარო საკუთარი ცხოვრებაა, „თუ გინდა დიდი მხატვარი გახდე, საკუთარ ცხოვრებას უნდა გადაავლო თვალი“. საკუთარ ცხოვრებას საკუთარი თვალი. ამიტომაც, რათა გაიხსენო, გჭირდება სიმშვიდე, მყუდროება, სხვების ხმაურისგან და აზრებისგან გვერდზე გასვლა. ერთი სიტყვით, გჭირდება, რაც არ უნდა გასაკვირი იყო, „ბნელი, სიბნელე, სინათლის შეუღწევლობა“. სხვათა შორის, ის ოთახი, რომელშიაც პრუსტი თავის რომანს წერდა, რეალური და ფიზიკური ანალოგი იყო ამ „სიბნელის მომენტისა“. პრუსტი დაბრუნებულ დროში ამბობს: „ნამდვილი წიგნები დღის სინათლისა და საუბრის შვილები კი არ უნდა იყვნენ,  არამედ სიბნელისა და სიჩუმის.“  (“les vrais livres doivent être les enfants non du grand jour et de la causerie mais de l’obscurité et du silence.”) მამარდაშვილი ზემოთ ახსენებს სიტყვა „შენებას“, პრუსტი თავისი მოგონებებით, სადაც ცენტრალურ როლს უნებლიე მოგონებები თამაშობს, თავისი „ცხოვრების მატერიით“ აშენებს რომანს, ამგვარად იგი ცხოვრებას აქცევს ხელოვნებად და, შესაბამისად, ნამდვილ ცხოვრებად.


მამარდაშვილის ეს ლექციები, წარმოადგენს არა მხოლოდ წიგნს, რომელმაც მარსელ პრუსტით შეიძლება დაგაინტერესოს, არამედ მისი რომანის და ცალკეული თემების საინტერესო ინტერპრეტაციას, სადაც ავტორი ახერხებს, ხელშესახები და ნათელი პარალელები გაავლოს ფილოსოფიურ საკითხებთან, რომლებიც ყოველთვის დგას არაფილოსოფოსის წინაშეც და რომლებზე საუბრისასაც არაერთ მნიშვნელოვან ამბავს, ადამიანს, ფილოსოფოსს, პოეტს თუ მწერალს შეხვდებით. 

No comments:

Post a Comment