ამ გვერდზე გაიგებთ:
- ვინ არის ამ ბლოგისა და თარგმანის ავტორი
- როდის დაასრულებს თარგმნას
- რომ არსებობს სხვა თარგმანები და გირჩევთ, წაიკითხოთ ისინი, თუ, მაგალითად, ინგლისური ან გერმანული არ იცით, რადგან ჩემს თარგმანს უკვე ვეღარ წაიკითხავთ, რადგან მივხვდი, რომ ბლოგზე გამოქვეყნებით ვქმნიდი შთაბეჭდილებას, რომ ჩემი თარგმანი არ ვარგა. შესაძლოა ისინი უკეთესი ქართულით იყოს შესრულებული და არსებობდეს სხვა უშუალოდ ტექსტთან დაკავშირებული შინაარსობრივი არგუმენტები, რომლებიც ბევრად უფრო საფუძვლიანია, ვიდრე ისინი, რომელთა გამოც მე ეს თარგმანები დავიწუნე ან უვიცობის ან ეგოისტური სიბრმავის გამო. მაგრამ, ვინაიდან ეს უკანასკნელი გონებას ვერ დაგიბნელებთ (აბა, ჩემს ეგოიზმს თქვენს გონებასთან რა ხელი აქვს?!), თავად განსაჯეთ ვცდები თუ არა. ერთი სიტყვით, მე ჩემს აზრს თავს არ გახვევთ, ვუშვებ შესაძლებლობას, ფსიქოლოგიური თუ ფაქტობრივი მიზეზების გამო ვცდებოდე და მოგიწოდებთ გაერთიანებისკენ, სიმშვიდისკენ და ყველა სხვა სათნოებისკენ
პრუსტის თარგმნა 2016 წელს დავიწყე, ხოლო 2017 წლის იანვარში ბლოგზე გამოვაქვეყნე, ჯერ კიდევ მანამ, სანამ დიოგენე ჩემს მიერ თარგმნილ ჩორანს გამოსცემდა. თარგმნა დავიწყე იმიტომ, რომ პრუსტი ქართულად ნათარგმნი არ იყო. თუ მეტყვით, რომ აბა მეოთხე ტომი რომ გამოსცეს მანამდეო? მერე რა გგონიათ, როდესაც წიგნის გამოქვეყნებას შუა რომანიდან იწყებ, როდესაც თარგმნი ზუსტად იმ ტომს, რომელიც უნივერსალური მნიშვნელობის ნაწარმოებს ვიწრო კუთხით წარმოგიდგენს (სწორედ ამის გამო იყო, რომ ილიამ აკაკი გამოლანძღა), თითქოს პრუსტი „ასეთი რამეების“ მწერალი იყოს, როდესაც წიგნის უკანა ყდაზე კითხულობ, რომ თურმე რომანს „მიმქრალი დროის ძიებაში“ ჰქვია (თუ არასწორად მახსოვს, შემისწორეთ), როდესაც პრეზენტაციაზე თანაავტორი ამბობს (ერთ ტომზე სამი მთარგმნელი მუშაობდა!), რომ თარგმნას ვერ ასწრებდნენო და ბოლო ნაწილი მე ვთარგმნეო (ვერ ასწრებდნენ? ე.ი. მიფუჩეჩებულია.), როგორი შთაბეჭდილება უნდა შეგექმნას? ხოდა გადავწყვიტე, თვითონ მეთარგმნა. 2017 წლის ზაფხულში აღმოვაჩინე, რომ პირველი ტომი გამოუცია სხვა გამომცემლობას. რომ გადავშალე, მყისვე დავრწმუნდი, რომ თარგმნა უნდა გამეგრძელებინა. თუ რატომ, ამას ცოტა ხანში ნახავთ, არგუმენტები არ დაახანებს. მხოლოდ იმას შევნიშნავ, რომ მე სხვანაირ პრუსტს ვიცნობდი. „ნაპოვნ დროზე“ ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ როგორც მახსოვს ის გამოსცა გამომცემლობამ, რომელმაც სახელი გაიტეხა იმით, რომ სახელი გაუტეხა პრუსტს, რადგან როგორც ვთქვით, შუქი მიანათა იქ, სადაც არ უნდა მიენათებინა. თან მე უკვე დარწმუნებული ვიყავი საკუთარ ძალებში და თვითონ ვთარგმნიდი პრუსტს, სხვები რას აკეთებდნენ, არ მაინტერესებდა. მე მგონი, არ შევმცდარვარ, რადგან იმავე გამომცემლობამ (?) და იმავე მთარგმნელმა (?) ისევ გამოსცეს პრუსტი, „შეღერებული ქალიშვილების ჩრდილში“, რაც შეცდომაა, რომლის მსგავს შეცდომასაც ნებისმიერს ვაპატიებ, მაგრამ ჩემს შთაბეჭდილებას ამყარებს. რატომ არის შეცდომა „შეღერებული“? რადგან სათაურში უნდა ჟღერდეს რაღაც ისეთი სიტყვა, რომელიც „ყვავილს“ მოგვაგონებს, მაგალითად, „აყვავებული“, სწორედ ამას ნიშნავს en fleurs. „აყვავებული ქალიშვილების ჩრდილში“. მე როგორც ვხვდები, მთარგმნელმა მიიღო უკვე არსებული აზრი იმაზე, რომ წიგნს უნდა ერქვას „შეღერებული ქალიშვილების ჩრდილში“, მაგრამ ვის მოუვიდა ის თავში? რადგან ეს სათაური ამ წიგნის გამოცემამდეც არსებობდა. სიტყვა fleur შეიძლება ყოველდღე გაიგონო ფრანგულში, ისევე როგორც ქართულში. გავიგონო, რას ჰქვიაო, მეტყვი, ეგ კი არა, დღეს შეყვარებულმა ყვავილები მომართვაო. ყვავილი ყოველდღიური სიტყვაა. თუ არ გაიგონებ, წაიკითხავ მაინც. მაგრამ ბოლოს როდის გაიგონეთ „შეღერებული“? ან გაგეგონათ მანამდე, სანამ არ გაიგებდით, რომ პრუსტის წიგნს თურმე „შეღერებული ქალიშვილების ჩრდილში“ ჰქვია? ან რას ნიშნავს, იცით? მე არ ვიცოდი, არც მაინტერესებდა. აი, დღეს ვნახე, მხოლოდ იმიტომ, რომ რამე სიბრიყვე არ დავახეთქო-მეთქი. თუმცა ვხვდებოდი, ღეროს უკავშირდებოდა. ხოდა აღმოვაჩინე, რომ ასეც ყოფილა, და „დაქალებულს“ ნიშნავს. მაგრამ ყვავილი სადაა? ყვავილი კი აუცილებელია „დეფლორაციისათვის“, რაზეც შემდგომ ტომებში პრუსტი ლაპარაკობს. ხოლო მეხუთე ტომში თავის მეგობარ გოგოზე ამბობს, რომ ბალბეკის პლაჟზე უმშვენიერესი ვარდი მოწყვიტა. პრუსტის ბიოგრაფი ტადიეს აზრით, სრულიად შესაძლებელია, რომ პრუსტის შთაგონების წყარო ვაგნერის „ყვავილა გოგონები“ ყოფილიყვნენ, სწორედ ასეა ქართულად ნათარგმნი ვაგნერის ოპერის ერთ-ერთი პასაჟი, როგორც ჩემი სავარაუდო რედაქტორი მეუბნება. მაგრამ მე ყვავილა გოგონებით არ ვთარგმნი, არამედ, მარტივად „აყვავებული ქალიშვილების ჩრდილში“ (ჰერ გიტარისტო, გერმანული სათაური ნანახი გაქვს? მერე მანდ Blumenmädchen არი სადმე? ან ინგლისურებში Flowermaidens ან Flower-girls?), და მერე ჩვენ რომელი წითელი გოჭები ვართ, რომ ჩვენ ვთარგმნოთ ყვავილა გოგოებად? და თუ შენ მეტყვი, რომ „აყვავებული ქალიშვილები“ უცნაურად ჟღერსო, მე "ჟღერს" არ მაინტერესებს, მე მაინტერესებს აზრი).
აქვე დავამატებ, რომ თუ ვისმეს ჩემი თარგმანი არ მოეწონება, წაიკითხეთ ამ მთარგმნელების მიერ თარგმნილი პრუსტი, შესაძლოა მათი ქართული უფრო ქართულია (თუმცა როგორ მოხდა, რომ ინგლისურად, გერმანულად, ესპანურად ზუსტად თარგმნიან, ხოლო ქართული ვერ ახერხებს სიზუსტის შენარჩუნებას?), ყოველ შემთხვევაში, შესაძლოა მათი ქართული ის ქართულია, რაც ქართველ მკითხველს უნდა. თუ მაინც არ მოგეწონებათ, წაიკითხეთ უცხო ენაზე, მაგრამ თუ არც უცხო ენაზე მოგეწონებათ, ესე იგი, პრუსტი თქვენი ავტორი არ ყოფილა ან ჯერ არ არის.).
თუ ხელოვნება მნიშვნელოვანია, ეს გენიალური ქმნილება უნდა ითარგმნოს და უნდა ითარგმნოს საკადრისად. მაგრამ საკადრისად რომ ითარგმნოს, ჩემი მოკლე ჭკუით მგონია, რომ ის ერთმა ადამიანმა უნდა თარგმნოს, ყველა ტომი, რათა მწერალმა ერთ ტომში ასე არ იმეტყველოს, მეორეში - ისე. ისე რომ, საბოლოო ჯამში შეიძლება ერთ რომანში შვიდი განსხვავებული პრუსტი მივიღოთ, რადგან ყველა მთარგმნელი განსხვავებული ფილოსოფიით და რესურსით თარგმნის.
ახლა წავიკითხოთ შენიშვნები. თავად განსაჯეთ, მართალი ვარ თუ არა. ხოლო თუ ვინმე ჩემს მსჯელობაში შეცდომას დაინახავს, მიმითითოს. ამით, პირიქით, მარგებს და შესაძლებლობას მომცემს, არ ვამტკიცო უაზრობა და თავი არ შევირცხვინო. ეგ კი არადა, თუნდაც ეს შენიშვნები სწორი იყოს, შეიძლება არსებობდეს სხვა უფრო მნიშვნელოვანი არგუმენტები, რომლებსაც მე ვერ ვხედავ და რომელთა გამოც ეს თარგმანები უკეთესია. მე მინდა ვუთხრა მათ: ნუ უყურებთ იმას, რომ ზოგიერთი იწუნებს თქვენს თარგმანს. ხომ გაგიგიათ, „ძაღლები ყეფენ, ქარავანი მიდის“. ხოდა, გააგრძელოს თქვენმა ქარავანმა სვლა. განაგრძეთ თარგმანი, თარგმნეთ ყველა ტომი. თუ თქვენს თავში დარწმუნებული ხართ, თუ თქვენ გაქვთ თქვენი არგუმენტები. ამასობაში, მე დავასრულებ თარგმნას და შევეცდები, რომ ჩემს მიერ თარგმნილი პრუსტი დედანთან ისევე ახლოს იყოს, როგორც მინახავს, რომ შესაძლებელია. უბრალოდ, თუ მე ამ საკითხებში სწორი ვარ, ეს მაძლევს საფუძველს, ვივარაუდო, რომ სხვა მნიშვნელოვანი მომენტებიც მესმის, რომ ავტორის ფილოსოფია უცხო არ არის ჩემთვის, რომ პრუსტი საიმედო ხელშია. თარგმნას მოვრჩები ამ ზაფხულს. უახლოეს წლებში ვსრულყოფ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჰონორარს მომცემთ, რომ მთელი ჩემი სამუშაო დრო და ენერგია თარგმნას მოვახმარო. თუ არადა რამდენიმე ათწლეულში. მაგრამ რომ დავასრულებ და სრულვყოფ, ამაში ნურავის შეეპარება ეჭვი. მაგრამ ჩემს შვილიშვილებს ანდერძად დავუტოვებ, რომ თარგმანი მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოაქვეყნონ, თუ შესაბამის გასამრჯელოს მიიღებენ.
1.
მადლენის ეპიზოდის დასაწყისში:
Il y a beaucoup de hasard en tout ceci, et un second hasard, celui de notre mort, souvent ne nous permet pas d’attendre longtemps les faveurs du premier.
(აქ იგულისხმება, „ვიპოვით თუ არა", „შევხვდებით თუ არა“ ჩვენი ცხოვრების გადამწყვეტ ადამიანს, გადამწყვეტ წუთს): „ამ ყველაფერში ბევრია შემთხვევითობა, და მეორენაირი შემთხვევითობა, რასაც ჩვენი სიკვდილი ჰქვია, ხშირად არც უშვებს, დიდხანს ველოდოთ პირველის წყალობას.“
ერთი სიტყვით, როგორც რილკე იტყოდა: "ო, უფალო, მიეცი ყოველს საკუთარი სიკვდილი" "O Herr, gib jedem seinen eignen Tod". ან როგორც თვითონ პრუსტი ამბობს ერთგან J'entends par là la mort particulière, la mort envoyée par le destin. პრუსტი ლაპარაკობს კონკრეტულ სიკვდილზე, il y en a presque autant que de personnes, „სიკვდილი თითქმის იმდენია, რამდენიც ადამიანი“.
არავის მოსვლია თავში აზრად, (თუ არ ჩავთვლით ლიუბიმოვს, რომელიც სხვაგანაც ზედაპირულად უდგება პრუსტს) სიტყვა „ჩვენი“ ამოეგდო წინადადებიდან, არც ერთ ინგლისელ-ამერიკელს that of our own death, არცერთ გერმანელს, იგივე ითქმის ახალ რუსულ თარგმანზეც. აგრეთვე ესპანურზეც: En este entra el azar por mucho, y un segundo azar, el de nuestra muerte, ... ე.ი. არავის. უფრო მეტიც, ვთქვათ და სულ ყველას ამოეგდო, ჩვენ უნდა დაგვეტოვებინა „ჩვენი“, ვინაიდან პრუსტი ჩვენს სიკვდილზე ამახვილებს ყურადღებას (რათა უშუალოდ ვიგრძნოთ ჩვენი სიცოცხლის უნიკალურობა და ფასი) და არა ზოგად, აბსტრაქტულ სიკვდილზე. ამის წამკითხველი მესიე ბლანშო ხელმეორედ მოკვდებოდა, რომელმაც მთელი წიგნი დაწერა ამ სიტყვაზე. ჩვენ ყველას ჩვენი სიკვდილი გვაქვს და არა ზოგადად სიკვდილი და პრუსტი ამ ჩვენს სიკვდილზე ლაპარაკობს. აგრეთვე, ყურადღება მიაქციეთ, რომანი პირველ პირშია დაწერილი, და ხშირად ჟღერს ასევე სიტყვა "ჩვენი", რათა ავტორი მკითხველთან მივიდეს. უთხრას, რომ ეს გამოცდილება მისიცაა, სწორედ ამის გამოა, რომ რომანის მთავარ გმირს სახელი არ ჰქვია, სახელი არ ჰქვია არც მამას, არც დედას.
2. სადღაც მესამე გვერდზე პრუსტი წერს:
Un homme qui dort tient en cercle autour de lui le fil des heures, l’ordre des années et des mondes.
ეს ასე მაქვს ნათარგმნი:
მძინარე ადამიანი სარტყელად იკრებს საათების მსვლელობას, წლებისა და სამყაროების წესრიგს.
აი, რას წერს ყმაწვილი მარსელი მოთხრობაში "გლავკოსი" „Je suis le centre des choses" - მე საგნების (საგანთა, ყოვლის, სამყაროს) ცენტრი ვარ. ამაზე ტადიე გვეუბნება: ეს კომბრეს პირველი გვერდების მძინარე ადამიანია, გადაჯაჭვული სამყაროები რომ უპყრია ხელთ - c'est l'homme qui dort, du début de "Combray", qui tient enchaînés les mondes.
როგორც არ უნდა ვთარგმნოთ ეს სიტყვა, ერთი რამ აუცილებლად უნდა გამოვკვეთოთ. მძინარე ადამიანი ინერტული, უმოქმედო მსხვერპლი კი არ არის, არამედ "მოქმედია". კოსმოსური ობიექტები, მათ შორის, ადამიანი, როგორც კოსმიური სხეული, როგორც „ადგილი“, როგორც (სიმძიმის) ცენტრი, მიზიდულობის (გრავიტაციის) აღმომცენებელი, იმყოფება (პირველ რიგში სულიერ) სამყაროში და თავის გარშემო იკრებს საგნებს (საგანთა მნიშვნელობებს) და მათ თავისად აქცევს (თავისი რაობის, მეობის, არსობის ნაწილად). ასე მაგალითად, მარსელის ოთახი (და საგნები მასში) მხოლოდ ოთახი არაა, ის თვითონაა, მისი გაგრძელება. დღეები, წლები გაბნეული კი არაა, არამედ ისევ მასთანაა, მისი არსებობის თანმდევია, თანამგზავრია, მის ორბიტაზე ტრიალებს. წარმოიდგინეთ სატურნი. მის გარშემო მბრუნავი ნაწილაკები ცხოვრების ის წუთები, მოვლენები და საგნებია, რომლებიც ჩვენი მეობის თანმდევ და შეიძლება ითქვას შემადგენელ ნაწილებად იქცა. სიტყვა tient, (უჭირავს, ხელთ უპყრია, მის განკარგულებაშია) ნიშნავს, მიგვანიშნებს, რომ ამ ადამიანს, თუმცაღა სძინავს, როგორც სამყაროს ნამდვილ წევრს, კავშირი არ დაუკარგავს სამყაროსთან. ავტორის ფილოსოფიაა აშკარაა, რასაც ამ აბაზაცის ბოლოც ადასტურებს. პრუსტის საყვარელი სიტყვით რომ ვთქვათ, ის თავისებურად „მუშაობს.“ მარკუს ავრელიუსი ამბობს: „ალბათ, ამიტომ ამბობს ჰერაკლიტე, რომ თვით მძინარენიც მუშაკობენ და ხელს უწყობენ სამყაროულ ყოვლისქმნადობას.“ καὶ τοὺς καθεύδοντας, οἶμαι, ὁ Ἡράκλειτος ἐργάτας εἶναι λέγει καὶ συνεργοὺς τῶν ἐν τῷ κόσμῳ γινομένων. (6,42) „même en dormant, comme le disait, je crois, Héraclite on travaille et l’on coopère à ce qui se passe dans le monde. Comme le disait, je crois, Héraclite.“ Cette pensée ne se retrouve pas précisément dans les fragments qui nous restent d’Héraclite ; Héraclite est un des premiers qui aient reconnu et proclamé l’harmonie de l’univers et son unité admirable. სხვა ფრანგული თარგმანი: c’est ainsi, ce me semble, qu’Héraclite dit que les gens endormis ne sont pas inactifs et participent à ce qui se fait dans l’univers. ინგლისურად: Sleepers are workers and fellow-workers in what comes to pass in the world. ერთი სიტყვით, მძინარე ადამიანი „ძილის რეჟიმზეა“ გადართული და at hand აქვს სამყარო. მაგრამ ჩვენ აქვე ვნახავთ, რომ მას ის შეიძლება ხელიდან გაუსხლტეს.
3.
და აი, სწორედ აქედან გავაგრძელებთ. დიახ, ჩვენ ვთქვით, რომ მძინარე ადამიანს "ხელთ უპყრია" თავისი სამყარო, მაგრამ ის შეიძლება "გაუსხლტეს" კიდეც.
Mais il suffisait que, dans mon lit même, mon sommeil fût profond et détendît entièrement mon esprit ; alors celui-ci lâchait le plan du lieu où je m’étais endormi, et quand je m’éveillais au milieu de la nuit, comme j’ignorais où je me trouvais, je ne savais même pas au premier instant qui j’étais ; j’avais seulement dans sa simplicité première le sentiment de l’existence comme il peut frémir au fond d’un animal ; j’étais plus dénué que l’homme des cavernes
მაგრამ საკმარისი იყო, თუნდაც ჩემს საწოლში, ღრმად მძინებოდა და გონება სრულად მოდუნებულიყო, მაშინ ამ უკანასკნელს უსხლტებოდა იმ ადგილის რუკა, სადაც დავიძინე და როცა შუაღამით გამოვიღვიძებდი, ვინაიდან ვერ ვხვდებოდი, სად ვიყავი, პირველ წამს ისიც კი არ ვიცოდი, ვინ ვიყავი; მხოლოდ არსებობის შეგრძნება მქონდა, რომელიც პირველსაწყისი სიმარტივით შეიძლება ცხოველის სიღრმეში იძვროდეს. გამოქვაბულის ადამიანზე უფრო მიუსაფარი ვიყავი
ჟორჟ პულეს წიგნს ვკითხულობდი, ხოდა იქ ასეთ რამეს ამბობს:
Qui est-il? Il ne le sait plus, et il ne le sai plus, parce qu’il a perdu le moyen de relier le lieu et le moment ...
"ვინ არის ის? უკვე აღარ იცის, და აღარ იცის იმიტომ, რომ მას უკვე აღარ ძალუძს (დაკარგა საშუალება - ფრანგულში ზმნა "დაკარგვა", რომელიც რომანის სათაურში ჟღერს) დააკავშიროს ადგილი და წუთი, რომელშიც ის ცხოვრობს, მისი ცხოვრების სხვა ადგილებთან და წუთებთან.
მაშასადამე, მთხრობელმა (წიგნში) არ იცის ვინ არის, რადგან, არ იცის სად არის.
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილის წიგნს ჰქვია "ცნობიერების ტოპოლოგია", ხოლო ბერძნულად სიტყვა ტოპოსი ადგილს ნიშნავს.
აი, აქ ასევე მნიშნველოვანი სიტყვაა dénué. ეს სიტყვა იმგვარი იმპროვიზაციის საშუალებას გვაძლევს, რომ შინაარსს არ ვცვლით. აღნიშნული სიტყვა მოდის „გაშიშვლებიდან“ და ნიშნავს, რაიმე რასმე მოისაკლისებს, რაღაც აკლია. ერთი სიტყვით შეგვეძლო გვეთარგმნა, როგორც ესპანელებმა (რომლებმაც ეტიმოლოგიური ხაზი დაიცვეს), რომ „არაფერი არ მებადაო“, ან გამოქვაბულის კაცზე უფრო „შიშველ-ტიტველი“ ვიყავიო. მაგრამ მე მინდა რომ ხაზი გავუსვა ფსიქოლოგიურ მდგომარეობას იმ კაცისა, რომელსაც ლამის არის, სულიც აღარ აქვს (ცნობიერება ყოველ შემთხვევაში ან თვითცნობიერება), ვინაიდან იღვიძებს და აზრზე არ არის ვინ არის, და რამეთუ, არ იცის სად არის. ე.ი. მან არ იცის, კაფკას პერსონაჟისა არ იყოს Ich stehe auf der Plattform des elektrischen Wagens und bin vollständig unsicher in Rücksicht meiner Stellung in dieser Welt, in dieser Stadt, in meiner Familie. Auch nicht beiläufig könnte ich aussprechen, welche Ansprüche ich in irgend einer Richtung mit Recht vorbringen könnte. Ich kann es gar nicht verteidigen, daß ich auf dieser Plattform stehe... მისი ადგილი ამ სამყაროში, ერთი სიტყვით ის არის მიუსაფარი ამ სიტყვის სრული სულიერი მნიშვნელობით და მიუსაფარი, ვინაიდან თუ გამოქვაბულის კაცს აქვს გამოქვაბული, ამას გამოქვაბულიც არ აქვს.
ერთი სიტყვით, რომ ვიცოდეთ, dénué (de) - ნიშნავს უ-რაღაც-ო. ვნახოთ, როგორ თარგმნეს ის სხვებმა: ინგ. bereft ეს ინარჩუნებს დაახლოებით იმ გამომსახველობასა და სასოწარკვეთილ ატმოსფეროს, რაიც მე გამოვხატე ჩემი თარგმანით. destitute - მშრალი მეჩვენება, hilfloser - ატმოსფერო არის მაგრამ, არაზუსტია, оголен - არი რა, hallábame en mayor desnudez de todo - გაარსებითსახელებულია, მაგრამ კარგია კონტექსტურად.
4.
მადლენის ეპიზოდის ბოლოს, როდესაც ჩვენი პერსონაჟი ჩაიში დამბალ მადლენის ნამცხვარს შეჭამს მთელი ქალაქი (მისი ბავშვობის დღეები) ამოვა ჩაის ფინჯნიდან. ეს იმ დროინდელი სულის გაცოცხლებაა, ან სულის ნაწილის, იმ არსების, რომელიც თვითონ იყო. მოგონებები, თვითონ ამ ადამიანშია, ვინც ფინჯანში მადლენის ნამცხვარი ჩაალბო. თვითონ ეს ადამიანია ფინჯანი, ჭურჭელი, სადაც სულია მოთავსებული, არაერთი სული, თავისი და სხვისი! ის "სულდგმულია"!
როდესაც მე ეს ასე ვთარგმნე, შემდეგ წავიკითხე, რომ მამარდაშვილი, (ლექციები პრუსტზე, 1996, გვ. 339. წიგნი რუსულადაა.) ოღონდ სხვა კონტექსტში, ფინჯანზე და ჯინზე ლაპარაკობს! რა უნდა ამოვიდეს ფინჯნიდან, თუ არა ჯინიო! ეს ჩემთვის გასაოცარი აღმოჩენა იყო! მაშ ასე, როგორც მამარდაშვილი ამბობს:
რა უნდა ქნან სულებმა, რომლებიც გამომწყვდეულნი არიან ფინჯანში თუ რაცაა? უნდა ამოვიდნენ იქიდან როგორც ჯინი.
მართლაც, სენტ-ბიოვში პრუსტი „აღდგომაზე“, რაღაც ჯადოსნურ ხელშეკრულებაზე, პაქტზე ლაპარაკობს, რომ ამის წყალობით შეიძლებოდა გაეცოცხლებინა რაღაც წუთები, საათები.:
... auquel la résurrection était liée, en vertu d’un pacte magique que je ne savais pas
აღდგომაში ა რას ნიშნავს? ა ნიშნავს ქვემოდან ზემოთ მოძრაობას. სწორად ამიტომ ვთარგმნე მე, ამოვიდა ჩაის ფინჯნიდან-მეთქი.
საგულისხმოა, რომ მადლენის ეპიზოდის დასაწყისში პრუსტი ასეთ რამეს ამბობს:
მეტად გონივრულად მიმაჩნია კელტური რწმენა, რომ მათი სულები, ვინც დავკარგეთ, გამომწყვდეულნი არიან დაბალ საფეხურზე მდგომ რომელიღაც არსებაში, ცხოველში, მცენარეში, უსულო საგანში, არსებითად დაკარგულნი ჩვენთვის იმ დღემდე, რომელიც ბევრისათვის საერთოდაც არ დგება, როცა იმ ხის გვერდით აღმოვჩნდებით, იმ საგნის მფლობელნი გავხდებით, რომელიც მათი საპყრობილეა. შემდეგ ისინი ათრთოლდებიან, გვეძახიან, და როგორც კი მათ ვიცნობთ, ჯადო მოხსნილია - სიკვდილს სძლიეს და ბრუნდებიან, რათა ჩვენთან ერთად იცოცხლონ.
სხვათა შორის გერმანელებს რა სიტყვა უწერიათ?! aufgestiegen aus - aufsteigen! ანუ ამოსვლა. გადავამოწმე ადრინდელი გერმანული თარგმანი და იქაც ეს სიტყვაა, ოღონდ ასე: stiegen ... და სულ სულ ბოლოში, ანუ კომბრეს პირველი ნაწილის დასასრულს ... aus meiner Tasse Tee auf.
გოეთე როგორ იწყებს ფაუსტის Zueignung-ს? ან ვისზე ან რაზე ლაპარაკობს? გარდასულ დღეთა ხატებებზე, ჩრდილებად გადაქცეულ საყვარელ არსებებზე, მართლაც კომბრე ხომ მთლად ჩრდილების სამყაროა, ყველაფერი დავიწყებულია. ის ბედნიერი დღეები კომბრეს ბავშვობისა.
Ihr bringt mit euch die Bilder froher Tage,
Und manche liebe Schatten steigen auf;
რომ შევაჯამოთ, ყავის რეკლამებში ხომ გინახიათ როგორ ამოდის ორთქლი ფინჯნიდან (სხვათა შორის ბერძნებს სულზე დაახლოებით ასეთი წარმოდგენა ჰქონდათ) ან მულტფილმიდან ხომ გახსოვთ კადრი, ჯინი როგორ ამოდის დამწყვდეული. დიახ ის ამოდის, კი არ გადმოაბიჯებს, ან გადმოდის ან გადმოიღვრება. არა. ამოდის. ბიბლიოთეკაში მივედი და სპეციალურად გამოვიწერე წიგნი, რომ მენახა, ქართულ „ათას ერთ ღამეში“ როგორ იყო ეს ნათარგმნი. ჩემი ვარაუდი გამართლდა, ათას ერთი ღამის ქართულ თარგმანშიც ეწერა სიტყვა, „ა მ ო ვ ი დ ა“. თქვენ შეიძლება იკითხოთ, კი მაგრამ, ეს ათას ერთი ღამე რაღა შუაშიაო, იმ შუაშია, რომ პრუსტმა ფინჯნიდან ქალაქის გადმოსვლა გააიგივა მასში გამომწყვდეული სულის, საკუთარი თავის, საკუთარი წარსულის გაცოცხლებასთან.
პატარა მარსელს წაკითხული უნდა ჰქონოდა Antoine Galland-ის თარგმანი, და სწორედ ეს თარგმანი, რადგან მანამდე სხვა ფრანგული თარგმანი არც იყო, და აი ამ თარგმანში ასეა: "il en sortit...",ხოლო პრუსტის წიგნში "est sorti ... de ma tasse". როგორც ვხედავთ ზმნა ერთი და იგივეა, და ეს შემთხვევითი არაა. რომელიც შეიძლება ითარგმნოს მრავალნაირად, მითუმეტეს კონტექსტის გათვალისწინებით, დატოვება, გამოსვლა, გასვლა, ... და რაც მთავარია, ამოსვლა. ამით არ მთავრდება ლექსიკის იგივეობა ან აზრობრივი იგივეობა.
ათას ერთ ღამეშია: Lorsque la fumée fut toute hors du vase, elle se réunit et devint un corps solide, dont il se forma un génie deux fois aussi haut que le plus grand de tous les géans.
ხოლო პრუსტთან გვაქ: tout cela que prend forme et solidité.
მადლენის ეპიზოდშივე:
Tout cela était en réalité mort pour moi. Mort à jamais ? C’était possible.
„ყველაფერი ეს სინამდვილეში მკვდარი იყო ჩემთვის. მკვდარი სამუდამოდ? შესაძლოა.“
როგორც მახსოვს სამივე რუსი მთარგმნელი ირჩევს ზმნას (მოკვდა), მაშასადამე plus-que-parfait. თუმცა, დრო უნდა იყოს imparfait. შესაძლოა იმიტომ, რომ ისინი სხვაგვარად ვერ იტყოდნენ? ყველა სხვა ენაში, წერია მკვდარი, ინგ. To me it was in reality all dead. Permanently dead? Very possibly. ესპ. En realidad, aquello estaba muerto para mí. ¿Por siempre, muerto por siempre? Era posible. გერმანულადაც იგივე, Alles das war in Wirklichkeit tot für mich. Tot für immer? Vielleicht. ჩემს ფრანგ მეგობრებს ვკითხე, ყველამ თქვა, რომ ასეაო.
თან უყურეთ, როდესაც რომანში შემდგომ ბერგოტის სიკვდილზე ლაპარაკობს, პრუსტი ამბობს: Il était mort. Mort à jamais ? Qui peut le dire ? იგივე სიტყვებია. როგორ თარგმნა აქ ლიუბიმოვმა? განსხვავებით მადლენის ეპიზოდისგან: მკვდარი.
ჩემს სიტყვებს ასევე ადასტურებს ეს ფრაზები სენტ-ბიოვიდან. მწერალი ერთთავად მკვდარ საათებზე, მკვდარ დღეებზე ლაპარაკობს. ჯერ მხოლოდ „სენტ-ბიოვის წინააღმდეგ“ შესავალში:
Il y avait grande chance pour qu’ils restent à jamais morts pour moi. Leur résurrection a tenu, comme toutes les résurrections, à un simple hasard.
chaque heure de notre vie, aussitôt morte, s’incarne et se cache en quelque objet matériel
les heures mortes
De même bien des journées de Venise que l’intelligence n’avait pu me rendre étaient mortes pour moi
აქ ლაპარაკია არა მოვლენაზე, არამედ მდგომარეობაზე. ეს ყველაფერი, მთელი ეს წარსული იყო მკვდარი, და არა მოკვდა. რადგანაც მთელი რომანი „დაკარგულ დროზეა“ (მდომარეობა), დაკარგულ სამოთხეზე (მათ შორის, დაკარგულ სამოთხეში იგულისხმება კომბრე, როგორც ბავშვობა, როგორც წარსული) ეს ყველაფერი კი არ მოკვდა, როგორც ერთი კონკრეტული მოვლენა, და მეტი არაფერი, არა, ეს ყველაფერი არის მკვდარი სანამ არ გავაცოცხლებთ. ეს არის მდგომარეობა, რომელიც გრძელდება. მთელი რომანის განმავლობაში. გრძელდებოდა, სანამ მადლენით გაჯერებული ყლუპი არ მოსვა მარსელმა. ის, რომ ეს ასეა, ადასტურებს ამ წინადადების შემდგომი პარაგრაფი: Délivrées par nous, elles ont vaincu la mort et reviennent vivre avec nous. - … მათ სძლიეს სიკვდილს და ჩვენთან ერთად უბრუნდებიან სიცოცხლეს. თარგმნო ზემოთხსენებული წინადადება უბრალოდ როგორც ერთი კონკრეტული აქტი: „მოკვდა“, და არ ახსენო სიტყვა „მკვდარი“, რომელი მდგომარეობაც გრძელდება მანამ სანამ არ გავაცოცხლებთ, არის არა მხოლოდ დამცრობა ამ მომენტის მნიშვნელოვნობის, არამედ მთელი სილამაზის გაფერმკრთალება, მთელი ეს ცენტრალური მნიშვნელობის მომენტი, თვითონ მადლენის ეპიზოდში, ე.ი. გულის გულში, შეიძლება, ამის გამო, მკითხველმა ვერც კი შეამჩნიოს. „მკვდრეთით აღდგომა“ და renaissance ასევე შეუძლებელი იქნება ამ სიტყვის გარეშე. აქ ვგულისხმობ, უშუალოდ მკვდარს („მკვდრეთით აღდგომა“), რადგან აქცენტი მკვდარზეა, - მკვდარ საათზე, მკვდარ წუთზე, მკვდარ სიყვარულზე (სიტყვაზე ვამბობ), - რომელიც უნდა აღსდგეს, თორემ ეგ გავიგეთ, რომ "მოკვდაც" იქვეა. მაგრამ, ისევ, „მოკვდა" მოვლენაა და არა რაობა, საგანი, არსება, რაზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ. გავიხსენოთ ისიც, რომ კომბრე ეს „აღდგომის დღეების“ ისტორიაა, როდესაც აღდგომის არდადაგებზე ისინი ჩადიოდნენ პარიზთან ახლო მდებარე სოფელში. რომ „დაკარგული დროის ძიებაში“ რაღაც მხრივ რელიგიური რომანია, თავისი ეკლესიებით, სამრეკლოებით, სიმბოლოებით და მხოლოდ იმიტომაც და უფრო იმიტომ, რომ ჭეშმარიტი ხელოვნება და ფილოსოფია სულიერების სახეებია.
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ როდესაც პრუსტი ნეიტრალურ სიტყვას ხმარობს შენს ის heaven-ად თარგმნო, როგორც ეს მონკრიეფმა (შესანიშნავი მთარგმნელი) გააკეთა (მისმა შემდგომებმა ეს უზუსტობა გამოასწორეს):
mais alors le souvenir — non encore du lieu où j’étais, mais de quelques-uns de ceux que j’avais habités et où j’aurais pu être — venait à moi comme un secours d’en haut pour me tirer du néant d’où je n’aurais pu sortir tout seul
მაგრამ შემდეგ ხსოვნა - ჯერ კიდევ არა იმ ადგილისა, სადაც იმ წუთას ვიყავი, არამედ სხვა ადგილებისა, სადაც მეცხოვრა, ან სადაც შეიძლებოდა, რომ ვყოფილიყავი - მოდიოდა ზემოდან, როგორც ხსნა, რათა ამოვეყვანე იმ არარადან, საიდან თავის დაღწევასაც მარტო ვერ მოვახერხებდი.
დიახ, შედარებით ორაზროვანი და ნეიტრალური „ზემოდან“ სჯობია (ვინაიდან პრუსტს ასე აქვს) და მკითხველმა გადაწყვიტოს ეს ზემოდან საეროა თუ როგორი მნიშვნელობის. ესპანურში: como un socorro llegado de lo alto. მე ვცდილობ სწორედ ასეთი სიზუსტით ვთარგმნო. დიახ, secours d’en haut პრუსტს არ უწერია რელიგური მნიშვნელობით, პრუსტს უწერია ჩვეულებრივი ენით, „ხსნა ზემოდან“. ვისაც უნდა რელიგიურად წაიკითხოს ეს, ვისაც უნდა ჩვეულებრივ, ან წაიკითხოს ორივე მნიშვნელობით ერთდროულად, რაც ხშირად ეფექტურია. ასე პირდაპირ რელიგიურ მნიშვნელობაზე გადაყვანით, რომ ვთქვათ, „ზეციურიო“, ჩვენ ვაუქმებთ პრუსტის ნათქვამს. ვისაც რელიგიური მნიშვნელობით უნდა, ის ისედაც დაინახავს, ხომ არის ასეთი გამოთქმა: „ღმერთი ზემოდან იყურება“.
Je trouve très raisonnable la croyance celtique que les âmes de ceux que nous avons perdus პრუსტი ამბობს „მათი სულები, ვინც დავკარგეთ“. ჯერ ერთი, წიგნს ჰქვია, „დაკარგული დროის ძიებაში“. მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს რა ჰქვია, მთავარია, რაზეა წიგნი. წიგნი არის საკუთარი მეს, საკუთარი წარსულის, საკუთარი სულის, საკუთარი ნამდვილობის, ჭეშმარიტების ძიებაზე. იმაზე, რაც დავკარგეთ და გამომწყვდეული იქნება დავიწყებაში, როგორც ჯინი (მაშასადამე, როგორც გენია, სული) მანამ, სანამ არ ვიპოვით. იმ თარგმანებში, რაც ჩამოგითვალეთ, და მივათვალოთ მათ, პრუსტიც, ვინაიდან, პრუსტიც "თარგმანია", თავში არსებული წიგნის თარგმანი, ყველას უწერია დავკარგეთ, (ესპანურში ზუსტად ფრანგულის მსგავსად: las almas de los seres perdidos...) გერმანულის გარდა (რომელსაც უწერია დაგვტოვეს, რაც არაზუსტია, ცხადია). ამაზე ხელის ჩაქნევა შეიძლებოდა, რომ არა წინადადების გაგრძელება, perdues en effet pour nous jusqu’au jour, qui pour beaucoup ne vient jamais, სადაც პრუსტი ამბობს, რომ ეს სულები რეალურად, ნამდვილად, „არსებითად დაკარგულნი არიან ჩვენთვის იმ დღემდე, რომელიც ბევრისთვის საერთოდაც არ დგება“, იმისთვის, რომ წინადადების ლოგიკური ბმა მოხდეს, დასაწყისში ნახსნები „დავკარგეთ“ უნდა დაუკავშირდეს სიტყვებს „არსებითად დაკარგულნი“. კიდევ ერთხელ, პრუსტი აქ (კონტექსტს ვგულისხმობ), რეალურად, ლაპარაკობს არ სხვების სულებზე, არამედ საკუთარ სულის ნაწილზე, რომელიც დაკარგა, ვინაიდან, პრუსტისთვის კომბრე, მისი ბავშვობა განუყოფელი ნაწილია ერთიანი სულისა. ჩვენ არ უნდა მოვკვდეთ საკუთარ თავთან (მიმართებით), მაგრამ თუ დავივიწყებთ, ეს მოხდება, და რომ არ მოხდეს, უნდა მოვუსმინოთ, და თუ მოხდა, უნდა ვიპოვოთ.
მინდა რომანის დასაწყისი და დასასრული წაგაკითხოთ. აუცილებელი არაა ფრანგული იცოდეთ, ყველაფერი ისედაც ცხადია.
წიგნის სათაური:
À la recherche du temps perdu
პირველი ტომი:
Longtemps je me suis couché de bonne heure. Parfois, à peine ma bougie éteinte, mes yeux se fermaient si vite que je n’avais pas le temps de me dire : « Je m’endors. » Et, une demi-heure après, la pensée qu’il était temps de chercher le sommeil m’éveillait ;
მეშვიდე ტომი:
Si du moins il m’était laissé assez de temps pour accomplir mon œuvre, je ne manquerais pas de la marquer au sceau de ce Temps dont l’idée s’imposait à moi avec tant de force aujourd’hui, et j’y décrirais les hommes, cela dût-il les faire ressembler à des êtres monstrueux, comme occupant dans le Temps une place autrement considérable que celle si restreinte qui leur est réservée dans l’espace, une place, au contraire, prolongée sans mesure, puisqu’ils touchent simultanément, comme des géants, plongés dans les années, à des époques vécues par eux, si distantes — entre lesquelles tant de jours sont venus se placer — dans le Temps.
თავის რომანს იწყებს სიტყვა დროით Longtemps (მაგრამ ჩვენ უშუალოდ ამ სიტყვას ვერ ვამბობთ ქართულში, და უნდა ვთქვათ „ხანი“), და ამთავრებს, 3 000 გვერდის დაშორებით, სიტყვა დროითი temps (პირველ ტომში დამამთავრებელი სიტყვაა „წლები“). აგრეთვე, რომანის დასასრულს, ბოლო წინადადებაში ის 4-ჯერ ახსენებს სიტყვა დროს! (იმავე წინადადებაში: წლები, დღეები) რომანის დასაწყისში 3-ჯერ ახსენებს დროს და 2-ჯერ heure (აღსანიშნავია, რომ ეს სიტყვა, რომელიც გვხვდება როგორც ფრანგულში, ისე სხვა ენებში hour, hora ბერძნული წარმოშობისაა და ნიშნავს დროს.). ერთი სიტყვით, როგორც რომანის დასაწყისი, ისე დასასრული დარითმულია (ერთგვარად punctuated) „დროებით“. თუ ეს განზრახია ავტორის მხრიდან, რასაკვირველია, უნდა შევინარჩუნოთ ეს სიტყვები, თუ უნებლიეა, მაშინ და შეიძლება სწორედ მაშინ უფრო გვმართებდეს მისი შენარაჩუნება, როგორც თავისთავადი, მეტყველი ფაქტისა. მაგრამ რა გასაკვირი ეს იქნება, რომ განზრახი იყოს? რადგან რომანის მთავარი პერსონაჟი ხომ დროა? თვითონვე თქვა.
სამივე რუსულ თარგმანში ეს "დროები" ამოყრილია (თუ არ გავითვალისწინებთ, რომ ახალი თარგმანი ასე იწყებს долгое время. ეგ კი არა, ლიუბიმოვს ეტყობა წიგნი თავიდან ბოლომდე არ ჰქონდა წაკითხული, ან არ ახსოვდა რომ წიგნი ბოლოვდება სიტყვა დროით და მას დასაწყისში რაღაც ისეთი სიტყვა უნდა ეხმარა, რომელშიც "დრო" ან "ხანი" გაიჟღერებდა. მაგრამ არა, ასე თარგმნა "давно". მაგრამ რასაც ჰქვია პირველი temps (დრო), ცალკე, არა როგორც სიტყვის ნაწილი, არცერთგან არ აქვთ შენარჩუნებული) გერმანულ, ინგლისურ და ესპანურ თარგმანებში ყველა „დრო“ შენარჩუნებულია. მაშასადამე, აქ პირველი წინადადება თავისი "დროებით" ჰარმონიულ ერთობას ინარჩუნებს ბოლო წინადადებასთან.
ამას ჩემს რედაქტორთან ერთად გადავწყვეტ. მანამდე კი ამას ვიტყვი: ჩვენს მიერ ნათარგმნი, რომ კომიკური და გაუგებარი გამოდიოდეს, მაშინ დროის შესახებ რომანში პირველად ნათქვამი სიტყვა დროის ხმარება შეიძლება დაგვევიწყებინა, მაგრამ ვფიქრობ, აზრიც გასაგებია (ქართულში ხომ ვამბობთ, „ფიქრის დრო არ მქონდაო“), დედანთანაც პირნათელი ვრჩები და მხარს გვიბამენ შესანიშნავი მთარგმნელებიც.
მ-ამ დე ვილპარიზი მარსელის ბებიას ეუბნება, სვანი ჩემი დისშვილების, დე ლომების, დიდი მეგობარიაო:
la marquise de Villeparisis, de la célèbre famille de Bouillon, celle-ci lui avait dit : « Je crois que vous connaissez beaucoup M. Swann qui est un grand ami de mes neveux des Laumes. »
the Marquise de Villeparisis, of the famous house of Bouillon, this lady had said to her: "I think you know M. Swann very well; he is a great friend of my nephews, the des Laumes."
უცხო ენებში, ცხადია, ეს განსხვავებები (დისშვილი, ძმისშვილი, დეიდა, მამიდა) არ არსებობს. სამაგიეროდ, მაგალითად, ინგლისურში, თუ მდედრობითია უნდა იყოს niece, თუ მამრობითი nephew.
ფრანგული neveux-დან ვერ გაიგებ ვერც ერთს. შესაბამისად, უნდა მივმართოთ კონტექსტს.
მაგრამ კონტექსტში აქ ერთი წინადადება ან გვერდი კი არ იგულისხმება, არამედ მთლიანი რომანი.
დე ლომები იგივე (მომავალი) გერმანტები არიან (თუ როგორ არის ეს შესაძლებელი
წაიკითხეთ აქ). მ-ამ დე ვილპარიზის დებმა ერთმანეთზე დააქორწინეს შვილები. შესაბამისად, პრინც დე ლომის (მომავალი ჰერცოგ დე გერმანტის) მეუღლე მისივე დეიდაშვილია. ხოლო მ-ამ დე ვილპარიზი მათი დეიდაა. მ-ამ დე ვილპარიზს ჰყავს ძმაც, მაგრამ მას არ ჰყავს შვილი, ყოველ შემთხვევაში, რომანში არ ჩანს, რომ ჰყავს.
la marquise de Villeparisis, de la célèbre famille de Bouillon, celle-ci lui avait dit : « Je crois que vous connaissez beaucoup M. Swann qui est un grand ami de mes neveux des Laumes. »
the Marquise de Villeparisis, of the famous house of Bouillon, this lady had said to her: "I think you know M. Swann very well; he is a great friend of my nephews, the des Laumes."
ახლა უყურეთ ინგლისურს. ვითომ ხო არაფერი არა? მაგრამ ინგლისურ თარგმანში შეცდომაა. განსხვავებით რომანული ენებისგან (მაგ. ესპანურში mis sobrinos ნიშნავს „ჩემი დისშვილები“ ან „ჩემი ძმიშვილები“, და შეიძლება ერთ-ერთი გოგო იყოს (la sobrina), ორივე გოგო რომ ყოფილიყო იქნებოდა: mis sobrinas) მონკრიეფს უნდა ეთარგმნა nephew and niece.
მაგრამ ამაზე უფრო არსებითია, როგორი ფილოსოფიით ვთარგმნით.