Thursday, May 10, 2018

ლაროშფუკოს ფრაზები და პრუსტი

ყველა ჩემი ნათარგმნია, მიუხედავად იმისა, რომ ქართულად ლაროშფუკოს ორი თარგმანი არსებობს (!) რატომღაც ორიგინალ ტექსტს ორივე შორდება. რა თქმა უნდა, ხშირად ეს კეთილხმოვნებისთვის და ეფექტურობისთვისაა, მაგრამ უმჯობესია ტექსტთან ახლოს დავრჩეთ.

49. ადამიანი არასოდეს არის ისე ბედნიერი ან ისე უბედური, როგორც თვითონ წარმოუდგენია (On n’est jamais si heureux ni si malheureux qu’on s’imagine).

70. თუ არსებობს წმინდა და ჩვენი სხვა ვნებებისგან შეუმღვრეველი სიყვარული, ეს არის ის, რომელიც ჩვენი გულის სიღრმეშია დამალული, და რომლის შესახებ ჩვენც კი არ ვიცით  (S’il y a un amour pur et exempt du mélange de nos autres passions, c’est celui qui est caché au fond du cœur, et que nous ignorons nous-mêmes).


75. სიყვარულს, ისევე როგორც ცეცხლს, მხოლოდ დაუცხრომელი მოძრაობით  თუ შეუძლია არსებობდეს; როგორც კი ქრება იმედი და შიში, ქრება ისიც.  L’amour aussi bien que le feu ne peut subsister sans un mouvement continuel ; et il cesse de vivre dès qu’il cesse d’espérer ou de craindre.


135. ზოგჯერ საკუთარი თავისგან ისე განვსხვავდებით, როგორც სხვებისგან.
        On est quelquefois aussi différent de soi-même que des autres.


Wednesday, May 9, 2018

"გასრულდა ესე ამბავი ვითა სიზმარი ღამისა"

We are such stuff as dreams are made on, and our little life is rounded with a sleep.
Shakespeare

პასკალი ამბობს 302-ე ფრაზაში (ქართული თარგმანის), რომ სიცხადე იმით განსხვავდება სიზმრისგან რომ "უფრო მყარია და უფრო უცვლელი, თუმცა არა სრულიად უცვლელი: ისიც იცვლება, მხოლოდ უფრო ნელა, ზოგიერთი იშვიათი გამონაკლისის გარდა: მე ვგულისხმობ მოგზაურობას. და მაშინ ჩვენ ვამბობთ: "ასე მგონია, სიზმარში ვარო", რადგანაც სიცოცხლე სიზმარია, მხოლოდ უფრო მკაფიო და უფრო უწყვეტი."

345-ში კი ამბობს, "ვინ იცის, იქნებ ჩვენი სიცოცხლის მეორე ნახევარი, რომლის განმავლობაშიც, ჩვენის აზრით ვფხიზლობთ, თავის მხრივ, სხვა არა არის რა, თუ არა მეორე სიზმარი, ოდნავ განსხვავებული პირველისგან? ..."

რა შეიძლება ითქვას ამაზე? მინიმუმ ის, რომ სიზმარში არის ის, რაც რეალობისთვის არის დამახასიათებელი და რეალობაში ის, რაც სიზმარს მოგვაგონებს, რაც "ვით სიზმარია". თუნდაც თქვენს განვლილ დღეებს გადახედეთ, უფრო კი მათ ვინც გიყვარდათ, ვინც თქვენთან იყო, თქვენს მოგზაურობებს, თქვენს ბავშვობას და ა.შ. და შემდეგ, უფრო ცხადი გახდება რაზე წერდნენ ესენი.

ხოლო რადგანაც ამ სიმღერას ვუსმენდი, მიუხედავად იმისა, რომ სიმღერა სხვა Dreaming-ზე არის, მოვუსმინოთ. საინტერესოა, რომ მისმა ავტორმა (მარცხნიდან მესამე) მელოდია სიზმარში ნახა. მითხარით, ეს ახალგაზრდები, ახლა მოხუცებულნი, ან იქნებ აღარც არიან ცოცხალნი, ეს მელოდია, ნუთუ არ გვახსენებს იმას, რასაც პოეტები, ფილოსოფოსები წერდნენ?



მერედა, რამდენჯერ ყოფილა ასე? მარსელ პრუსტის რომანში დრო, ცვლილებები ადამიანში და ადამიანის ირგვლივ, სწორედ ამას ჰგავს.
სიზმარი, ძილი, რეალობა, გაღვიძება, ეს პრუსტის თემებია.
"რადგანაც მივხვდი, რომ კვდომა ეს არ იყო რაიმე ახალი, რომ პირიქით, ბავშვობიდან მოყოლებული მე უკვე ბევრჯერ მოვკვდი. თუ შედარებით ახლანდელ პერიოდს ავიღებთ, განა საკუთარ სიცოცხლეზე მეტად არ ვებღაუჭებოდი ალბერტინას? შემეძლო მაშინ საკუთარი პიროვნება წარმომედგინა მასში განგრძობილი მისდამი ჩემი სიყვარულის გარეშე? თუმცა, ახლა უკვე აღარ მიყვარდა იგი, მე აღარ ვიყავი ის არსება, რომელსაც უყვარდა, არამედ სხვა, ვისაც აღარ უყვარდა, მე შევწყვიტე მისი სიყვარული მაშინ, როცა სხვა ადამიანი გავხდი. თუმცაღა მე არ მიტანჯია იმის გამო რომ სხვა გავხდი, რომ ალბერტინა აღარ მიყვარდა; და ნამდვილად, ის რომ ერთ დღესაც ჩემი სხეული არ მექნება, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა მომჩვენებოდა რაიმე ისეთივე სამწუხაროდ, როგორც ერთ დროს მეჩვენებოდა ის, რომ ალბერტინა აღარ მეყვარებოდა. და მაინც, როგორ სულ ერთი იყო ახლა ჩემთვის ეს ფაქტი!"